არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე მინდობა

მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე მინდობა

ბიოგრაფია

მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე მინდობა

მოგვითხრო ანა დენც ტურპინმა

«შენ სულ „რატომ?“-ს გაიძახი», — ღიმილით მითხრა დედამ. როცა პატარა ვიყავი, მშობლებს ბევრ შეკითხვას ვუსვამდი. მაგრამ ისინი არასოდეს მტუქსავდნენ ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო. პირიქით, ისე მიხსნიდნენ, რომ თავად გამომეტანა დასკვნები, რომლებიც ბიბლიით განსწავლული სინდისზე იქნებოდა დაფუძნებული. რამდენად ძვირფასი აღმოჩნდა ასეთი აღზრდა! როცა 14 წლის ვიყავი, ნაცისტებმა საყვარელ მშობლებს დამაშორეს და ისინი აღარასოდეს მინახავს.

ჩემი მშობლები, ოსკარ და ანა-მარია დენცები, გერმანიის ქალაქ ლორახში ცხოვრობდნენ, შვეიცარიის საზღვართან ახლოს. ახალგაზრდობაში ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი პოლიტიკაში, რის გამოც საზოგადოება კარგად იცნობდა და პატივს სცემდა მათ. მაგრამ 1922 წელს, ქორწინებიდან მცირე ხნის შემდეგ, მშობლებმა პოლიტიკა მიატოვეს და ახალი მიზნები დაისახეს. დედამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ბიბლიის მკვლევარებთან, რომლებსაც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. მასზე ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ ღვთის სამეფო დაამყარებდა მშვიდობას დედამიწაზე. მამამაც მალე დაიწყო შესწავლა და ისინი ერთად ესწრებოდნენ ბიბლიის მკვლევარების შეხვედრებს. იმ წელს, შობის დღეს, მამამ მისცა დედას ბიბლიის შესასწავლი დამხმარე სახელმძღვანელო „ღვთის არფა“. 1923 წლის 25 მარტს მე დავიბადე; მშობლებს ჩემ გარდა შვილი არ ჰყოლიათ.

სასიამოვნო მოგონებად დამრჩა მშობლებთან ერთად ზაფხულობით შვარცვალდის მთებში ლაშქრობები და ის, თუ როგორ მასწავლიდა დედა საოჯახო საქმეებს. ჯერ კიდევ მახსოვს, სამზარეულოში მყოფი დედა როგორ მასწავლიდა კულინარობას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მშობლები იეჰოვასადმი სიყვარულსა და ნდობას მინერგავდნენ.

ჩვენი კრება დაახლოებით 40 გულმოდგინე მქადაგებლისგან შედგებოდა. მშობლები მარჯვედ იყენებდნენ შესაძლებლობებს, რომ სამეფოს შესახებ დაემოწმებინათ. ყოფილი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო ისინი თავისუფლად გრძნობდნენ თავს ხალხთან ურთიერთობისას და ხალხიც კეთილგანწყობილი იყო მათდამი. 7 წლის ვიყავი, როცა კარდაკარ ქადაგების სურვილი გამიჩნდა. მსახურების პირველ დღეს ჩემთან ერთად მყოფმა დამ ლიტერატურა მომცა, ერთ-ერთ სახლზე მიმითითა და მითხრა: „მიდი, შესთავაზე“. 1931 წელს კი ბიბლიის მკვლევარების კონგრესს დავესწარით ქალაქ ბაზელში (შვეიცარია), სადაც ჩემი მშობლები მოინათლნენ.

არეულობიდან ტირანიამდე

გერმანიაში დიდი არეულობა იყო იმ პერიოდში და სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციები ქუჩებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ერთ ღამეს მეზობლის სახლიდან ყვირილის ხმა შემომესმა. ორ მოზარდ ბიჭს უფროსი ძმა მოუკლავს ფიწალით, რადგან არ იზიარებდნენ მის პოლიტიკურ მრწამსს. ამასთანავე, საგრძნობლად გაიზარდა მტრული დამოკიდებულება ებრაელების მიმართ. სკოლაში ერთი გოგონა მთელი დღე კუთხეში დააყენეს, რადგან ებრაელი იყო. ის ძალიან შემებრალა და რას წარმოვიდგენდი, რომ მალე თავადვე გამოვცდიდი, რამდენად რთულია, იყო სიძულვილის მსხვერპლი.

