არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიგრძენით სულიერი ფასეულობების ძიებით მოტანილი სარგებლობა

შეიგრძენით სულიერი ფასეულობების ძიებით მოტანილი სარგებლობა

შეიგრძენით სულიერი ფასეულობების ძიებით მოტანილი სარგებლობა

„ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით“ (ეკლესიასტე 5:10).

გადამეტებული მუშაობა ხშირად სტრესის მიზეზი ხდება. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხშირად სიკვდილითაც კი მთავრდება. მრავალ ქვეყანაში განქორწინების გამო ბევრი ოჯახი ინგრევა. ძალიან ხშირად ასეთი ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი მიზეზი მატერიალურ საგნებზე გადამეტებული ზრუნვაა. ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მატერიალური სიმდიდრე დააგროვოს, იმით კი არ კმაყოფილდება, რაც აქვს, არამედ რა ფასადაც უნდა დაუჯდეს, ყოველთვის უფრო მეტის ძიებაშია. ერთ თვითმასწავლებელ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ჯონსებს გამოდევნება მთელ ქვეყანას არის მოდებული მაშინაც კი, როცა მისტერ ჯონსი მუშაობის მანიითაა შეპყრობილი და 43 წლის ასაკში გულის შეტევის საფრთხე ემუქრება“.

ადამიანი შეიძლება უფრო მეტის ძიების დაუცხრომელმა სურვილმა შთანთქას და ამან ყველანაირი სიხარული წაართვას. რეკლამები ხშირად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანურ სისუსტეებზე. სატელევიზიო პროგრამები სავსეა რეკლამებით, რომლებიც ისეთი ნივთების შეძენისკენ გიბიძგებენ, რაც შესაძლოა არც კი გჭირდებათ და არც შეძენის საშუალება გაქვთ. ყოველივე ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანიც კი მოგიტანოთ.

ყველა სურვილის აყოლამ შეიძლება ძნელად შესამჩნევი, მაგრამ ფიზიკურად თუ მორალურად დამღუპველი გავლენა იქონიოს ჩვენზე. მაგალითად, ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული“ (იგავები 14:30). ამის საპირისპიროდ, ზედმეტ დაძაბულობას, მღელვარებასა და წუხილს, რაც მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასთანაა დაკავშირებული, შეუძლია ჯანმრთელობა შეგვირყიოს და სიხარული წაგვართვას. თუ მატერიალური ნივთების შეძენას მთავარი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში, ეს ადამიანებთან ურთიერთობაზედაც ცუდად აისახება. მაგრამ, თუ ადამიანს ოჯახის წევრებთან და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ეძაბება, მაშინ ეს მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს ცუდ გავლენას.

სულიერი ფასეულობები აღმატებულია

„ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე“, — გვირჩია პავლე მოციქულმა საუკუნეების წინ (რომაელები 12:2). ქვეყნიერებას უყვარს ის, ვინც მისი ფასეულობების მიხედვით ცხოვრობს (იოანე 15:19). წუთისოფელი ცდილობს, მიიპყროს თქვენი მზერა, სასიამოვნოდ იმოქმედოს თქვენი შეხების გრძნობაზე, გემოვნებაზე, ყნოსვასა და სმენაზე. დიახ, მას სურს, რომ გაითავისოთ მატერიალისტური ცხოვრების წესი. ყველაზე მეტად ის „თვალთა სურვილს“ იყენებს, რათა თქვენც და სხვებიც მატერიალურს იყოთ გამოდევნებული (1 იოანე 2:15—17).

მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც ფულზე, გარკვეულ მდგომარეობასა და მატერიალურ სიმდიდრეზე ფასეულია. მრავალი საუკუნის წინ, მეფე სოლომონმა დააგროვა ყველაფერი, რაც კი ქვეყნიერებას შეეძლო შეეთავაზებინა. მან ააგო სახლები, გააშენა ბაღები და ხეხილნარები, ჰყავდა მსახურები, საქონელი, მომღერალი ქალები და კაცები, ასევე დააგროვა უამრავი ოქრო–ვერცხლი. ის ყველა მმართველზე მდიდარი იყო, რომლებსაც მასზე ადრე უცხოვრია. სოლომონი ძალიან დიდ სიმდიდრეს ფლობდა. მას ჰქონდა ყველაფერი, რაც კი ადამიანმა შეიძლება მოისურვოს. მაგრამ, როცა გადახედა ყველაფერს, რაც შეიძინა, სოლომონმა თქვა, რომ „ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო“ (ეკლესიასტე 2:1—11).

