ახალგაზრდებო, მიეცით მშობლებს თქვენი გულის დაცვის საშუალება!
ახალგაზრდებო, მიეცით მშობლებს თქვენი გულის დაცვის საშუალება!
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასაც გემის კაპიტანი აწყდება? ვრცელი ოკეანის უსაფრთხოდ გადაცურვა ხომ არა? ჩვეულებრივ, არა. ხშირად გემის დაღუპვა ნაპირთან ახლოს ხდება და არა ღია ზღვაში. ფაქტობრივად, პორტში გემის შესვლა შესაძლოა უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე თვითმფრინავის დაჯდომა. რატომ?
სანამ ღუზას ჩაუშვებს, კაპიტანმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი საშიშროება, რომელიც შეიძლება პორტთან შეექმნას. მან მხედველობაში უნდა იქონიოს წყალქვეშა დინება და, ამავე დროს, პორტში შესვლისას უსაფრთხოდ აუაროს გვერდი სხვა გემებს; გემი ასევე უნდა მოარიდოს წყალქვეშ დამალულ შლამიან თავთხელს, რიფებს ან ჩაძირული გემის ნამსხვრევებს. ეს განსაკუთრებით რთული მაშინ არის, როდესაც კაპიტანი უცნობ პორტში შედის.
ამ წინააღმდეგობების დასაძლევად გონიერმა კაპიტანმა დახმარებისთვის შეიძლება მიმართოს ლოცმანს, რომელიც კარგად ერკვევა ნაოსნობის ადგილობრივ პირობებში. ლოცმანი კაპიტანთან დგება ბოგაზე და მას სწორ მიმართულებას უჩვენებს. ისინი ერთად მსჯელობენ მათ წინ არსებულ საშიშროებებზე და ცდილობენ, პორტში შესასვლელად უსაფრთხოდ გაიარონ ნებისმიერ ვიწრო გასასვლელში.
ლოცმანის ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება შეიძლება შევადაროთ დახმარებას, რომელიც ხელმისაწვდომია ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც წინ ცხოვრებისეული სირთულეები ელოდებათ. რა დახმარებაა ეს? რატომ საჭიროებენ ახალგაზრდები ამას?
მოდით, ისევ გემის მაგალითს დავუბრუნდეთ. თუ ახალგაზრდა ხარ, რაღაცით გემის კაპიტანს ჰგავხარ, რადგან დროთა განმავლობაში შენ მოგიწევს საკუთარი ცხოვრების „საჭის“ მართვა. შენი მშობლები კი ლოცმანის როლს თამაშობენ, რადგან ცდილობენ, დაგეხმარონ იმ რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში, რომლებსაც შეიძლება ცხოვრებაში შეხვდე. თუმცა მოზარდობის ასაკში შეიძლება გიჭირდეს მშობლების რჩევის მიღება. რატომ?
ამის მიზეზი ხშირად გულთან არის დაკავშირებული. სიმბოლურმა გულმა შეიძლება იმისკენ გაგიწიოს, რაც აკრძალულია, ან აღგძრას, წინააღმდეგობა გაუწიო ყველაფერს, რაც, შენი აზრით, ზღუდავს შენს თავისუფლებას. „სიყრმიდანვეა მისი [ადამიანის] გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ“, — ამბობს ბიბლია (დაბადება 8:21). იეჰოვა გატყობინებს, რომ წინ განსაცდელი გელის. ის გაფრთხილებს: „ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია“ (იერემია 17:9). გარდა იმისა, რომ გული ადამიანს არასწორ სურვილებს აღუძრავს, რომელთა მიღმაც ფარული საშიშროება იმალება, მას შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზდა და აფიქრებინოს, რომ მშობლებზე მეტი იცის, მაშინ როცა მათ ცხოვრების უდიდესი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ამისა, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიმართო მშობლებს დახმარებისთვის, როდესაც ახალგაზრდული წლების ტალღებს მიაპობ.
რატომ უნდა დაემორჩილო მშობლებს?
