არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოიარე ეს ქვეყანა“

„მოიარე ეს ქვეყანა“

„მოიარე ეს ქვეყანა“

„ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი“ (დაბადება 13:17).

1. რა საინტერესო მითითება მისცა ღმერთმა აბრაამს?

გიყვართ ქალაქგარეთ გასვლა, მაგალითად, შაბათ-კვირას მანქანით გასეირნება? ზოგი ველოსიპედით მოგზაურობას ამჯობინებს, რადგან ასე ვარჯიშიც გამოსდით და თან აუჩქარებლად ტკბებიან მათ გარშემო გადაშლილი ხედებით. სხვებს ფეხით ლაშქრობა ურჩევნიათ, რათა უკეთესად გაეცნონ იმ არემარეს და ისიამოვნონ ბუნების სილამაზით. ასეთი ექსკურსიების ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, შეზღუდულია. აბა წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა აბრაამს, როდესაც ღმერთმა უთხრა: „ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას“! (დაბადება 13:17).

2. სად წავიდა აბრაამი ეგვიპტის დატოვების შემდეგ?

2 განვიხილოთ ამ სიტყვების კონტექსტი. თავის მეუღლესთან და სხვებთან ერთად აბრაამს დროებით ეგვიპტეში მოუწია ყოფნა. დაბადების მე-13 თავი მოგვითხრობს, რომ მათ დატოვეს ეგვიპტე და თავიანთი საქონლით „ნეგებისკენ“ გადაინაცვლეს. შემდეგ აბრაამი „გაემგზავრა ნეგებიდან ბეთელისაკენ“. აქ აბრაამისა და მისი ძმისშვილის, ლოტის, მწყემსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და აშკარა გახდა, რომ მათ ცალ-ცალკე საძოვრები სჭირდებოდათ; აბრაამმა დიდსულოვნად დაუთმო ლოტს არჩევანი. ლოტმა „იორდანეს . . . მხარე“ (სსგ), ‘უფლის სამოთხის მსგავსი’ ნაყოფიერი ველი აირჩია და სოდომში დასახლდა. ღმერთმა აბრაამს უთხრა: „აღაპყრე თვალები, და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ“. როგორც ჩანს, ბეთელთან ახლოს მდებარე ამაღლებული ადგილიდან მას შეეძლო თვალი შეევლო ამ ტერიტორიისთვის. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ღმერთმა აბრაამს მოუწოდა, ‘მოევლო ეს ქვეყანა’ და კარგად გასცნობოდა მას, მის ბუნებას.

3. რატომ შეიძლება არ იყოს ადვილი აბრაამის მოგზაურობის წარმოდგენა?

3 მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად მოიარა ეს ადგილები, ხებრონამდე მისული აბრაამი უმრავლესობა ჩვენგანზე უკეთესად იცნობდა აღთქმულ მიწას. ზემოთ აღნიშნულ თავში მოხსენიებულია შემდეგი ადგილები — ნეგები, ბეთელი, იორდანეს მხარე, სოდომი და ხებრონი. ხომ არ გიჭირთ იმის წარმოდგენა, თუ სად მდებარეობს ეს ტერიტორიები? ბევრისთვის ეს არ არის ადვილი — იეჰოვას მსახურთაგან ცოტა თუ სწვევია იმ ადგილებს, რომლებსაც ბიბლიის კითხვისას ხვდება; უმრავლესობას არ მოუვლია ამ ქვეყნის სიგრძე და განი. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვქონდეს დიდი ინტერესი, უფრო მეტი გავიგოთ ამ ბიბლიური ადგილების შესახებ. რატომ?

4, 5. ა) როგორ უკავშირდება იგავების 18:15 ბიბლიური ქვეყნების შესახებ ცოდნის მიღებას და გაგების გაღრმავებას? ბ) რას გვიჩვენებს თვალსაჩინოდ სოფონიას მე-2 თავი?

