არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საფუძვლიანი დამოწმებისთვის მომზადებულნი

საფუძვლიანი დამოწმებისთვის მომზადებულნი

საფუძვლიანი დამოწმებისთვის მომზადებულნი

„იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).

1, 2. რა დავალება ჰქონდა მიცემული პეტრეს და ვისგან?

„მან [იესო ნაზარეთელმა] გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა“ (საქმეები 10:38, 42). ამ სიტყვებით პეტრე მოციქულმა კორნელიუსსა და მის ოჯახს აუხსნა, რომ მას ქადაგება ჰქონდა დავალებული.

2 როდის მისცა იესომ ეს დავალება მოწაფეებს? როგორც ჩანს, პეტრეს მხედველობაში ჰქონდა იესოს სიტყვები, რომლებიც მან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ზეცად ამაღლებამდე წარმოთქვა. მაშინ იესომ თავის ერთგულ მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). მაგრამ პეტრემ რამდენიმე ხნით ადრე უკვე იცოდა, რომ მას, როგორც იესოს მოწაფეს, უნდა ესაუბრა სხვებთან იესოსადმი თავისი რწმენის შესახებ.

სამწლიანი მომზადება

3. რა სასწაული მოახდინა იესომ და რა შესთავაზა მან პეტრესა და ანდრიას?

3 იესო ახ. წ. 29 წელს, თავისი მონათვლიდან რამდენიმე თვეში, გალილეის ზღვის მახლობლად ქადაგებდა. ის მივიდა პეტრესთან და მის ძმასთან, ანდრიასთან, რომლებიც მეთევზეები იყვნენ. ძმები თევზის დასაჭერად მთელი ღამის განმავლობაში შრომობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, იესომ უთხრა მათ: „შეცურდი[თ] ღრმა წყალში და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. როდესაც ისინი იესოს ნათქვამის თანახმად მოიქცნენ, „იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ“. ამ სასწაულის დანახვაზე პეტრე შიშმა მოიცვა, მაგრამ იესომ დაამშვიდა: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ ცოცხლად“ (ლუკა 5:4—10).

4. ა) როგორ ამზადებდა იესო მოწაფეებს მქადაგებლებად? ბ) რა შედარების გაკეთება შეიძლება იესოსა და მისი მოწაფეების მსახურებას შორის?

4 პეტრემ და ანდრიამ, ასევე ზებედეს ძეებმა — იაკობმა და იოანემ, მაშინვე დატოვეს თავიანთი ნავები და იესოს გაჰყვნენ. თითქმის სამი წლის მანძილზე ისინი იესოსთან ერთად სხვადასხვა ადგილებში დადიოდნენ და მისგან ქადაგებას სწავლობდნენ (მათე 10:7; მარკოზი 1:16, 18, 20, 38; ლუკა 4:43; 10:9). ამ სწავლების დასასრულს, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, იესომ უთხრა მათ: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რომლებსაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). იესოს მოწაფეებს, მის მსგავსად, საფუძვლიანად უნდა დაემოწმებინათ, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით. მალე მათ ისიც შეიტყვეს, რომ მომავალ მოწაფეებთან ერთად ‘ყველა ერისთვის’ უნდა ექადაგათ „ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20).

5. როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება იმ სწავლებიდან, რომლის დახმარებითაც იესო მოწაფეებს მქადაგებლებად ამზადებდა?

5 ჩვენ „ამ სისტემის აღსასრულის“ პერიოდში ვცხოვრობთ (მათე 24:3). პირველი მოწაფეებისგან განსხვავებით, იესოს გვერდით არ ვართ და, ამიტომ, თვალყურს ვერ ვადევნებთ მის ქადაგებას. მიუხედავად ამისა, ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სარგებლობა, თუ ბიბლიის კითხვისას დავფიქრდებით, როგორ ქადაგებდა იესო და რა მითითებებს აძლევდა თავის მიმდევრებს (ლუკა 10:1—11). სხვა საკითხებთან ერთად, ამ სტატიაში განხილული იქნება უმნიშვნელოვანესი მხარე, რაც იესომ მოწაფეებს დაანახვა — კერძოდ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მათ სამქადაგებლო მსახურების მიმართ.

ხალხით გულწრფელად დაინტერესებული

6, 7. იესოს რომელმა თვისებამ განაპირობა მსახურებაში მისი წარმატება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამ მხრივ?