სოლომონი დაჯილდოებული იყო აღმატებული სიბრძნით და ამიტომ იცოდა, რომ ადამიანი თუ სულიერი ფასეულობების მიხედვით იცხოვრებს, უფრო მეტ კმაყოფილებას მიიღებს. ის წერდა: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ, დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღმერთის გეშინოდეს და დაიცავი მისი მცნებები, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13, აქ).

ოქროსა და ვერცხლზე ფასეულია ის, რისი პოვნაც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გვერდებზე შეგვიძლია (იგავები 16:16). ისევე როგორც საგანძურში, ბიბლიაში არის ღრმა ჭეშმარიტებები, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ. დაუწყებთ მათ ძებნასა და „ამოთხრას“? (იგავები 2:1—6). ჩვენი შემოქმედი, ჭეშმარიტი ფასეულობების წყარო, მოგიწოდებთ, რომ ამგვარად მოიქცეთ და დახმარებასაც გთავაზობთ. როგორ?

იეჰოვა თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვიმხელს ძვირფასეულობების მსგავს ჭეშმარიტებას (ფსალმუნები 1:1—3; ესაია 48:17, 18; მათე 24:45—47; 1 კორინთელები 2:10). ასეთი იშვიათი და ფასდაუდებელი ჭეშმარიტების გამოკვლევა ცხოვრებაში საუკეთესო და ჯილდოსმომცემი გზის არჩევის საშუალებას მოგცემთ. ამის გაკეთება რთული არ არის, რადგან იეჰოვამ, ჩვენმა შემოქმედმა, იცის, თუ რა გვჭირდება ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად.

ბიბლია საუკეთესო ფასეულობებს გვაპოვნინებს

გონივრული რჩევები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული, არა მარტო პრაქტიკულია, არამედ შეუდარებელიც, ზნეობრივი ნორმები კი სწორუპოვარი. ბიბლიური რჩევები ყოველთვის სასარგებლოა. მათ დროის გამოცდას გაუძლეს. ბიბლიაში მოცემულია ბრძნული დარიგებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ გულმოდგინედ, ვიყოთ პატიოსნები, გონივრულად გამოვიყენოთ ფული და არ ვიზარმაცოთ (იგავები 6:6—8; 20:23; 31:16).

ამასთან შესაბამისად იესომ თქვა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (მათე 6:19, 20).

ეს რჩევა ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორც 2 000 წლის წინ იყო. ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტის დაგროვების სურვილმა შეგვიპყროს, ჩვენ შეგვიძლია დღეს საუკეთესო ცხოვრებით დავტკბეთ. ამისათვის კი მთავარია დავაგროვოთ სულიერი საუნჯე, რომელიც ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტან ცხოვრებამდე მიგვიყვანს. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ღვთის სიტყვის, ბიბლიის, კითხვითა და მისი სწავლებების ცხოვრებაში გამოყენებით.

სულიერი ფასეულობები სარგებლობის მომტანია

სულიერ ფასეულობებს ფიზიკური, ემოციური და სულიერი სარგებლობა მოაქვს. როგორც ოზონსფერო იცავს დედამიწას მზის ზიანის მომტანი რადიაციისგან, ასევე მაღალზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრება გვიცავს მატერიალიზმის ცუდი გავლენისგან. ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

სიმდიდრის სიყვარული ადამიანებს უფრო მეტი ქონების დაგროვების, უკეთესი მდგომარეობისა და ძალაუფლების ძიებისკენ აღძრავს. ძალიან ხშირად ამ მიზნების მისაღწევად ადამიანები მზაკვრულ და უპატიოსნო გზებს მიმართავენ. მატერიალურს გამოდევნება ადამიანს დიდძალ დროს, ენერგიასა და უნარს აკარგვინებს და არც მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს (ეკლესიასტე 5:12). უდავოა, რომ უფრო მეტის შეძენის სურვილი აფერხებს სულიერ წინსვლას. ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა, იესო ქრისტემ, ნათლად გვიჩვენა, რომ არსებობს უკეთესი გზა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). მან იცოდა, რომ სულიერი სიმდიდრე მარადიულ კურთხევებამდე მიმყვანი და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი მატერიალური კეთილდღეობა (ლუკა 12:13—31).

ნამდვილად სარგებლობის მომტანია?

