არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“

„სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“

„სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“

„ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომაელები 12:10).

1, 2. როგორი ურთიერთობა ჰქონდა სულიერ ძმებთან თანამედროვე დროში მცხოვრებ ერთ მისიონერს და პირველ საუკუნეში მცხოვრებ პავლე მოციქულს?

დონი 43 წელი მისიონერად მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში; ის მოსიყვარულე პიროვნებად იყო ცნობილი, რადგან დიდ სითბოს ავლენდა მათ მიმართ, ვისთანაც ქადაგებდა. ხანდაზმულობის ასაკში დონი სერიოზულად დაავადდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდა ამ დაავადებას; ამ პერიოდში ზოგმა მისმა ყოფილმა მოსწავლემ ათასობით კილომეტრი გაიარა, რათა მის სასთუმალთან მისულიყო და ეთქვა: „დიდი, დიდი მადლობა“. დონის მიერ გამოვლენილი სათუთი გრძნობები მათ გულებს შეეხო.

2 დონის მაგალითი გამონაკლისი არ არის. პირველ საუკუნეში პავლე მოციქულს ძალიან თბილი გრძნობები ჰქონდა მათ მიმართ, ვისაც ემსახურებოდა. ის მათთვის თავს არ ზოგავდა. თუმცა პავლე მტკიცე შეხედულებების მქონე მამაკაცი იყო, ის სითბოსა და მზრუნველობას ავლენდა ‘მეძუძური დედის მსგავსად, რომელიც თავს ევლება შვილებს’. მან თესალონიკელთა კრებას მისწერა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თესალონიკელები 2:7, 8). მოგვიანებით, როდესაც პავლემ უთხრა ეფესოელ ძმებს, რომ ვეღარ იხილავდნენ მას, „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ“ (საქმეები 20:25, 37). აშკარაა, რომ პავლეს და სულიერი ძმების ურთიერთობა მხოლოდ იმით არ იყო განპირობებული, რომ ერთი რწმენა აერთიანებდათ. მათ ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები ჰქონდათ.

სათუთი გრძნობები და სიყვარული

3. როგორ უკავშირდება ერთმანეთს ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები — სათუთი გრძნობა და სიყვარული?

3 ბიბლიაში სათუთი გრძნობები, გულისხმიერება და თანაგრძნობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაზე აღმატებულ ქრისტიანულ თვისებასთან — სიყვარულთან (1 თესალონიკელები 2:8; 2 პეტრე 1:7). თვალისმომჭრელი ალმასის წახნაგების მსგავსად, ღვთის მოსაწონი ყველა ეს თვისება ურთიერთშერწყმულია და ავსებს ერთმანეთს. ისინი ქრისტიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან აახლოვებს, არამედ ზეციერ მამასთანაც. ამიტომ, პავლე მოციქული მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს . .  ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომაელები 12:9, 10).

4. რას ნიშნავს გამოთქმა „სათუთი გრძნობები“?

4 პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „სათუთ გრძნობებად“ ითარგმნება, ორი ნაწილისგან შედგება — მეგობრობა და თანდაყოლილი, თბილი გრძნობა. როგორც ერთი ბიბლეისტი ხსნის, ამ გამოთქმის განმარტების თანახმად, ქრისტიანები „უნდა იყვნენ ერთგულებით, ერთსულოვნებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით გამორჩეული ოჯახის წევრებივით“. გაქვთ ასეთი გრძნობები ქრისტიანები და-ძმების მიმართ? ქრისტიანულ კრებაში თბილი ატმოსფერო უნდა იყოს გამეფებული — კრების წევრებს განსაკუთრებული, ნათესაური გრძნობები უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან (გალატელები 6:10). „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ 1993 წლის გამოცემის თანახმად, რომაელების 12:10 ამგვარად ითარგმნება: „ძმათმოყვარეობაში — ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით“. „იერუსალიმის ბიბლიაში“ კი ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ძმებივით გიყვარდეთ ერთმანეთი“. დიახ, ქრისტიანებს შორის სიყვარული უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ ფორმალობასა და ვალდებულებას. ჩვენ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას“ უნდა ვავლენდეთ და ‘მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი’ (1 პეტრე 1:22).

