არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტე — „მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს“

ქრისტე — „მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს“

ქრისტე — „მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს“

„იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (გამოცხადება 19:10).

1, 2. ა) რა არჩევნის წინაშე იდგნენ ისრაელები ახალი წელთაღრიცხვით 29 წლიდან დაწყებული? ბ) რა იქნება განხილული ამ სტატიაში?

ახალი წელთაღრიცხვით 29 წელია. ისრაელის მოსახლეობაში ძლიერდება მითქმა-მოთქმა აღთქმული მესიის შესახებ. მოლოდინის გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს იოანე ნათლისმცემლის მსახურება (ლუკა 3:15). იოანე უარყოფს იმას, რომ ქრისტეა. ნაცვლად ამისა, იგი ნაზარეთელ იესოზე მიუთითებს და ამბობს: „მე . . . დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა“ (იოანე 1:20, 34). არ გადის დიდი ხანი და იესოს უამრავი ადამიანი მიჰყვება, რათა მისი სწავლებები მოისმინონ და ფიზიკურად განიკურნონ.

2 მომდევნო თვეების განმავლობაში იეჰოვა ღმერთი თავის ძესთან დაკავშირებით უამრავ მტკიცებას იძლევა. მათ, ვინც იკვლევს წმინდა წერილებს და აკვირდება იესოს საქმეებს, საფუძვლიანი მიზეზები აქვთ იმისათვის, რომ მისი ირწმუნონ. მაგრამ ერი, რომელთანაც ღმერთს შეთანხმება აქვს დადებული, მთლიანობაში, არ ავლენს რწმენას. ხალხიდან უმრავლესობა არ აღიარებს იესოს ქრისტედ, ღვთის ძედ (იოანე 6:60—69). თქვენ რა პოზიცია გექნებოდათ, მაშინ რომ გეცხოვრათ? აღიარებდით იესოს მესიად და გახდებოდით მისი ერთგული მიმდევარი? ყურადღება მიაქციეთ, რა მტკიცებები მოჰყავს იესოს საკუთარ ვინაობასთან დაკავშირებით, როდესაც მას შაბათის დარღვევაში ადანაშაულებენ. ასევე ნახეთ, მოგვიანებით რა დამოწმება მიეცათ ერთგულ მოწაფეებს რწმენის განსამტკიცებლად.

იესო თვითონ მოწმობს საკუთარ თავზე

3. რა ვითარება აიძულებს იესოს, დაამოწმოს საკუთარი ვინაობის შესახებ?

3 ახ. წ. 31 წელია. იესო პასექის დღესასწაულზე იერუსალიმშია ასული. მან ეს-ესაა განკურნა მამაკაცი, რომელიც 38 წლის მანძილზე ავადმყოფობდა. მაგრამ იუდეველები ავიწროებენ იესოს იმის გამო, რომ ეს შაბათს გააკეთა. იესოს მკრეხელობაშიც ადანაშაულებენ და მის მოსაკლავად ხელსაყრელ შემთხვევას ეძებენ, რადგან ღმერთს საკუთარ მამას უწოდებს (იოანე 5:1—9, 16—18). თავის დასაცავად იესოს მოჰყავს სამი დამაჯერებელი არგუმენტი, რომლებმაც გულწრფელი იუდეველები უნდა დაარწმუნოს მის ნამდვილ ვინაობაში.

4, 5. რა იყო იოანეს მსახურების მიზანი და რამდენად ეფექტურად შეასრულა მან თავისი დავალება?

4 უპირველესად, იესო თავის წინამორბედს, იოანე ნათლისმცემელს, იმოწმებს და ამბობს: „თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ. ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი გინდოდათ, ცოტა ხნით გაგეხარათ მის სინათლეში“ (იოანე 5:33, 35).

5 იოანე ნათლისმცემელი იყო „ლამპარი, რომელიც იწვის და ანათებს“, რადგანაც მან, სანამ ჰეროდე უსამართლოდ დააპატიმრებდა, შეასრულა ღვთისგან დაკისრებული დავალება და გზა მოუმზადა მესიას. იოანე ამბობს: «ხალხის წყალში მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის [მესია] გამოცხადებოდა ისრაელს . . . მე დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დარჩა მასზე. მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყალში მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზედაც დაინახავ, რომ სული დაეშვება და დარჩება, ის მონათლავს წმინდა სულით“. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა» * (იოანე 1:26—37). იოანემ პირდაპირ თქვა, რომ იესო ღვთის ძე — აღთქმული მესია — იყო. იოანეს დამოწმება იმდენად ნათელი და დამაჯერებელი იყო, რომ მისი სიკვდილიდან დაახლოებით რვა თვის შემდეგ მრავალი გულწრფელი იუდეველი ამბობდა: „რაც ამ კაცზე უთქვამს [იოანეს], ყველაფერი მართალია“ (იოანე 10:41, 42).

6. რატომ უნდა დაერწმუნებინა იესოს დიდებულ საქმეებს ხალხი იმაში, რომ მას ღმერთი უჭერდა მხარს?

