მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს
მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს
აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშ, პატარა ეზოში თავახდილი კუბო დგას. მწუხარების გამოსახატავად დამტირებლები კუბოს ერთ რიგად უვლიან გვერდს. ხანში შესული მამაკაცი ცხედართან ჩერდება. მას სევდიანი თვალები აქვს, ცხედართან იხრება და მოთქვამს: „რატომ არ მითხარი, რომ წასვლას აპირებდი? რატომ მიმატოვე? ახლა, როცა წახვედი, დამეხმარები კიდევ?“
აფრიკის სხვა მხარეში ბავშვი დაიბადა. მისი ნახვის უფლება არავის არა აქვს. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, სანამ პატარას სხვებს ანახვებენ და, ჩვეულების მიხედვით, სახელს დაარქმევენ.
მიცვალებულთან ლაპარაკი და სხვებისგან ახალშობილის დამალვა ზოგისთვის შეიძლება საკმაოდ უცნაური ჩვეულება იყოს. მაგრამ ზოგ კულტურასა და საზოგადოებაში იმის ძლიერი რწმენა, რომ მიცვალებულები სინამდვილეში არ კვდებიან და ყველაფერს გრძნობენ, გავლენას ახდენს სიკვდილისა და დაბადების მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე.
ეს რწმენა იმდენად ღრმად არის მათში გამჯდარი, რომ აისახება ჩვეულებებსა და რიტუალებში, რომლებიც ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს მოიცავს. მაგალითად, მილიონებს სჯერათ, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა დაბადება, სქესობრივი მომწიფება, ქორწინება, მშობიარობა და სიკვდილი, იმ გზის მნიშვნელოვანი საფეხურებია, რომელსაც ადამიანი წინაპართა სულების სამყოფელამდე მიჰყავს. ისინი თვლიან, რომ გარდაცვლილი პიროვნება კვლავაც აქტიურ როლს თამაშობს მათ სიცოცხლეში,
ვინც ამქვეყნად დატოვა, და შეუძლია განაგრძოს სიცოცხლის წრებრუნვა ხელახლა დაბადების საშუალებით.ამ წრებრუნვაში ერთი საფეხურიდან მეორეზე გართულების გარეშე გადასვლას რომ შეუწყონ ხელი, უამრავ ადათსა და რიტუალს ასრულებენ. ამ წეს-ჩვეულებების არსებობის მიზეზი იმის რწმენაა, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს ცხოვრებას. ჭეშმარიტი ქრისტიანები ერიდებიან ამ რწმენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ წეს-ჩვეულებას. რატომ?
რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები?
მიცვალებულთა მდგომარეობას ბიბლია არაორაზროვნად აღწერს. მასში პირდაპირ არის ნათქვამი: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან . . . მათი სიყვარულიც, მათი სიძულვილიც, მათი შურიც უკვე გაქრა . . . არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში, სადაც შენ მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 6, 10). ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის ამ ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებას დიდი ღირებულება აქვს. მათ ესმით, რომ სული არაა უკვდავი და ის კვდება (ეზეკიელი 18:4). მათ ისიც იციან, რომ მიცვალებულთა სულები არ არსებობენ (ფსალმუნები 145:4). ძველ დროში მცხოვრები თავისი ხალხი იეჰოვამ მკაცრად გააფრთხილა, ყოველმხრივ მორიდებოდნენ ნებისმიერ ჩვეულებასა და რიტუალს, რომელთაც საფუძვლად ედო იმის რწმენა, რომ მიცვალებულები განაგრძობენ არსებობას და მათ ცოცხლებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ (მეორე რჯული 14:1; 18:9—13; ესაია 8:19, 20).
იმავეს თქმა შეიძლება პირველი საუკუნის ქრისტიანებზეც. ისინი გვერდს უვლიდნენ ცრურელიგიურ სწავლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ტრადიციულ წეს-ჩვეულებას (2 კორინთელები 6:15—17). დღეს იეჰოვას მოწმეები — რასის, წარმომავლობის თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად — შორს დგანან ისეთი ტრადიციებისა და ჩვეულებებისგან, რომლებიც დაკავშირებულია სულის უკვდავების შესახებ ცრურელიგიურ სწავლებასთან.
რა დაგვეხმარება ქრისტიანებს იმის განსაზღვრაში, თუ რომელი ჩვეულებაა მისაღები და რომელი — არა? ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხომ არაა ესა თუ ის ჩვეულება კავშირში რომელიმე არაბიბლიურ სწავლებასთან, მაგალითად იმ შეხედულებასთან, რომ მიცვალებულთა სულები გავლენას ახდენენ ცოცხლებზე. გარდა ამისა, გვმართებს ავწონ-დავწონოთ, ხომ არ შეიძლება, რომ ასეთ ჩვეულებაში ან რიტუალში მონაწილეობამ დააბრკოლოს ისინი, ვინც იცნობს იეჰოვას მოწმეთა მრწამსსა და სწავლებებს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, განვიხილოთ დაბადებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული ორი მაგალითი.
