არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორია ქრისტიანული კრების თვალსაზრისი უზომოდ ჭამასთან დაკავშირებით?

ღვთის სიტყვა განსჯის როგორც ლოთობას, ასევე უზომოდ ჭამას ანუ ღორმუცელობას, და ღვთის მსახურისთვის მიუღებლად თვლის. ამიტომ ქრისტიანულ კრებას იმ ადამიანზე, რომელსაც უზომოდ ჭამა ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ისეთივე თვალსაზრისი აქვს, როგორიც გამოუსწორებელი ლოთის მიმართ. ვერც ლოთები და ვერც უზომოდ მჭამელები ვერ იქნებიან ქრისტიანული კრების წევრები.

იგავების 23:20, 21 ამბობს: „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის, რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს“. მეორე რჯულის 21:20–ში (სსგ) ვკითხულობთ ურჩი და მოუნანიებელი ადამიანის შესახებ, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად სიკვდილს იმსახურებდა. ამავე მუხლში ეს ურჩი და მოუნანიებელი ადამიანი „ღორმუცელად“ და „ლოთად“ არის დახასიათებული. ასე რომ, ძველ ისრაელში ღვთის მსახურების მსურველი არ უნდა ყოფილიყო უზომოდ მჭამელი.

რა არის ღორმუცელობა და რას ამბობს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ამ საკითხთან დაკავშირებით? განმარტების მიხედვით, ეს არის ხარბად ჭამა-სმა, რაც ჩვევაშია გადაზრდილი. ამგვარად, ღორმუცელობა სიხარბის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ბიბლია კი გვეუბნება, რომ „ხარბები“ ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (1 კორინთელები 6:9, 10; ფილიპელები 3:18, 19; 1 პეტრე 4:3). გარდა ამისა, როდესაც პავლე მოციქულმა ქრისტიანები გააფრთხილა „ხორცის საქმეების წინააღმდეგ“, მან მოიხსენია „გადამეტებული სმა, ღრეობა და ამის მსგავსი საქმეები“ (გალატელები 5:19—21). უზომოდ ჭამას ხშირად თან ახლავს გადამეტებული სმა და ღრეობა. უფრო მეტიც, უზომოდ ჭამა უეჭველად იგულისხმება პავლეს მიერ მოხსენიებულ „ამის მსგავს საქმეებში“. როგორც სხვა „ხორცის საქმეების“ შემთხვევაშია, ქრისტიანი, რომელიც უზომოდ მჭამელად არის ცნობილი და ჯიუტად უარყოფს ხარბი საქციელის შეცვლას, უნდა გაირიცხოს ქრისტიანული კრებიდან (1 კორინთელები 5:11, 13). *

თუმცა ღვთის სიტყვა ერთ დონეზე აყენებს ლოთობასა და უზომოდ ჭამას, პირველი უფრო ადვილი შესამჩნევია, ვიდრე მეორე. სიმთვრალის ნიშნები, ჩვეულებრივ, გარეგნულად აშკარად შეინიშნება. მაგრამ იმის განსაზღვრა, ხდება თუ არა ადამიანი გამოუსწორებელი ღორმუცელა, გაცილებით რთული ამოსაცნობია. ამის დადგენა შეუძლებელია მხოლოდ გარეგნული ნიშნებით. ამიტომ, როდესაც საქმე ასეთ საკითხებს ეხება, კრების უხუცესებს დიდი სიფრთხილისა და გამჭრიახობის გამოვლენა სჭირდებათ.

მაგალითად, მეტისმეტი სიმსუქნე შეიძლება უზომოდ ჭამის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. გადაჭარბებული წონის სხვა მიზეზი შესაძლოა ავადმყოფობას ან მემკვიდრეობით ფაქტორებს უკავშირდებოდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიკურ მდგომარეობასთან, უზომოდ ჭამის დროს კი — აზროვნებასთან. გადაჭარბებული სიმსუქნე არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმში ჭარბი ცხიმების დაგროვება, მაშინ როცა უზომოდ ჭამა არის სიხარბე, ზომიერების გრძნობის დაკარგვა. ამგვარად, უზომოდ მჭამელია თუ არა ადამიანი, განისაზღვრება არა მისი წონით არამედ იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას საკვების მიმართ. ასეთი ადამიანი შეიძლება ნორმალური ზომის ან გამხდარიც კი იყოს, მაგრამ გადამეტებით ჭამდეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილზე ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული წონა ან ფორმა ითვლება იდეალურად.

რა არის უზომოდ ჭამის ნიშანი? ჩვეულებრივ, ღორმუცელა თავშეუკავებელია და ხარბად იმდენს ჭამს, რომ ძლივს სუნთქავს ან ცუდად ხდება. მისი თავშეუკავებლობა ცხადყოფს, რომ ის სინამდვილეში არც კი წუხს, იეჰოვას სახელს რომ არცხვენს და ჩირქს სცხებს მისი ხალხის რეპუტაციას (1 კორინთელები 10:31). მეორე მხრივ, ის, ვინც ზედმეტს იშვიათად ჭამს, ავტომატურად არ ჩაითვლება „ხარბ“ ადამიანად (ეფესოელები 5:5). და მაინც, გალატელების 6:1-ის თანახმად ასეთ ქრისტიანებს შეიძლება დახმარება სჭირდებათ. პავლე ამბობს: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ“.

რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის რჩევის გამოყენება უზომოდ ჭამასთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ჩვენი დღეების შესახებ იესომ თქვა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკა 21:34, 35). სულიერი ზიანის მომტან ცხოვრების წესს თავი რომ ავარიდოთ, ამის ერთ-ერთი საშუალებაა, თავი შევიკავოთ გადამეტებული ჭამისგან.

ზომიერება ქრისტიანების დამახასიათებელი დადებითი თვისებაა (1 ტიმოთე 3:2, 11). ამიტომაც იეჰოვა ნამდვილად დაეხმარება ყველას, ვინც გულწრფელად ცდილობს ბიბლიური რჩევის გამოყენებას ზომიერ ჭამა-სმასთან დაკავშირებით (ებრაელები 4:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ 1986 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ „მკითხველთა შეკითხვები.“ (ინგლ.)