არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის სწორი და რა — არასწორი?

როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის სწორი და რა — არასწორი?

როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის სწორი და რა — არასწორი?

ვის აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის სწორი და რა — არასწორი? ეს კითხვა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზევე დაიბადა. ბიბლიის წიგნ „დაბადების“ თანახმად, ღმერთმა ედემის ბაღში ერთ-ერთ ხეს ‘კეთილისა და ბოროტის შეცნობის’ ხე უწოდა (დაბადება 2:9). ღმერთმა ადამიანთა პირველ წყვილს უთხრა, არ ეჭამათ ამ ხის ნაყოფი. ღვთის მტერმა, სატანა ეშმაკმა, კი ურჩია მათ, რომ, თუ ამ ხიდან შეჭამდნენ, ‘თვალები აეხილებოდათ’ და იქნებოდნენ „ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 2:16, 17; 3:1, 5; გამოცხადება 12:9).

ადამსა და ევას უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება — მიჰყოლოდნენ კეთილისა და ბოროტის შესახებ ღვთის მიერ დადგენილ ნორმებს ან საკუთარი ნორმები დაედგინათ და მათ თანახმად ეცხოვრათ (დაბადება 3:6). პირველმა წყვილმა ღვთისადმი ურჩობის გამოვლენა არჩია და ხის ნაყოფი შეჭამა. რას ნიშნავდა ეს უბრალო ქმედება? ღვთის მიერ დადგენილი შეზღუდვისადმი უპატივცემლობის გამოვლენით მათ განაცხადეს, რომ ისინი და მათი შთამომავლები უკეთესად დაიდგენდნენ ნორმებს, რა იყო კეთილი და რა — ბოროტი, ანუ სწორი და არასწორი. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა კაცობრიობის მცდელობა, თვითონ დაედგინა ის, რაც ღვთის დასადგენი იყო?

სხვადასხვა თვალსაზრისი

ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ მოიხსენიებს კაცობრიობის ისტორიაში გამოჩენილ მოაზროვნეთა სწავლებებს და შემდეგ აღნიშნავს, რომ ბერძენი ფილოსოფოსის, სოკრატეს, დროიდან XX საუკუნემდე „გამუდმებით მიმდინარეობდა დებატები იმის თაობაზე, თუ რა არის სიკეთე; აგრეთვე, რა არის სწორი და რა — არასწორი“.

მაგალითად, ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ბერძენ გამოჩენილ მასწავლებელთა ჯგუფს სოფისტები შეადგენდნენ. მათი შეხედულებით, საზოგადოებრივი აზრი განსაზღვრავდა, თუ რა იყო სწორი და რა — არასწორი. ერთმა ასეთმა მასწავლებელმა თქვა: „რაც ზნეობრივად კარგი და მისაღებია თითოეული ქალაქისთვის, ის კარგი და მისაღებია იმ ქალაქისთვის მანამ, სანამ მისი მოქალაქეები ასე ფიქრობენ“. ამ საზომით, წინა სტატიაში მოხსენიებულ ჯოდის ფული თავისთვის უნდა დაეტოვებინა, რადგან მის საზოგადოებაში, ანუ „ქალაქში“, უმრავლესობა, ალბათ, ასე მოიქცეოდა.

სრულიად სხვაგვარი თვალსაზრისი ჰქონდა XVIII საუკუნის სახელგანთქმულ ფილოსოფოსს, იმანუელ კანტს. ეთიკის შესახებ ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამია: „იმანუელ კანტი და მისი თანამოაზრენი . . . ყურადღებას ამახვილებდნენ ადამიანთა უფლებაზე, თითოეულს თავად გაეკეთებინა არჩევანი“ (Issues in Ethics). კანტის ფილოსოფიის თანახმად, თუ ჯოდი სხვების უფლებებს არ ლახავდა, შეეძლო როგორც მოისურვებდა, ისე მოქცეულიყო. მას თავად უნდა განესაზღვრა, რა ნორმების შესაბამისად ემოქმედა და მასზე უმრავლესობის აზრს არ უნდა მოეხდინა გავლენა.

რა გადაწყვეტილება მიიღო ჯოდიმ? მან მოქმედებისთვის მესამე გზა აირჩია. ის მოიქცა იესო ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელიც მოსწონთ როგორც ქრისტიანებს, ისე არაქრისტიანებს. იესო ასწავლიდა: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ჯოდიმ 82 000 დოლარი თავის კლიენტს გადასცა, რითაც მისი გაოცება გამოიწვია. როდესაც ჰკითხეს, რატომ არ დაიტოვა ეს ფული თავისთვის, ჯოდიმ უპასუხა, რომ იეჰოვას მოწმეა და დასძინა: „ეს ფული მე არ მეკუთვნოდა და როგორ დავიტოვებდი“. ჯოდისთვის მნიშვნელოვანი იყო იესოს სიტყვების დაცვა, რომლებიც მათეს 19:18-შია ჩაწერილი: „არ მოიპარო“.

