არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი

მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი

ბიოგრაფია

მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი

მოგვითხრო მიქელ ჟობრეკმა

განცალკავებულ კამერაში გატარებული ერთი თვის შემდეგ წამიყვანეს დამკითხველთან. ცოტა ხანში მას სახე აელეწა და იყვირა: „თქვენ ჯაშუშები ხართ! ამერიკის ჯაშუშები!“ რამ განარისხა ის ასე? ჩემმა სიტყვებმა — როდესაც მკითხა, თუ რომელ რელიგიას მივეკუთვნებოდი, ვუპასუხე: „იეჰოვას მოწმე ვარ“.

ეს მოხდა 50-ზე მეტი წლის წინათ. იმ დროს ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი იყო. უკვე დიდი ხანი იყო, რაც მთავრობა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ჩვენს ქრისტიანულ საგანმანათლებლო საქმიანობას.

ომის მტკივნეული შედეგები

1914 წელს რვა წლის ვიყავი, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იმ პერიოდში ჩემი სოფელი, ზალუჟიცე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ომმა მთელი მსოფლიო შეძრა და, ამასთან ერთად, ჩემს ბავშვობასაც უეცრად წერტილი დაუსვა. მამა ჯარისკაცი იყო და ომის დაწყებიდან პირველივე წელს დაიღუპა. ოჯახში დავრჩით დედა, მე და ჩემი ორი უმცროსი და. ჩვენ უკიდურეს სიღარიბეში გვიწევდა ცხოვრება. როგორც უფროს შვილსა და ერთადერთ ვაჟს, მე დამაწვა კისერზე ჩვენს პატარა მეურნეობასა და სახლზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა. პატარაობიდანვე ძალიან მორწმუნე ვიყავი. ჩვენი რეფორმატორული ეკლესიის მოძღვარმა მთხოვა, მისი არყოფნის დროს თანაკლასელებისთვის გაკვეთილები ჩამეტარებინა.

1918 წელს პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და ჩვენ ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეები გავხდით. მალე ბევრი, ვინც ჩვენი ტერიტორიიდან შეერთებულ შტატებში იყო გადასული, უკან დაბრუნდა. მათ შორის იყო მიქელ პეტრიკი, რომელიც ჩვენს სოფელში 1922 წელს ჩამოვიდა. როდესაც ის მეზობლად მცხოვრებმა ოჯახმა სტუმრად მიიწვია, მე და დედაც დაგვპატიჟეს.

ვეცნობით ღვთის მმართველობას

მიქელი ბიბლიის მკვლევარი იყო. იმ დროს ასე იყვნენ ცნობილნი იეჰოვას მოწმეები. ის საუბრობდა მნიშვნელოვან ბიბლიურ საკითხებზე, რამაც ძალიან დამაინტერესა. ყველაზე მეტად იეჰოვას მოახლოებული სამეფოთი დავინტერესდი (დანიელი 2:44). როდესაც მან თქვა, რომ მომავალ კვირას ქრისტიანული შეხვედრა ჩატარდებოდა სოფელ ზაჰორში, გადავწყვიტე იქ წასვლა. დილის 4 საათზე ავდექი და დაახლოებით რვა კილომეტრი გავიარე, რათა ბიძაშვილისგან ველოსიპედი მეთხოვა. ბორბალი შევაკეთე და ზაჰორამდე კიდევ 24 კილომეტრი გავიარე. არ ვიცოდი, სად ტარდებოდა შეხვედრა, ამიტომაც ნელა მივუყვებოდი ქუჩას. უეცრად ერთ-ერთი სახლიდან საგალობლის ხმა შემომესმა და ძალიან გამიხარდა. შევედი სახლში და ავუხსენი ჩემი სტუმრობის მიზეზი. ოჯახმა საუზმეზე დამპატიჟა, შემდეგ კი შეხვედრაზე წავედით. საერთოდ არ ვგრძნობდი დაღლას, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ველოსიპედით თუ ფეხით, 32 კილომეტრი მქონდა გავლილი (ესაია 40:31).