4 ღვთის სიტყვაში აღნიშნულია: „გონიერის [ანუ გაგების უნარის მქონე ადამიანის] გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას“ (იგავები 18:15). არსებობს მრავალი სფერო, რომლებშიც ადამიანს შეუძლია გათვითცნობიერდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვა ღმერთისა და მისი მოქმედებების შესახებ ზუსტი ცოდნის მიღებაა. ამ ცოდნის უმთავრესი წყარო კი უდავოდ ბიბლიაა (2 ტიმოთე 3:16). თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რას ნიშნავს გაგება. ასეთი უნარის მქონე ადამიანს შეუძლია ღრმად ჩასწვდეს საკითხს, ამოიცნოს ანუ მიხვდეს, რა კავშირშია მისი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან და უშუალოდ ამ საკითხთან. იგივე შეიძლება ითქვას ბიბლიაში მოხსენიებულ გეოგრაფიულ ადგილებზეც. მაგალითად, თითქმის ყველამ ვიცით, სად მდებარეობს ეგვიპტე. მაგრამ რამდენად ნათლად გვესმის ბიბლიის სიტყვები იმის შესახებ, რომ აბრაამი ეგვიპტიდან წავიდა „ნეგებისკენ“, მოგვიანებით — ბეთელისკენ, ხოლო შემდეგ — ხებრონის მიმართულებით? იცით ამ ადგილების ურთიერთგანლაგება?

5 აი სხვა მაგალითიც: ვთქვათ, ბიბლიის კითხვის გეგმით სოფონიას მე-2 თავი წაიკითხეთ. აქ შეგხვდათ ქალაქების, ერებისა და ქვეყნების სახელწოდებები. მხოლოდ ამ ერთ თავში მოხსენიებულია ღაზა, აშკელონი, აშდოდი, ეკრონი, სოდომი, ნინევია, ქანაანი, მოაბი, ამონი და ასურეთი (აშური). რთული ხომ არ ყოფილა თქვენთვის გონებაში იმ ადგილების წარმოსახვა, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა; ხალხი, რომელიც თავის როლს თამაშობდა ღვთიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში?

6. რატომ აფასებს ბევრი ქრისტიანი რუკების გამოყენების შესაძლებლობას? (იხილეთ ჩარჩო).

6 ღვთის სიტყვის მრავალი შემსწავლელი მიმართავს ბიბლიური ქვეყნების რუკებს, რასაც მათთვის საკმაოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. ისინი ამას რუკების სილამაზის გამო როდი აკეთებენ; მათ ესმით, რომ რუკების გამოყენებით შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას ღვთის სიტყვის შესახებ. ეს აგრეთვე ეხმარება მათ, უფრო საფუძვლიანად გაიგონ ესა თუ ის საკითხი და დაინახონ, როგორ უკავშირდება მათთვის უკვე ცნობილი ფაქტები სხვა ინფორმაციას. ახლა განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს. ეს, ალბათ, თქვენც უფრო მეტად დაგაახლოებთ იეჰოვასთან და უფრო ღრმად ჩაგახედებთ მის სიტყვაში აღწერილ შემთხვევებში (იხილეთ ჩარჩო მე-14 გვერდზე).

მანძილების ცოდნა სულ სხვაა!

7, 8. ა) სამსონის რომელი გასაოცარი საქმეა დაკავშირებული ღაზასთან? ბ) რისი ცოდნა ხდის უფრო შთამბეჭდავს სამსონის საგმირო საქმეს? გ) როგორ შეიძლება დაგვეხმაროს სამსონთან დაკავშირებული ამ ამბის უკეთესად ცოდნა და გაგება?

7 მსაჯულთა 16:2-ში ვკითხულობთ, რომ მსაჯული სამსონი ღაზაში იყო ჩასული. დღეს ახალ ამბებში ღაზას ხშირად ახსენებენ. ამგვარად, შესაძლოა ზოგადი წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, რომ სამსონი იყო ფილისტიმის ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს [11]. ახლა ნახეთ მსაჯულთა 16:3 (სსგ): „შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს [კარებსა და წირთხლებს], ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა“.