„ღმერთმა გასწავლათ ერთმანეთის სიყვარული“

5, 6. ა) როგორ ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს ქრისტიანულ სიყვარულს საერთაშორისო კონგრესების საშუალებით? ბ) როგორ მტკიცდება ძმებს შორის ურთიერთობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?

5 თუმცა ქვეყნიერებაში „მრავალს სიყვარული“ უნელდება, იეჰოვა თავის თანამედროვე მსახურებს ასწავლის „ერთმანეთის სიყვარულს“ (მათე 24:12; 1 თესალონიკელები 4:9). იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესებზე ასეთი სიყვარულის სწავლის განსაკუთრებული შესაძლებლობა არსებობს. მსგავსი ღონისძიებების დროს ადგილობრივი მოწმეები შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ და-ძმებს ეცნობიან. ბევრი საკუთარ სახლებში აბინავებს უცხოელ დელეგატებს. ერთ კონგრესზე, რომელიც ახლახან ჩატარდა, ზოგი დელეგატი ისეთი ქვეყნებიდან იყო ჩამოსული, სადაც მიუღებელია ემოციების გამოხატვა. „ეს დელეგატები თავდაპირველად ძალიან ღელავდნენ და გაუბედავად გრძნობდნენ თავს“, — ჰყვება ქრისტიანი, რომელიც დელეგატებს დაბინავებაში ეხმარებოდა. „მაგრამ ექვსი დღის შემდეგ, როცა გამომშვიდობების დრო დადგა, ისინი თავიანთ მასპინძლებს ეხვეოდნენ და ერთად ტიროდნენ. ეს დელეგატები აღფრთოვანებულები იყვნენ და-ძმების მიერ გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარულით, რაც არასდროს დაავიწყდებათ“. და-ძმებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენა, რა ეროვნების წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, ორივე მხარეზე, როგორც სტუმრებზე, ისე მასპინძლებზე, ძალიან დადებითად მოქმედებს (რომაელები 12:13).

6 მართლაც რომ აღმაფრთოვანებელია კონგრესის დროს მომხდარი ასეთი შემთხვევების მოსმენა. მაგრამ ქრისტიანებს შორის უფრო ახლო ურთიერთობას ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის მანძილზე იეჰოვასათვის ერთად მსახურება. რაც უფრო კარგად ვეცნობით და-ძმებს, მით უფრო მეტად გვხიბლავს მათი შესანიშნავი თვისებები — სიმართლე, საიმედოობა, ერთგულება, სიკეთე, ხელგაშლილობა, ყურადღებიანობა, თანაგრძნობა და უანგარობა (ფსალმუნები 14:3—5; იგავები 19:22). მარკმა, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერად მსახურობდა, აღნიშნა: „როდესაც ძმები ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობენ, მათ შორის მტკიცდება მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ადვილად არ ინგრევა“.

7. რისი გაკეთება გვმართებს, რომ კრებაში და-ძმებისადმი თბილი გრძნობები გავიღრმავოთ?

7 კრების წევრები ასეთი ურთიერთობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად უნდა დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით გვიძლიერდება და-ძმებისადმი თბილი გრძნობები. შეხვედრების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობით და პროგრამაში მონაწილეობით ვამხნევებთ და ვახალისებთ ერთმანეთს „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრაელები 10:24, 25). ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი უხუცესი ჰყვება: „დიდი სითბოთი მახსენდება, რომ ბავშვობაში ჩემი ოჯახი ყოველთვის ბოლოს ტოვებდა სამეფო დარბაზს; ჩვენ გვსურდა, რაც შეიძლება დიდხანს დავმტკბარიყავით მეგობრული, სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი ურთიერთობით“.

ხომ არ გესაჭიროებათ ‘გაფართოება’?

8. ა) რას გულისხმობდა პავლე, როდესაც კორინთელებს მოუწოდებდა ‘გაფართოებულიყვნენ’? ბ) რისი გაკეთება შეგვიძლია კრების წევრებს შორის სათუთი გრძნობების გასაღვივებლად?