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იეჰოვა, ოჯახის დამფუძნებელი, გეუბნება, რომ უნდა მიჰყვე მშობლების ხელმძღვანელობას (ეფესოელები 3:15). ვინაიდან ღმერთმა მშობლებს დააკისრა შენზე ზრუნვა, ის გირჩევს: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს არის მართალი საქციელი“ (ეფესოელები 6:1—3; ფსალმუნები 77:5). თუ მოზარდი ხარ, მშობლები კვლავაც პასუხისმგებლები არიან შენს აღზრდაზე, შენ კი ვალდებული ხარ, მოუსმინო მათ. როდესაც მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ „ბავშვებმა“ უნდა დაუჯერონ მშობლებს, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც ნებისმიერი ასაკის შვილთან მიმართებაში იხმარება. მაგალითად, იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული მათეს 23:37-ში, სადაც იესომ იერუსალიმის მოსახლეობა იერუსალიმის „შვილებად“ მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სრულწლოვანი იყო.
ძველ დროში მცხოვრები მრავალი ერთგული მამაკაცი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც ემორჩილებოდა მშობლებს. იაკობს, თუმცა ზრდასრული იყო, ესმოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მამის მითითებას და ცოლად მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემელი მოეყვანა (დაბადება 28:1, 2). უდავოა, იაკობი იმასაც შეამჩნევდა, რომ მშობლებს ძალიან ატკინა გული ღვიძლი ძმის გადაწყვეტილებამ, როდესაც ქანაანელი ცოლები მოიყვანა (დაბადება 27:46).
გარდა იმისა, რომ ქრისტიან მშობლებს ღმერთი ავალდებულებს ცხოვრებაში შენს ხელმძღვანელობას, მათ, ალბათ, საუკეთესოდ შეუძლიათ მრჩევლის როლის შესრულება. ეს ასეა, რადგან ისინი ძალიან კარგად გიცნობენ და, ეჭვგარეშეა, წლების განმავლობაში შენდამი უანგარო სიყვარულს ავლენენ. ლოცმანის მსგავსად, ისინი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებენ. მათ პირადად გამოსცადეს „ახალგაზრდული სურვილები“ და, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, დაინახეს, რამდენად სასარგებლოა ბიბლიური პრინციპების მიყოლა (2 ტიმოთე 2:22).
როდესაც გვერდში ასეთი გამოცდილი დამხმარე გყავს, ყველაზე რთულ სიტუაციებსაც კი წარმატებით გაუმკლავდები. მაგალითად, ავიღოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს გიხელმძღვანელონ ასეთ დელიკატურ საკითხში?
საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობის სურვილი
ლოცმანი კაპიტანს ურჩევს, შლამიან თავთხელს საკმაო მანძილით მოარიდოს გემი. შლამიანი თავთხელი რბილი, მაგრამ, ამავე დროს, სახიფათოა, რადგან ის მუდმივად იცვლის მდებარეობას. მსგავსად, შენს მშობლებსაც სურთ, გაერიდო ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლოა გრძნობების ხაფანგში გაგაბას. მათ იციან, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლისადმი გრძნობები ძალიან ძლიერია და თავიდან შეიძლება ვერც კი შენიშნო, რომ ვინმეს მიმართ ასეთი გრძნობები გაქვს. მაგრამ, როცა ეს გრძნობა აღიძვრება, ამან შეიძლება შენი სულიერობის დამსხვრევა გამოიწვიოს.
დინას შემთხვევა გვიჩვენებს, რამდენად სახიფათოა ასეთ საშიშროებასთან ახლოს მისვლა. შესაძლოა, ცნობისმოყვარებამ და კარგი დროის გატარების სურვილმა აღძრა დინა, დამეგობრებოდა ქანაანელ გოგოებს, რომლებიც უწესო ცხოვრებას მისდევდნენ. გართობამ, რაც, ერთი შეხედვით, უწყინარი ჩანდა, მალე დინა ტრაგედიამდე მიიყვანა. ის ქალაქის „ყველაზე პატივდებულმა“ ახალგაზრდა კაცმა გააუპატიურა (დაბადება 34:1, 2, 19).