8 უეჭველია, ისეთი გამაგრებული ქალაქის კარიბჭეები და წირთხლები, როგორიც ღაზა იყო, დიდი და მძიმე იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა რთული სატარებელი უნდა ყოფილიყო ისინი! სამსონმა შეძლო ეს, მაგრამ სად წაიღო და რა მანძილი გაიარა? ღაზა ზღვასთან ახლოს, თითქმის ზღვის დონეზე მდებარეობს [15], მაშინ როდესაც ხებრონი აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზეა. აღმართიც ამას ჰქვია! ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ „ხებრონს გადაღმა“ არსებული მთის ზუსტი ადგილმდებარეობა, მაგრამ ერთი კი ვიცით: გარდა იმისა, რომ უფრო მაღლა მდებარეობს, ეს ქალაქი ღაზიდან დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული! განა ამ მანძილის ცოდნა სამსონის საგმირო საქმეს გაცილებით შთამბეჭდავს არ ხდის? გაიხსენეთ, რისი წყალობით შეძლო ეს სამსონმა — ბიბლიაში ნათქვამია: „გადმოვიდა მასზე უფლის სული“ (მსაჯულთა 14:6, 19; 15:14). დღეს ქრისტიანები არ მოველით, რომ ღვთის სული სასწაულებრივ ფიზიკურ ძალას მოგვცემს. და მაინც, იმავე მძლავრ სულს შეუძლია, უფრო მეტად გაგვაგებინოს ღრმა სულიერი საკითხები და შინაგანად განგვამტკიცოს (1 კორინთელები 2:10—16; 13:8; ეფესელები 3:16; კოლოსელები 1:9, 10). დიახ, სამსონთან დაკავშირებული ამბის უკეთესად გაგება გვარწმუნებს, რომ ღვთის სულს შეუძლია ჩვენი დახმარება.

9, 10. ა) რა შედიოდა მიდიანელებზე გედეონის გამარჯვებაში? ბ) როგორ ხდის ამ შემთხვევას ჩვენთვის უფრო მრავლისმეტყველს გეოგრაფიული ცოდნა?

9 მიდიანელებზე გედეონის გამარჯვება კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ხაზს უსვამს მანძილების ცოდნის ღირებულებას. ბიბლიის მკითხველთა უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ მსაჯულმა გედეონმა და მისმა 300-მა მეომარმა დაამარცხეს მიდიანელების, ამალეკელებისა და სხვა ერების 135 000-კაციანი გაერთიანებული ჯარი, რომელიც დაბანაკებული იყო იზრეელის ველზე, მორეს ბორცვთან [18]. გედეონის მეომრებმა დააყვირეს საყვირები, დალეწეს დოქები, რომლებშიც ლამპრები იყო, და შესძახეს: „მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!“ ამან შეაშინა მტრები და მათ შორის არეულობა გამოიწვია, ისე რომ ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს (მსაჯულთა 6:33; 7:1—22). ნუთუ ეს ყოველივე ღამის სიბნელეში გათამაშებული ერთი სწრაფი მოქმედება იყო? გააგრძელეთ მსაჯულთა მე-7 და მე-8 თავების კითხვა. თქვენ ნახავთ, რომ გედეონის იერიში ამით არ დამთავრებულა. აქ მოხსენიებულ ადგილთაგან ზოგის მდებარეობა დღეს განსაზღვრული არ არის და, ამიტომაც, ისინი შეიძლება ვერ ნახოთ ბიბლიურ რუკებზე. თუმცა რამდენიმე ქალაქის ადგილმდებარეობა დადგენილია და ამის ცოდნა საკმარისია, რომ თვალი მივადევნოთ გედეონის მოქმედებებს.