1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი გახდა. ორი კვარტალის მოშორებით ჩვენ დავინახეთ, როგორ აღმართეს ტრიუმფალურად ნაცისტებმა სვასტიკიანი ბაირაღები ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაზე. ამით აღფრთოვანებულმა მასწავლებელმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა მივსალმებოდით ჰიტლერს: „ჰაილ ჰიტლერ!“ ამის შესახებ მამას იმ დღესვე ვუამბე. ის შეწუხდა. «ძალიან ცუდი, — თქვა მან. — „ჰაილ“ ნიშნავს ხსნას. თუ ვიტყვით „ჰაილ ჰიტლერ!“, ისე გამოვა, რომ ხსნას ჰიტლერისგან ველით და არა იეჰოვასგან. ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება. თუმცა შენ თავად გადაწყვიტე, როგორ უნდა მოიქცე».

ჩემი თანაკლასელები ისე მექცეოდნენ, როგორც განდგომილს, რადგან გადავწყვიტე, არ განმედიდებინა ჰიტლერი. როცა მასწავლებელი არ გვიყურებდა, ბიჭები მცემდნენ კიდეც. ბოლოს თავი დამანებეს. საუკეთესო მეგობრებმაც კი შეწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა; როგორც თავად მითხრეს, მამები უკრძალავდნენ ჩემთან თამაშს, რადგან საშიში ვიყავი.

ძალაუფლების ხელში აღებიდან ორი თვის შემდეგ ნაცისტებმა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალეს, როგორც ქვეყნისთვის საშიში რელიგია. ქალაქ მაგდებურგში ბეთელი დახურეს და კრებების ჩატარება აკრძალეს. რადგან საზღვართან ახლოს ვცხოვრობდით, მამამ ხელისუფლებისგან საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღო. ამის წყალობით ქალაქ ბაზელში (შვეიცარია) კვირაობით კრებებს ვესწრებოდით. მამა ხშირად ამბობდა, რომ სურდა, გერმანიაში სხვა ძმებსაც მიეღოთ ასეთი სულიერი საკვები, რაც მათ მომავალი განსაცდელების ატანაში დაეხმარებოდა.

სახიფათო სეირნობა

მაგდებურგის ოფისის დახურვის შემდეგ, ძმა იულიუს რიფელი, რომელიც იქ მსახურობდა, ჩავიდა ლორახში, თავის მშობლიურ ქალაქში, რომ ორგანიზება გაეწია იატაკქვეშა სამქადაგებლო საქმიანობისთვის. მამამ დაუყოვნებლივ შესთავაზა მას დახმარება. მან დედა და მე დაგვსვა და თავისი გადაწყვეტილება გვაუწყა, რომ ძმებს უნდა დახმარებოდა, შვეიცარიიდან გერმანიაში ბიბლიური ლიტერატურა შეეტანათ. მან თქვა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ. მამამ არ გვაიძულა, რომ ჩვენც მიგვეღო ამ საქმეში მონაწილეობა, რადგან იცოდა, რა საშიშროება შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. დედამ დაუყოვნებლივ თქვა: „შენ გვერდით ვიქნები“. ორივემ მე შემომხედა. „მეც თქვენთან ვიქნები“, — ვუთხარი მე.

დედამ „საგუშაგო კოშკის“ ზომის ხელჩანთა მოქსოვა, რომლის ერთ ნაწილში ლიტერატურას დებდა, შემდეგ კი თავს გადაუქსოვდა. მან მამაჩემის ტანსაცმელს ფარული ჯიბეები გაუკეთა და კიდევ ორი სარტყელი შეკერა, რომლებშიც მე და დედას შეგვეძლო ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე მცირე ზომის ლიტერატურის ჩადება. ყოველთვის, როცა საიდუმლო განძის სახლში მიტანას ვახერხებდით, შვებით ამოვისუნთქავდით და იეჰოვას მადლობას ვწირავდით. ლიტერატურას სხვენში ვმალავდით.

