„საოცრად კარგი“ თარგმანი
„საოცრად კარგი“ თარგმანი
ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, 1952—1990 წლებში ინგლისურ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 55 ახალი თარგმანი გამოქვეყნდა. თარგმანებიდან ჩანს, რომ ორი მთარგმნელი ამა თუ იმ ტექსტს არასდროს გადმოსცემს ერთი და იმავე სიტყვებით. იმისათვის, რომ განესაზღვრა, რამდენად სანდო იყო მთარგმნელთა ნამუშევარი, ჯეისონ ბე დიუნმა, რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწემ, რომელიც ფლაგსტაფში (არიზონა, აშშ) არსებულ ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში მუშაობს, გამოიკვლია და ერთმანეთს შეადარა რვა ცნობილი თარგმანი; მათ შორის იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. როგორი იყო შედეგი?
თუმცა ბე დიუნი არ ეთანხმება მთარგმნელთა ზოგ გადაწყვეტილებას, ის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ სხვა თარგმანებთან შედარებით „საოცრად კარგს“, „გაცილებით უკეთესს“ და „უფრო თანმიმდევრულს“ უწოდებს. საბოლოოდ, ბე დიუნი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ «ერთ-ერთი უზუსტესია ინგლისურ ენაზე არსებული „ახალი აღთქმის“ თარგმანებიდან“» და „მის მიერ შედარებული თარგმანებიდან“ (Truth in Translation: Accuracy and Bias in English Translations of the New Testament).
ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი მთარგმნელი „თანამედროვე მკითხველის სურვილებისა და მოთხოვნილებების გავლენის ქვეშ ექცევა, რის შედეგადაც ტექსტს ასხვაფერებს და იმაზე მეტს ამბობს, რაც ორიგინალშია ნათქვამი“. მეორე მხრივ, როგორც ბე დიუნმა აღნიშნა, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ განსხვავებულია, რადგან «„ახალი აღთქმის“ დამწერების მიერ შესრულებული ორიგინალის ტექსტი რაც შეიძლება ზუსტად, სიტყვასიტყვით და საგულდაგულოდ არის თარგმნილი».
ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ბიბლიის დედნიდან თანამედროვე ენაზე თარგმანის გაკეთება. შემდეგ ნათქვამია: „მთარგმნელები, რომლებმაც ეს გამოცემა მოამზადეს, ღვთის, წმინდა წერილების ავტორის სიყვარულის გამო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მისი აზრებისა და სიტყვების გადაცემაში სიზუსტის მაქსიმალურად დაცვას“.
„წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც პირველად 1961 წელს გამოიცა, დღეს ხელმისაწვდომია 32 ენაზე და ბრაილის შრიფტით — ორ ენაზე. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ–ბერძნული წერილები, ანუ „ახალი აღთქმა“, ხელმისაწვდომია დამატებით 18 ენაზე (ერთი გამოცემა კი არის ბრაილის შრიფტით). გირჩევთ, წაიკითხოთ ღვთის სიტყვის ეს „საოცრად კარგი“, თანამედროვე ენაზე შესრულებული თარგმანი, რომელიც შესაძლოა თქვენს ენაზეც არის ხელმისაწვდომი.