მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შეუძლია მონათლულ ქრისტიანს დაესწროს დაკრძალვის რიტუალს სხვა რელიგიის ეკლესიაში?
ზოგი ქრისტიანი შეიძლება გრძნობდეს დაკრძალვის ასეთ რიტუალზე დასწრების მორალურ ვალდებულებას, როდესაც ახლო ნათესავია გარდაცვლილი ან ურწმუნო მეუღლისგან განიცდის ზეწოლას. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ყველა ქრისტიანს მართებს დაფიქრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორზე და შესაძლო ალტერნატივებზე. მიუხედვად იმისა, რომ ამგვარად მოქმედება ქრისტიანულ კრებაში არაა აკრძალული, ის უცილობლად არის დაკავშირებული გარკვეულ საშიშროებებთან და სირთულეებთან.
უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ დაკრძალვის საეკლესიო რიტუალზე დასწრება არაა უმთავრესი საშუალება იმისათვის, რომ ახლობლებმა ანუგეშონ მგლოვიარე ოჯახი. დამწუხრებულთა ნუგეშისცემა, ჩვეულებრივ, მანამდე შეიძლება და ახლობლები სახლში აკითხავენ მგლოვიარეებს. ტაძარში ჩატარებული დაკრძალვის რიტუალი უდავოდ რელიგიური მსახურებაა. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ იქ წარმოთქმული იქნება ისეთი არაბიბლიური სწავლებების შემცველი ქადაგება, რომელთა თანახმადაც სული უკვდავია და ყველა კარგი ადამიანი მიდის ცაში. რიტუალი ასევე შეიძლება მოიცავდეს არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებს, მაგალითად პირჯვრის გადაწერას და, რაც გაცილებით მოსალოდნელია, მღვდლის ან სხვა რელიგიური მსახურის მიერ წარმოთქმულ საერთო ლოცვას. ქრისტიანი კი, გამოცხადების 18:4-ში ჩაწერილი მითითებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მოქმედებებში.
დაკრძალვის რიტუალები ნამდვილი გამოცდაა იაპონიაში მცხოვრები ქრისტიანი ცოლებისთვის, რომელთაც ურწმუნო მეუღლეები ჰყავთ. თუ დაესწრებიან დაკრძალვის რიტუალს, მათ სახელსა და გვარს ხმამაღლა ამოიკითხავენ; ამის შემდეგ კი მათგან მოელიან ფეხზე ადგომას, საკმევლის კმევას და მიცვალებულისთვის ლოცვას. აქედან გამომდინარე, ასეთი ვითარების წინაშე მდგარი ბევრი იაპონელი ქრისტიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უმჯობესია, საერთოდ არ დაესწროს დაკრძალვის მსგავს რიტუალებს.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზოგი მიძღვნილი ქრისტიანი დასწრებია ტაძარში ჩატარებულ დაკრძალვის რიტუალს, რადგან მათ სურდათ, რომ ოჯახის წევრების გვერდით ყოფილიყვნენ და მხარში ამოდგომოდნენ. ასე რომ, ისინი მიდიოდნენ იქ, სადაც მკვდარი ესვენა, ასევე ტაძარში და შემდეგ სასაფლაოზეც. შესაძლოა მათ ძალუძთ ყველაფრის ისე გაკეთება, რომ თვითონ უშუალოდ არც ერთ ცრუ რელიგიურ ჩვეულებაში არ მიიღონ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცრუ თაყვანისმცემლობის ნებისმიერ ადგილზე წასვლა სულიერ საშიშროებასთანაა დაკავშირებული.
როდესაც ქმარი დაჟინებით ითხოვს ცოლისგან, გაჰყვეს მას ეკლესიაში ნათესავის ან ოჯახის მეგობრის დაკრძალვის რიტუალზე, ცოლმა შეიძლება არჩიოს წასვლა იმ აზრით, რომ იქნება იქ, მაგრამ არც ერთ ცრუ რელიგიურ ჩვეულებაში არ მიიღებს მონაწილეობას. და მაინც, წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. გადაწყვეტილების მიღებისას ის დგას შემდეგი ფაქტორების წინაშე: ქმრის სურვილის პატივისცემა, იეჰოვასადმი მორჩილება და ღვთის სიტყვით განსწავლული სინდისი (1 პეტრე 3:16).