თავდაპირველად ნაცისტებს ჩვენზე ეჭვი არ აუღიათ; არაფერს გვეკითხებოდნენ და არც სახლს ჩხრეკდნენ. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, განსაცდელის მოახლოების შემთხვევაში ძმები გაგვეფრთხილებინა კოდის — 4711-ის, ცნობილი ოდეკოლონის სახელწოდების, საშუალებით. თუ ჩვენს სახლს საფრთხე დაემუქრებოდა, როგორღაც ეს რიცხვი უნდა გამოგვეყენებინა ძმების გასაფრთხილებლად. მამას აგრეთვე ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ ჩვენი საძინებელი ოთახის ფანჯრებისთვის შემოეხედათ, სანამ შენობაში შემოვიდოდნენ. თუ მარცხენა ფანჯარა ღია იქნებოდა, ეს მათ საშიშროების შესახებ მიანიშნებდა და ისინი აღარ მიუახლოვდებოდნენ შენობას.

გესტაპომ 1936—1937 წლებში ხალხის მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო, ათასობით იეჰოვას მოწმე ციხეებში ჩასვეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს, სადაც მათ უმოწყალოდ ეპყრობოდნენ. ბერნის (შვეიცარია) ფილიალმა დაიწყო იმ შემთხვევების თავმოყრა, რაც ბანაკებში ხდებოდა. ეს მასალა მოგვიანებით ერთ წიგნად გამოიცა, სახელწოდებით „ჯვაროსნული ლაშქრობა ქრისტიანობის წინააღმდეგ“, სადაც ასახულია ნაცისტების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები. ჩვენ სახიფათო დავალება ავიღეთ საკუთარ თავზე — ბაზელის საზღვარზე საიდუმლო ჩანაწერები უნდა გადაგვეტანა. თუ ნაცისტები დაგვიჭერდნენ, დაუყოვნებლივ ჩაგვსვამდნენ ციხეში. ვიტირე, როცა წავიკითხე, როგორ აწამებდნენ ჩვენს ძმებს. თუმცა, არ შემშინებია. მჯეროდა, რომ იეჰოვა და მშობლები, ჩემი საუკეთესო მეგობრები, იზრუნებდნენ ჩემზე.

სკოლა რომ დავამთავრე, 14 წლის ვიყავი და მაღაზიაში დავიწყე მუშაობა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების გამყიდველად. მე და ჩემი მშობლები „საიდუმლო მოგზაურობებს“ ყოველ ორ კვირაში ერთხელ შაბათს ან კვირას ვაწყობდით, როდესაც მამა სამუშაოდან თავისუფალი იყო. ჩვენ იმ ოჯახებს ვგავდით, რომლებიც შაბათ-კვირას სასეირნოდ დადიოდნენ. ამის გამო მესაზღვრეებს დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში არც კი უცდიათ ჩვენი გაჩხრეკა. ასე გრძელდებოდა 1938 წლის თებერვლამდე.

მიაგნეს!

არასოდეს დამავიწყდება მამაჩემის სახე, როდესაც ბაზელის ახლოს დანიშნულების ადგილას მივედით და დავინახეთ მთელი დასტა ლიტერატურა. ვინაიდან ერთი ოჯახი დააპატიმრეს, რომელიც ჩვენ მსგავსად „მოგზაურობდა“, დამატებითი წიგნებიც უნდა წაგვეღო. საზღვარზე საბაჟოს თანამშრომელმა ეჭვის თვალით შემოგვხედა და გაგვჩხრიკა. წიგნები რომ გვიპოვა, იარაღი მოგვადო და პოლიციის მანქანებისკენ წაგვიყვანა. როდესაც ოფიცრებს მანქანით მივყავდით, მამამ ხელზე მომიჭირა და ჩამჩურჩულა: „მოღალატე ნუ იქნები. არავინ გასცე!“ „რა თქმა უნდა“, — დარწმუნებით ვუპასუხე. როდესაც უკან დავბრუნდით ლორახში, მამაჩემი ციხეში წაიყვანეს. ის მაშინ უკანასკნელად ვნახე.

