არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰყევით იესოს მაგალითს

მიჰყევით იესოს მაგალითს

მიჰყევით იესოს მაგალითს

„მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:15).

1. რატომ არის ქრისტიანებისთვის იესო მისაბაძი მაგალითი?

კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთმა პიროვნებამ იცხოვრა უცოდველად. ეს პიროვნება იესოა. იესოს გარდა „არ არსებობს უცოდველი კაცი“ (3 მეფეთა 8:46; რომაელები 3:23). ამიტომაც ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის იესო საუკეთესო მისაბაძი მაგალითია. მართლაც, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ თავად უთხრა თავის მიმდევრებს, რომ მისთვის მიებაძათ. მან თქვა: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:15). სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესომ მოიხსენია რამდენიმე მხარე, რომლებშიც ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ, რომ მას მიჰბაძონ. ამ სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს.

თავმდაბლობის აუცილებლობა

2, 3. როგორ იყო იესო საუკეთესო მისაბაძი მაგალითი?

2 როდესაც იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, მისთვის მიებაძათ, კონკრეტულად, მას თავმდაბლობა ჰქონდა მხედველობაში. იესომ არაერთხელ ისაუბრა თავის მიმდევრებთან თავმდაბლობის აუცილებლობაზე, 14 ნისანის ღამეს კი თავად გამოავლინა თავმდაბლობა, როცა თავის მოწაფეებს ფეხები დაჰბანა. ამის შემდეგ იესომ უთხრა მათ: „თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები“ (იოანე 13:14). შემდეგ მან თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ მისი მაგალითისთვის მიებაძათ. თავმდაბლობის რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესომ!

3 მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ დედამიწაზე მოსვლამდე იესო „იმ სახით არსებობდა, როგორც ღმერთი“. მიუხედავად ამისა, მან ყველაფერზე უარი თქვა და გახდა ადამიანი, რომელსაც არანაირი ამბიცია არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მან „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:6—8). დაფიქრდით ამაზე. იესო, რომელსაც სამყაროში მეორე ადგილი უკავია, დასთანხმდა, რომ ანგელოზებზე დაბლა დამდგარიყო, უმწეო ბავშვად დაბადებულიყო, არასრულყოფილი მშობლების მორჩილებაში გაზრდილიყო და, საბოლოოდ, საზიზღარ დამნაშავესავით მომკვდარიყო (კოლოსელები 1:15, 16; ებრაელები 2:6, 7). რამხელა თავმდაბლობაა! შესაძლებელია კი მივბაძოთ მის აზროვნებას და განვივითაროთ ისეთივე თავმდაბლობა, როგორიც მას ჰქონდა? (ფილიპელები 2:3—5). შესაძლებელია, მაგრამ ადვილი არ არის.

4. რით ამაყობენ ადამიანები, მაგრამ რატომ არის სიამაყე საშიში?

4 თავმდაბლობის საპირისპირო თვისება სიამაყეა (იგავები 6:16—19). სატანა დაცემამდე სიამაყემ მიიყვანა (1 ტიმოთე 3:6). სიამაყე ადვილად იდგამს ფესვს ადამიანთა გულებში, მისგან გათავისუფლება კი რთულია. ადამიანები ამაყობენ თავიანთი ქვეყნით, რასით, საკუთრებით, განათლებით, ქვეყნიური მიღწევებით, საზოგადოებრივი მდგომარეობით, გარეგნობით, სპორტული შესაძლებლობებითა და მრავალი სხვა რამით. მაგრამ იეჰოვასთვის არც ერთი მათგანი არ არის მნიშვნელოვანი (1 კორინთელები 4:7). და თუ ზემოთ ჩამონათვალიდან რამით მაინც ვამაყობთ, მასთან ურთიერთობას ვიფუჭებთ. „რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს“ (ფსალმუნები 137:6; იგავები 8:13).

თავმდაბლობის გამოვლენა ძმებთან

5. რატომ არის უხუცესებისთვის მნიშვნელოვანი თავმდაბლობის გამოვლენა?