შეიძლება საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით ხელმძღვანელობა?

ზოგი ადამიანი იტყოდა, რომ ჯოდის მხრივ ამგვარი სიალალის გამოვლენა სისულელეა. მაგრამ საზოგადოებაში პოპულარული აზრი საიმედო ხელმძღვანელობას ვერ გაგვიწევს. მაგალითად, წარსულში ისეთ ქვეყანაში რომ გეცხოვრათ, სადაც უმრავლესობის მრწამსის თანახმად, ბავშვების მსხვერპლად შეწირვა მისაღები იყო (როგორც ძველ დროში ზოგ ქვეყანაში ხდებოდა), იქნებოდა სწორი ამგვარი მოქმედება? (4 მეფეთა 16:3). ან ისეთ ქვეყანაში რომ გეცხოვრათ, სადაც კანიბალიზმს ნორმალურად მიიჩნევდნენ, განა თქვენთვისაც არაფერი იქნებოდა არასწორი იმაში, რომ ადამიანის ხორცი გეჭამათ? ის ფაქტი, რომ ესა თუ ის ქმედება საყოველთაოდ გავრცელებულია, არ ნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება სწორია. ამგვარ მახეში გაბმისგან თავდასაცავად ბიბლიაში დიდი ხნის წინათ იყო მოცემული გაფრთხილება: „ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში“ (გამოსვლა 23:2).

იესო ქრისტემ კიდევ ერთი მიზეზი მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრთხილად ვიყოთ და სწორისა და არასწორის განსასაზღვრავად საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით არ ვიხელმძღვანელოთ. მან სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 14:30; ლუკა 4:6). სატანა თავის მდგომარეობას იყენებს იმისათვის, რომ შეცდომაში შეიყვანოს „მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). ამიტომ, თუ სწორისა და არასწორის შესახებ თქვენი ნორმები მხოლოდ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებაზეა დაფუძნებული, შეიძლება ზნეობრიობის შესახებ სატანის თვალსაზრისი გაითავისოთ. ეს კი აშკარად დამღუპველი იქნება.

შეგიძლიათ დაენდოთ საკუთარი განსჯის უნარს?

მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? თითოეულმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი და რა — არასწორი? ბიბლიაში ნათქვამია: „შენს გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5). რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო ნაკლი, რომელიც მათ განსჯის უნარს უმახინჯებს. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, მათ მოღალატე და ეგოისტი სატანის ნორმები გაითავისეს და ის არჩიეს თავიანთ სულიერ მამად. შემდეგ კი შთამომავლებს გადასცეს მათი ოჯახისთვის დამახასიათებელი თავისებურება — ვერაგი გული, რომელსაც იმის უნარი აქვს, რომ ამოიცნოს, რა არის სწორი, მაგრამ მიდრეკილია, აკეთოს ის, რაც არასწორია (დაბადება 6:5; რომაელები 5:12; 7:21—24).

ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ეთიკის თემის განხილვისას აღნიშნავს: „თითქოს გაოცებას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანმა იცის, ზნეობრივად რა მოეთხოვება, მაგრამ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც მას აწყობს. დასავლეთის ეთიკისთვის დიდი პრობლემაა ასეთი ხალხისთვის იმის თაობაზე არგუმენტების წარდგენა, თუ რის გაკეთებაა სწორი“. ბიბლია მართებულად ამბობს: „ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ენდობოდით ისეთ ვინმეს, ვინც ცბიერიც არის და გამოუსწორებელიც?

მათაც კი, ვისაც არ სწამს ღმერთი, აქვთ უნარი ზნეობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სწორად მოიქცნენ და სასარგებლო და კეთილშობილური ეთიკური ნორმები ჰქონდეთ. მაგრამ ამ ნორმებში მოცემული საუკეთესო პრინციპები ბიბლიური ზნეობრივი ნორმების მხოლოდ ანარეკლია. ასეთი ადამიანები შეიძლება უარყოფდნენ ღვთის არსებობას, მაგრამ მათი აზრები ცხადყოფს, რომ მემკვიდრეობით აქვთ მიღებული ღვთის თვისებების არეკვლის უნარი. როგორც ბიბლიაშია აღნიშნული, ამით ცხადი ხდება, რომ ადამიანები თავიდან „ღვთის ხატად“ იყვნენ შექმნილნი (დაბადება 1:27; საქმეები 17:26—28). პავლე მოციქული ამბობს: „ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ“ (რომაელები 2:15).

