რატომ ეჭვობს ბევრი, რომ რელიგიას შეუძლია კაცობრიობის გაერთიანება?
რატომ ეჭვობს ბევრი, რომ რელიგიას შეუძლია კაცობრიობის გაერთიანება?
„გიყვარდეს მოყვასი შენი“ (მათე 22:39, სსგ). ამ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს მრავალ რელიგიაში მოისმენთ. თუ ასეთი რელიგიები ეფექტურად ასწავლიდნენ თავიანთ მრევლს, ჰყვარებოდათ მოყვასი და თანამორწმუნეები, მაშინ ამას უნდა დაეახლოებინა და გაეერთიანებინა ისინი. მაგრამ შეიმჩნევა მსგავსი რამ ამ რელიგიებში? არის რელიგია გამაერთიანებელი ძალა? ახლახან გერმანიაში ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც მოსახლეობას დაუსვეს შეკითხვა: აერთიანებს რელიგია ადამიანებს, თუ პირიქით, ყოფს ერთმანეთისგან? გამოკითხულთა 22 პროცენტმა მიიჩნია, რომ აერთიანებს, მაშინ როცა, 52 პროცენტმა ჩათვალა, რომ ყოფს. შესაძლოა, თქვენს ქვეყანაშიც უმრავლესობა ასე ფიქრობს.
რატომ არ სჯერა მრავალს, რომ რელიგიას შეუძლია ადამიანთა გაერთიანება? ალბათ, წარსული მოვლენების საფუძველზე. ნაცვლად იმისა, რომ რელიგია აახლოებდეს ხალხს ერთმანეთთან, იგი ხშირად მათ დაყოფისკენ უბიძგებს. ზოგ შემთხვევაში, სწორედ რელიგია დგას იმ საშინელებების უკან, რაც ხდება. განვიხილოთ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა.
რელიგიის გავლენით
მეორე მსოფლიო ომის დროს ბალკანეთში კათოლიკე ხორვატები და მართლმადიდებელი სერბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორივე ჯგუფი აცხადებდა, რომ ქრისტეს მიმდევრები იყვნენ — ქრისტესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მოყვასი. მაგრამ მათ დაპირისპირებას მოჰყვა „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სამოქალაქო ხოცვა-ჟლეტა კაცობრიობის ისტორიაში“, როგორც ამას ერთი მკვლევარი აღნიშნავს. მსოფლიო შეძრა 500 000-ზე მეტი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილმა.
1947 წელს ინდოეთში მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი — 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად ინდუსები, მუსლიმანები და სიქიზმის მიმდევრები იყვნენ. აქ მომხდარი განხეთქილების შედეგად წარმოიშვა ისლამური მრწამსის მქონე ქვეყანა — პაკისტანი. იმ დროს, ამ ორ ქვეყანას შორის რელიგიურ საფუძველზე გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტისას, ასობით ათასი ლტოლვილი დაწვეს, სცემეს, აწამეს და მოკლეს.
თითქოს უკვე მომხდარი საშინელებები საკმარისი არ იყო, რომ ამ საუკუნის გარიჟრაჟზე ტერორიზმის საფრთხე უფრო გამოიკვეთა. დღეს ტერორიზმმა ფეხზე დააყენა მთელი მსოფლიო და მრავალი ტერორისტული ჯგუფი აცხადებს, რომ რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებიან. რელიგია აღარ ითვლება ერთიანობის ხელშემწყობად. პირიქით, იგი
ხშირად ძალადობისა და განხეთქილების თანამონაწილეა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გერმანულმა გაზეთმა „ფოკუსმა“ მსოფლიოს ძირითადი რელიგიები — ბუდიზმი, ქრისტიანული სამყარო, კონფუციანელობა, ინდუიზმი, ისლამი, იუდაიზმი და დაოსიზმი — დენთის კასრს შეადარა.შიდა განხეთქილებები
იმ დროს, როდესაც ზოგი რელიგია ერთმანეთს ებრძვის, ზოგში შიდა განხეთქილებები შეინიშნება. მაგალითად, გასულ წლებში ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში განუწყვეტლივ დაობდნენ სწავლებებთან დაკავშირებით. როგორც სამღვდელოება, ისე მრევლი სვამს კითხვებს: მისაღებია თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება? რა შეიძლება ითქვას აბორტზე? შეიძლება თუ არა ქალებმა იმსახურონ მღვდლებად? რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ეკლესიას ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით? უნდა ამართლებდეს რელიგია ომს? ამ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვაობის შემხედვარე მრავალ ადამიანს ებადება კითხვა: ‘როგორ შეუძლია რელიგიას კაცობრიობის გაერთიანება, როცა მის შიგნითაც კი არ არის ერთიანობა’?
ნათელია, რომ საერთო ჯამში, რელიგიამ ვერ შეასრულა გამაერთიანებლის როლი. მაგრამ ყველა რელიგიაზე შეიძლება ამავეს თქმა? არსებობს განსხვავებული რელიგია — რელიგია, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის გაერთიანება?
[სურათი 3 გვერდზე]
პოლიციელები, რომლებიც 1947 წელს ინდოეთში რელიგიური შეტაკების დროს დაიჭრნენ.
[საავტორო უფლება]
Photo by Keystone/Getty Images