5 იეჰოვას საქმეში ჩვენ მიერ შეტანილმა წვლილმა ან რაიმე თეოკრატიულმა მიღწევამ, ან კრებაში დაკისრებულმა პასუხისმგებლობებმა, არ უნდა გაგვაამაყოს (1 ნეშტთა 29:14; 1 ტიმოთე 6:17, 18). ფაქტობრივად, რაც მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მით მეტი თავმდაბლობის გამოვლენა გვჭირდება. მოციქული პეტრე მოუწოდებდა უხუცესებს: „ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:3). უხუცესები იმისათვის არიან დანიშნულნი, რომ მსახურები და მისაბაძები იყვნენ და არა ბატონები და მბრძანებლები (ლუკა 22:24—26; 2 კორინთელები 1:24).

6. ცხოვრების რომელ სფეროებში გვჭირდება ქრისტიანებს თავმდაბლობა?

6 თავმდაბლობა უხუცესების გარდა სხვებსაც სჭირდებათ. ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება ამაყობდნენ იმით, რომ ხანდაზმულებთან შედარებით უფრო სხარტი გონება და ძლიერი სხეული აქვთ, პეტრე სწერდა: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისალტოს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5). ასე რომ, ყველასთვის მნიშვნელოვანია, იესოსავით თავმდაბლობა გამოავლინოს. თავმდაბლობა გვჭირდება სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულგრილობასა და მტრულ დამოკიდებულებას ვაწყდებით. თავმდაბლობა გვჭირდება რჩევის მისაღებად ან მსახურებაში მეტი მონაწილეობის მიღების მიზნით ცხოვრების გასამარტივებლად. დაბოლოს, თავმდაბლობა გვჭირდება ვაჟკაცობასა და რწმენასთან ერთად, რომ გავუძლოთ საჯაროდ ცუდად მოხსენიებას, სასამართლო ბრალდებებს თუ სასტიკ დევნებს (1 პეტრე 5:6).

7, 8. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ თავმდაბლობა?

7 როგორ შეუძლია ადამიანს, დაძლიოს სიამაყე და ‘თავმდაბლობით ჩათვალოს სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად’? (ფილიპელები 2:3). თავის თავს მან იეჰოვას თვალით უნდა შეხედოს. საკუთარი თავისადმი სწორი დამოკიდებულება იესომ გვასწავლა, როდესაც თქვა: «ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „არაფრის მაქნისი მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკა 17:10). საჭიროა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთი ჩვენი მიღწევა ვერ შეედრება იმას, რაც იესომ გააკეთა. მაგრამ იესო თავმდაბალი იყო.

8 გარდა ამისა, შეგვიძლია დახმარებისთვის იეჰოვას მივმართოთ, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა შეგვიქმნას. ფსალმუნმომღერლის მსგავსად შეგვიძლია ვილოცოთ: „კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი“ (ფსალმუნები 118:66). იეჰოვა დაგვეხმარება, გონივრული, გაწონასწორებული თვალსაზრისი განვივითაროთ საკუთარ შესაძლებლობებზე, და გვაკურთხებს ჩვენი თავმდაბლობისთვის (იგავები 18:12). იესომ თქვა: „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათე 23:12).

მართებული თვალსაზრისი სწორსა და არასწორზე

9. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს სწორსა და არასწორზე?

9 იესო, მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის განმავლობაში არასრულყოფილ ადამიანებთან ცხოვრობდა, „უცოდველი იყო“ (ებრაელები 4:15). მესიაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში ფსალმუნმომღერალმა თქვა: „შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება“ (ფსალმუნები 44:8; ებრაელები 1:9). ქრისტიანები ისწრაფვიან, რომ ამაშიც იესოს მიჰბაძონ. მათ არა მარტო იციან, რა არის სწორი და არასწორი, არამედ სძულთ ბოროტება და უყვართ სიკეთე (ამოსი 5:15). ეს ეხმარება მათ, მედგრად შეეწინააღმდეგონ ცოდვისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებას (დაბადება 8:21; რომაელები 7:21—25).

10. როგორ დამოკიდებულებას ვამჟღავნებთ, თუ მოუნანიებლად ვცოდავთ?

