არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?

ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?

ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?

ბრიტანეთის პარლამენტი 1940 წელს მთავრობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საპარლამენტო დებატების ერთ-ერთი მსმენელი იყო 77 წლის დეივიდ ლოიდ ჯორჯი, რომელმაც I მსოფლიო ომში ბრიტანეთი გამარჯვებამდე მიიყვანა. პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მან მკაცრი შეფასება მისცა მაღალჩინოსანთა საქმიანობას. 8 მაისს თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას მან თქვა: „ჩვენი ქვეყანა მზადაა ნებისმიერ მსხვერპლზე წასასვლელად მანამ, სანამ ჰყავს მეთაური, სანამ მთავრობა ნათლად გამოხატავს თავის მიზნებს და სანამ ერი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების სათავეში მდგომი პირები აკეთებენ ყველაფერს, რის ძალაც მათ შესწევთ“.

დეივიდ ლოიდ ჯორჯის სიტყვებიდან ჩანს, თუ რას მოელის ხალხი სათავეში მდგომთაგან — იმას, რომ იქნებიან კომპეტენტურნი და კეთილსინდისიერ ძალისხმევას მოახმარენ გაუმჯობესებისკენ სწრაფვას. ერთ-ერთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „როდესაც ხალხი ხმას აძლევს პრეზიდენტს, ისინი ხმას აძლევენ ადამიანს, რომელსაც ანდობენ თავიანთ ცხოვრებას, თავიანთ მომავალს, თავიანთ შვილებს“. ასეთი ნდობის გამართლება კი უაღრესად რთული ამოცანაა. რატომ?

ჩვენი მსოფლიო სავსეა პრობლემებით, რომელთაც გადაჭრის პირი არ უჩანს. მაგალითად, რომელი მეთაური აღმოჩნდა იმდენად უნარიანი და ძლიერი, რომ ბოლო მოეღო დამნაშავეობისა და ომებისთვის? დღევანდელ მეთაურთაგან ვის ყოფნის საიმისო შესაძლებლობები და თანაგრძნობა, რომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს საკვებით, სუფთა წყლითა და კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო პირობებით? ვის აქვს გარემოს დასაცავად და აღსადგენად საჭირო ცოდნა და გაბედულება? ვინ არის იმდენად მცოდნე და ძლიერი, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოს ყველა ადამიანი?

ეს ადამიანის ძალებს აღემატება

არავინ უარყოფს, რომ ზოგმა მეთაურმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას. მაგრამ მათი მმართველობა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათწლეული გრძელდება — მათ შემდეგ კი ვინ მოვა? დღემდე მცხოვრებთაგან ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მეთაური, ძველი ისრაელის მეფე სოლომონი, ფიქრობდა ამ საკითხზე. ის შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „შემძულდა მე მთელი ჩემი ნაშრომი, რაც ვიშრომე მზის ქვეშ, რადგან ვუტოვებ მას ადამიანს, ჩემს შემდეგ რომ იქნება. და ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ ბრიყვი, ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზის ქვეშ. ესეც ამაოებაა!“ (ეკლესიასტე 2:18, 19).

სოლომონმა არ იცოდა, თავისი მემკვიდრე გააგრძელებდა მის მიერ წამოწყებულ კარგ საქმეებს თუ ყველაფერს წყალში ჩაუყრიდა. სოლომონისთვის ძველი მმართველების ახლებით შეცვლა „ამაოება“ იყო.

ზოგჯერ მმართველების შესაცვლელად ძალადობას მიმართავენ. უნარიან მეთაურებს ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კლავენ. აბრაამ ლინკოლნმა, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ შეერთებულ შტატებში, ერთხელ აუდიტორიას ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მოკლე პერიოდით ამირჩიეს და ახლა თქვენს თვალში მაქვს გავლენა, რომელიც მალე აღარ მექნება“. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა მართლაც ხანმოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რაც მან გააკეთა და რის გაკეთებასაც ესწრაფოდა ხალხის საკეთილდღეოდ, პრეზიდენტი ლინკოლნი თავის ქვეყანას მხოლოდ ოთხი წელი ედგა სათავეში. იგი ახალი არჩეული იყო თანამდებობაზე მეორე ვადით, როცა სიცოცხლეს გამოასალმა კაცმა, რომელსაც უბრალოდ მეთაურის შეცვლა სურდა.

