რა განსაზღვრავს თქვენს მომავალს?
რა განსაზღვრავს თქვენს მომავალს?
„ადამიანს იმაზე მეტად არ შეუძლია განსაზღვროს თავისი მომავალი, ვიდრე რომელიმე ცხოველს“, — წერს ევოლუციონისტი ჯონ გრეი. შმულ ბოტეახმა კი თავის წიგნში სრულიად საპირისპირო აზრი გამოთქვა: „ადამიანი ცხოველი არ არის და ამიტომ ყოველთვის თავად განაგებს თავის მომავალს“ (An Intelligent Person’s Guide to Judaism).
მრავალი იზიარებს გრეის აზრს და თვლის, რომ ადამიანთა ბედ-იღბალს ბუნების ბრმა ძალები განაგებს. სხვები ფიქრობენ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა და დააჯილდოვა უნარით, თავად მოახდინოს გავლენა თავის მომავალზე.
ზოგს მიაჩნია, რომ მათ მომავალს ძლიერნი ამა ქვეყნისანი განაგებენ. როგორც მწერალი როი უეზერფორდი წერს: „დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას — განსაკუთრებით ქალთა უმრავლესობას ოდითგანვე — უფლება არა აქვთ, თავიანთი ბედი თავად განსაზღვრონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი ჩაგრავს და ექსპლუატაციას უწევს ადამიანს“ (The Implications of Determinism). პოლიტიკურ თუ სამხედრო ძალთა დაპირისპირების გამო ბევრს დაემსხვრა ოცნებები ბედნიერი მომავლის შესახებ.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი ადამიანი თავს უმწეოდ გრძნობდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ ბედს ზებუნებრივი ძალები განაგებდა. „ძველი ბერძნები შეპყრობილნი იყვნენ იდეით, რომ ყოველგვარი იმედი ფუჭია, რადგან ადამიანი ვერ შეცვლის წინასწარ განსაზღვრულ ბედს“, — ამბობს ბოტეახი. მათ მიაჩნდათ, რომ თითოეული ადამიანის ბედი თავნება ქალღმერთებზე იყო დამოკიდებული. მათი რწმენით, ქალღმერთები წყვეტდნენ არა მარტო იმას, თუ როდის მოკვდებოდა ადამიანი, არამედ იმასაც, თუ რამდენი მწუხარებისა და ტკივილის ატანა მოუწევდა ამ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
დღესაც ფართოდ არის გავრცელებული რწმენა, რომ ადამიანის მომავალს ზებუნებრივი ძალები განაგებს. მაგალითად, ბევრ ადამიანს სწამს „კისმეტის“ ანუ ბედისწერის. ისინი ამბობენ, რომ ღმერთს წინასწარ აქვს განსაზღვრული ადამიანის ნებისმიერი მოქმედების შედეგი და თითოეულის სიკვდილის ჟამი. არსებობს აგრეთვე ბედისწერის შესახებ სწავლება, რომლის თანახმადაც „საბოლოო გადარჩენა თუ სამუდამო საწამებელში მოხვედრა თითოეული ადამიანისთვის წინასწარ არის განსაზღვრული“ ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ. ბევრს, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, სწამს ბედისწერის.
თქვენ რას ფიქრობთ? განსაზღვრულია წინასწარ თქვენი მომავალი იმ ძალების მიერ, რომლებზეც გავლენას ვერ მოახდენთ? თუ არის რაღაც ჭეშმარიტება ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის შემდეგ სიტყვებში: „ხშირად თავის წერის ბატონია ადამიანი“? მოდი ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია.