მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როდესაც იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „სარგებლის გარეშე ასესხეთ და ნუღარაფრის დაბრუნებას იმედოვნებთ“, გულისხმობდა იმას, რომ გამსესხებელს სესხად გაცემული თანხაც არ უნდა მოეთხოვა?
ლუკას 6:35-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების უკეთ გაგებაში მოსეს კანონის გახსენება დაგვეხმარება. ღმერთმა ისრაელებს უბრძანა, რომ ეკონომიკურ გაჭირვებაში მყოფი თავიანთი მოძმეებისთვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ, სესხი ყოველგვარი სარგებლის გარეშე მიეცათ (გამოსვლა 22:25; ლევიანები 25:35—37; მათე 5:42). ასეთი სესხის გაცემა კომერციულ მიზანთან ანუ მოგებასთან არ იყო დაკავშირებული. სარგებლის გარეშე სესხება გაჭირვებულს სიღატაკისა და უბედურებისგან იხსნიდა. ბოლოს და ბოლოს, მოყვასის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება არ იქნებოდა სიყვარულის გამოვლენა. და მაინც, გამსესხებელს უფლება ჰქონდა, უკან მოეთხოვა საწყისი თანხა, რისთვისაც ხანდახან გირაოს (ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად ჩაბარებული ნივთი) იღებდა (მეორე რჯული 15:7, 8).
გარდა იმისა, რომ მხარს უჭერდა მოსეს კანონს, იესომ კიდევ უფრო განავრცო მასში მოცემული პრინციპი და თქვა, რომ მას, ვინც სხვას დახმარების მიზნით რაიმეს მისცემდა, ეს იმ იმედით არ უნდა გაეკეთებინა, რომ უკან დაიბრუნებდა. ისრაელების მსგავსად, ზოგჯერ ქრისტიანებიც განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას ან ვარდებიან ისეთ სიტუაციებში, რამაც შეიძლება ისინი უკიდურეს სიღარიბემდეც კი მიიყვანოს. თუ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძმა ფინანსურ დახმარებას ითხოვს, მისთვის დახმარების აღმოჩენა განა სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა? მართლაც, ჭეშმარიტმა სიყვარულმა უნდა აღძრას თანაქრისტიანი, დახმარების ხელი გაუწოდოს ძმას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებაში (იგავები 3:27). შესაძლოა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ძმას საჩუქრის სახით გარკვეული თანხაც მივცეთ, თუნდაც ის სხვის მიერ მისთვის სესხად მიცემულ თანხაზე მცირე ოდენობის იყოს (ფსალმუნები 26:21).
პირველ საუკუნეში, როდესაც იუდეაში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა, მცირე აზიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა იქაური ძმების დასახმარებლად შესაწირავები შეაგროვეს და მოციქულ პავლესა და ბარნაბას ხელით გაუგზავნეს (საქმეები 11:28—30). დღესაც, სტიქიური თუ სხვა სახის უბედური შემთხვევების დროს ქრისტიანები ხშირად ეხმარებიან გაჭირვებაში ჩაცვენილ ძმებს. ასეთი სულის გამოვლენით ისინი შესანიშნავ დამოწმებას იძლევიან (მათე 5:16). ცხადია, როდესაც ვინმეს ვეხმარებით, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. რატომ საჭიროებს დახმარებას? ყურადსაღებია პავლეს შემდეგი სიტყვები: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2 თესალონიკელები 3:10).
თუ ძმა, რომელიც ფულს სესხულობს, უკიდურეს გაჭირვებაში არ იმყოფება და ფული დროებით სჭირდება მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ანუ „ფეხზე მოსამაგრებლად“, სარგებლის გარეშე სესხება, ალბათ, მართებულად ჩაითვლება. ასეთ სიტუაციაში ფულის სესხება იმ იმედით, რომ გამსესხებელი უკან დაიბრუნებს გაცემულ თანხას, არ ეწინააღმდეგება ლუკას 6:35-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება წერილობითი სახით ხელშეკრულების დადება; მოვალემ ყველანაირად უნდა ეცადოს, არ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები და ვალი გადაიხადოს. მართლაც, ქრისტიანულმა სიყვარულმა უნდა აღძრას მოვალე, ვალი გადაიხადოს, ზუსტად ისე, როგორც გამსესხებელი აღძრა სიყვარულმა, მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.
პიროვნებამ სესხის გაცემამდე (ან საჩუქრის გაკეთებამდე) საკუთარი ოჯახის ბიუჯეტს უნდა გადახედოს. მაგალითად, ასე მოქცევით ხომ არ გამოვიდოდა, რომ ის ნაკლებად ზრუნავს ოჯახის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, რაც მისი ბიბლიური პასუხისმგებლობაა? (2 კორინთელები 8:12; 1 ტიმოთე 5:8). და მაინც, ქრისტიანები სიყვარულის გამოსახატავად შესაძლებლობებს ეძებენ და ამას საქმეებით ამტკიცებენ; საქმეებით, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებთან თანხმობაშია (იაკობი 1:27; 1 იოანე 3:18; 4:7—11).