6 რა განაპირობებდა მსახურებაში იესოს წარმატებას? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ იესო გულწრფელ ინტერესსა და მზრუნველობას ავლენდა ადამიანების მიმართ. ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო ‘შეიწყნარებდა დავრდომილსა [„საწყალსა“, აქ] და ღარიბს’ (ფსალმუნები 71:13). მან, რასაკვირველია, შეასრულა ეს წინასწარმეტყველება. მაგალითად, როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, ერთხელ იესოს ასეთი გრძნობები დაეუფლა: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ძალიან ცოდვილი ადამიანებიც კი გრძნობდნენ იესოს მიერ გამოვლენილ ყურადღებას, რაც მათ იზიდავდა მისკენ (მათე 9:9—13; ლუკა 7:36—38; 19:1—10).

7 ჩვენც ვიქნებით ქადაგების დროს წარმატებულნი, თუ მსგავს გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ ადამიანების მიმართ. მსახურების დაწყებამდე ცოტა ხნით რატომ არ დაფიქრდებოდით იმაზე, თუ რამდენად ესაჭიროებათ ადამიანებს იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც უზიარებთ? დაფიქრდით ადამიანთა ისეთ პრობლემებზე, რომლებსაც მხოლოდ სამეფო გადაჭრის. ყველას მიმართ დადებითად იყავით განწყობილნი, რადგან არ იცით, ვინ გამოეხმაურება თქვენ მიერ გადაცემულ ცნობას. შესაძლოა, მომდევნო ადამიანი, ვისთანაც მოგიწევთ შეხვედრა, ლოცულობს, რომ ვინმე, თქვენ მსგავსად, მივიდეს მასთან და დახმარება აღმოუჩინოს.

სიყვარულით აღძრული

8. რა აღძრავს, იესოს მსგავსად, მის მიმდევრებს სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ?

8 სასიხარულო ცნობა, რომელსაც იესო აცხადებდა, დაკავშირებული იყო იეჰოვას ნების შესრულებასთან, მისი სახელის განწმენდასთან და მისი უზენაესობის გამართლებასთან — ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა (მათე 6:9, 10). მამისადმი სიყვარული იესოს აღძრავდა, ბოლომდე შეენარჩუნებინა ერთგულება და საფუძვლიანად დაემოწმებინა სამეფოს შესახებ, რომელიც გადაჭრის აღნიშნულ საკითხებს (იოანე 14:31). ასეთივე სიყვარული დღეს იესოს მიმდევრებსაც აღძრავს მოქმედებისკენ; ამიტომ ისინი გულმოდგინედ მონაწილეობენ მსახურებაში. იოანე მოციქულმა თქვა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“, რაც სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებასაც მოიცავს (1 იოანე 5:3; მათე 28:19, 20).

9, 10. ღვთისადმი სიყვარულის გარდა, კიდევ ვისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას საფუძვლიანი ქადაგებისკენ?

9 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ“ (იოანე 14:15, 21). ასე რომ, იესოსადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, დავამოწმოთ ჭეშმარიტების შესახებ და მის მიერ მოცემული სხვა მითითებებიც დავიცვათ. იესომ ერთხელ, როდესაც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოწაფეებს, პეტრეს მოუწოდა: „აძოვე ჩემი ბატკნები . . . დამწყემსე ჩემი ბატკნები . . . აძოვე ჩემი ბატკნები“. რას უნდა აღეძრა პეტრე ამისკენ? პასუხი ჩანს იმ კითხვიდან, რომელიც იესომ რამდენჯერმე დაუსვა პეტრეს: „გიყვარვარ? . . გიყვარვარ? . . გიყვარვარ?“ დიახ, პეტრე იესოსადმი სიყვარულს უნდა აღეძრა იმისკენ, რომ საფუძვლიანად დაემოწმებინა, ეძებნა იესოს „ბატკნები“ და, შემდგომ, მათი სულიერი მწყემსი ყოფილიყო (იოანე 21:15—17).

10 მართალია, ჩვენ დღეს, პეტრეს მსგავსად, პირადად არ ვიცნობთ იესოს, მაგრამ კარგად გვესმის, თუ რა გააკეთა მან ჩვენთვის. ის, რომ იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა და ‘სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის’, ჩვენი გულის სიღრმემდე აღწევს (ებრაელები 2:9; იოანე 15:13). პავლე მოციქულის გრძნობებს ჩვენც ვიზიარებთ: „იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს ჰქონდა . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ [მისთვის]“ (2 კორინთელები 5:14, 15). სულითა და გულით ვაფასებთ იესოს მიერ ჩვენდამი გამოვლენილ სიყვარულს და ამ სიყვარულის საპასუხოდ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით მის დავალებას — საფუძვლიანად ქადაგებას (1 იოანე 2:3—5). ჩვენ არასდროს ვისურვებთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება გვქონდეს სამქადაგებლო საქმიანობის მიმართ და იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის ფასი გავაუბრალოოთ (ებრაელები 10:29).