10 გედეონი დაედევნა მტრის სამხედრო ძალიდან გადარჩენილებს ბეთ-შიტამდე, შემდეგ კი სამხრეთით, მდინარე იორდანესთან მდებარე აბელ-მეჰოლამდე სდია (მსაჯულთა 7:22—25). ჩანაწერში ნათქვამია: „მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა [მან] და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაქანცულმა“. იორდანეს გადაღმა გადასულმა ისრაელებმა მტერს სდიეს ჯერ სამხრეთის მიმართულებით სუქოთამდე და ფენუელამდე, რომელიც იაბოკთან ახლოს მდებარეობდა; შემდეგ კი უფრო მაღლა შეუყვნენ მთებს იოგბეჰისკენ (თანამედროვე ქალაქ ამანთან ახლოს, იორდანია). ამ დევნასა და ბრძოლაში მათ დაახლოებით 80 კილომეტრი გაიარეს. გედეონმა ხელში ჩაიგდო და სიცოცხლეს გამოასალმა მიდიანელთა ორი მეფე. შემდეგ ის დაბრუნდა თავის ქალაქში, ოფრაში — იმ ადგილთან ახლოს, საიდანაც დაიწყო ბრძოლა (მსაჯულთა 8:4—12, 21—27). ცხადია, რომ გედეონის ბრძოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე რამდენიმე წუთის განმავლობაში საყვირების ჩაბერვა, დოქების დამსხვრევა და ყვირილი. დაფიქრდით, რამხელა ძალას ჰმატებს ეს სიტყვებს, რომლებიც მტკიცე რწმენის მქონე მამაკაცთა შესახებაა ნათქვამი: „დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონის [და სხვების] შესახებ, რომლებიც . . . უძლურები ძლიერდებოდნენ, ომში მამაცები ხდებოდნენ“ (ებრაელები 11:32—34). შეიძლება ქრისტიანებიც დაიღალონ ფიზიკურად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ღვთის ნების შესრულება! (2 კორინთელები 4:1, 16; გალატელები 6:9).

ხალხის აზროვნება და რეაქცია

11. რისი თქმა შეიძლება ისრაელების მგზავრობაზე — სანამ კადეშამდე მიაღწევდნენ და ამის შემდეგ?

11 ბიბლიურ რუკებს ზოგი, შესაძლოა, მხოლოდ ადგილმდებარეობების დასადგენად მიმართავს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, შეიძლება რუკებმა ჩაგვახედოს ხალხის აზროვნებაში? მაგალითისთვის ავიღოთ ისრაელები, რომლებიც სინას მთიდან აღთქმული მიწისკენ მიემართებოდნენ. გზად რამდენჯერმე შეჩერების შემდეგ, საბოლოოდ მათ მიაღწიეს კადეშამდე (იგივე კადეშ-ბარნეა) [9]. მეორე რჯულის 1:2-დან ჩანს, რომ კადეშამდე იყო 11 დღის სავალი — დაახლოებით 270 კილომეტრი. აქედან მოსემ 12 მზვერავი გაგზავნა აღთქმულ მიწაზე (რიცხვნი 10:12, 33; 11:34, 35; 12:16; 13:1—3, 25, 26). მზვერავები ნეგების გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდნენ. ალბათ, გზად ისინი ჩაუვლიდნენ ბეერ-შებას და, შემდეგ, ხებრონს. ასე მიაღწიეს აღთქმული მიწის ჩრდილოეთ საზღვრებამდე (რიცხვნი 13:22—25). ისრაელები აჰყვნენ ათი მზვერავის უარყოფით შეტყობინებას, რის გამოც 40 წლის განმავლობაში უდაბნოში მოუწიათ ხეტიალი (რიცხვნი 14:1—34). რას გვიჩვენებს ეს შემთხვევა მათი რწმენისა და იეჰოვასადმი მინდობის მზადყოფნის შესახებ? (მეორე რჯული 1:19—33; ფსალმუნები 77:22, 32—43; იუდა 5).

12. რა შეგვიძლია დავასკვნათ ისრაელების რწმენის შესახებ და რატომ გვმართებს ამ შემთხვევაზე დაფიქრება?