გამაოგნა იეჰოვას მოწმეების ნათელმა ახსნა-განმარტებებმა, რომლებიც ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. ღვთის მმართველობის ქვეშ ბედნიერი ცხოვრების პერსპექტივა ღრმად შეეხო ჩემს გულს (ფსალმუნები 103:28). მე და დედამ გადავწყვიტეთ, ეკლესია დაგვეტოვებინა, რის შესახებაც წერილობით ვაუწყეთ ჩვენს ეკლესიას. ამან სოფლის უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგი გარკვეული დროის განმავლობაში არც კი გველაპარაკებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებთან (მათე 5:11, 12). არც ისე დიდი ხნის შემდეგ მდინარე იუში მოვინათლე.

მსახურება ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება

ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით, რომ იეჰოვას სამეფოს შესახებ გვექადაგა (მათე 24:14). განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით კარგად ორგანიზებულ, ჯგუფურ ქადაგებას კვირაობით. იმ დროს ხალხი, ჩვეულებრივ, დილით უფრო ადრე დგებოდა. ეს საშუალებას გვაძლევდა, ქადაგება დილიდანვე დაგვეწყო. შუადღით საჯარო შეხვედრას ვატარებდით. გამომსვლელები მოხსენებებს დაწერილი ტექსტის გარეშე კითხულობდნენ. ისინი ითვალისწინებდნენ დაინტერესებული ადამიანების რაოდენობას, მათ რელიგიურ შეხედულებებს და იმ საკითხებს, რაც მათ აღელვებდათ.

ბიბლიურმა ჭეშმარიტებებმა თვალი აუხილა უამრავ გულწრფელ ადამიანს. მონათვლის შემდეგ ვქადაგებდი სოფელ ტრჰოვიშტეში. ერთ სახლში ვესაუბრე თბილ და კეთილ ქალბატონს, ზუზანა მოსკალს. ის და მისი ოჯახი კალვინისტები იყვნენ, როგორც მე ერთ დროს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ერკვეოდა ბიბლიაში, მას ბევრი შეკითხვები ჰქონდა. დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ და შემდეგ დავუტოვე წიგნი „ღვთის არფა“ *.

ბიბლიის რეგულარული კითხვის დროს მოსკალების ოჯახი ყოველთვის ამ წიგნს იშველიებდა. იმ სოფელში ინტერესი კიდევ ბევრმა ოჯახმა გამოავლინა. მათ ჩვენს შეხვედრებზეც დაიწყეს დასწრება. მათი კალვინისტი მოძღვარი დაგვემუქრა და აგვიკრძალა ლიტერატურის გავრცელება. ზოგმა დაინტერესებულმა შესთავაზა მოძღვარს, მოსულიყო ჩვენს შეხვედრაზე და სახალხოდ გაებათილებინა ჩვენი სწავლებები.

მოძღვარი მოვიდა, მაგრამ მან ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანა ბიბლიიდან თავისი სწავლებების მხარდასაჭერად. თავის დასაცავად კი თქვა: „ჩვენ ვერ ვირწმუნებთ ყველაფერს ბიბლიიდან. ის ადამიანებმა დაწერეს და რელიგიური საკითხები სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას“. ბევრისთვის ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მოძღვარს ზოგმა უთხრა, რომ, თუ მას ბიბლიის არ სწამდა, არ მოისმენდნენ მის ქადაგებას. ამგვარად, მათ შეწყვიტეს კალვინისტურ ეკლესიაში სიარული. სოფლიდან დაახლოებით ოცდაათი ადამიანი მტკიცედ დადგა ბიბლიური ჭეშმარიტების მხარეზე.

სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ვეძებდი ცხოვრების ისეთ თანამგზავრს, რომელიც სულიერად ძლიერი ოჯახიდან იქნებოდა. ერთ-ერთი ჩემი თანამსახური იყო იან პეტრუშკა, რომელმაც ჭეშმარიტება შეერთებულ შტატებში გაიგო. მისმა ქალიშვილმა, მარიამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ის, როგორც მამამისი, ყოველთვის მზად იყო, ჭეშმარიტება დაემოწმებინა ყველასთვის. 1936 წელს ჩვენ დავქორწინდით. 50 წლის განმავლობაში — მის გარდაცვალებამდე, 1986 წლამდე — მარია ჩემი ერთგული მეგობარი იყო. 1938 წელს ვაჟი, ედუარდი, შეგვეძინა. ამ პერიოდში ჩანდა, რომ ევროპას კიდევ ერთი ომი ელოდა. როგორ იმოქმედებდა ეს ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობაზე?