დიახ, გასათვალისწინებელია სინდისის ფაქტორიც. რატომ? იმიტომ რომ სხვებმა შეიძლება დაინახონ ის, იეჰოვას მოწმე, ტაძარში შესვლისას და, ამის გამო, დაბრკოლდნენ. ის ამაზეც უნდა დაფიქრდეს ამ საკითხის აწონ-დაწონისას. პავლე მოციქულმა დაწერა: „[შეამოწმეთ,] რა უფრო მნიშვნელოვანია, რომ სუფთანი იყოთ და არ დააბრკოლოთ სხვები თვით ქრისტეს დღემდე“ (ფილიპელები 1:10).
უკეთესი იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში ცოლს ეცადა, აეხსნა მეუღლისთვის თავისი პოზიცია. გონივრული იქნებოდა დედოფალ ესთერის მაგალითის გათვალისწინება და ისეთი დროის შერჩევა, როცა ქმარი დასვენებულია და კარგ ხასიათზეა. შემდეგ კი ტაქტიანად შეეძლო აეხსნა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ვერ დაესწრება მსგავს რიტუალს ეკლესიაში. სხვა საკითხებთან ერთად, ცოლს შეეძლო დაენახვებინა მეუღლისთვის, რომ, თუ დაესწრება და არ მიიღებს მონაწილეობას რიტუალში, შეიძლება ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნას, განსაკუთრებით კი ქმრისთვის. ამის შემდეგ — მეუღლის სიყვარულის, მისი რელიგიური შეხედულებების პატივისცემისა და უხერხულობის თავიდან არიდების სურვილის გამო — ქმარი შეიძლება თანახმა იყოს (ესთერი 5:1—8).
მაგრამ, ხომ შეიძლება, არდასწრებით ადამიანმა აწყენინოს მგლოვიარე ოჯახს? ეს მაშინ მოხდება, თუ ის საერთოდ უგულებელყოფს ოჯახის ტრაგედიას. მას არ მართებს ამგვარად მოქმედება. ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თანაგრძნობისა და დახმარების სურვილის გამოსახატავად. მას შეუძლია მივიდეს იქ, სადაც მიცვალებული ასვენია მანამ, სანამ ტაძარში გადაასვენებენ; ასევე შეუძლია მისამძიმრება ან დახმარების შეთავაზება. ქრისტიანს აგრეთვე შეეძლო, თუ საჭიროა, პროდუქტების მიტანა, ოჯახისთვის საჭმლის მომზადება ან ბავშვებისთვის დროებით ყურადღების მიქცევა, რათა ოჯახი გაათავისუფლოს ამაზე საზრუნავისგან. ასეთ შემთხვევაში ისინი არ იფიქრებენ, რომ, ვინაიდან ქრისტიანი არ ესწრება დაკრძალვის რიტუალს ეკლესიაში, ამიტომ არ ავლენს მათდამი სიყვარულს.
მაშასადამე, ქრისტიანმა არ უნდა ჩათვალოს თავი ვალდებულად, რომ დაკრძალვის რიტუალზე სხვა რელიგიის ტაძარში წავიდეს, სადაც შეიძლება სხვების გავლენაში მოქცევის და ფეხის ხმის აყოლის ცდუნების წინაშე იყოს, როდესაც ყველა მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ ცრუ რელიგიურ ჩვეულებაში. ამგვარი მოქმედებით ასევე შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული კომპრომისზე წასვლისა და იეჰოვა ღმერთის უკმაყოფილების გამოწვევის საფრთხე. მაგრამ გადაწყვეტილება თითოეულმა თავად უნდა მიიღოს ვითარებებისა და საკუთარი სინდისის საფუძველზე.