12 შეხედეთ ამ საკითხს გეოგრაფიული თვალსაზრისით. შორი გზა ექნებოდათ გასავლელი ისრაელებს აღთქმულ მიწამდე, თუ რწმენას გამოავლენდნენ და მიჰყვებოდნენ იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის რჩევას? კადეშიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობდა ბეერ-ლახაი-როი, სადაც ისაკი და რებეკა ცხოვრობდნენ [7]; ხოლო აღთქმული მიწის სამხრეთ საზღვართან მდებარე ქალაქამდე, ბეერ-შებამდე, 95 კილომეტრზე ნაკლები იყო (დაბადება 24:62; 25:11; 2 მეფეთა 3:10). ისრაელებს უკან ჰქონდათ მოტოვებული ეგვიპტესა და მთა სინას შორის არსებული მანძილი; შემდეგ კადეშამდე გავლილი ჰქონდათ 270-კილომეტრიანი გზა. ასე რომ, მათ თითქმის აღარაფერი აკლდათ აღთქმულ მიწაზე ფეხის დასადგმელად. დღეს ჩვენ აღთქმული მიწიერი სამოთხის ზღურბლთან ვართ. რისი სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევიდან? პავლე მოციქული ისრაელების სიტუაციას შემდეგ რჩევას უკავშირებს: „მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს და არ დაეცეს“ (ებრაელები 3:16—4:11).

13, 14. ა) რა ვითარებაში გადადგეს გაბაონელებმა გადამწყვეტი ნაბიჯი? ბ) რაში გამოვლინდა გაბაონელების აზროვნება და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია აქედან?

13 გაბაონელებთან დაკავშირებულ ბიბლიურ ეპიზოდში ჩვენ ვხედავთ სრულიად განსხვავებულ აზროვნებას — ღვთისადმი ნდობას, რომ ის განახორციელებს თავის ნებას. იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით ისრაელებმა გადალახეს მდინარე იორდანე და შევიდნენ ღვთის მიერ აბრაამის ოჯახისთვის დაპირებულ ქვეყანაში. დადგა დრო, როდესაც მათ უნდა განედევნათ ქანაანელები (მეორე რჯული 7:1—3). ეს გაბაონელებსაც ეხებოდა. ისრაელებმა მიწასთან გაასწორეს იერიხონი და აი (ჰაღაი). ამის შემდეგ გილგალთან ახლოს დაბანაკდნენ. გაბაონელებს არ სურდათ, რომ დაწყევლილ ქანაანელებს შორის დახოცილიყვნენ. ამიტომაც იესო ნავეს ძეს გილგალში წარმომადგენლები გაუგზავნეს. ებრაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება რომ მოეხერხებინათ, მათ ისე მოაჩვენეს თავი, თითქოს შორეული ტერიტორიიდან იყვნენ.

14 ამ წარმომადგენლებმა ისრაელებს უთხრეს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი. უფლის, შენი ღმერთის, სახელით“ (იესო ნავეს ძე 9:3—9). მათი ჩასაცმელიც და საგზალიც უფრო იმაზე მოწმობდა, რომ მართლაც შორიდან იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში გაბაონი გილგალიდან დაახლოებით 30 კილომეტრში იყო [19]. უკვე დარწმუნებულმა იესო ნავეს ძემ და მთავრებმა სამშვიდობო ზავი დადეს გაბაონთან და მასთან დაკავშირებულ ახლომდებარე ქალაქებთან. მხოლოდ იმიტომ მიმართეს გაბაონელებმა ამ ხერხს, რომ სიკვდილისგან თავი დაეღწიათ? არა. ასეთმა მოქმედებამ გამოავლინა, რომ მათ ძალიან სურდათ, ისრაელის ღმერთის კეთილგანწყობილება ჰქონოდათ. იეჰოვამ მოიწონა გაბაონელთა საქციელი და დააყენეს ისინი „შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის“. ისინი სამხვერპლოსთვის შეშის მომმარაგებლები გახდნენ (იესო ნავეს ძე 9:11—27). გაბაონელები შემდეგშიც ავლენდნენ მზადყოფნას იეჰოვასადმი მსახურებაში მოკრძალებული დავალებების შესასრულებლად. შესაძლოა, ზოგი გაბაონელიც იყო ბაბილონიდან დაბრუნებულ ტაძრის მსახურთა შორის, რომლებიც აღდგენილ ტაძარში მსახურობდნენ (ეზრა 2:1, 2, 43—54; 8:20). ჩვენ მივბაძავთ მათ განწყობას, თუ ყოველმხრივ ვეცდებით ღმერთთან მშვიდობის შენარჩუნებას და მისდამი მსახურებაში მზადყოფნით მოვეკიდებით თუნდაც მოკრძალებულ დავალებებს.