ჩვენი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამოცდა

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სლოვაკია დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა და ნაცისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა იეჰოვას მოწმეების, როგორც ორგანიზაციის, მიმართ არ ყოფილა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იატაკქვეშ ვმოქმედებდით და ჩვენი ლიტერატურა ცენზურას გადიოდა. მიუხედავად ამისა, ფრთხილად ვაგრძელებდით ჩვენს მოღვაწეობას (მათე 10:16).

მართალია, 35 წელს გადაცილებული ვიყავი, მაგრამ, როგორც კი ომი გამძვინვარდა, ჯარში გამიწვიეს. ქრისტიანული ნეიტრელიტეტის გამო უარი ვთქვი ომში მონაწილეობის მიღებაზე (ესაია 2:2—4). საბედნიეროდ, სანამ უფლებამოსილი პირები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩემი ასაკის ყველა ადამიანი გაათავისუფლეს.

გვესმოდა, რომ ქალაქში მცხოვრებ ძმებს უფრო უჭირდათ თავის რჩენა, ვიდრე ჩვენ, სოფელში მცხოვრებლებს. ამიტომ გვინდოდა, მათთვის გაგვენაწილებინა, რაც გვქონდა (2 კორინთელები 8:14). ასე რომ, რამდენის ტარებასაც შევძლებდით, იმდენი საკვები პროდუქტები ავიღეთ და დაახლოებით 500 კილომეტრი გავიარეთ ბრატისლავაში ჩასასვლელად. ომის დროს განვითარებული ქრისტიანული სიყვარული და მეგობრობა დაგვეხმარა იმ რთული წლების გადატანაში, რომლებიც წინ გველოდა.

საჭირო გამხნევების მიღება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სლოვაკეთი კიდევ ერთხელ შეუერთდა ჩეხოსლოვაკიას. 1946—1948 წლებში იეჰოვას მოწმეების კონგრესები ჩატარდა ბრნოსა და პრაღაში. ჩვენ აღმოსავლეთ სლოვაკეთიდან სპეციალურად კონგრესის დელეგატებისთვის განკუთვნილი მატარებლებით მივდიოდით. თქვენ, ალბათ, მატარებლებს „მომღერალ მატარებლებს“ დაარქმევდით, რადგან მთელი გზის განმავლობაში ვმღეროდით (საქმეები 16:25).

განსაკუთრებით მახსოვს 1947 წელს ქალაქ ბრნოში ჩატარებული კონგრესი, რომელსაც მსოფლიო მთავარი სამმართველოდან სამი ქრისტიანი ზედამხედველი ესწრებოდა. მათ შორის იყო ძმა ნეითან ნორი. როდესაც გამოცხადდა საჯარო მოხსენების თემა, ბევრმა ჩვენგანმა ქალაქში სიარული დავიწყეთ პლაკატებით, რომლებიც საჯარო თემის შესახებ იუწყებოდა. ჩვენ ვაჟს, ედუარდს, რომელიც მაშინ მხოლოდ ცხრა წლის, იყო პლაკატი არ ჰქონდა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ძმებმა როგორც მისთვის, ასევე სხვა ბავშვებისთვის, გააკეთეს უფრო პატარა პლაკატები. ამ ბავშვებმა შესანიშნავად ამცნეს საჯარო მოხსენების თემა!

1948 წლის თებერვალში სათავეში კომუნისტები მოვიდნენ. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან მთავრობა შეზღუდავდა ჩვენს მსახურებას. 1948 წლის სექტემბერში პრაღაში კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესმა ძალიან გაგვაძლიერა და მოგვამზადა მოსალოდნელი აკრძალვისთვის, თუმცა სამი წელი თავისუფლად ვატარებდით კონგრესებს. კონგრესზე მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩვენ, აქ შეკრებილ იეჰოვას მოწმეებს . . . გადაწყვეტილი გვაქვს მსახურების გაფართოება და ის, რომ უფლის წყალობით კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გადაუდებლად, გულმოდგინედ ვამცნოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“.

„სახელმწიფოს მტრები“

პრაღაში კონგრესის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ საიდუმლო პოლიცია შეიჭრა პრაღასთან ახლოს მდებარე ბეთელში. მათ მოახდინეს ბეთელის საკუთრებისა და იმ ლიტერატურის კონფისკაცია, რაც იპოვეს და დააპატიმრეს ყველა ბეთელელი, აგრეთვე სხვა ძმებიც. მაგრამ წინ უფრო უარესი გველოდა.