ცხადია, ერთია ადამიანმა იცოდეს, როგორ მოიქცეს და მეორე — ჰქონდეს იმის მორალური ძალა, რომ სწორად მოიქცეს. როგორ შეუძლია ვინმეს, განივითაროს ასე საჭირო მორალური ძალა? მოქმედებისკენ ადამიანს, ჩვეულებრივ, გული აღძრავს. ამიტომ ბიბლიის ავტორისადმი, იეჰოვა ღმერთისადმი, სიყვარულის განვითარება დაეხმარება ნებისმიერს ამ ძალის განვითარებაში (ფსალმუნები 24:4, 5).

სწორად მოქმედებისთვის ძალების გამონახვა

ღვთისადმი სიყვარულის განსავითარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია, დავინახოთ, რომ მისი მითითებები გონივრული და პრაქტიკულია. „ღვთის სიყვარული ის არის, — ამბობს მოციქული იოანე, — რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). მაგალითად, ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომელთა დახმარებითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ გაარჩიონ, რა არის სწორი და რა — არასწორი ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან, ნარკოტიკების გამოყენებასა თუ ქორწინებამდე სექსთან დაკავშირებით. ბიბლია დაქორწინებულ წყვილებს ასწავლის, როგორ მოაგვარონ უთანხმოებები, ხოლო მშობლებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო პრინციპებს აძლევს *. თუ ცხოვრებაში გამოიყენებენ ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს, ის სასარგებლო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან ისინი, რა განათლება აქვთ ან რომელი ქვეყნიდან არიან.

როგორც ნოყიერი საკვების მიღება გაძლევთ ძალას მუშაობისთვის, ისე ღვთის სიტყვის კითხვა — მისი ნორმების შესაბამისად ცხოვრებისთვის. იესომ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვები სასიცოცხლოდ აუცილებელ პურს შეადარა (მათე 4:4). მან აგრეთვე თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება-სურვილი“ (იოანე 4:34). ღვთის სიტყვიდან სულიერი საზრდოს მიღება დაეხმარა იესოს, წინ აღდგომოდა განსაცდელებს და გონივრული გადაწყვეტილებები მიეღო (ლუკა 4:1—13).

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ ღვთის სიტყვიდან სულიერი საზრდოთი კვება და ბიბლიაში მოცემული ნორმების გათავისება. მაგრამ გაიხსენეთ, რომ ბავშვობისას შეიძლება არ მოგწონდათ ისეთი საკვების გემო, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იყო. ძლიერი ზრდასრული ადამიანი რომ გამხდარიყავით, საჭირო იყო, შეჩვეოდით ასეთი ჯანსაღი საკვების მიღებას. მსგავსი სახით, შეიძლება დრო დაგჭირდეთ იმისათვის, რომ ღვთის ნორმების „გემო“ შეიყვაროთ. თუ ფარ-ხმალს არ დაყრით, თანდათანობით უფრო შეგიყვარდებათ ისინი და სულიერად გაძლიერდებით (ფსალმუნები 33:9; 2 ტიმოთე 3:15—17). ამგვარად ისწავლით იეჰოვაზე მინდობას და აღძრულნი იქნებით ‘ქმნათ კეთილი’, ანუ სწორად მოიქცეთ (ფსალმუნები 36:3).

შეიძლება პირადად თქვენ არასდროს ჩავარდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ჯოდი იყო. მიუხედავად ამისა, ყოველდღე გიწევთ ეთიკური ხასიათის დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ბიბლია მოგიწოდებთ: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6). იეჰოვაზე მინდობის სწავლა არა მარტო ახლა გამოგადგებათ, არამედ მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობასაც მოგცემთ, რადგან იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილების გამოვლენას ადამიანი სიცოცხლემდე მიჰყავს (მათე 7:13, 14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 18 ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასარგებლო ბიბლიური რჩევების ნახვა შეგიძლიათ წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩანართი 6 გვერდზე]

საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისი შეიძლება უხილავი ძალების გავლენით იყოს ფორმირებული.

[სურათები 5 გვერდზე]

საუკუნეების განმავლობაში ფილოსოფოსები დავობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სწორი და რა — არასწორი.

სოკრატე

კანტი

კონფუცი

[საავტორო უფლებები]

Kant: From the book The Historian’s History of the World; Socrates: From the book A General History for Colleges and High Schools; Confucius: Sung Kyun Kwan University, Seoul, Korea

[სურათები 7 გვერდზე]

ბიბლია არა მარტო სწორის არასწორისგან გარჩევას გვასწავლის, არამედ სწორად მოქმედებისკენაც აღგვძრავს.