10 ფარისეველ ნიკოდემოსს იესომ უთხრა: „ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში, მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნებასთან თანხმობაში აქვს გაკეთებული“ (იოანე 3:20, 21). გაიხსენეთ, რომ იოანემ იესოს უწოდა „ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ყველანაირ ადამიანს უნათებს“ (იოანე 1:9, 10). იესომ კი თქვა, რომ, თუ ‘ბოროტებას ჩავდივართ’ — ვაკეთებთ არასწორს, ანუ ღვთისმოსაწონად არ ვიქცევით — ჩვენ გვძულს სინათლე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გძულთ იესო და მისი ნორმები? მაგრამ, ზუსტად ამას აკეთებენ ისინი, რომლებიც მოუნანიებლად სცოდავენ. შესაძლოა, ისინი არ ფიქრობენ, რომ იესო სძულთ, მაგრამ, ცხადია, იესო ასე ფიქრობს.

როგორ განვივითაროთ იესოს თვალსაზრისი სწორსა და არასწორზე?

11. რისი გაკეთებაა საჭირო, რომ იესოს თვალსაზრისი განვივითაროთ სწორსა და არასწორზე?

11 ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ რა არის იეჰოვას თვალში სწორი და რა — არასწორი. ამის გაგება მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით შეგვიძლია. შესწავლისას ფსალმუნმომღერლის მსგავსად უნდა ვილოცოთ: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნები 24:4). თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ცბიერია (2 კორინთელები 11:14). მას შეუძლია შენიღბოს ბოროტება და მისაღებად მოაჩვენოს ისეთ ქრისტიანებს, რომლებიც არ ფრთხილობენ. ამიტომ, საჭიროა კარგად დავფიქრდეთ ნასწავლზე და მჭიდროდ მივყვეთ „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებებს (მათე 24:45—47). შესწავლა, ლოცვა და ნასწავლზე ფიქრი დაგვეხმარება, რომ მოწიფულები გავხდეთ და მათ შორის ვიყოთ, „რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). მაშინ განწყობილნი ვიქნებით, გვძულდეს ბოროტება და გვიყვარდეს სიმართლე.

12. რომელი ბიბლიური რჩევა გვეხმარება, რომ არასწორად არ მოვიქცეთ?

12 თუ გვძულს ბოროტება, ცუდ სურვილებს ჩვენს გულში ფესვების გადგმის საშუალებას არ მივცემთ. იესოს სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ მოციქულმა იოანემ დაწერა: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ვინაიდან ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან“ (1 იოანე 2:15, 16).

13, 14. ა) რატომ არის ქვეყნიერებისადმი სიყვარული ქრისტიანებისთვის საშიში? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყნიერებისადმი სიყვარული არ განგვივითარდეს?

13 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ქვეყნიერებაში ყველაფერი ცუდი არ არის. თუნდაც ასე იყოს, ქვეყნიერებასა და მის ცდუნებებს ხომ ადვილად შეუძლია, ყურადღება იეჰოვას მსახურებიდან სხვა რამეზე გადაგვატანინოს. და რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს, არ გვაახლოებს იეჰოვასთან. ამიტომ, თუ ქვეყნიერებაში სიყვარული გვივითარდება რაიმეს მიმართ — თუნდაც ისეთი რამის მიმართ, რაც თავისთავად ცუდი არ არის — ჩვენ სახიფათო გზას ვადგავართ (1 ტიმოთე 6:9, 10). ამასთანავე, უმეტესობა იმისა, რაც ქვეყნიერებაშია, მართლა ცუდია და შეუძლია ზნეობრივად გაგვხრწნას. ისეთ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს თუ ვუყურებთ, რომლებშიც ხაზგასმულია ძალადობა, მატერიალიზმი ან სექსუალური უზნეობა, ეს საქმეები შესაძლოა ჩვენთვისაც მისაღები გახდეს, საბოლოოდ კი ცდუნების წინაშე დაგვაყენოს. თუ ისეთ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ვისთვისაც მთავარი უზრუნველყოფილი ცხოვრების მოწყობა ან ბიზნესში წარმატებების მიღწევაა, მაშინ ასეთი მისწრაფებები შეიძლება ჩვენთვისაც ცხოვრებაში უმთავრესი გახდეს (მათე 6:24; 1 კორინთელები 15:33).