უმნიშვნელოვანეს საქმეზე კონცენტრირებული

11, 12. რა მიზნით მოვიდა იესო დედამიწაზე და როგორ ცხადყოფდა ის, რომ მისთვის ამ მიზნის მიღწევა უმნიშვნელოვანესი იყო?

11 იესომ პონტოელ პილატეს ასეთი სიტყვები უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37). იესო არაფერს რთავდა იმის ნებას, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამოწმებაში მისთვის ხელი შეეშალა. ღვთის ნებაც სწორედ ეს იყო იესოსთან დაკავშირებით.

12 სატანამ, რასაკვირველია, გამოსცადა იესო ამ მხრივ. მონათვლიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, სატანამ შესთავაზა მას, რომ გამოჩენილ ადამიანს გახდიდა მთელი დედამიწის ზურგზე და „მსოფლიოს ყველა სამეფოსა და მათ დიდებას“ მისცემდა (მათე 4:8, 9). მოგვიანებით, იუდეველებმა მისი გამეფება მოისურვეს (იოანე 6:15). ზოგი შეიძლება ასე მსჯელობდეს: იესოს რომ მიეღო იუდეველების წინადადება, ის, როგორც მიწიერი მეფე, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ხალხისთვის. მაგრამ იესო სხვაგვარად ფიქრობდა. ის უმნიშვნელოვანეს საქმედ ჭეშმარიტების შესახებ დამოწმებას მიიჩნევდა.

13, 14. ა) რა ეხმარებოდა იესოს, რომ ყოველთვის უმნიშვნელოვანეს საქმეზე ყოფილიყო კონცენტრირებული? ბ) რის გაკეთება შეძლო იესომ, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ღარიბი იყო?

13 ამასთან, იესო არ ისწრაფოდა სიმდიდრისკენ, რაც ხელს უწყობდა, კონცენტრირებული ყოფილიყო უმნიშვნელოვანეს საქმეზე. სწორედ ამიტომ არ იყო ის მდიდარი. იესოს საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა. ერთხელ მან თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (მათე 8:20). როდესაც იესო მოკვდა, ერთადერთი ძვირფასი რამ, რაც მას გააჩნდა, ბიბლიის თანახმად, იყო მოსასხამი, რომელზეც რომაელმა ჯარისკაცებმა წილი ყარეს (იოანე 19:23, 24). მაგრამ წარუმატებელი იყო იესოს ცხოვრება? სრულიადაც არა!

14 ვერც ერთი უმდიდრესი ქველმოქმედის საქმეები ვერ შეედრება იმას, რაც იესომ გააკეთა. პავლემ აღნიშნა: „თქვენ იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა — ის მდიდარი იყო და თქვენი გულისთვის გაღარიბდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღარიბით“ (2 კორინთელები 8:9; ფილიპელები 2:5—8). თუმცა იესო მატერიალურად ღარიბი იყო, მისი წყალობით თავმდაბალ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულყოფილებას მიაღწიონ და მარადიულად იცხოვრონ. ამის გამო ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ! და რაოდენ გვიხარია, რომ იესომ ჯილდო მიიღო, ვინაიდან უმნიშვნელოვანეს საქმედ ღვთის ნების შესრულებას მიიჩნევდა! (ფსალმუნები 39:9; საქმეები 2:32, 33, 36).

15. რა არის სიმდიდრეზე უფრო ფასეული?

15 დღეს ქრისტიანები ბაძავენ იესოს და არ ისწრაფვიან სიმდიდრისკენ, რაც მათ ეხმარება, უმნიშვნელოვანეს საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულნი (1 ტიმოთე 6:9, 10). მათ იციან, რომ სიმდიდრე ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, მაგრამ ისიც ესმით, რომ მათი მარადიული კეთილდღეობა სიმდიდრეზე არ არის დამოკიდებული. როდესაც ქრისტიანი კვდება, ქონება ისეთივე უფასური ხდება მისთვის, როგორიც იესოსთვის გახდა სიკვდილის შემდეგ მისი მოსასხამი (ეკლესიასტე 2:10, 11, 17—19; 7:12). ერთადერთი ნამდვილად ფასეული რამ, რაც ქრისტიანს მემკვიდრეობად რჩება, ეს არის იეჰოვასთან და იესო ქრისტესთან მისი ურთიერთობა (მათე 6:19—21; ლუკა 16:9).

უშიშარი წინააღმდეგობის წინაშე

16. როგორ რეაგირებდა იესო წინააღმდეგობაზე?