თავდაუზოგავი მოქმედება

15. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ქრისტიანულ–ბერძნულ წერილებთან დაკავშირებული გეოგრაფიული მონაცემები?

15 ბიბლიური ქვეყნების გეოგრაფიას თავისი ადგილი უკავია ქრისტიანულ–ბერძნულ წერილებშიც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იესო ქრისტესა და პავლე მოციქულის მოგზაურობები და მსახურება (მარკოზი 1:38; 7:24, 31; 10:1; ლუკა 8:1; 13:22; 2 კორინთელები 11:25, 26). შეეცადეთ წარმოიდგინოთ ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში აღწერილი მოგზაურობები.

16. როგორ გამოხატეს ბერეაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა პავლეს მიმართ სიყვარული და პატივისცემა?

16 მეორე მისიონერული მოგზაურობისას (რუკაზე აღნიშნულია იისფერი ხაზით) პავლე ჩავიდა ქალაქ ფილიპეში, რომელიც დღეს საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარეობს [33] . აქ ის ქადაგებით იყო დაკავებული. ფილიპეში პავლე დააპატიმრეს, შემდეგ გაათავისუფლეს და თესალონიკეში გადავიდა (საქმეები 16:6—17:1). როდესაც იუდეველებმა აურზაური ატეხეს, თესალონიკელმა ძმებმა პავლეს სთხოვეს, წასულიყო ბერეაში, რომელიც იქიდან 65 კილომეტრით იყო დაშორებული. ბერეაში პავლე საკმაოდ ნაყოფიერად მსახურობდა, მაგრამ იუდეველები აქაც მივიდნენ და მოსახლეობა აამხედრეს. ამიტომ „ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ“ და „გამცილებლებმა პავლე ათენში მიიყვანეს“ (საქმეები 17:5—15). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე ახალმა მოწაფემ გამოავლინა დიდი მონდომება — როგორც ჩანს, მათ ფეხით გაიარეს 40 კილომეტრი ეგეოსის ზღვამდე, გადაიხადეს ხომალდით მგზავრობის ღირებულება და უკან მოიტოვეს დაახლოებით 500 კილომეტრიანი საზღვაო გზა. ასეთი მგზავრობა შეიძლებოდა სარისკო ყოფილიყო, მაგრამ ძმებმა უკან არ დაიხიეს და, ამგვარად, გაიხანგრძლივეს ღვთის მიმომსვლელ წარმომადგენელთან ურთიერთობის საშუალება.

17. რისი გაგება შეგვიძლია უკეთესად, როდესაც ვიცით, რა მანძილი იყო მილეტსა და ეფესოს შორის?

17 მესამე მოგზაურობის დროს (რუკაზე აღნიშნულია მწვანე ხაზით) პავლე ჩავიდა მილეტში, სადაც მან დაიბარა ეფესოს კრების უხუცესები. ეფესომდე დაახლოებით 50 კილომეტრი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ! პავლესთან რომ წამოსულიყვნენ, ამ უხუცესებმა მიატოვეს სხვა საქმეები. ალბათ, გზაში ისინი მთელი ენთუზიაზმით ლაპარაკობდნენ შეხვედრის შესახებ, რომელზეც მიდიოდნენ. პავლესთან შეხვედრისა და მისი ლოცვის მოსმენის შემდეგ „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ“. შემდეგ „მიაცილეს იგი ხომალდამდე“, რათა იერუსალიმში წასულიყო (საქმეები 20:14—38). ეფესოში უკან დაბრუნებისას კი მათ შეეძლოთ მრავალ საკითხზე ეფიქრათ და ერთმანეთში ემსჯელათ. განა არ ახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას ის, რომ მათ — სიყვარულითა და პატივისცემით აღძრულებმა — ამხელა მანძილი გაიარეს, რათა შეხვედროდნენ მიმომსვლელ მსახურს, რომელიც ბევრ რამეს ეტყოდა და გაამხნევებდა? ხედავთ ამ ისტორიაში რაიმე გაკვეთილს საკუთარი ცხოვრებისა და აზროვნებისთვის?