საშიშროება დღეს უფრო დიდია, რადგან სექსზე ორიენტირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ ოსია 5:4). ბევრი ახალგაზრდა შეიძლება ისე აღწერდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დროის გატარებას, როგორც ყველაზე სასიამოვნო რამეს. გულმა შეიძლება მიმზიდველ პიროვნებასთან მარტო დარჩენის სურვილი აღგიძრას. მაგრამ მოსიყვარულე მშობლები ეცდებიან, დაგიცვან ისეთ ახალგაზრდებთან ურთიერთობისგან, რომლებიც არ აფასებენ ღვთის ნორმებს.
(ლორა ამბობს, რომ ცნობისმოყვარეობამ შეიძლება დააბრმავოს ახალგაზრდები და ხიფათი ვეღარ შეამჩნიონ. „თანაკლასელმა გოგონებმა მითხრეს, რომ გვიან ღამემდე ცეკვავდნენ მომხიბვლელ ბიჭებთან და ამას ისეთი გრძნობით ამბობდნენ, თითქოს ეს საღამო არასოდეს დაავიწყდებოდათ. მესმის, რომ ისინი ხშირად აზვიადებენ, მაგრამ ხანდახან ცნობისმოყვარეობა მეც მკლავს და მგონია, თითქოს ბევრს ვიკლებ. ვიცი, ჩემი მშობლები სწორად იქცევიან, ასეთ ადგილებში რომ არ მიშვებენ, თუმცა ჯერაც ცდუნების წინაშე ვარ“.
გემს მუხრუჭები არა აქვს, ამიტომ გასაჩერებლად დიდი დრო სჭირდება. მშობლებმა იციან, რომ გრძნობების მოზღვავების დროსაც ასე ხდება. წიგნი „იგავები“ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ვნებები აქვს მოძალებული, ადარებს ხარს, რომელიც დასაკლავად მიჰყავთ (იგავები 7:21—13). ცხადია, შენ არ გსურს, ასეთი რამ დაგემართოს და, ამგვარად, დაიმსხვრეს შენი ემოციური და სულიერი „ხომალდი“. შესაძლოა, მშობლები ამჩნევდნენ, როდის შეჰყავხარ გულს შეცდომაში და შესაბამისი რჩევაც მოგცენ. მოიქცევი ბრძნულად და მოუსმენ მათ, რათა უბედურება აიცილო? (იგავები 1:8; 27:12).
მშობლების მხარდაჭერა მაშინაც გჭირდება, როცა თანატოლების ზეგავლენას ებრძვი. როგორ შეუძლიათ მათ შენი დახმარება ასეთ დროს?
თანატოლების ზეგავლენა
წყლის ძლიერმა მიმოქცევამ ან დინებამ შეიძლება გემს კურსიდან გადაახვევინოს. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად კაპიტანმა გემს მიმართულება უნდა შეუცვალოს. მსგავსად, თანატოლების ზეგავლენამ შეიძლება აღებული კურსიდან გადაგახვევინოს და ეს მანამდე გაგრძელდეს, სანამ ამ გავლენას წინააღმდეგობას არ გაუწევ.
დინას შემთხვევიდან ჩანს, რომ „ბრიყვთა მეგობარი . . გაუბედურდება“ (იგავები 13:20, სსგ). გაიხსენე, რომ ბიბლია „ბრიყვს“ უწოდებს იმას, ვინც არ იცნობს იეჰოვას ან არ დადის მისი გზებით.