16 წინააღმდეგობამ ხელი ვერ შეუშალა იესოს, მთავარი ყურადღება ჭეშმარიტების შესახებ დამოწმებაზე ჰქონოდა გადატანილი. თუმცა მან იცოდა, რომ მიწიერი ცხოვრების დასასრულს მსხვერპლად უნდა შეეწირა საკუთარი სიცოცხლე, ამის გამო გული არ გაუტეხავს. პავლემ იესოს შესახებ თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელები 12:2). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ „სირცხვილი არაფრად ჩააგდო“. მას არ აღელვებდა, რას ფიქრობდნენ მის შესახებ მოწინააღმდეგეები. იესოსთვის მთავარი ღვთის ნების შესრულება იყო.

17. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მოთმინებაზე დაფიქრებით?

17 იესოს მოთმინების მაგალითის მოყვანით პავლე ქრისტიანებს ამხნევებს: „რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე, დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთსავე თავს აყენებდნენ ზიანს“ (ებრაელები 12:3). თუმცა, შეიძლება დამქანცველი იყოს ყოველდღიურად წინააღმდეგობისა და დაცინვის ატანა. შესაძლოა ძალების გამომცლელი იყოს ისიც, რომ გამუდმებით ვუწევთ წინააღმდეგობას ქვეყნიერებაში არსებულ ცდუნებებს; მაგალითად, შესაძლოა გაუთავებელ კრიტიკას ვისმენთ ნათესავებისგან, რომლებიც მოგვიწოდებენ, „საკუთარ თავზეც ვიფიქროთ“. მიუხედავად ამისა, იესოს მსგავსად, ჩვენც იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან პირველ ადგილზე ღვთის სამეფოს ვაყენებთ (მათე 6:33; რომაელები 15:13; 1 კორინთელები 2:4).

18. რის სწავლა შეგვიძლია იესოს მიერ პეტრეს საყურადღებოდ ნათქვამი სიტყვებიდან?

18 იესოს მტკიცე პოზიცია განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც მოწაფეებს მოახლოებული სიკვდილის შესახებ აცნობა. პეტრემ მოუწოდა იესოს, ‘შეეწყალებინა’ თავი და არწმუნებდა: „ნუ დამართებ თავს ამას“. იესოს არ სურდა ისეთი რამის მოსმენა, რასაც შეეძლო შეერყია მისი გადაწყვეტილება, შეესრულებინა იეჰოვას ნება. იესო მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის. შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:21—23). მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის უარვყოთ ადამიანური აზროვნება და ღვთიური აზროვნებით ვიხელმძღვანელოთ.

ხანგრძლივ კეთილდღეობას მხოლოდ ღვთის სამეფო მოიტანს

19. თუმცა იესო ბევრ სასწაულს ახდენდა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მსახურების დროს?

19 იესომ ბევრი სასწაული მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ მესია იყო. მან მკვდრებიც კი აღადგინა. ასეთი კეთილი საქმეები იზიდავდა ხალხს იესოსკენ, მაგრამ ის დედამიწაზე იმ მიზნით არ იყო გამოგზავნილი, რომ უბრალოდ სოციალური პრობლემები გადაეჭრა. ის ჭეშმარიტების შესახებ დასამოწმებლად მოვიდა. იესომ იცოდა, რომ მის მიერ ადამიანთა მატერიალური საჭიროებების ნებისმიერი სახით დაკმაყოფილებას დროებითი სარგებლობა მოჰქონდა. დადგებოდა დრო, როდესაც მკვდრეთით აღდგენილებიც კი კვლავ დაიხოცებოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების შესახებ დამოწმების საშუალებით შეძლებდა ის, დახმარებოდა ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მოპოვებაში (ლუკა 18:28—30).

20, 21. როგორ ინარჩუნებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები გაწონასწორებულობას კეთილ საქმეებთან დაკავშირებით?

20 დღეს ზოგი ცდილობს, მიბაძოს იესოს კეთილ საქმეებს; ისინი აშენებენ საავადმყოფოებს ან ღარიბებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. ზოგჯერ მათ ეს ძალიან დიდ ფასად უჯდებათ და მათი გულწრფელობა მართლაც რომ დასაფასებელია. მაგრამ სხვების მდგომარეობის შესამსუბუქებლად დღესდღეობით გაკეთებულ ნებისმიერ სიკეთეს დროებითი სარგებლობა მოაქვს. მხოლოდ ღვთის სამეფო მოიტანს ხანგრძლივ კეთილდღეობას. ამიტომ იეჰოვას მოწმეებს, იესოს მსგავსად, მთავარი ყურადღება სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების დამოწმებაზე აქვთ გადატანილი.