ბავშვის დაბადება და სახელის დარქმევის რიტუალი
ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული მრავალი ჩვეულება სათანადო და მისაღებია. მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც დაბადებას უყურებენ, როგორც წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსვლას, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიფრთხილის გამოვლენა მართებთ. მაგალითად, აფრიკის ზოგ ნაწილში ახალშობილი, ჩვეულებრივ, სახლში ჰყავთ და სახელს არ არქმევენ მანამ, სანამ არ გავა გარკვეული პერიოდი, რაც სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული ხანგრძლივობისაა. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ ტარდება სახელის დარქმევის რიტუალი, რომლის დროსაც ბავშვი გამოჰყავთ ეზოში და ოფიციალურად წარუდგენენ ნათესავებსა და ახლობლებს. ბავშვის სახელსაც ამ დროს აცხადებენ ოფიციალურად.
ამ ჩვეულების მნიშვნელობის განმარტებისას ერთი წიგნი ამბობს: «სიცოცხლის პირველი შვიდი დღის განმავლობაში ბავშვი ითვლება „სტუმრად“, რომელსაც სულთა სამყაროდან მიწიერ ცხოვრებაში გადმოსვლის პერიოდი აქვს . . . ბავშვი, როგორც წესი, სახლში ჰყავთ და ოჯახის წევრების გარდა მისი ნახვის უფლება არავის არ აქვს» (Ghana—Understanding the People and Their Culture).
რა მიზნით აყოვნებენ ბავშვისთვის ცერემონიულად სახელის დარქმევას? ერთი ნაშრომი განმარტავს: „მერვე დღემდე ბავშვს ადამიანად არ მიიჩნევენ. მას მეტ-ნაკლებად მაინც იმ სამყაროს უკავშირებენ, საიდანაც მოვიდა . . . ახალშობილს, ასე ვთქვათ, სახელი აქცევს ადამიანად. ამიტომ, როცა მშობლები შიშობენ, რომ ბავშვი არ გადარჩება, აყოვნებენ სახელის დარქმევას, ვიდრე არ დარწმუნდებიან,
რომ იცოცხლებს . . . ამის გამო, ამქვეყნად მოსვლასთან დაკავშირებულ ამ რიტუალს, რომელსაც ზოგჯერ ბავშვის სახალხოდ წარდგენას ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვისა და მისი მშობლებისათვის. ეს არის რიტუალი, რომელსაც ახალშობილი ადამიანურ არსებობაში მოჰყავს“ (Ghana in Retrospect).ბავშვისთვის სახელის დარქმევის ამ რიტუალს, ჩვეულებრივ, უძღვება ოჯახის თავკაცი. მართალია, ეს რიტუალი ყველგან ერთნაირად არ ტარდება, მაგრამ ხშირად მასში შედის ღვინის დაღვრა, წინაპართა სულებისადმი ლოცვით მიმართვა (რომლის დროსაც მადლიერებას გამოხატავენ ამქვეყნად ბავშვის უვნებლად მოსვლისთვის) და სხვა ჩვეულებები.
ეს წეს-ჩვეულება თავის კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ბავშვის სახელს აცხადებენ. თუმცა საკუთარი შვილისთვის სახელის დარქმევის პასუხისმგებლობა მშობლებს აკისრიათ, ხშირად სხვა ნათესავებიც დიდ როლს თამაშობენ სახელის არჩევაში. ადგილობრივ ენაზე ზოგ სახელს შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდეს, მაგალითად: „წასული და უკან დაბრუნებული“, „დედა მეორედ მოვიდა“ ან „მამა კვლავ მოვიდა“. სხვა სახელების მნიშვნელობების მიხედვით კი წინაპართა სულებს სთხოვენ, არ დააბრუნონ ბავშვი საიქიოში.
რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ გიხაროდეს ბავშვის დაბადება. ბავშვისთვის ვინმეს სახელის დარქმევა ან ისეთი სახელის შერჩევა, რომელშიც დაბადებასთან დაკავშირებული ვითარებაა ასახული, მისაღები ჩვეულებაა. და მაინც, ქრისტიანებს ღვთისმოსაწონად მოქმედება სურთ; ამიტომ ისინი სიფრთხილეს ავლენენ და ერიდებიან ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომელთა მიყოლითაც დატოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ იზიარებენ თვალსაზრისს, თითქოს ბავშვი წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსული „სტუმარია“.