ოთხი საათის განმავლობაში გესტაპოს ოთხი წევრი კითხვებს მისვამდა და დაჟინებით მთხოვდა, სხვა მოწმეების ვინაობა და მისამართი მეთქვა. როდესაც უარი ვუთხარი, ერთ-ერთი მათგანი საშინლად გაბრაზდა და დამემუქრა: „ჩვენ სხვა მეთოდებიც გვაქვს; ასე რომ, ყველაფერს დაგაფქვევინებთ“. მათთვის არაფერი გამიმხელია. შემდეგ მე და დედაჩემი სახლში წაგვიყვანეს და ყველაფერი გაჩხრიკეს. დედაჩემი დააპატიმრეს, მე კი დეიდასთან გამგზავნეს და ჩემზე მზრუნველობა დააკისრეს; მათ არ იცოდნენ, რომ ისიც იეჰოვას მოწმე იყო. თუმცა სამუშაოზე სიარულის ნება დამრთეს, გესტაპოს ოთხი წარმომადგენელი ჩემი სახლის წინ მანქანაში იჯდა და ჩემს ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა, მაშინ როცა ერთი პოლიციელი დაზვერვის მიზნით წინ და უკან დადიოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სადილის დროს გარეთ გავედი და დავინახე, რომ ახალგაზრდა და ჩემკენ მოდიოდა ველოსიპედით. როგორც კი მომიახლოვდა, ქაღალდის ნაგლეჯი გადმომიგდო. დავიჭირე და მაშინვე იმ მხარეს გავიხედე, სადაც გესტაპო იდგა. გაკვირვებული დავრჩი — იმ მომენტში მათ სიცილისგან თავები უკან ჰქონდათ გადახრილი და ვერც კი შემამჩნიეს.

წერილიდან როგორც შევიტყვე, შუადღეს ამ დის მშობლებთან უნდა მივსულიყავი. მაგრამ საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი მათ, რადგან გესტაპო მითვალთვალებდა. შევხედე მანქანაში მჯდომ ოთხ აგენტსა და ქუჩაში წინ და უკან მოსიარულე პოლიციელს. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მთელი გულით ვილოცე და იეჰოვას დახმარება ვთხოვე. მოულოდნელად პოლიციელი მივიდა გესტაპოს მანქანასთან და აგენტებს რაღაც უთხრა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა; ისინი სადღაც გაუჩინარდნენ.

დეიდაჩემმა იქაურობა შეათვალიერა. უკვე შუადღე გადასულიყო. მან ბარათი წაიკითხა და საჭიროდ მიიჩნია იმ სახლში მისვლა, სადაც გვიბარებდნენ. დეიდა ვარაუდობდა, რომ ძმებს განზრახული ჰქონდათ შვეიცარიაში ჩემი წაყვანა. იმ ოჯახში მივედით, სადაც დაგვიბარეს და გამაცნეს ძმა ჰაინრიხ რაიფი, რომელმაც მითხრა, რომ შვეიცარიაში უნდა გადავეყვანე. მას ნახევარ საათში ტყეში უნდა შევხვედროდი.

გადასახლებაში

ძმა რაიფს დანაღვლიანებული შევხვდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა სახეზე, რადგან მშობლებს კიდევ უფრო ვშორდებოდი. ყველაფერი სწრაფად მოხდა. დაძაბული წუთების შემდეგ ტურისტების ჯგუფს შევუერთდით და უსაფრთხოდ გადავკვეთეთ შვეიცარიის საზღვარი.

ბერნის ფილიალში მისვლისას შევიტყვე, რომ ჩემს გაქცევაზე იქაურმა ძმებმა იზრუნეს. მათ გულთბილად მიმიღეს და ფილიალში დამტოვეს. იქ სამზარეულოში ვმუშაობდი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მაგრამ რთული იყო გადასახლებაში ცხოვრება, რადგან არ ვიცოდი, რა მდგომარეობაში იყვნენ ჩემი მშობლები, რომლებსაც სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. როცა მწუხარება შემიპყრობდა, სააბაზანოში ვიკეტებოდი და ვტიროდი. თუმცა მშობლებთან რეგულარულად მქონდა მიწერ-მოწერა და ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ, რომ იეჰოვასადმი ერთგულება შემენარჩუნებინა.