საუკეთესო მმართველებსაც კი არ ძალუძთ თავიანთივე მომავლის უზრუნველყოფა. მაშ, განა უნდა მოელოდეთ, რომ თქვენი მომავლის უზრუნველყოფას შესძლებენ? ბიბლია ამბობს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას, იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“ (ფსალმუნები 145:3, 4).

ბევრისთვის რთულია იმ რჩევის მიღება, რომ არ დავამყაროთ იმედი მმართველ ადამიანებზე. მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ კაცობრიობას არასოდეს ეყოლება კარგი, სტაბილური მეთაური. „აჰა, სამართლიანად იმეფებს მეფე“, — ნათქვამია ესაიას 32:1–ში. იეჰოვა ღმერთმა, ადამიანების შემოქმედმა, მოგვიმზადა „მეფე“, მეთაური, რომელიც მალე ხელში აიღებს დედამიწის მმართველობის სადავეებს. ვინ არის ეს მმართველი? ბიბლიის წინასწარმეტყველებების მეშვეობით შესაძლებელია მისი ვინაობის დადგენა.

ზუსტად ისეთი მეთაური, როგორიც საჭიროა

ორი ათასი წლის წინათ ერთმა ანგელოზმა ახალგაზრდა იუდეველ ქალს, მარიამს, უთხრა: „ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33). დიახ, ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მეფე არის იესო ნაზარეთელი.

რელიგიური ხასიათის ხელოვნების ნიმუშებში იესო ხშირად წარმოდგენილია გამხდარ და უმწეო ბავშვად, ან ასკეტად, რომელიც ყველაფერს ყოველგვარი წინააღმდეგობას გარეშე ემორჩილება. ასეთი გამოსახულებები ადამიანს სულაც არ უნერგავს იმის გრძნობას, რომ იესო მმართველია. როგორც ბიბლია აღგვიწერს, სინამდვილეში იესო ქრისტე გაიზარდა და გახდა ენერგიული, ფიზიკურად ძლიერი და ენთუზიაზმით სავსე ადამიანი, რომელსაც შეეძლო საქმის თაოსნობა. მას ჰქონდა სხვა თვისებებიც, რაც მეთაურობისთვის კომპეტენტურს ხდიდა (ლუკა 2:52). ქვემოთ მოცემულია მისი ბრწყინვალე ხასიათის რამდენიმე თავისებურება.

იესო უაღრესად პატიოსანი იყო. საკუთარი კეთილსინდისიერებისა და ალალმართლობის საფუძველზე მას თავისი მტრებისთვის სახალხოდ შეეძლო ეთქვა, მოეყვანათ მისი დადანაშაულების საფუძვლიანი მიზეზები. ისინი ვერ ახერხებდნენ ამას (იოანე 8:46). იესოს უთვალთმაქცო სწავლებების მოსმენის შემდეგ მრავალი გულწრფელი ადამიანი ხდებოდა მისი მიმდევარი (იოანე 7:46; 8:28—30; 12:19).

ღვთისადმი ერთგულებას იესოს ვერაფერი ურყევდა. იესოს იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ღვთისგან დაკისრებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ ვერანაირი წინააღმდეგობა — ადამიანური თუ დემონური — ვერ აჩერებდა. მას ვერ აშინებდნენ ძალმომრეობითი თავდასხმებით (ლუკა 4:28—30); არც დაღლილობა და შიმშილის გრძნობა უშლიდა ხელს (იოანე 4:5—16, 31—34); მას არც მაშინ აუღია ხელი თავის მიზანზე, როცა მეგობრებმა მიატოვეს (მათე 26:55, 56; იოან. 18:3—9).