ვინაიდან ბევრგან სახელის დარქმევის ჩვეულება სულთა სამყაროდან გადმოსვლის მნიშვნელოვან რიტუალად ითვლება, ქრისტიანებს ტაქტიანობა მართებთ, რათა მხედველობაში მიიღონ სხვების სინდისი და იფიქრონ იმაზე, თუ რა წარმოდგენა შეექმნებათ მათ, ვინც არაა მორწმუნე. მაგალითად, რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ზოგი, თუ ქრისტიანთა ოჯახს ახალშობილი არ გამოჰყავს სხვებთან სახელის დარქმევის რიტუალის ჩატარებამდე? რას იფიქრებენ ისინი, თუ ბავშვს ისეთ სახელს დაარქმევენ, რაც ბიბლიური ჭეშმარიტების მასწავლებლების მხრიდან მოულოდნელი იქნებოდა?
მაშასადამე, იმის განსაზღვრისას, თუ რა დაარქვან ბავშვს და — როდის, ქრისტიანები ყოველმხრივ ცდილობენ, „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ აკეთონ და, ამგვარად, არ გახდნენ დაბრკოლების მიზეზი (1 კორინთელები 10:31—33). ისინი არ ‘უვლიან გვერდს ღვთის მცნებას, რათა დაიცვან ადათ-წესები’, რომელთა დანიშნულებაც მკვდრების მომსახურებაა. ნაცვლად ამისა, ისინი პატივსა და დიდებას ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას მიაგებენ (მარკოზი 7:9, 13).
სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა
დაბადების მსგავსად, ბევრი სიკვდილსაც სულის წრებრუნვის ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნევს; მათი აზრით, ვინც კვდება, ხილული სამყაროდან მიცვალებულთა სულების უხილავ სამყაროში გადადის. მრავალს სჯერა, რომ, თუ ადამიანის სიკვდილის დროს დაკრძალვის განსაზღვრულ წეს-ჩვეულებებს არ შეასრულებენ, წინაპართა სულები, რომელთაც, მათი აზრით, ცოცხლების დასჯის ან დახმარების ძალას შესწევთ, განრისხდებიან. ეს შეხედულება უდიდეს გავლენას ახდენს დაკრძალვების მსვლელობაზე და ჩატარების წესზე.
დაკრძალვები, რომელთა დროსაც ყველაფერს აკეთებენ, რომ მიცვალებულს ასიამოვნონ, ხშირად მთელ რიგ ემოციებთან არის დაკავშირებული — ცხედრის წინ შემზარავი მოთქმა-გოდებით დაწყებული, დასაფლავების შემდეგ საზეიმო მხიარულებით დამთავრებული. ასეთი დაკრძალვების დროს ხშირად ჩვეულებრივი მოვლენაა ზომაგადასული ქეიფი, დათრობა და ხმამაღალ მუსიკაზე ცეკვა. დაკრძალვებს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ხშირად სიღატაკეში მცხოვრები ოჯახებიც კი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავი მოუყარონ საკმარის თანხას „სათანადო დაკრძალვის“ ჩასატარებლად, თუნდაც ამის გამო უფრო დიდ გაჭირვებაში და ვალებში ჩაცვივდნენ.
უკვე არაერთი წელია, რაც იეჰოვას მოწმეები უარყოფენ დაკრძალვის არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებს *. ასეთ ჩვეულებებში შედის მიცვალებულისთვის ღამის გათევა, ღვინის დაღვრა, მიცვალებულთან ლაპარაკი და მისთვის რამის თხოვნა, წლისთავი და სხვა ჩვეულებები, რომლებსაც საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას. ღვთის შეურაცხმყოფელი ასეთი ჩვეულებები „უწმიდური“ „ფუჭი ცდუნებებია“, რომლებიც დაფუძნებულია „ადამიანთა ადათ-წესებზე“ და არა — ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაზე (ესაია 52:11; კოლოსელები 2:8).
გარშემომყოფთა ზეგავლენა
ზოგისთვის საკმაოდ რთულია ტრადიციული წეს-ჩვეულებებისთვის გვერდის ავლა, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც მიცვალებულთა სულების პატივსაცემ ჩვეულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეები არ მიჰყვებიან ასეთ ჩვეულებებს, მათ ეჭვის თვალით უყურებენ და გარშემომყოფთა და მიცვალებულთა მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. კრიტიკისა და დიდი ზეგავლენის გამო ზოგ ქრისტიანს ეშინია, იყოს სხვებისგან განსხვავებული, მიუხედავად იმისა, რომ მათ სწორად ესმით ბიბლიური ჭეშმარიტება (1 პეტრე 3:14). სხვები ფიქრობენ, რომ ეს ჩვეულებები მათი კულტურის ნაწილია და არ შეიძლება, სრულიად იქნეს უგულებელყოფილი. ზოგის აზრით, წეს-ჩვეულებებისთვის გვერდის ავლამ ადგილობრივი მოსახლეობა შეიძლება ღვთის ხალხის წინააღმდეგ განაწყოს.
ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ზედმეტად გავაღიზიანოთ სხვები. და მაინც, ბიბლია გვეუბნება, რომ ჭეშმარიტების მხარეზე მტკიცედ დგომას ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება (იოანე 15:18, 19; 2 ტიმოთე 3:12; 1 იოანე 5:19). ასეთ პოზიციას ჩვენ გააზრებულად ვიკავებთ, რადგანაც ვიცით, რომ უნდა განვსხვავდებოდეთ მათგან, ვინც სულიერ სიბნელეშია (მალაქია 3:18; გალატელები 6:12). იესო ეწინააღმდეგებოდა სატანის ცდუნებას და არ აკეთებდა ისეთ რამეს, რაც ღმერთს არ ესიამოვნებოდა. მსგავსად, ჩვენც ვეწინააღმდეგებით ზეგავლენას და არ ვდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელთაც ღმერთი არ მოიწონებს (მათე 4:3—7). ქრისტიანები გარშემომყოფთა შიშით არ მოქმედებენ. მათთვის მთავარია, იეჰოვა ღმერთს ასიამოვნონ და პატივი მიაგონ მას, როგორც ჭეშმარიტების ღმერთს. ამიტომაც, სხვების ზეგავლენის მიუხედავად, ისინი უკომპრომისოდ მიჰყვებიან წმინდა თაყვანისმცემლობას და იცავენ ბიბლიურ ნორმებს (იგავები 29:25; საქმეები 5:29).
მიცვალებულებს ისე ვცეთ პატივი, რომ იეჰოვა განვადიდოთ
სავსებით ბუნებრივია, განიცდიდე დიდ ემოციურ ტკივილსა და მწუხარებას, როდესაც ახლობელი გიკვდება (იოანე 11:33, 35). როცა გვახსოვს მიცვალებული და დაკრძალვის ორგანიზებაზე საკადრისად ვზრუნავთ, ამით სათანადოდ და მისაღები სახით გამოვხატავთ სიყვარულს. მაგრამ იეჰოვას მოწმეები უდიდეს მწუხარებას ისე უმკლავდებიან, რომ არ მონაწილეობენ ღვთისთვის მიუღებელ ტრადიციულ ჩვეულებებში. ეს არაა ადვილი მათთვის, ვინც ისეთ კულტურაში აღიზარდა, სადაც მიცვალებულების ძალიან ეშინიათ. შეიძლება რთული იყოს გაწონასწორებულობის შენარჩუნება, როცა ემოციურად განადგურებულნი ვართ ახლობლის დაღუპვით. მიუხედავად ამისა, ერთგული ქრისტიანებისთვის სიმტკიცის წყაროა იეჰოვა, „ყოველგვარი ნუგეშის მამა“; მათ ასევე ეხმარება თანაქრისტიანთა მხარდაჭერა (2 კორინთელები 1:3, 4). ჭეშმარიტ ქრისტიანებს მტკიცედ სწამთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ღვთის მეხსიერებაში მყოფი მიცვალებულები აღდგებიან. ეს ყოველგვარ საფუძველს უქმნის მათ, რომ არანაირი საერთო არ იქონიონ დაკრძალვის არაქრისტიანულ წეს–ჩვეულებებთან, რომელთა არსებობითაც უარყოფილია მკვდრეთით აღდგომის რეალურობა.
განა არ ვართ მადლიერნი, რომ იეჰოვამ ‘სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგვიხმო’? (1 პეტრე 2:9). ბავშვის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს განვიცდით თუ ახლობლის სიკვდილის გამო მწუხარებას ვუმკლავდებით, დაე სწორად მოქმედების ძლიერმა სურვილმა და იეჰოვა ღმერთისადმი უდიდესმა სიყვარულმა ყოველთვის აღგვძრას, ვიაროთ „როგორც სინათლის შვილებმა“. მოდი ნურასდროს გავიუწმინდურებთ სულიერად თავს არაქრისტიანული წეს–ჩვეულებებით, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს (ეფესოელები 5:8).
[სქოლიოები]
^ აბზ. 23 იხილეთ ბროშურები „მიცვალებულთა სულები — შეუძლიათ მათ დახმარება ან ზიანის მოტანა? ნამდვილად არსებობენ ისინი?“ (რუს.) და „იპოვეთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზა?“ (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.