კარგად გაეცანით აღთქმულ მიწას და იმას, რაც წინ გველოდება

18. რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი ბიბლიურ ადგილებთან დაკავშირებით?

18 ზემოთ განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, კარგად გავეცნოთ ქვეყანას, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა და რომელსაც არსებითი ადგილი ეკავა მრავალ ბიბლიურ ეპიზოდში (ჩვენ შეგვიძლია გავიფართოვოთ საკუთარი თვალსაწიერი, თუ გავეცნობით ახლომდებარე ქვეყნებსაც, რომლებიც მოხსენიებულია ბიბლიაში). აღთქმულ მიწასთან დაკავშირებით ცოდნისა და გაგების გაღრმავების პარალელურად, განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უნდა შეესრულებინათ ისრაელებს, რათა შესულიყვნენ და ეცხოვრათ „რძისა და თაფლის“ ქვეყანაში. ამ მოთხოვნის თანახმად, მათ უნდა ჰქონოდათ იეჰოვას შიში და დაეცვათ მისი მცნებები (მეორე რჯული 6:1, 2; 27:3).

19. რომელი ორი სამოთხე იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?

19 მსგავსად დგას საქმე დღესაც. ჩვენს შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ იეჰოვას შიში გვქონდეს და ვუერთგულოთ მის გზებს. ამგვარი მოქმედებით საკუთარ წვლილს შევიტანთ მსოფლიო ქრისტიანულ კრებაში არსებული სულიერი სამოთხის გაფართოებასა და გალამაზებაში. ჩვენ თანდათანობით უფრო სრული წარმოდგენა შეგვექმნება სულიერი სამოთხის თავისებურებებსა და კურთხევებზე. ამასთან ერთად, ვიცით, რომ წინ უფრო მეტი კურთხევები გველის. იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით ისრაელებმა გადალახეს იორდანე და ნაყოფიერ, ზღაპრულ მიწაზე დადგეს ფეხი. დღეს ჩვენ მყარი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ რწმენით ვუყუროთ ფიზიკურ სამოთხეს, მადლიან ქვეყანას, რომელიც წინ გველოდება!

გახსოვთ?

• რატომ უნდა გვსურდეს, გავიღრმავოთ ცოდნა და გაგება ბიბლიურ ქვეყნებთან დაკავშირებით?

• ამ სტატიაში განხილული რომელი გეოგრაფიული დეტალები იყო თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო?

• რა ისწავლეთ რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებული გეოგრაფიული დეტალების განხილვით?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

«ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“»

2003—2004 წლებში გამართულ კონგრესებზე იეჰოვას მოწმეებმა სიხარულით მიიღეს ბროშურა «ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“». ეს ახალი პუბლიკაცია, რომელიც დაახლოებით 80 ენაზეა გამოცემული, შედგება ფერადი რუკებისგან, რომლებზეც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ბიბლიური ქვეყნების ტერიტორიები, განსაკუთრებით კი აღთქმული მიწა სხვადასხვა პერიოდში.

ამ სასწავლო სტატიაში მსხვილი შრიფტით მითითებულია ბროშურის გვერდის ნომრები, მაგალითად [15], სადაც შეიძლება შესაბამისი რუკის ნახვა. თუ გაქვთ ეს ახალი ბროშურა, გამოყავით გარკვეული დრო, რათა გაეცნოთ მის თავისებურებებს. ეს გაგიღრმავებთ ღვთის სიტყვის ცოდნასა და გაგებას.