14 მაგრამ, თუ იეჰოვას სიტყვა გვსიამოვნებს, „ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი“ თავის მიმზიდველობას დაკარგავს. გარდა ამისა, თუ მათთან გვაქვს ურთიერთობა, ვისთვისაც სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უჭირავს, მათ დავემსგავსებით — შევიყვარებთ იმას, რაც მათ უყვართ და მოვერიდებით იმას, რასაც ისინი ერიდებიან (ფსალმუნები 14:4; იგავები 13:20).

15. როგორ დაეხმარა იესოს უკანონობის სიძულვილი და სამართლიანობის სიყვარული და როგორ დაგვეხმარება ისინი ჩვენც?

15 ბოროტების სიძულვილი და სამართლიანობის სიყვარული დაეხმარა იესოს, რომ ყოველთვის ხსომებოდა „სიხარული, რომელიც მოელოდა“ (ებრაელები 12:2). ეს ჩვენც დაგვეხმარება. ვიცით, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“. ნებისმიერი სიამოვნება, რომელიც ამ ქვეყნიერებაში შეიძლება გვქონდეს, მხოლოდ დროებითია. „ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). ღვთის ნების შესრულებით იესომ ადამიანებისთვის მარადიული ცხოვრება კვლავ შესაძლებელი გახადა (1 იოანე 5:13). მოდი მივბაძოთ მას და ვისარგებლოთ იმით, რაც მან ჩვენთვის გააკეთა.

დევნების პირისპირ

16. რატომ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, რომ ჰყვარებოდათ ერთმანეთი?

16 იესომ მიუთითა კიდევ ერთ სფეროზე, რომელშიც მისმა მიმდევრებმა უნდა მიბაძონ მას, როდესაც თქვა: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 15:12, 13, 17). ქრისტიანებს მრავალი მიზეზის გამო უყვართ ერთმანეთი. ამ სიტყვების თქმისას იესო, ძირითადად, ფიქრობდა იმ სიძულვილზე, რომელსაც ისინი ქვეყნიერების მხრიდან წააწყდებოდნენ. მან თქვა: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა . . . მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:18, 20). დიახ, ქრისტიანებს იესოს მსგავსად დევნიან. ამიტომ მათ ძლიერი სიყვარული სჭირდებათ, რომ ასეთ სიძულვილს გაუძლონ.

17. რატომ სძულს ქვეყნიერებას ჭეშმარიტი ქრისტიანები?

17 რატომ უნდა შეეძულებინა ქვეყნიერებას ქრისტიანები? იმიტომ რომ, იესოს მსგავსად, ისინიც „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14, 16). ისინი არ ერევიან ომებსა და პოლიტიკაში, ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად, აღიარებენ სიცოცხლის სიწმინდეს და იცავენ მაღალზნეობრივ ნორმებს (საქმეები 15:28, 29; 1 კორინთელები 6:9—11). ისინი სულიერ მიზნებს ისახავენ და არა — მატერიალურს. ისინი ცხოვრობენ ქვეყნიერებაში, მაგრამ, როგორც პავლემ დაწერა, არ არიან ‘ქვეყნიერებით სრულად მოსარგებლენი’ (1 კორინთელები 7:31). მართალია არიან ისეთებიც, ვინც აღფრთოვანებულია იმით, რომ იეჰოვას მოწმეები ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ, ღვთის მსახურები არ ღალატობენ თავიანთ პრინციპებს იმისათვის, რომ სხვების მხრიდან აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურონ. შედეგად, ქვეყნიური ხალხის უმრავლესობას არ ესმის მათი და ბევრს სძულს ისინი.

18, 19. როგორ ჰბაძავენ ქრისტიანები იესოს წინააღმდეგობისა და დევნის დროს?

18 იესოს მოციქულებმა ქვეყნიერების მხრიდან დიდი სიძულვილი მაშინ იგრძნეს, როცა იესო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს; მათ ისიც დაინახეს, თუ როგორ მოიქცა იესო ამ სიტუაციაში. მისი რელიგიური მოწინააღმდეგეები გეთსემანეს ბაღში მივიდნენ, რათა დაეპატიმრებინათ ის. პეტრე ცდილობდა, მახვილით დაეცვა იესო, მაგრამ მან უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52; ლუკა 22:50, 51). ადრე ისრაელი მტრის წინააღმდეგ მახვილით იბრძოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა შეცვლილიყო. ღვთის სამეფო „ამ ქვეყნიერების ნაწილი“ არ იყო და არც საზღვრების დაცვა სჭირდებოდა (იოანე 18:36). მალე პეტრე იმ სულიერი ერის წარმომადგენელი გახდებოდა, რომლის წევრებსაც ზეციური მოქალაქეობა ექნებოდათ (გალატელები 6:16; ფილიპელები 3:20, 21). ამ დროიდან მოყოლებული, იესოს მიმდევრები სიძულვილისა და დევნების შემთხვევაში ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც იესო მოიქცა — უშიშრად, მაგრამ მშვიდობიანად. ისინი მტკიცედ უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი იეჰოვას ხელშია და გაჭირვებისას მას მინდობოდნენ (ლუკა 22:42).

19 წლების შემდეგ პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს . . . როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტრე 2:21—23). როგორც იესომ გააფრთხილა, დროთა განმავლობაში ქრისტიანები სასტიკ დევნებს წააწყდნენ. როგორც პირველ საუკუნეში, ისევე დღესაც, ქრისტიანები იესოს მაგალითს მისდევენ და ერთგულად იტანენ ყველაფერს, რითაც აჩვენებენ, რომ მშვიდობიანები არიან (გამოცხადება 2:9, 10). მოდი ჩვენც ასე მოვიქცეთ, როდესაც ამას მდგომარეობა მოითხოვს (2 ტიმოთე 3:12).

„შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე“

20—22. რა გაგებით უნდა ‘შეიმოსონ ქრისტიანებმა უფალი იესო ქრისტე’?

20 პავლე რომაელ ქრისტიანებს სწერდა: „შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები“ (რომაელები 13:14). ქრისტიანები ისე „იმოსებიან“ იესოთი, როგორც ტანსაცმლით. ისინი ცდილობენ, თავიანთი უფლის თვისებებსა და საქციელს მიჰბაძონ და მისი ანარეკლი გახდნენ, თუმცა ამას სრულყოფილად ვერ ახერხებენ (1 თესალონიკელები 1:6).

21 ჩვენ შევძლებთ ‘შევიმოსოთ უფალი იესო ქრისტე’, თუ ახლოს გავეცნობით მის ცხოვრებას და შევეცდებით, მასავით ვიცხოვროთ. ჩვენ ვბაძავთ მას თავმდაბლობაში, სიმართლის სიყვარულსა და ბოროტების სიძულვილში, ძმებისადმი მის სიყვარულში, ქვეყნიერების ნაწილად არყოფნასა და ტანჯვის დროს მოთმინების გამოვლენაში. არ ‘ვადგენთ გეგმებს ხორცის სურვილების დასაკმაყოფილებლად’ — ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი არ არის პირველ რიგში ქვეყნიურ საქმეებში წარმატებების მიღწევა ან ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილებების მიღებისას ან რთული სიტუაციებიდან გამოსავლის ძებნისას, საკუთარ თავს ვეკითხებით: „როგორ მოიქცეოდა იესო ამ შემთხვევაში? რას მოელის ის ჩემგან?“

22 დაბოლოს, იესოს მსგავსად, ჩვენც ‘ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას’ (მათე 4:23; 1 კორინთელები 15:58). ქრისტიანები ამაშიც ჰბაძავენ იესოს დატოვებულ მაგალითს; თუ როგორ, ამას შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ქრისტიანი თავმდაბალი იყოს?

• როგორ შეგვიძლია განვივითაროთ მართებული თვალსაზრისი სწორსა და არასწორზე?

• როგორ ჰბაძავენ ქრისტიანები იესოს წინააღმდეგობისა და დევნის დროს?

• როგორ არის შესაძლებელი, ‘შევიმოსოთ უფალი იესო ქრისტე’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 7 გვერდზე]

იესომ თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

[სურათი 8 გვერდზე]

თავმდაბლობა საჭიროა ქრისტიანული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და, მათ შორის, სამქადაგებლო საქმიანობაში.

[სურათი 9 გვერდზე]

სატანას შეუძლია უზნეო გართობები მისაღებად მოაჩვენოს ქრისტიანს.

[სურათი 10 გვერდზე]

ძმებისადმი სიყვარული დაგვეხმარება, გავუძლოთ წინააღმდეგობებს.