შეიძლება რთულია, არ გაითვალისწინო თანაკლასელების თვალსაზრისი ან არ გადაიღო მათი ჩვევები. მარია ამბობს: „მინდოდა, სხვა ახალგაზრდებთან ვყოფილიყავი. არ მინდოდა, ჩემზე ეფიქრათ, რომ მათგან განსხვავებული ვიყავი, ამიტომ ვცდილობდი მაქსიმალურად მიმებაძა მათთვის“. შეიძლება შენთვის შეუმჩნევლად თანატოლების გავლენაში აღმოჩნდე — ისეთი მუსიკის მოსმენა დაიწყო, როგორიც მათ მოსწონთ, მათნაირად ჩაიცვა და საუბარშიც კი მიბაძო. შესაძლოა, შენი ასაკის ახალგაზრდებთან თავს კომფორტულად გრძნობ. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ თანდათანობით მათი ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცევი, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს (კაროლინა გვიყვება, თუ რა სირთულეებს წააწყდა რამდენიმე წლის წინ: „13 წლის ასაკიდან იმ გოგოების უმეტესობას, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, შეყვარებული ჰყავდა და წლების განმავლობაში ზეწოლას განვიცდიდი, რომ მათთვის მიმებაძა. მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ რთულ პერიოდში დედა გვერდიდან არ მომცილებია. ის საათობით მისმენდა, ჩემთან ერთად მსჯელობდა და მეხმარებოდა, დამენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთ ურთიერთობაზე ფიქრი იმ დრომდე გადამედო, სანამ უფრო მოწიფული არ გავხდებოდი“.
ისევე როგორც კაროლინას დედა, შესაძლოა, თქვენი მშობლებიც თავს ვალდებულად თვლიან, გაგაფრთხილონ, რა საშიშროება შეიძლება მოჰყვეს თანატოლების ზეგავლენას, ან აგიკრძალონ ზოგიერთ მათგანთან მეგობრობა და გართობის ზოგ სახეობაში მონაწილეობა. ნათანს ახსოვს, რომ ამ საკითხზე მშობლებთან რამდენჯერმე მოუვიდა კამათი. „მეგობრები ხშირად მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მშობლებს არ უნდოდათ, მათთან ვყოფილიყავი ქუჩაში, ან ისეთ დიდ წვეულებებზე წავსულიყავი, რომლებსაც არავინ აკონტროლებდა. მაშინ არ მესმოდა, რატომ იყვნენ სხვისი მშობლები უფრო ლმობიერები“, — ამბობს ნათანი.
ნათანი მოგვიანებით მიხვდა ამას. «ვიცი, რომ ჩემს შემთხვევაში „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს“, — აღიარებს იგი. — როგორც ჩანს, ეს სისულელე ადვილად ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც ბიჭები დროს ქუჩაში ატარებენ. ერთი რაღაც ცუდის გაკეთებას იწყებს, მეორე მას ჰბაძავს და უარესს აკეთებს, მესამე კი — ორივეს აჭარბებს. ცოტა ხანში ყველა უერთდება მათ ცუდის კეთებაში. ამ ხაფანგში შეიძლება ის ახალგაზრდებიც გაებნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იეჰოვას ემსახურებოდნენ» (იგავები 22:15).
ნათანსა და მარიას საკუთარ გულთან უწევდათ ბრძოლა, როცა მშობლები ნებას არ რთავდნენ, თანატოლების რჩევებს აჰყოლოდნენ. ისინი უჯერებდნენ მშობლებს და მოგვიანებით კმაყოფილები იყვნენ, ასე რომ იქცეოდნენ. წიგნი „იგავები“ ამბობს: „დახარე შენი ყური და ისმინე სიტყვანი ბრძენთა, და შენი გული მიაპყარ ჩემს ცოდნას“ (იგავები 22:17).