1) მრავალ რუკას თანდართული აქვს მოკლე ტექსტი ან ჩარჩო, რომელშიც ახსნილია, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიმბოლო ან აღნიშვნა [18]. 2) თითქმის ყველა რუკაზე მოცემულია სკალა მილებსა და კილომეტრებში. ამის საშუალებით შეგიძლიათ საჭირო ფართობისა და მანძილის დადგენა [26]. 3) ჩვეულებრივ, ისრით ნაჩვენებია ჩრდილოეთის მიმართულება, რაც ორიენტირებაში დაგეხმარებათ [19]. 4) ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად სიმაღლეები რუკებზე ხშირად სხვადასხვა ელფერითაა გამოსახული [12]. 5) რუკების გარშემო, კიდეებზე, მოცემულია ასოები და ციფრები, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ წარმოსახვითი ბადის შექმნა. ეს გაგიადვილებთ ქალაქებისა და გეოგრაფიული სახელწოდებების მოძებნას [23]. 6) ადგილმდებარეობების ორგვერდიან საძიებელზე [34, 35] შეგიძლიათ ნახოთ საჭირო გვერდის ნომერი; ისინი მსხვილი შრიფტითაა დაბეჭდილი და ხშირად მათ მოჰყვება ადგილმდებარეობების კოორდინატები (მაგალითად ე2). ამ თავისებურებების გამოყენება მალევე მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას და დარწმუნდებით, რომ ისინი მართლაც სასარგებლო საშუალებებია თქვენი ბიბლიური ცოდნისა და გაგების გასაღრმავებლად.

[ცხრილი⁄რუკა 16, 17 გვერდებზე]

ბუნებრივი ზონები

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ა. დიდი ზღვის სანაპირო

ბ. იორდანეს დასავლეთით მდებარე ველები

1. აშერის ველი

2. დორის სანაპირო ზოლი

3. შარონის საძოვრები

4. ფილისტიმის ველი

5. ცენტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთი ველი

ა. მეგიდოს ველი

ბ. იზრეელის ველი

გ. იორდანეს დასავლეთით მდებარე მაღლობები

1. გალილეის მთები

2. ქარმელის მთები

3. სამარიის მთები

4. შეფელა (ბორცვები)

5. იუდეის მთიანეთი

6. იუდეის უდაბნო

7. ნეგები

8. ფარანის უდაბნო

დ. არაბა (რიფტული ხეობა)

1. ხულას ტბის აუზი

2. გალილეის ზღვის მხარე

3. იორდანეს ველი

4. მარილოვანი ზღვა (მკვდარი ზღვა)

5. არაბა (მარილოვანი ზღვის სამხრეთით)

ე. მთები/ზეგნები იორდანეს აღმოსავლეთით

1. ბაშანი

2. გალაადი

3. ამონი და მოაბი

4. ედომის მთაგორიანი პლატო

ვ. ლიბანის მთები

[რუკა]

მ. ხერმონი

მორე

აბელ-მეჰოლა

სუქოთი

იოგბეჰა

ბეთელი

გილგალი

გაბაონი

იერუსალიმი

ხებრონი

ღაზა

ბეერ-შება

სოდომი?

კადეში

[რუკა⁄სურათი 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქანაანი

მეგიდო

გალაადი

დოთანი

შექემი

ბეთელი (ლუზი)

აი

იერუსალიმი (სალიმი)

ბეთლემი (ეფრათა)

მამრე

ხებრონი (მაქფელა)

გერარი

ბეერ-შება

სოდომი?

ნეგები

რეხობოთი?

[მთები]

მორია

[წყლები]

მარილოვანი ზღვა

[მდინარეები]

იორდანე

[სურათი]

აბრაამმა მოიარა აღთქმული მიწა.

[რუკა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტროა

სამოთრაკია

ნეაპოლისი

ფილიპე

ამფიპოლისი

თესალონიკე

ბერეა

ათენი

კორინთი

ეფესო

მილეტი

როდოსი