8 ქრისტიანული სიყვარული რომ უფრო სრულად გამოვავლინოთ, უნდა ‘გავფართოვდეთ’ საკუთარ გრძნობებში. პავლე მოციქულმა კორინთელთა კრებას მისწერა: „გული გაფართოებული [გვაქვს თქვენთვის]. თქვენ ჩვენში არა ხართ ვიწროდ“. პავლემ მოუწოდა მათ: „გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:11—13). შეგიძლიათ თქვენც ‘გაფართოვდეთ’ სათუთ გრძნობებში? მაშინ სხვებს არ უნდა ელოდოთ, როდის გადმოდგავენ თქვენსკენ პირველ ნაბიჯს. რომაელებისადმი მიწერილ წერილში პავლემ, რომელიც სათუთი გრძნობების გამოვლენის აუცილებლობაზე საუბრობდა, ურჩია თანამორწმუნეებს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). თუ სხვებისთვის პატივის მიგება გსურთ, შეგიძლიათ პირველმა გადადგათ ნაბიჯი და მიესალმოთ მათ შეხვედრებზე. აგრეთვე შეგიძლიათ და-ძმებს შესთავაზოთ მსახურებაში ერთად წასვლა და კრებისთვის ერთად მომზადება. ამგვარად უფრო გაიღრმავებთ სათუთ გრძნობებს.

9. რა ნაბიჯებს დგამს ზოგი და-ძმა თანაქრისტიანებთან დასაახლოებლად? (შეგიძლიათ მოიყვანოთ ადგილობრივი მაგალითებიც).

9 ოჯახებსა და ცალკეულ და-ძმებს შეუძლიათ კრებაში ‘გაფართოვდნენ’, თუ მოინახულებენ და წასახემსებლად დაპატიჟებენ ერთმანეთს, ერთად გაატარებენ სასიამოვნოდ დროს (ლუკა 10:42; 14:12—14). ჰაკოფი დროდადრო პატარა ჯგუფებთან ერთად პიკნიკებს აწყობს. „ყველა ასაკის და-ძმას ვეპატიჟები, მათ შორის მარტოხელა მშობლებსაც, — ჰყვება ის. — ყველა სასიამოვნო მოგონებებით ბრუნდება შინ; ჩვენ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს“. ჩვენ, ქრისტიანები, არა მხოლოდ თანამორწმუნეები უნდა ვიყოთ, არამედ ნამდვილი მეგობრებიც (3 იოანე 14).

10. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც და-ძმებთან ურთიერთობა გვეძაბება?

10 მიუხედავად ამისა, დროდადრო შეიძლება არასრულყოფილებამ ხელი შეგვიშალოს მეგობრობისა და თბილი ურთიერთობის განვითარებაში. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ დროს? უპირველეს ყოვლისა ვილოცოთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს და-ძმებთან. ღმერთს სურს, რომ მის მსახურებს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ ერთმანეთთან და ამიტომ ის უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს (1 იოანე 4:20, 21; 5:14, 15). აგრეთვე ჩვენი ლოცვების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. რიკი, მიმომსვლელი მსახური აღმოსავლეთ აფრიკაში, იხსენებს ძმას, რომელთანაც მძიმე ხასიათის გამო არ იყო ადვილი ურთიერთობა. „ნაცვლად იმისა, რომ მისთვის თავი ამერიდებინა, გადავწყვიტე უკეთ გამეცნო ის, — ჰყვება რიკი. — აღმოჩნდა, რომ მამამისი ძალიან სასტიკი პიროვნება ყოფილა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რა ფასად უჯდებოდა ამ ძმას აღზრდის ნაკვალევის აღმოფხვრა — საკუთარ პიროვნებასთან ბრძოლა, და შედეგად როგორ გამოსწორდა, მოვიხიბლე მისით. ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით“ (1 პეტრე 4:8).

გამოხატეთ თქვენი გრძნობები სხვების მიმართ

11. ა) რა არის საჭირო იმისათვის, რომ უფრო გაიღრმავონ კრების წევრებს ერთმანეთისადმი სათუთი გრძნობები? ბ) რატომ შეიძლება სულიერად საზიანო იყოს გრძნობების გამოხატვისგან თავის შეკავება?

