ჭამის დრო სასიამოვნო წუთებად აქციეთ!
ჭამის დრო სასიამოვნო წუთებად აქციეთ!
გემრიელი კერძი ყველას ჰგვრის სიამოვნებას. ამასთანავე, ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან საუბარი და თბილი ურთიერთობა ჭამას სასიამოვნო წუთებად აქცევს, რაც არა მარტო შიმშილის გრძნობას გვიკმაყოფილებს. ბევრ ოჯახში ჩვევად იხდიან — ერთად ჭამისთვის დღეში სულ მცირე ერთხელ მაინც შეიკრიბონ. ეს შესაძლებლობას აძლევს ოჯახის წევრებს, იმსჯელონ დღის მოვლენებსა თუ გეგმებზე. მშობლები, რომლებიც ისმენენ შვილების აზრებს, იგებენ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ისინი. ჭამის დროს სასიამოვნო ურთიერთობა დროთა განმავლობაში ოჯახის წევრებს შორის წარმოშობს სიმშვიდეს, ნდობას და სიყვარულს, რაც უფრო განამტკიცებს ოჯახს.
ბევრ ოჯახს, რომლის წევრებიც ძალიან დაკავებულები არიან, უჭირს დროის გამოყოფა იმისათვის, რომ ერთად ისაუზმონ, ისადილონ ან ივახშმონ. ზოგი ქვეყნის კულტურაში მიუღებელია ჭამის დროს ოჯახის წევრების ერთად შეკრება ან მაგიდასთან საუბარი. ზოგ ოჯახს ჩვევად აქვს ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, რითაც საკუთარ თავს ართმევენ სხვებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობის შესაძლებლობას.
ქრისტიანი მშობლები კი ყოველთვის იყენებენ შესაძლებლობას, რომ ‘აღაშენონ თავიანთი ოჯახი’ (იგავები 24:27, აქ). დიდი ხნის წინათ მშობლებს რჩევა მიეცათ, რომ „სახლში ჯდომისას“ შვილებთან ღვთის სიტყვაზე ესაუბრათ, რადგან ეს მათთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა (მეორე რჯული 6:7). რეგულარულად ერთად ჭამა მშობლებს უნიკალურ საშუალებას აძლევს, რომ შვილებს იეჰოვასა და მისი სამართლიანი პრინციპებისადმი ღრმა სიყვარული ჩაუნერგონ. თუ ბედნიერ და მშვიდ ატმოსფეროს განავითარებთ, ჭამის დრო სასიამოვნო, გამამხნევებელ შემთხვევად იქცევა თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც. დიახ, ჭამის დრო მხოლოდ დანაყრების საშუალებად არ ჩათვალოთ, ის სასიამოვნო წუთებად აქციეთ!