მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ დართო მკვდრეთით აღდგენილმა იესომ თომას შეხების ნება, მაშინ როცა ცოტა ხნით ადრე მაგდალელ მარიამს უარი უთხრა ამაზე?
ბიბლიის ზოგ ძველ თარგმანში ნათქვამია, რომ იესომ შეხების ნება არ მისცა მაგდალელ მარიამს. „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1993 წლის გამოცემა, იესოს სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან“ (იოანე 20:17). აქ გამოყენებული ბერძნული ზმნა, რომელიც, ჩვეულებრივ, თარგმნილია როგორც „შეხება“, ნიშნავს: ჩაბღაუჭებას, შეპყრობას, ხელის ჩაჭიდებას, ხელით შეხებას. გონივრულია ვიფიქროთ, რომ იესო არ იყო წინააღმდეგი, მარიამ მაგდალელი ხელით შეხებოდა, რადგან იესომ ამის ნება დართო სხვა ქალებს, რომლებიც მის სამარხთან იყვნენ. მათეს 28:9-ში ვკითხულობთ, რომ ისინი „ფეხებზე მოეხვივნენ“ მას.
თანამედროვე თარგმანები, მათ შორის „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, იესოს სიტყვების — „გამიშვი ხელი“ — ნამდვილი მნიშვნელობის გაგებაში გვეხმარება. რატომ უთხრა ასეთი სიტყვები იესომ მაგდალელ მარიამს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა? (ლუკა 8:1—3).
როგორც ჩანს, მარიამს ეშინოდა, რომ იესო მალე დატოვებდა დედამიწას და ზეცად ამაღლდებოდა. მას ძალიან უნდოდა, უფალთან ყოფილიყო; სწორედ ამიტომ ჩაეჭიდა მაგრად იესოს და არ უნდოდა მისი გაშვება. იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯერ არ აპირებდა დედამიწის დატოვებას, იესომ უთხრა მარიამს, ხელი გაეშვა მისთვის და სასწრაფოდ წასულიყო, რათა მოწაფეებისთვის შეეტყობინებინა მისი აღდგომის შესახებ (იოანე 20:17).
მაგრამ იესოსა და თომას შორის საუბარი სხვა ხასიათს ატარებდა. როდესაც იესო რამდენიმე მოწაფეს გამოეცხადა, თომა არ იყო მათ შორის. ამის გამო მას ეჭვი ეპარებოდა იესოს აღდგომაში და ამბობდა, რომ სანამ იესოს ნაჭრილობევს არ ნახავდა და ხელს არ ჩაყოფდა მის განგმირულ ფერდში, არ ირწმუნებდა. რვა დღის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომაც მათთან იყო. იესომ ნება დართო მას, შეხებოდა მის ჭრილობებს (იოანე 20:24—27).
ამგვარად, მარიამ მაგდალელს იესომ დაანახა, რომ არასწორი იქნებოდა, ხელი შეეშალა მისთვის, ზეცად ამაღლებულიყო; თომას კი — ეჭვები გაუფანტა. ორივე შემთხვევაში იესოს მოქმედებას სერიოზული საფუძველი ჰქონდა.