11 დღეს ბევრი არ ცდილობს, ვინმესთან ახლო ურთიერთობა განავითაროს. რა სამწუხაროა! ეს არ უნდა ხდებოდეს — დაუშვებელი უნდა იყოს — ქრისტიანულ კრებაში. ნამდვილი ძმური სიყვარული მხოლოდ თავაზიანი საუბრითა და კარგი მანერებით არ ვლინდება; ცხადია, არც საკუთარი ემოციების მეტისმეტად გამოხატვით. ჩვენ მთელი გულით უნდა გამოვხატოთ სათუთი გრძნობები, როგორც პავლე აკეთებდა ამას კორინთელთა მიმართ და დავანახოთ თანამორწმუნეებს, რომ ნამდვილად დაინტერესებულები ვართ მათი კეთილდღეობით. თუმცა ბუნებით ყველა არა ვართ ურთიერთობის მოყვარულები ან მოლაპარაკეები, საკუთარ თავში ჩაკეტვა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. „განმარტოებული კაცი თავისი ეგოისტური სურვილის შესრულებას ცდილობს, — გვაფრთხილებს ბიბლია. — იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1, აქ).

12. რატომ არის გულახდილი ურთიერთობა აუცილებელი კრების წევრებს შორის ახლო ურთიერთობის განსავითარებლად?

12 გულახდილი ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობას უყრის საფუძველს (იოანე 15:15). ჩვენ ყველას გვესაჭიროება ისეთი მეგობრები, რომლებსაც შეგვიძლია გავუზიაროთ გულისნადები და ღრმა გრძნობები. გარდა ამისა, რაც უფრო უკეთ ვეცნობით ერთმანეთს, მით უფრო გვიადვილდება ერთმანეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. როდესაც ასეთი სახით სხვების ინტერესებზე ვზრუნავთ, კრებაში ერთმანეთის მიმართ სათუთ გრძნობებს ვავლენთ და საკუთარ თავზე გამოვცდით იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35; ფილიპელები 2:1—4).

13. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ნამდვილად სათუთი გრძნობები გვაკავშირებს და-ძმებთან?

13 სათუთი გრძნობები უნდა გამოვხატოთ, თუ გვსურს, რომ მოიტანოს დადებითი შედეგები (იგავები 27:5). როდესაც გულწრფელად გამოვხატავთ სიყვარულს, ეს ჩვენს სახეზეც აირეკლება და სხვებს აღძრავს, იმავეთი გვიპასუხონ. „თვალთა სინათლე ახარებს გულს,“ — დაწერა ბრძენმა მამაკაცმა (იგავები 15:30). ყურადღების გამოვლენაც უწყობს ხელს სათუთი გრძნობების გაღვივებას. თუმცა ნამდვილ მეგობრობას ვერ იყიდი, მთელი გულით გაკეთებული საჩუქარი შეიძლება ძალიან ძვირფასი აღმოჩნდეს. სათუთი გრძნობების გამოხატვა შესაძლებელია ბარათით, წერილით და „დროულად ნათქვამი სიტყვით“ (იგავები 25:11, აქ; 27:9). მხოლოდ მეგობრების შეძენა არ არის საკმარისი, საჭიროა მეგობრობა უანგარო გრძნობების გამოვლენით შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით გასაჭირის დროს უნდა ამოვუდგეთ მხარში მეგობრებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი“ (იგავები 17:17).

14. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ვინმე, ერთი შეხედვით, არ ეხმაურება ჩვენს სათუთ გრძნობებს?

14 რეალურად რომ დავფიქრდეთ, შეიძლება კრების ყველა წევრთან ვერ შევძლოთ ახლო ურთიერთობა. ბუნებრივია, ვიღაცასთან უფრო ახლოს ვიყოთ, ვიდრე სხვებთან. ამიტომ, თუ ერთი შეხედვით ვინმე მეგობრულად არ არის განწყობილი თქვენ მიმართ ისე, როგორც თავად მოისურვებდით, ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენ ხართ ამაში დამნაშავე ან ის პიროვნება. და ნუ აიძულებთ მას, რომ ახლო ურთიერთობა განავითაროს თქვენთან. თუ ისეთ ურთიერთობას დაკმაყოფილდებით, როგორის საშუალებასაც თავად გაძლევთ, შეიძლება მომავალში უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს.

