ვინ არის „ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“?
ვინ არის „ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“?
ჭეშმარიტი ღმერთი არის იეჰოვა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მამა. ის არის შემოქმედი, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს აძლევს ყველა მის მოყვარულს. ისინი, რომლებიც კითხულობენ ბიბლიას და სწამთ მისი, ასე სცემენ პასუხს სათაურში დასმულ კითხვას. იესომაც თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
თუმცა მრავალი მათგანი, ვინც ეკლესიაში დადის, აქ მოცემულ სიტყვებს სხვანაირად იგებს. სათაურში მოყვანილი სიტყვები აღებულია 1 იოანეს 5:20-დან, სადაც ნათქვამია: „მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ერთობაში ვართ ჭეშმარიტთან. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“.
სამების მოძღვრების მხარდამჭერები თვლიან, რომ ჩვენებითი ნაცვალსახელი „ეს“ („უტოს“) უკავშირდება ყველაზე ახლოს მდგომ სახელს, იესო ქრისტეს. როგორც ისინი ამტკიცებენ, „ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“ არის იესო. მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ბიბლიის სხვა ადგილებს. გარდა ამისა, ბევრი ავტორიტეტული მეცნიერი არ იზიარებს სამების მოძღვრებასთან დაკავშირებულ ამ შეხედულებას. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი ბრუკ უესკოტი წერს: «ყველაზე ლოგიკური განმარტება ის არის, რომ ნაცვალსახელი „უტოს“ უკავშირდება სახელს, რომელზეც იმ მომენტში უმთავრესად ფიქრობდა მოციქული და არა — ყველაზე ახლოს მდგომ სახელს». ასე რომ, მოციქული იოანე გულისხმობდა იესოს მამას. გერმანელი თეოლოგი ერიკ ჰაუფტი ამბობს: «საჭიროა განვსაზღვროთ, შემდეგი ნაცვალსახელი „უტოს“ ყველაზე ახლოს მდგომ სახელს უკავშირდება . . . თუ მანამდე მოხსენიებულ სიტყვა „ღმერთს“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოციქული თავის წერილს ასრულებს კერპების შესახებ გაფრთხილებით, უფრო ლოგიკურია, რომ ის ლაპარაკობს ღმერთზე და არა — ქრისტეს ღვთაებრიობაზე».
რომის პონტიფიკური ბიბლიური ინსტიტუტის მიერ გამოცემულ „ბერძნული წერილების გრამატიკულ ანალიზში“ ნათქვამია: «[„უტოს“,] როგორც მე-18—20 მუხლების კულმინაცია, უეჭველად უკავშირდება ჭეშმარიტ ღმერთს, წარმართული შეხედულების საპირისპიროდ (21-ე მუხლი)».
ხშირად „უტოს“ ითარგმნება როგორც „ეს“ ან „მან“ და არ მიუთითებს ახლოს მდგომ სახელზე. ამას სხვა მუხლებიც გვიჩვენებს. 2 იოანეს 7-ში (სსგ), იგივე მოციქული, რომელმაც პირველი წერილი დაწერა, ამბობს: «მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს; ეს [„უტოს“] არის მაცთური და ანტიქრისტე». აქ მოცემული ნაცვალსახელი შეუძლებელია ეხებოდეს ყველაზე ახლოს მდგომ სახელს — იესოს. აშკარაა, „ეს“ ეხება მათ, ვინც უარყოფს იესოს. ისინი, ერთად აღებული, არიან „მაცდური და ანტიქრისტე“.
თავის სახარებაში მოციქული იოანე წერს: «ხოლო ამ ორთაგან ერთი, რომელმაც იოანესაგან გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, იყო ანდრია, სიმონ პეტრეს ძმა. მან [„უტოს“] პირველმა მონახა თავისი ძმა სიმონი, და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე)» (იოანე 1:40, 41, სსგ). ცხადია, რომ აქ ნაცვალსახელი „მან“ ეხება არა სიმონ პეტრეს, არამედ ანდრიას. 1 იოანეს 2:22-ში მოციქული იმავე ნაცვალსახელს „უტოს“ მსგავსი დანიშნულებით იყენებს.
ლუკა მსგავსად იყენებს ამ ნაცვალსახელს საქმეების 4:10, 11-ში (სსგ), სადაც ვკითხულობთ: «იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით, და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენს წინაშე. ეს [„უტოს“] არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა». აქ მოცემული ნაცვალსახელი „ეს“ აშკარად არ მიუთითებს პიროვნებაზე, რომელიც განიკურნა, მიუხედავად იმისა, რომ ის „უტოს“-ის წინ არის ნახსენები. აშკარაა, რომ მე-11 მუხლში გამოყენებული ნაცვალსახელი „ეს“ უკავშირდება ნაზარეთელ იესო ქრისტეს, რომელიც არის ქვაკუთხედი და რომელზეც ქრისტიანული კრებაა დაფუძნებული (ეფესოელები 2:20; 1 პეტრე 2:4-8).
კიდევ ერთი მაგალითია საქმეების 7:18, 19 (სსგ): «აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ სცნობდა იოსებს. ეს [„უტოს“] მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ». აქ „ეს,“ ვინც ჩაგრავდა ებრაელებს, იყო ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და არა იოსები.
ბერძენი მეცნიერის, დანიელ უოლასის, გამოკვლევებიც ადასტურებს ასეთ შეხედულებას. ბერძნულ ჩვენებით ნაცვალსახელებზე ის ამბობს: „კონტექსტში მათთან ახლოს მდგომი სახელი შესაძლებელია არ იყოს ის, რაზეც იმ მომენტში უმთავრესად ფიქრობდა ავტორი“.
„ის, ვინც ჭეშმარიტია“
როგორც მოციქული იოანე წერს, „ჭეშმარიტი ღმერთი“ არის იეჰოვა, იესო ქრისტეს მამა. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შემოქმედი. პავლე მოციქულმა თქვა: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე“ (1 კორინთელები 8:6; ესაია 42:8). 1 იოანეს 5:20-ში ნაჩვენებია კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის იეჰოვა „ჭეშმარიტი ღმერთი“, — ის არის ჭეშმარიტების წყარო. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას უწოდა: „ღმერთი ჭეშმარიტი“, რადგან, რასაც ის აკეთებს, ერთგულად აკეთებს და არასოდეს ცრუობს (ფსალმუნები 30:6; გამოსვლა 34:6; ტიტე 1:2). იესომ თავის ზეციერ მამას მიმართა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.“ ქადაგებისას კი ამბობდა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოანე 7:16; 17:17).
იეჰოვა აგრეთვე არის „მარადიული სიცოცხლე“. ის არის სიცოცხლის წყარო, რომელიც დაუმსახურებელ ძღვენს — სიცოცხლეს გვაძლევს ქრისტეს მეშვეობით (ფსალმუნები 35:10; რომაელები 6:23). აღსანიშნავია მოციქულ პავლეს სიტყვები, რომ ღმერთი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ღმერთმა დააჯილდოვა თავისი ძე იმით, რომ მკვდრეთით აღადგინა; ის მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება მას (საქმეები 26:23; 2 კორინთელები 1:9).
მაშასადამე, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? მხოლოდ იეჰოვაა „ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“. მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას თავისი ქმნილებებისგან (გამოცხადება 4:11).