21 რასაკვირველია, ჭეშმარიტი ქრისტიანები აკეთებენ კეთილ საქმეებს. პავლემ დაწერა: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10). როდესაც ვინმე კრიტიკულ მდგომარეობაშია ან დახმარებას საჭიროებს, ჩვენ უყოყმანოდ ‘ვუკეთებთ სიკეთეს’ მოყვასს და ქრისტიან და-ძმებს. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვნად ჭეშმარიტების შესახებ ქადაგებას მივიჩნევთ.

მივყვებით იესოს მაგალითს

22. რატომ ქადაგებენ ქრისტიანები თავიანთ მოყვასთან?

22 პავლემ დაწერა: „ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორინთელები 9:16). პავლეს სასიხარულო ცნობის მიმართ არ ჰქონდა გულგრილი დამოკიდებულება, რადგან ესმოდა, რომ ამ ცნობის ქადაგება პირადად მისთვის და მისი მსმენელებისთვის სიცოცხლეს ნიშნავდა (1 ტიმოთე 4:16). ჩვენც მსგავსი თვალსაზრისი გვაქვს მსახურებაზე. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ მოყვასს; გვსურს, სიყვარული გამოვავლინოთ იეჰოვას მიმართ; და გვსურს, დავუმტკიცოთ იესოს, რომ გვიყვარს ის და ვაფასებთ ჩვენდამი მის მიერ გამოვლენილ უდიდეს სიყვარულს. ამგვარად, სასიხარულო ცნობის ქადაგებით ‘ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ ვცხოვრობთ, არამედ ღვთის ნების შესასრულებლად’ (1 პეტრე 4:1, 2).

23, 24. ა) რის სწავლა შეგვიძლია იესოს მიერ მოხდენილ სასწაულზე დაფიქრებით? ბ) ვინ ქადაგებს დღეს საფუძვლიანად?

23 იესოს მსგავსად, არ გვსურს, რომ ქადაგების დროს სხვების დაცინვამ ან ჩვენ მიერ გადაცემული ცნობის უხეშად უარყოფამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი საქმიანობიდან. ჩვენთვის კარგი გაკვეთილია იესოს სასწაული, რომელიც მან პეტრეს და ანდრიას მოხმობისას მოახდინა. ეს სასწაული გვეხმარება იმის დანახვაში, რომ, თუ ვემორჩილებით იესოს და, ასე ვთქვათ, ბადეებს ვისვრით იქ, სადაც, ერთი შეხედვით, თევზი საერთოდ არ არის, შეიძლება ბევრი თევზი დავიჭიროთ. ბევრმა ქრისტიანმა „მეთევზემ“ ერთი შეხედვით უნაყოფო ტერიტორიებში წლების მანძილზე მსახურების წყალობით შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. სხვებმა უფრო ნაყოფიერ „სათევზაო ადგილებში“ გადასვლა მოახერხეს, სადაც ბევრი „თევზი დაიჭირეს“. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ „თევზსაჭერი ბადეების მოსროლას“. იესოს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დედამიწის რომელიმე ნაწილში დასასრულს მიუახლოვდა (მათე 24:14).

24 ამჟამად ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებს. 2005 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იქნება იეჰოვას მოწმეთა 2004 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში. ეს ანგარიში იმის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ უხვად აკურთხებს იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობას. დაე ამ სისტემის ბოლო დღეებში კვლავაც გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს მიერ წარმოთქმული მოქმედებისკენ აღმძვრელი სიტყვები: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმოთე 4:2). მოდი განვაგრძოთ საფუძვლიანად ქადაგება მანამ, სანამ იეჰოვა არ იტყვის, რომ ეს საქმიანობა დასრულდა.

ამ წლიდან იეჰოვას მოწმეების სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში აღარ იქნება მოცემული 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“. ის გამოქვეყნდება 1 თებერვლის ნომერში.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება იმ სწავლებიდან, რომლის დახმარებითაც იესო მოწაფეებს მქადაგებლებად ამზადებდა?

• რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მათ მიმართ, ვისაც უქადაგებდა?

• რა აღგვძრავს საფუძვლიანი ქადაგებისკენ?

• როგორ შეგვიძლია, იესოს მსგავსად, მთავარი ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე გადავიტანოთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ქადაგების დროს ჩვენც წარმატებულნი ვიქნებით, თუ იესოს მსგავსად გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ ადამიანების მიმართ.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

იესო დედამიწაზე უპირველესად ჭეშმარიტების შესახებ დასამოწმებლად იყო მოსული.

[სურათები 17 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებს მთავარი ყურადღება საფუძვლიან დამოწმებაზე აქვთ გადატანილი.