„მე მოგიწონე“

15. როგორ მოქმედებს შექება სხვებზე და როგორ გრძნობენ თავს ისინი, თუ არ აქებენ მათ?

15 იესოს უსათუოდ გაუხარდებოდა, როდესაც ნათლობის დროს ზეციდან ასეთ სიტყვებს მოისმენდა: „მე მოგიწონე“ (მარკოზი 1:11). ღვთის მიერ გამოთქმულ ქების სიტყვებს უფრო მეტად უნდა დაერწმუნებინა იესო, რომ მამამისს სათუთი გრძნობები ჰქონდა მის მიმართ (იოანე 5:20). სამწუხაროდ, ზოგს არასდროს სმენია ასეთი ქების სიტყვები მათგან, ვინც უყვართ და პატივს სცემენ. „ჩემს მსგავსად ბევრი ახალგაზრდის ოჯახის წევრები არ იზიარებენ მათ ქრისტიანულ მრწამსს. — ამბობს ენი. — სახლში მხოლოდ კრიტიკა გვესმის და ეს ტკივილს გვაყენებს“. მაგრამ, როდესაც ადამიანები, რომლებსაც არასდროს გაუგიათ ქების სიტყვები, კრების წევრები ხდებიან, სითბოს გრძნობენ მხარდამჭერი, მზრუნველი სულიერი ოჯახისგან — მამებისგან, დედებისგან და და-ძმებისგან, რომლებსაც ერთი რწმენა აერთიანებთ (მარკოზი 10:29, 30; გალატელები 6:10).

16. რატომ არ მოაქვს კარგი შედეგები სხვების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას?

16 ზოგ კულტურაში მშობლები, უფროსი ასაკის ადამიანები და მასწავლებლები იშვიათად აქებენ ახალგაზრდებს, რადგან ფიქრობენ, რომ ამის გამო ისინი თავმომწონეები ან ამაყები გახდებიან. ასეთმა თვალსაზრისმა შეიძლება ქრისტიანულ ოჯახებზე და კრებაზეც კი იმოქმედოს. უფროსებმა შეიძლება ახალგაზრდის მიერ მომზადებული დავალების ან მისი სხვა მცდელობის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთონ: „კარგი იყო, მაგრამ უფრო უკეთ შეგეძლო!“ ან შეიძლება უკმაყოფილებაც კი გამოთქვან მათ მიმართ. ბევრს ჰგონია, რომ ამით ახალგაზრდებს აღძრავენ, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. მაგრამ ასეთ მიდგომას ხშირად საპირისპირო შედეგი მოაქვს, რადგან ახალგაზრდებს შეიძლება გული გაუტყდეთ ან უუნაროდ მიიჩნიონ საკუთარი თავი.

17. რატომ უნდა ვეძებოთ სხვების შექების შესაძლებლობა?

17 მიუხედავად ამისა, არ იქნებოდა მართებული მხოლოდ მაშინ შეგვექო ძმა ან და, როცა რჩევის მიცემას ვაპირებთ. გულწრფელი შექება ხელს უწყობს ოჯახსა და კრებაში სათუთი გრძნობების გაღვივებას და ასეთი შექება ახალგაზრდებს აღძრავს, რჩევისთვის გამოცდილ და-ძმებს მიმართონ. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებთან ურთიერთობისას კულტურამ მოახდინოს ჩვენზე გავლენა, შევიმოსოთ „ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“. ისე შეაქეთ სხვები, როგორც იეჰოვა აკეთებს ამას (ეფესოელები 4:24).

18. ა) ახალგაზრდებო, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ უფროსების მიერ მოცემულ რჩევაზე? ბ) რატომ ფიქრობენ ბევრს უფროსები იმის თაობაზე, თუ როგორ მისცენ სხვებს რჩევა?

18 მეორე მხრივ, ახალგაზრდებო, ნუ დაასკვნით — თუ უფროსები თქვენ გამოსწორებას ცდილობენ ან რჩევას გაძლევენ, აგითვალწუნეს (ეკლესიასტე 7:9). პირიქით, ამით ისინი მზრუნველობასა და სათუთ გრძნობებს ავლენენ თქვენ მიმართ. სხვა შემთხვევაში, რატომ მოახმარდნენ მთელ თავის ძალ-ღონეს ამა თუ იმ საკითხზე თქვენთან დალაპარაკებას? უფროსებმა — განსაკუთრებით კი კრების უხუცესებმა — იციან, რომ მათ სიტყვებს ძალა აქვთ, ამიტომ ხშირად რჩევის მიცემამდე საკმაოდ ბევრს ფიქრობენ და ლოცულობენ, რადგან მხოლოდ კეთილის გაკეთება სურთ (1 პეტრე 5:5).

„რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას?“

19. რატომ შეუძლიათ გულგატეხილებს იეჰოვას მიმართონ მხარდაჭერისთვის?

19 სათუთი გრძნობების გამოვლენას თუ არასწორად იგებენ, ზოგს შეიძლება ისეთი გრძნობა გაუჩნდეს, რომ ამას მხოლოდ გულგატეხილობა მოჰყვება. გაბედულება და ძლიერი რწმენა ესაჭიროება ასეთ ადამიანს, რომ სხვა დროსაც გამოავლინოს სათუთი გრძნობები. მაგრამ მათ არასდროს უნდა დაავიწყდეთ, რომ იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“. ის გვიწვევს, რომ დავუახლოვდეთ მას (საქმეები 17:27; იაკობი 4:8). იეჰოვას აგრეთვე ესმის, რომ გვეშინია მორიგი ტკივილი არ მივიღოთ და მხარდაჭერასა და დახმარებას გვპირდება. ფსალმუნმომღერალი დავითი გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:19, აქ [34:18]).

20, 21. ა) საიდან ვიცით, რომ შეგვიძლია გვქონდეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა? ბ) რა მოითხოვება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის?

20 იეჰოვასთან ახლო მეგობრობა ყველაზე დასაფასებელი ურთიერთობაა. მაგრამ შესაძლებელია რეალურად ასეთი ურთიერთობის დამყარება? რასაკვირველია. ბიბლია მოგვითხრობს მართალი მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს ზეციერ მამასთან. მათ მიერ გამოთქმული თბილი სიტყვების წაკითხვით, რომლებიც დღემდეა შემონახული ბიბლიის ფურცლებზე, ვრწმუნდებით, რომ ჩვენც შეგვიძლია დავუახლოვდეთ იეჰოვას (ფსალმუნები 22, 33, 138; იოანე 16:27; რომაელები 15:4).

21 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ყველას შეუძლია. „უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? — იკითხა ერთხელ დავითმა. — ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:1, 2; 24:14, აქ [25:14]). როცა საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ ღვთისთვის მსახურებას შესანიშნავი შედეგები მოაქვს და ღმერთი თავად გვხელმძღვანელობს და გვმფარველობს, ვრწმუნდებით, რომ მას „სათუთი გრძნობები აქვს“ (იაკობი 5:11).

22. იეჰოვას ნების თანახმად, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მის ხალხს?

22 მართლაც დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვას არასრულყოფილ ადამიანებთან პირადი ურთიერთობის ძლიერი სურვილი აქვს! განა ჩვენც არ გვმართებს ერთმანეთისადმი სათუთი გრძნობების გამოვლენა? იეჰოვას დახმარებით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გამოავლინოს სათუთი გრძნობები, რაც ქრისტიანული საძმოსთვისაა დამახასიათებელი. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე ყველა იგრძნობს ასეთ სიყვარულს და ეს სასიამოვნო გრძნობა მარადიულად ექნებათ.

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორი ატმოსფერო უნდა იყოს გამეფებული ქრისტიანულ კრებაში?

• როგორ შეუძლია კრების თითოეულ წევრს ხელი შეუწყოს სათუთი გრძნობების გაღვივებას კრებაში?

• როგორ უწყობს ხელს გულწრფელი შექება სათუთი გრძნობების გაღვივებას?

• როგორ გვიჭერს მხარს და გვეხმარება ის, რომ იეჰოვა ავლენს სათუთ გრძნობებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ქრისტიანებს შორის სიყვარული ვალდებულებაზე მეტს გულისხმობს.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

შეგიძლიათ ‘გაფართოვდეთ’ თქვენს სათუთ გრძნობებში?

[სურათი 18 გვერდზე]

კრიტიკულად ხართ განწყობილნი თუ სხვების გამხნევებას ცდილობთ?