იესო ძალიან იყო დაინტერესებული ხალხის კეთილდღეობით. ის მშივრებს აპურებდა (იოანე 6:10, 11); სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა (ლუკა 7:11—15); მხედველობას, სმენას და ჯანმრთელობას უბრუნებდა მათ, ვინც ამას საჭიროებდა (მათე 12:22; ლუკა 8:43—48; იოანე 9:1—6); ამხნევებდა თავის შრომისმოყვარე მოციქულებს (იოანე, თავები 13—17). მან საქმით ცხადყო, რომ „კარგი მწყემსი“ იყო და ზრუნავდა თავის ცხვრებზე (იოანე 10:11—14).

იესო მზად იყო შრომისთვის. მნიშვნელოვანი გაკვეთილის სასწავლებლად მან თავის მოციქულებს ფეხები დაბანა (იოანე 13:4—15). ის ისრაელის მტვრიან გზებზე დადიოდა, რათა სასიხარულო ცნობა ექადაგა (ლუკა 8:1). მაშინაც კი, როცა „უკაცრიელ ადგილზე“ წავიდა, ცოტა რომ დაესვენა, მან უყურადღებოდ არ დატოვა უამრავი ადამიანი, რომელთაც მოძებნეს ის უფრო მეტი დარიგების მისაღებად (მარკოზი 6:32—34). ასეთი სახით, მან ყველა ქრისტიანს გულმოდგინების მაგალითი დაუტოვა (1 იოანე 2:6).

იესო ქრისტემ ბოლომდე მიიყვანა თავისი დავალება, რის შემდეგაც დატოვა მიწიერი სცენა. ერთგულებისთვის იეჰოვა ღმერთმა ის მეფობითა და უკვდავებით დააჯილდოვა. აღდგენილი იესოს შესახებ ბიბლია ამბობს: „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელები 6:9). შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ კაცობრიობისთვის ის საუკეთესო მეთაურია. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე დედამიწის მართვას შეუდგება, აღარასოდეს იქნება საჭირო კიდევ ვინმესთვის ძალაუფლების მინიჭება ან მეთაურის შეცვლა. მას ვერასოდეს მოკლავენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მისი საქმეები უღირსი მემკვიდრის ხელით არასოდეს ჩაიფუშება. კონკრეტულად რას გააკეთებს ის კაცობრიობის საკეთილდღეოდ?

რას გააკეთებს ახალი მეთაური?

71–ე ფსალმუნი წინასწარმეტყველების სახით ნაწილობრივ გვანახვებს, თუ როგორი იქნება ამ სრულყოფილი და უკვდავი მეფის მმართველობა. მე–7 და მე–8 მუხლებში ვკითხულობთ: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე“. მისი მმართველობის დროს დედამიწის მოსახლეობას გარანტირებული ექნება მარადიული და სტაბილური უსაფრთხოება. ის ბოლოს მოუღებს ყოველგვარი საბრძოლო იარაღის არსებობას და ადამიანებს დაპირისპირების სურვილისგანაც კი გაათავისუფლებს. ის ადამიანები, რომლებიც დღეს გაუმაძღარი ლომებივით თავს ესხმიან სხვებს ან მტაცებელი დათვებივით ეპყრობიან გარშემო მყოფთ, ძირფესვიანად შეიცვლიან თავიანთ ზნეს (ესაია 11:1—9). ირგვლივ მშვიდობა გამეფდება.

71–ე ფსალმუნი 12—14–ე მუხლებში შემდეგი სიტყვებით გრძელდება: «იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს [„ჩაგრულს“, აქ] რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნება მათი სისხლის მის თვალში». უბრალო, ღარიბი და ჩაგრული ადამიანები ერთ დიდ ოჯახში გაერთიანდებიან, რომლის მეთაურიც მეფე იესო ქრისტე იქნება. მათ ცხოვრებაში ტანჯვისა და უიმედობის ადგილს სიხარული დაიკავებს (ესაია 35:10).