„ჩემი მშობლები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა დავერწმუნებინე, რომ არ ღირდა სულიერი ფასეულობების მიხედვით ცხოვრება, — იხსენებს გრეგი. — მაგრამ სულიერი მიზნების დასახვამ უდიდესი სულიერი სიმშვიდე მომიტანა, რადგან მოვიშორე მეტოქეობის სული, რაც გამდიდრებისკენ სწრაფვას მოაქვს“.

სულიერი ფასეულობები სხვებთან კარგი ურთიერთობის განვითარებასაც უწყობს ხელს. ნამდვილი მეგობრები გაფასებენ შენი პიროვნული თვისებების და არა მატერიალური მდგომარეობის გამო. ბიბლია გვირჩევს: „ბრძენებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“ (იგავები 13:20, სსგ). გარდა ამისა, ოჯახური ბედნიერება ფუძნდება არა მატერიალურ კეთილდღეობაზე, არამედ სიბრძნესა და სიყვარულზე (ეფესოელები 5:22—6:4).

დაბადებიდან არ მოგვდევს იმის უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის ფასეული და რა — არა. ჩვენ უნდა შევიძინოთ ასეთი უნარი თანატოლებთან ურთიერთობის ან უმაღლესი წყაროს, ბიბლიის, საშუალებით. ამიტომ ბიბლიურ განათლებას შეუძლია სრულიად შეცვალოს მატერიალურისადმი ჩვენი დამოკიდებულება. „დამეხმარნენ, რომ გადამეფასებინა ფასეულობები და აუცილებლით დაკმაყოფილება ვისწავლე“, — ამბობს დონი, ყოფილი ბანკირი.

დააგროვეთ სულიერი სიმდიდრე, რომელიც დროის გამოცდას უძლებს

სულიერ ფასეულობებს ხანგრძლივი კურთხევები მოაქვს და არა დროებითი კმაყოფილება. პავლე წერდა: „ხილული [მატერიალური] დროებითია, უხილავი [სულიერი] კი — მარადიული“ (2 კორინთელები 4:18). მართალია მატერიალურმა კეთილდღეობამ შეიძლება წამიერი სიამოვნება მოგიტანოთ, მაგრამ სიხარბეს არავითარი მომავალი არ გააჩნია. სულიერი ფასეულობები კი მარადიულია (იგავები 11:4; 1 კორინთელები 6:9, 10).

ბიბლია განსჯის მატერიალიზმს, რასაც ასე დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს დროში. ღვთის სიტყვა გვასწავლის, თვალის სუფთად შენარჩუნების საშუალებით როგორ შეგვიძლია არ ავყვეთ ეგოისტურ სურვილებს. ის გვეხმარება ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე — სულიერ სიმდიდრეზე — გავამახვილოთ (ფილიპელები 1:10). ბიბლიაში განმარტებულია, თუ რა არის სიხარბე — საკუთარი თავის გაღმერთება. ღვთის სიტყვის ცხოვრებაში გამოყენება დიდ ბედნიერებას მოგვიტანს. ჩვენ გაცემისკენ უფრო ვიქნებით აღძრულნი, ვიდრე მიღებისკენ. ეს კი ძლიერ სტიმულს გვაძლევს, საკუთარი სურვილების აყოლის ნაცვლად, კონცენტრირება მხოლოდ სულიერ ფასეულობებზე მოვახდინოთ!

უნდა ვაღიაროთ, რომ ფული გარკვეულწილად ჩვენს დაცვას ემსახურება (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ბიბლია ამბობს: „აღარ არის იგი, რადგან შეისხამს იგი ფრთებს არწივივით“ (იგავები 23:5). ხალხი მატერიალიზმს ბევრს სწირავს: ჯანმრთელობას, ოჯახთან ურთიერთობასა და სინდისსაც კი, რასაც სავალალო შედეგები მოაქვს. ამის საპირისპიროდ, დაგროვილი სულიერი საუნჯე გვიკმაყოფილებს უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებებს — ვუყვარდეთ სხვებს, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს და თაყვანი ვცეთ მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას. ის ასევე, წარმართავს ჩვენს გზას სრულყოფილებისა და მარადიული სიცოცხლისკენ სამოთხეში დედამიწაზე. სწორედ ასეთ მომავალს გვპირდება ღმერთი.

