არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მიუთითებს თუ არა სტეფანეს სიტყვები, რომლებიც საქმეების 7:59-შია ჩაწერილი, რომ ლოცვით იესოს უნდა მივმართოთ?

საქმეების 7:59-ში ნათქვამია: «ისინი ქვებს ესროდნენ სტეფანეს, ის კი ვედრებით ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“». ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ზოგს დაებადა კითხვა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვაა ‘მომსმენი ლოცვისა’ (ფსალმუნები 64:3, სსგ). მიმართავდა სინამდვილეში სტეფანე ლოცვით იესოს? მიუთითებს ეს იმაზე, რომ იესო და იეჰოვა ერთი და იგივე პიროვნებაა?

„მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ნათქვამია, რომ სტეფანე „უხმობდა ღმერთს“. მაშინ, გასაგებია, თუ რატომ აკეთებს მრავალი ისეთივე დასკვნას, როგორსაც ბიბლიის კომენტატორი მეთიუ ჰენრი. მან თქვა: „სტეფანე აქ ლოცვით მიმართავს ქრისტეს და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ“. მაგრამ ეს თვალსაზრისი მცდარია. რატომ?

„ახალ აღთქმასთან დაკავშირებით ბარენზის კომენტარებში“ ვკითხულობთ გულწრფელ აღიარებას: „სიტყვა ღმერთი დედანში არ გვხვდება და ის არც თარგმანში უნდა იყოს. ის არ გვხვდება არც ერთ ძველ [ხელნაწერში] ან თარგმანში“. როგორ მოხდა ამ მუხლში სიტყვა „ღმერთის“ ჩამატება? სწავლულმა აბიელ აბოტ ლივერმორმა ამას უწოდა „შემთხვევა, რომელიც მთარგმნელების არაობიექტურობით იყო განპირობებული“. ამიტომ თანამედროვე თარგმანთა უმეტესობაში ამოღებულია ეს არასწორად ჩასმული სიტყვა.

მიუხედავად ამისა, მრავალ თარგმანში ნათქვამია, რომ სტეფანე იესოს მიმართავდა „ლოცვით“. ახალი ქვეყნიერების თარგმანის სქოლიო აღნიშნავს, რომ გამოთქმა „ვედრებით ამბობდა“ შეიძლება აგრეთვე „მოხმობას, ლოცვასაც“ ნიშნავდეს. განა ეს იმის მაჩვენებელი არ არის, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია? არა. „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ ხნის, რომ აქ დედნისეული ბერძნული სიტყვა „ეპიკალეო“ ნიშნავს: „სურვილი ჰქონდეს, მოუხმოს . . . ვედრებით მიმართოს უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს“. პავლემ ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა, როდესაც თქვა: „კეისრის მსჯავრს ვუხმობ“ (საქმეები 25:11, სსგ). ამიტომ მართებულად ამბობს „ახალი ინგლისური ბიბლია“, რომ სტეფანე იესოს „უხმობდა“.

რამ აღძრა სტეფანე ამ სიტყვების სათქმელად? საქმეების 7:55, 56-ის თანახმად, მან „წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო“. ჩვეულებრივ, სტეფანე თხოვნით იეჰოვა ღმერთს მიმართავდა იესოს სახელით. მაგრამ ხილვაში მკვდრეთით აღდგენილი იესოს ნახვის შედეგად, სტეფანე, როგორც ჩანს, თავს თავისუფლად გრძნობდა საიმისოდ, რომ ეთქვა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“. სტეფანემ იცოდა, რომ იესოს ჰქონდა მიცემული მკვდრების აღდგენის უფლება (იოანე 5:27—29). ამიტომ ის იესოს სთხოვდა, დაეცვა მისი სული, ანუ სასიცოცხლო ძალა, იმ დღემდე, სანამ ზეცაში უკვდავად ცხოვრებისთვის აღადგენდა.

არის სტეფანეს ეს რამდენიმე სიტყვა ლოცვის ნიმუში? არა. პირველი, სტეფანე აშკარად განასხვავებდა იესოს იეჰოვასგან, რადგან ცნობაში ნათქვამია, რომ მან დაინახა „ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო“. მეორეც, მსგავსი შემთხვევები გამონაკლისია. ასეთ სიტყვებს კიდევ მხოლოდ ერთხელ ვხვდებით — ამჯერად ხილვაში მოციქული იოანე მიმართავდა უშუალოდ იესოს (გამოცხადება 22:16, 20).

დღესაც ქრისტიანები იეჰოვა ღმერთისადმი აღავლენენ თავიანთ ლოცვებს, თუმცა მათაც ურყევი რწმენა აქვთ, რომ იესო არის „აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). იმის რწმენა, რომ იესოს თავისი მიმდევრების მკვდრეთით აღდგენა შეუძლია, სტეფანესავით დაგვეხმარება და გაგვაძლებინებს გაჭირვების ჟამს.