მე–16 მუხლი (სსგ) გვპირდება: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე მისი ნაყოფი იბიბინებს“. დღეს დედამიწაზე შიმშილი მილიონების მუდმივი თანამგზავრია. პოლიტიკური მოსაზრებები და სიხარბე ხშირად ხელს უშლის საკმარისი საკვების პატიოსნად განაწილებას. ამის შედეგად შიმშილისგან იხოცება უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები. იესო ქრისტეს მმართველობისას კი ეს პრობლემა სამუდამოდ დასამარდება. მიწა გემრიელი საკვების უხვ მოსავალს მოგვცემს. ყველა ადამიანს ექნება საკმარისი სრულფასოვანი საკვები.

თქვენც გსურთ კარგი მეთაურობის შედეგად ასეთი ბედნიერების გაზიარება? თუ გაქვთ ამის სურვილი, მოგიწოდებთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ მეთაურის შესახებ, რომელიც მალე მთელი დედამიწის მმართველი იქნება. ამის გაკეთებაში სიამოვნებით დაგეხმარებიან იეჰოვას მოწმეები. თქვენ არ შეცდებით, რადგან იეჰოვა ღმერთმა თავისი ძის შესახებ თვითონვე თქვა: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმინდა მთაზე“ (ფსალმუნები 2:6).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

მოულოდნელად ძალაუფლების დაკარგვა

ჩვეულებრივ, მმართველს შეუძლია თავისი ქვეყნის მოქალაქეებისგან პატივისცემისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, თუ მათ გარკვეული ზომით მაინც შეუქმნის მშვიდობიან და სტაბილურ საცხოვრებელ პირობებს. ხოლო როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ხალხი მისდამი ნდობას კარგავს, ეს შეიძლება თანამდებობაზე სხვა ადამიანის მოსვლით დამთავრდეს. ქვემოთ მოყვანილია იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რა პირობების გამო შეიძლება აღმოჩნდნენ ძლიერი მმართველები მოულოდნელად ძალაუფლების მიღმა.

ცუდი საცხოვრებელი პირობები. XVIII საუკუნის მიწურულს საფრანგეთის მრავალ მოქალაქეს საკვების დეფიციტისა და მაღალი გადასახადების გამო მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. ასეთმა პირობებმა მოამწიფა საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომლის დროსაც 1793 წელს მეფე ლუი XVI გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ძირი გამოუთხარა რამდენიმე ძლევამოსილი იმპერატორის სათავეში ყოფნას. მაგალითად, 1917 წელს სანქტ–პეტერბურგში (რუსეთი) ომით გამოწვეული საკვების უკმარისობა გადაიზარდა თებერვლის რევოლუციაში. ამ გადატრიალების დროს ტახტიდან ჩამოაგდეს ნიკოლოზ II და გზა მიეცა კომუნისტურ მმართველობას. 1918 წლის ნოემბერში გერმანია მშვიდობისკენ ისწრაფოდა, მაგრამ ანტანტა არ აპირებდა ბრძოლის შეწყვეტას მანამ, სანამ მთავრობა არ შეიცვლებოდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II იძულებული იყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო.

მმართველობის განსხვავებული ფორმებისკენ სწრაფვა. 1989 წელს რკინის ფარდა გაიხსნა. ერთი შეხედვით კლდესავით მტკიცე რეჟიმები დაიმსხვრა, როდესაც მათმა ქვეშევრდომებმა უარი თქვეს კომუნისტურ მმართველობაზე და აღიარეს მმართველობის განსხვავებული ფორმები.

[სურათები 7 გვერდზე]

იესო ქრისტე აპურებდა მშივრებს, კურნავდა ავადმყოფებს და, ამასთან ერთად, შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ყველა ქრისტიანს.

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

ლოიდ ჯორჯი: Photo by Kurt Hutton/Picture Post/Getty Images