მშობლების რწმენამ მიბიძგა, იეჰოვასთვის თავი მიმეძღვნა და 1938 წლის 25 ივლისს მოვნათლულიყავი. ბეთელში ერთი წლის მსახურების შემდეგ სამუშაოდ გადავედი შანელაზში, შვეიცარიის ფილიალის კუთვნილ ფერმაში, რომელიც პროდუქტებით ამარაგებდა ბეთელის ოჯახს და დევნის გამო გაქცეულ ძმებს.

როდესაც მშობლებმა სასჯელი მოიხადეს 1940 წელს, ნაცისტებმა უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ, თუ უარს იტყოდნენ თავიანთ რწმენაზე. ისინი მტკიცედ იდგნენ, რის შემდეგაც მამა დახაუს, დედა კი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნეს. 1941 წლის ზამთარში დედამ და სხვა იეჰოვას მოწმეებმა უარი თქვეს სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებაზე. ისინი დასაჯეს და სამი დღეღამის განმავლობაში გარეთ ყინვაში დააყენეს. შემდეგ 40 დღე ბნელ საკანში ჩაკეტეს; ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მცირე ულუფას აძლევდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი საშინლად სცემეს. დედა 1942 წლის 31 იანვარს დაიღუპა, არაადამიანურად მოპყრობიდან სამი კვირის შემდეგ.

მამა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან ავსტრიის მაუტჰაუზენის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ნაცისტები პატიმრებს შიმშილით და მძიმე ფიზიკური მუშაობით კლავდნენ. მაგრამ მამასთან სხვა მეთოდი — სამედიცინო ექსპერიმენტი — გამოიყენეს. ეს მოხდა დედაჩემის სიკვდილიდან ექვსი თვის შემდეგ. ბანაკის ექიმები შეგნებულად აინფიცირებდნენ პატიმრებს ტუბერკულოზით. შემდეგ კი მომაკვდინებელ ინიექციას უკეთებდნენ გულში. ოფიციალური მონაცემით, მამა გულის კუნთის მოდუნების შედეგად დაიღუპა. ის მაშინ 43 წლის იყო. მე ერთი თვის შემდეგ გავიგე მისი არაადამიანურად მოკვლის შესახებ. როდესაც ჩემს ძვირფას მშობლებს ვიხსენებ, თვალები კვლავაც ცრემლებით მევსება. თუმცა მანუგეშებს ის, რომ ჩემი მშობლები, რომლებსაც ზეციური ცხოვრების იმედი ჰქონდათ, იეჰოვასთან უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა, დავსწრებოდი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-11 კლასს ნიუ-იორკში. რა სასიამოვნო იყო ხუთი თვის განმავლობაში წმინდა წერილების ღრმად გამოკვლევა! 1948 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერული მსახურება დავიწყე შვეიცარიაში. არც ისე დიდი ხნის შემდეგ შევხვდი ჯეიმზ ტურპინს, იეჰოვას ერთგულ მსახურს, სკოლა „გალაადის“ მეხუთე კლასის კურსდამთავრებულს. როდესაც თურქეთში ფილიალი გაიხსნა, ჯეიმზი მის ზედამხედველად დაინიშნა. ჩვენ 1951 წელს დავქორწინდით და მალევე შევიტყვეთ, რომ ბავშვი გვეყოლებოდა. საცხოვრებლად აშშ-ში გადავედით, სადაც 1951 წლის დეკემბერში ჩვენი გოგონა, მერლინი, დაიბადა.

წლების განმავლობაში მსახურებამ მე და ჯეიმზს უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებ ბიბლიის ერთ შემსწავლელს, ახალგაზრდა ჩინელ ქალს, პენის, რომელიც ძალიან აფასებდა ბიბლიის შესწავლას. ის მოინათლა და მოგვიანებით დაქორწინდა გაი პიერსზე, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. ასეთი ძვირფასი ადამიანები მივსებდნენ მშობლების დანაკლისით გამოწვეულ სიცარიელეს.