1952 წლის 3 და 4 თებერვალს უშიშროების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ჩხრეკა ჩაატარეს და დააკავეს დაახლოებით 100 მოწმე. მათ შორის მეც ვიყავი. პოლიცია დაახლოებით დილის 3 საათზე დაგვადგა თავზე და მთელი ოჯახი გაგვაღვიძა. ყოველნაირი ახსნა-განმარტების გარეშე მიბრძანეს, მათ გავყოლოდი. ბორკილდადებული და თვალახვეული სატვირთო მანქანაზე შემაგდეს, სადაც სხვა მოწმეებიც იყვნენ. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მომათავსეს განცალკავებულ კამერაში.

ერთი თვის განმავლობაში ხმის გამცემი არავინ მყავდა. ერთადერთი, ვისაც ვხედავდი, იყო მცველი, რომელიც კარში დატანებული სარკმლიდან არასრულფასოვან საკვებს გვაწვდიდა. შემდეგ წამიყვანეს დამკითხველთან, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ. მას შემდეგ, რაც ჯაშუში მიწოდა, მან თქვა: „რელიგია უმეცრებაა. ღმერთი არ არსებობს! არ მოგცემთ მუშათა კლასის გასულელების უფლებას. ან ჩამოგახრჩობენ, ან ციხეში მოკვდები. აქ შენი ღმერთიც რომ მოვიდეს, ჩვენ მასაც მოვკლავთ!“

მთავრობამ იცოდა, რომ არ არსებობდა ქრისტიანული საქმიანობის ამკრძალავი კანონი. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ჩვენი საქმიანობის შესაჩერებლად არსებული კანონები გამოეყენებინათ. მათ „სახელმწიფოს მტრებად“ და უცხო ქვეყნის ჯაშუშებად გამოგვაცხადეს. ასეთი მოქმედებით მათ უნდოდათ ჩვენი სიმტკიცის გატეხვა და ცრუ ბრალდებების წაყენება. იმ ღამით დაკითხვის შემდეგ დაძინება ამიკრძალეს. რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ დამკითხეს. ამჯერად დამკითხველს უნდოდა, ხელი მომეწერა განცხადებაზე, სადაც ეწერა: „მე, როგორც ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული რესპუბლიკის მტერი, არ შევუერთდი [კოლმეურნეობას], რადგან ამერიკელებს ველოდებოდი“. როდესაც უარი ვთქვი, რომ ასეთ სიცრუეზე ხელი მომეწერა, გამოსასწორებელ საკანში გადამაგზავნეს.

აკრძალული მქონდა ძილი, წოლა და ჯდომაც კი. მხოლოდ დგომისა და სიარულის უფლება მქონდა. როდესაც ძალ-ღონე გამომელია, ბეტონის იატაკზე დავვარდი. მცველებმა კვლავ დამკითხველთან წამიყვანეს. „მოაწერ ხელს?“ — მკითხა მან. როდესაც ისევ უარი ვთქვი, სილა გამაწნა და სისხლი წამომივიდა. შემდეგ მცველებს დაუყვირა: „მას თავის მოკვლა სურს, თვალყური ადევნეთ!“ კვლავ საკანში დამაბრუნეს. დაკითხვები ექვსი თვის განმავლობაში მეორდებოდა. ვერანაირმა დარწმუნებამ და მცდელობამ ვერ მაიძულა, მეღიარებინა, რომ სახელმწიფოს მტერი ვიყავი. პირიქით, გადავწყვიტე, ბოლომდე იეჰოვასადმი ერთგულება შემენარჩუნებინა.

სასამართლომდე ერთი თვით ადრე, პრაღიდან ჩამოსულმა პროკურორმა ჯგუფში მყოფი თორმეტივე ძმა ცალ-ცალკე დაგვკითხა. მან მკითხა: „რას გააკეთებ, დასავლელმა იმპერიალისტებმა ჩვენს ქვეყანას რომ შემოუტიონ?“ მე ვუპასუხე: „რა გავაკეთე მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ჰიტლერს შეუერთდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას. მაშინ არ მიბრძოლია და არც ამ შემთხვევაში ვიბრძოლებ, რადგან ქრისტიანი ვარ და ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებ“. შემდეგ მან მითხრა: „ჩვენ ვერ შევიწყნარებთ იეჰოვას მოწმეებს. დასავლელმა იმპერიალისტებმა რომ შემოგვიტიონ, ჯარისკაცები გვჭირდება; ჩვენ ჯარისკაცები გვჭირდება, რათა გავათავისუფლოთ მუშათა კლასი დასავლეთში“.

1953 წლის 24 ივლისს სასამართლო დარბაზში წაგვიყვანეს. თორმეტივე რიგრიგობით წარგვადგინეს სასამართლო კოლეგიის წინაშე. ჩვენი რწმენის შესახებ დასამოწმებლად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა. მას შემდეგ, რაც არ ვაღიარეთ ჩვენ მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები, ადვოკატი წამოდგა და თქვა: „ამ სასამართლო დარბაზში არაერთხელ ვყოფილვარ. ბევრჯერ მინახავს დანაშაულის აღიარება, მონანიება და ცრემლებიც კი, მაგრამ ეს კაცები აქედან უფრო ძლიერები გავლენ, ვიდრე მოსვლისას იყვნენ“. ამის შემდეგ ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაგვადანაშაულეს. მე სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს და ქონება ჩამომართვეს.

ასაკი ვერ მაჩერებს

სახლში დაბრუნების შემდეგ კვლავ საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ისევ შევუდექი თეოკრატიულ საქმიანობას. ძმებმა კრებაში მომანდეს სულიერი ზედამხედველობის გაწევა. თუმცა მთავრობამ ნება დაგვრთო, გვეცხოვრა ჩვენს ჩამორთმეულ სახლში, კანონიერად ის დაახლოებით 40 წლის შემდეგ დაგვიბრუნეს, კომუნიზმის დამხობის შემდეგ.

ჩვენი ოჯახიდან მარტო მე არ მომიწია ციხეში ჯდომა. ჩემი გათავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ ედუარდი ჯარში გაიწვიეს. ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა ნება არ დართო მას, ჯარში ემსახურა, რისთვისაც დააპატიმრეს. წლების შემდეგ ჩემს შვილიშვილ პიტერსაც ამავე მიზეზით მოუწია დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.

1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დაემხო. რა ბედნიერი ვიყავი, როცა ორმოცწლიანი აკრძალვის შემდეგ თავისუფლად შემეძლო კარდაკარ ქადაგება! (საქმეები 20:20). მანამ სანამ ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა, სიამოვნებით ვმონაწილეობდი მსახურების ამ სფეროში. ახლა 98 წლის ვარ. მართალია ისეთივე ჯანმრთელობა არ მაქვს, როგორც უწინ, მაგრამ მიხარია, რომ კვლავაც ვუმოწმებ ხალხს იეჰოვას დიდებული განზრახვების შესახებ.

შემიძლია ჩამოვთვალო ხუთი ქვეყნის 12 მმართველი, რომელთა გავლენის ქვეშაც ჩვენი ქალაქი იყო. მათ შორის იყვნენ დიქტატორები, პრეზიდენტები და ერთი მეფე. ვერც ერთმა ვერ გადაჭრა ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც თავიანთი მმართველობის ქვეშ მყოფ ხალხს აწუხებდა (ფსალმუნები 145:3, 4). მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა ღმერთი მაშინ გავიცანი, როცა ახალგაზრდა ვიყავი და გავიგე, რომ ხსნას მხოლოდ მესიანური სამეფო მოიტანს. შედეგად, უარი ვთქვი ამაოებაზე, რომელიც ღვთის გარეშე ცხოვრებას მოაქვს. 75-ზე მეტი წლის განმავლობაში აქტიურად ვქადაგებდი საუკეთესო ცნობას, რამაც ჩემი ცხოვრება აზრიანი, კმაყოფილების მომგვრელი გახადა და დედამიწაზე მარადიული ცხოვრების ბრწყინვალე იმედი ჩამისახა. განა უკეთესს ვინატრებდი რამეს? *

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 38 სამწუხაროდ, სანამ ეს სტატია დასაბეჭდად მზადდებოდა, ძმა მიქელ ჟობრეკი გარდაიცვალა, თუმცა აღდგომის მტკიცე იმედით. მან ბოლომდე შეინარჩუნა სიმტკიცე და ერთგულება.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი დაქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

[სურათი 26 გვერდზე]

ედუარდთან ერთად 40-იანი წლების დასაწყისში.

[სურათი 27 გვერდზე]

1947 წელს ბრნოში ჩატარებული კონგრესის დროს პლაკატებით ხელში.