მალე კაცობრიობის ოცნება კეთილდღეობასთან დაკავშირებით ასრულდება ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში (ფსალმუნები 144:16). იმ დროს მთელი ქვეყანა „სავსე იქნება უფლის ცოდნით“ (ესაია 11:9). სულიერი ფასეულობები მთავარ ადგილს დაიკავებს ადამიანების ცხოვრებაში. მატერიალიზმი და ის ცუდი შედეგები, რაც მას მოაქვს, სამუდამოდ მოისპობა (2 პეტრე 3:13). მრავალი რამ, რაც ცხოვრებას უსაზღვროდ ღირებულს ხდის — სრულყოფილი ჯანმრთელობა, საინტერესო სამუშაო, სასიამოვნო დასვენება, თბილი ოჯახური ატმოსფერო და ხანგრძლივი მეგობრობა ღმერთთან — კაცობრიობას მარადიულ ბედნიერებას მოუტანს.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

გონივრულად გამოიყენეთ ფული!

განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ. იესომ გვასწავლა, რომ ასე გველოცა: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკა 11:3). არ დაუშვათ, რომ დღევანდელი სურვილები ხვალ მოთხოვნილებად გექცეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე ქონებაზე არაა დამოკიდებული (ლუკა 12:16—21).

გამოთვალეთ ხარჯები. არაფერი იყიდოთ დაუგეგმავად. ბიბლიაში ნათქვამია: „ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა — კლებისკენ“ (იგავები 21:5). იესომ თავის მიმდევრებს ურჩია, რომ გამოეთვალათ ხარჯები, სანამ დიდ საქმეს წამოიწყებდნენ (ლუკა 14:28—30).

თავი აარიდეთ ზედმეტი ვალების აღებას. რამდენადაც შესაძლებელია, ყველაფერი ნაღდი ფულით იყიდეთ და არაფერი შეიძინოთ კრედიტით. იგავები ამას შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს: „მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა“ (იგავები 22:7). თავშეკავების გამოვლენითა და ფულის გეგმაზომიერად ხარჯვით, შეძლებთ შეაგროვოთ თანხა უფრო დიდი საყიდლებისთვისაც კი.

მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას. შეეცადეთ, გაუფრთხილდეთ იმას, რაც უკვე შეიძინეთ. ასეთი სახით თქვენ შეძლებთ ფულის დაზოგვას. იესომ თავისი მაგალითით დაგვანახვა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმისადმი, რასაც ვიყენებთ (იოანე 6:10—13).

პირველ ადგილზე დააყენეთ მნიშვნელოვანი. გონიერი ადამიანი „გამოისყიდის დროს“, რომ მნიშვნელოვანი საქმეები პირველ ადგილზე დააყენოს (ეფესოელები 5:15, 16).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

უმჯობესია, სხვების გამოცდილებიდან ვისწავლოთ

პირად გამოცდილებას — კარგსაც და ცუდსაც — შეუძლია ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლოს. მაგრამ, როგორც ერთი გამონათქვამი ამბობს, მართალია, რომ გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია? არა, რადგან არსებობს მასზე აღმატებული ხელმძღვანელობა. ფსალმუნმომღერალმა ის თავის ლოცვაში მოიხსენია: „სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნები 118:105).

რატომ არის ბევრად უკეთესი, რომ ღვთის მითითებებიდან ვისწავლოთ, ვიდრე საკუთარი გამოცდილებიდან? უპირველესად, მხოლოდ გამოცდილებიდან სწავლა — განსაცდელები იქნება ეს თუ შეცდომები — შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და მტკივნეულიც იყოს. ეს კი საჭირო არ არის. „ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, — უთხრა ღმერთმა ძველ ისრაელს, — მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18).

ღვთის სიტყვის, როგორც მითითებების წყაროს, უპირატესობის პირველი მიზეზი ისაა, რომ იგი შეიცავს კაცობრიობის გამოცდილებიდან ყველაზე ძველ და ზუსტ ინფორმაციას. თქვენ ალბათ ხვდებით, რომ უმჯობესია სხვების წარმატებასა და წარუმატებლობაზე უმტკივნეულოდ სწავლა, ვიდრე მათი შეცდომების გამეორება (1 კორინთელები 10:6—11). და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიბლიაში ღმერთი გვაძლევს დიდებულ კანონებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც იმდენად საიმედოა, რომ ბადალი არ მოეძებნება. „იეჰოვას კანონი სრულყოფილია . . . იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს“ (ფსალმუნები 18:8, აქ [19:7]). ნამდვილად, უმჯობესია, ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის სიბრძნიდან ვისწავლოთ.

[სურათები 4 გვერდზე]

ქვეყნიერებას სურს, რომ გადაიღო მატერიალისტური ცხოვრების წესი.

[სურათი 5 გვერდზე]

ოქროსა და ვერცხლზე ფასეულია ის, რისი პოვნაც ბიბლიაში შეგვიძლია.