ძმებმა ლორახში, დედაჩემისა და მამაჩემის მშობლიურ ქალაქში, 2004 წლის დასაწყისში ახალი სამეფო დარბაზი ააშენეს შტიხის ქუჩაზე. როდესაც ქალაქის საბჭომ გაიგო, თუ რა გადაიტანეს იეჰოვას მოწმეებმა, ერთ-ერთ ქუჩას „დენცშტრასე“ (დენცის ქუჩა) უწოდეს ჩემი მშობლების პატივსაცემად. ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სატატია სათაურით „მოკლული წყვილის, დენცების, ხსოვნისადმი მიძღვნილი ქუჩის ახალი სახელწოდება“. ის იტყობინებოდა, რომ ჩემი მშობლები „რწმენის გამო მოკლეს საკონცენტრაციო ბანაკში მესამე რაიხის დროს“ (Badische Zeitung). ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ სიხარული მომგვარა.

მამა ამბობდა: „შესაძლოა არმაგედონი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში არ მოხდეს, მაგრამ ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს არმაგედონი ხვალ უნდა მოხდეს“. ყოველთვის ვცდილობდი, ამ მშვენიერი რჩევის თანახმად მეცხოვრა. მოთმინებისა და დიდი მოლოდინის გაწონასწორება ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასაკმა სახლში ჩამკეტა. თუმცა არასოდეს შემპარვია ეჭვი ერთგული მსახურებისადმი იეჰოვას დანაპირებში: «დაენდე უფალს [„იეჰოვას“, აქ] მთელი შენი გულით . . . ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს» (იგავები 3:5, 6).

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

წარსულის დაუვიწყარი სიტყვები

ერთი ქალი 1980 წელს მოშორებული სოფლიდან ლორახს ესტუმრა. იმ დროს ქალაქელები მოძველებულ ნივთებს ერთ ადგილზე ყრიდნენ, საიდანაც სხვები იღებდნენ. ქალმა თვალი მოჰკრა პატარა ყუთს, რომელშიც სამკერვალო ნივთები ელაგა. ის სახლში წაიღო. მოგვიანებით ყუთში გოგონას რამდენიმე ფოტოსურათი და საკონცენტრაციო ბანაკში დაწერილი წერილები აღმოაჩინა. ქალი ძალიან დაინტერესდა წერილებით და ნაწნავიანი გოგონას ვინაობით.

ერთ დღეს, 2000 წელს, ქალმა გაზეთში წაიკითხა სტატია ლორახში ისტორიული გამოფენის შესახებ. სტატია აღწერდა ნაცისტების დროს იეჰოვას მოწმეების ისტორიას, სადაც ჩვენი ოჯახიც იყო მოხსენიებული. მას თანდართული ჰქონდა ჩემი მოზარდობის სურათები. ქალმა იცნო გოგონა, ჟურნალისტს დაუკავშირდა და მოუთხრო 42 წერილის აღმოჩენის შესახებ. რამდენიმე კვირის შემდეგ ხელთ მქონდა ის წერილები, სადაც მშობლები გამუდმებით ეკითხებიან დეიდაჩემს ჩემ შესახებ. მათ არასოდეს შეუწყვეტიათ ჩემზე მზრუნველობა. საოცარია, რომ ეს წერილები გადარჩა და ჩემს ხელში 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოჩნდა!

[სურათები 25 გვერდზე]

მას შემდეგ, რაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენი ოჯახის ბედნიერებას წერტილი დაესვა.

[საავტორო უფლება]

Hitler: U.S. Army photo

[სურათები 26 გვერდზე]

1. მაგდებურგის ოფისი.

2. გესტაპომ დააპატიმრა ათასობით იეჰოვას მოწმე.

[სურათი 28 გვერდზე]

ჯეიმზმა და მე უდიდესი სიხარული ვპოვეთ მსახურებაში.