არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი მეთაურობის ძიებაში

კარგი მეთაურობის ძიებაში

კარგი მეთაურობის ძიებაში

„კმარა, შენთან ყველაფერი დავამთავრეთ. ღვთის სახელით გეუბნები: წადი!“ — ოლივერ კრომველი; ეს სიტყვები გაიმეორა ლეოპოლდ ამერიმ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა.

გამანადგურებელი II მსოფლიო ომის დაწყებიდან რვა თვე იყო გასული. ბრიტანეთსა და მის მოკავშირეებს ის კარგს არაფერს უქადდა. ლეოპოლდ ამერისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების აზრით, ქვეყანას ახალი მეთაური სჭირდებოდა. ამიტომაც იყო, რომ 1940 წლის 7 მაისს თემთა პალატის წინაშე ბატონმა ამერიმ პრემიერ-მინისტრს, ნევილ ჩემბერლენს, ზემოთ მოყვანილი სიტყვებით მიმართა. სამი დღის შემდეგ ჩემბერლენმა თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი უინსტონ ჩერჩილმა დაიკავა.

ადამიანები სულ მუდამ ისწრაფოდნენ იმისკენ, რომ ჰყოლოდათ მეთაური, მაგრამ — არა ნებისმიერი. თვით ოჯახშიც კი, ცოლ-შვილის ბედნიერებისთვის აუცილებელია, რომ მამაკაცს შეეძლოს ხელმძღვანელობის სათანადოდ გაწევა. მაშ რამდენად უფრო მეტი მოეთხოვება სახელმწიფოს თუ მსოფლიოს მეთაურს! გასაკვირი არაა, რომ სასურველი მეთაურების პოვნა ყოველთვის საკმაოდ რთული იყო.

შედეგად, ათასწლეულების განმავლობაში თვლა არ ჰქონდა კორონაციებს, რევოლუციებს, გადატრიალებებს, თანამდებობაზე დანიშვნებს, არჩევნებს, პოლიტიკურ მკვლელობებს და სახელმწიფო წყობილების ცვლილებებს. მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეფეები, პრემიერ-მინისტრები, პრინცები, პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და დიქტატორები. მოულოდნელი გარდაქმნების წინაშე უძლიერესი მმართველებიც კი უმწეონი იყვნენ (იხილეთ მე-5 გვერდზე მოცემული ჩარჩო „მოულოდნელად ძალაუფლების დაკარგვა“). კომპეტენტური და სტაბილური მეთაურის ყოლის სურვილი მხოლოდ სურვილად რჩებოდა.

„უნდა შევეგუოთ“, თუ არსებობს სხვა გზა?

ყოველივე ამის შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრი კარგავს სასურველი მეთაურის პოვნის იმედს. ზოგ ქვეყანაში ხალხის გულგრილობა და უიმედობა განსაკუთრებით არჩევნების დროს ხდება ხოლმე აშკარა. ჟურნალისტი ჯეფ ჰილი, რომელიც აფრიკაში მუშაობს, ამბობს: „გულგრილობა და [ხმის მიცემისგან] თავის შეკავება ფართო ხასიათს იძენს, როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ თავიანთ მძიმე ყოფას მაინც ვერაფრით შეცვლიან . . . როცა აფრიკაში ხალხი ხმას არავის აძლევს, ეს მაინცდამაინც იმას როდი ნიშნავს, რომ კმაყოფილნი არიან. უფრო ხშირად ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს იმის გამო, რომ მათი ბედით არავინაა დაინტერესებული“. შეერთებულ შტატებში ერთმა საგაზეთო მიმომხილველმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სტატიაში მსგავსი აზრი გამოთქვა: „მე მსურს, რომ სრულყოფილი კანდიდატი ავირჩიო“. შემდეგ მან დასძინა: „მაგრამ ასეთი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. უნდა შევეგუოთ ამას“.

ნამდვილად არა აქვს კაცობრიობას სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ არასრულყოფილ მეთაურებს „შეეგუოს“? მართალია, დღემდე არსებულმა მეთაურებმა ვერ დააკმაყოფილეს თავიანთ ქვეშევრდომთა მოთხოვნილებები, მაგრამ იმის მაჩვენებელია ეს, რომ არასოდეს გვეყოლება სასურველი მეთაური? არა. იდეალური მეთაური ნამდვილად არსებობს. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ ვინაა კაცობრიობის სრულყოფილი მეთაური, და მისი ხელმძღვანელობის მიყოლა როგორ მოუტანს სარგებლობას ნებისმიერი წარმოშობის მქონე მილიონობით ადამიანს — მათ შორის თქვენც.

[სურათები 3 გვერდზე]

ზევით მარცხნივ: ნევილ ჩემბერლენი.

ზევით მარჯვნივ: ლეოპოლდ ამერი.

ქვევით: უინსტონ ჩერჩილი.

[საავტორო უფლებები]

Chamberlain: Photo by Jimmy Sime/Central Press/Getty Images; Amery: Photo by Kurt Hutton/Picture Post/Getty Images; Churchill: The Trustees of the Imperial War Museum (MH 26392)