პატივისცემის ღირსნი
როცა გემი გვერდზე იხრება, რთულია მისი მართვა. რაც უფრო მეტად იხრება გემი, მით უფრო დიდია გემის გადაბრუნების ალბათობა. არასრულყოფილების გამო ყველანი ვიხრებით ეგოისტური მიდრეკილებებისა და „აკრძალული ხილისკენ“. ცოდვილი მიდრეკილებების მიუხედავად,
ახალგაზრდებს შეუძლიათ „პორტამდე“ მიღწევა, თუ ყურადღებით მიჰყვებიან მშობლების ხელმძღვანელობას.მაგალითად, მშობლები შეიძლება დაგეხმარონ იმ აზრის უკუგდებაში, თითქოს სიცოცხლისკენ მიმავალი ვიწრო გზისა და სიკვდილისკენ მიმავალი ფართო გზის გარდა მესამე — შუალედური — გზაც არსებობს (მათე 7:13, 14). არარეალურია იფიქრო, რომ ღვთის კანონის დაურღვევლად შეძლებ სიამოვნების მიზნით უმნიშვნელო ცუდის გაკეთებას, ან ცოდვის „გემოს გასინჯვას გადაყლაპვის გარეშე“. ისინი, რომლებიც ცდილობენ, ასეთ კურსს მიჰყვნენ, ‘ორივე ფეხით კოჭლობენ’ — ნაწილობრივ იეჰოვას ემსახურებიან, მაგრამ ქვეყნიერებაც უყვართ და ისიც, რაც ქვეყნიერებაშია. მათი „სულიერი გემი“ ადვილად შეიძლება გადაბრუნდეს (3 მეფეთა 18:21; 1 იოანე 2:15). რატომ ხდება ასე? ცოდვილი მიდრეკილებების გამო.
ცოდვილ სურვილებს თუ დავემორჩილებით, ისინი უფრო მეტად დაგვიმონებენ. ჩვენი „ცბიერი გული“ მხოლოდ ცოდვის გემოს გასინჯვით არ დაკმაყოფილდება. ის უფრო მეტს მოგვთხოვს (იერემია 17:9). თუ დინებას მივყვებით, ქვეყნიერება უფრო და უფრო დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე (ებრაელები 2:1). შენ შეიძლება ვერც შენიშნო, სულიერად როგორ იხრები გვერდზე, მაგრამ მშობლებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. შეიძლება მათ შენსავით სწრაფად ვერ აითვისონ კომპიუტერული პროგრამები, მაგრამ ცბიერი გულის მათ უკეთ გაეგებათ. მათ სურთ, დაგეხმარონ, რომ სიცოცხლის ‘გზაზე დააყენო შენი გული’ (იგავები 23:19, სსგ).
ცხადია, მშობლებისგან სრულყოფილებას არ უნდა მოელოდე, როდესაც ხელმძღვანელობას გიწევენ ისეთ რთულ საკითხებში, როგორიცაა მუსიკისა და გართობის შერჩევა, ჩაცმულობა და გარეგნობა. შენი მშობლები შეიძლება არ იყვნენ სოლომონივით ბრძენნი და იობივით მომთმენნი. ლოცმანის მსგავსად, მეტისმეტი სიფრთხილის გამო ისინიც შეიძლება შეცდნენ. მიუხედავად ამისა, მათი ხელმძღვანელობა შენთვის ნამდვილად ფასდაუდებელი იქნება, თუ ყურად იღებ ‘მამაშენის დარიგებას და დედაშენის სწავლებას არ მიატოვებ’ (იგავები 1:8, 9).
ზოგი ახალგაზრდა მშობლებს შეიძლება უპატივცემულოდ მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, თუ შენი მშობლები მთელი გულით ცდილობენ ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებას, ისინი ლოცმანის მსგავსად ნებისმიერ „ამინდში“ გვერდით დაგიდგებიან და ყველანაირი გასაჭირის გადატანაში დაგეხმარებიან. როგორც გემის კაპიტანს სჭირდება გამოცდილი ლოცმანი, ისე შენ გჭირდება მშობლების ხელმძღვანელობა, რათა დაბრძენდე. ასე მოქმედებას ფასდაუდებელი კურთხევები მოჰყვება.
„როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან, მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით . . . რადგან წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში“ (იგავები 2:10—13, 21).
[სურათი 22 გვერდზე]
თანატოლების ზეგავლენამ შეიძლება კურსიდან გადაგახვევინოს.
[სურათი 23 გვერდზე]
გახსოვდეს, რა დაემართა დინას!
[სურათი 24 გვერდზე]
ახალგაზრდებმა ხელმძღვანელობისთვის მშობლებს უნდა მიმართონ, ისევე როგორც გემის კაპიტანი მიმართავს გამოცდილ ლოცმანს დახმარებისთვის.
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Photo: www.comstock.com