6 შემდეგ იესოს სხვა არგუმენტი მოჰყავს იმის დასადასტურებლად, რომ მესიაა. იგი თავის დიდებულ საქმეებს იმოწმებს, რომელთა შესრულებაც ღვთის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. „მე იოანეს დამოწმებაზე დიდი დამოწმება მაქვს. — ამბობს ის, — რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა, თვით ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებ, მოწმობს ჩემ შესახებ, რომ მამამ გამომგზავნა“ (იოანე 5:36). იესო მრავალ სასწაულს ახდენს, ასე რომ, ამ არგუმენტს იესოს მტრებიც კი ვერ უარყოფენ. მოგვიანებით ზოგიერთი ასეთ შეკითხვას სვამს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს?“ (იოანე 11:47). თუმცა ზოგი კეთილგანწყობილია მის მიმართ და ამბობს: „როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშნებს მოახდენს?“ (იოანე 7:31). იესოს მსმენელებს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ იმისათვის, რომ მასში მამის თვისებები დაენახათ (იოანე 14:9).

7. როგორ მოწმობს იესოს შესახებ ებრაული წერილები?

7 ბოლოს იესოს გაუბათილებელ არგუმენტზე ამახვილებს ყურადღებას. „სწორედ ისინი [წმინდა წერილები] მოწმობენ ჩემ შესახებ, — ამბობს ის და დასძენს, — მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემ შესახებ“ (იოანე 5:39, 46). მოსე მხოლოდ ერთია ქრისტიანობამდე მცხოვრები იმ უამრავი მოწმიდან, რომელთაც ქრისტეს შესახებ დაწერეს. მათი დამოწმება მოიცავს ასობით წინასწარმეტყველებას და დეტალურ საგვარეულო ნუსხებს, რითაც მესიის ვინაობა დასტურდება (ლუკა 3:23—38; 24:44—46; საქმეები 10:43). რისი თქმა შეიძლება მოსეს კანონთა კრებულზე? მოციქულმა პავლემ დაწერა: „კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“ (გალატელები 3:24). დიახ, „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (გამოცხადება 19:10).

8. რატომ არ ავლენდა მრავალი იუდეველი მესიისადმი რწმენას?

8 იოანეს დამაჯერებელი დამოწმება, იესოს დიდებული საქმეები და ღვთიური თვისებები, წმინდა წერილებში მოცემული უამრავი მტკიცება — ყოველივე ეს განა არ გარწმუნებთ, რომ იესო მართლაც მესია იყო? ნებისმიერი, ვისაც ნამდვილად უყვარს ღმერთი და მისი სიტყვა, ადვილად დაინახავს ამას და გამოავლენს იესოსადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, რწმენას. ისრაელებს, მთლიანობაში, სწორედ ასეთი სიყვარული აკლდათ. იესომ თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი“ (იოანე 5:42). იმის მაგივრად, რომ ‘ერთადერთი ღვთისგან ეძებათ დიდება’, ისინი ‘ერთმანეთისგან იღებდნენ დიდებას’. გასაკვირი არაა, რომ ისინი ვერ ნახულობდნენ საერთოს იესოსთან, რომელსაც მამის მსგავსად სძულდა ასეთი აზროვნება! (იოანე 5:43, 44; საქმეები 12:21—23).

წინასწარმეტყველური ხილვით განმტკიცებულნი

9, 10. ა) რატომ იყო მოწაფეებისთვის დროული ზეციური ნიშნის ხილვა? ბ) რა საოცარი დაპირება მისცა იესომ თავის მოწაფეებს?

9 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ ზემოხსენებული მტკიცებები მოიყვანა იმის დასამოწმებლად, რომ მესია იყო. ახ. წ. 32 წლის პასექის დღესასწაულმა უკვე ჩაიარა. ბევრი, ვისაც სწამდა იესო, აღარ მიჰყვება მას. ამის მიზეზი შეიძლება დევნა, მატერიალიზმი ან ცხოვრებისეული საზრუნავია. სხვები შესაძლოა გულგატეხილნი ან დაბნეულნი არიან იმის გამო, რომ იესომ უარი თქვა გამეფებაზე, რაც ხალხს ძალიან სურდა. გარდა ამისა, როდესაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დაუპირისპირდნენ, მან არ აჩვენა მათ ნიშანი ზეციდან საკუთარი თავის განსადიდებლად (მათე 12:38, 39). ამან ზოგს შეიძლება თავგზა აუბნია. ყველაფერს ისიც ემატება, რომ იესო მოწაფეებისთვის ისეთი რამის გამხელას იწყებს, რისი გაგებაც მათთვის ძალიან რთულია — „[ის] უნდა წასულიყო იერუსალიმში და ბევრი ეტანჯა უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, [და] უნდა მოეკლათ“ (მათე 16:21—23).

10 კიდევ ცხრა-ათი თვე და იესოსთვის დადგება „ამ ქვეყნიერებიდან მამასთან გადასვლის საათი“ (იოანე 13:1). იესოს ძალიან აღელვებს თავისი ერთგული მოწაფეების მდგომარეობა. ის ზოგ მათგანს სწორედ იმას ჰპირდება, რაზეც უარი უთხრა ურწმუნო იუდეველებს — ნიშანს ზეციდან. იესო ამბობს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათე 16:28). რასაკვირველია, მას მხედველობაში ის არა აქვს, რომ ზოგი მოწაფე 1914 წლამდე, მესიანური სამეფოს დამყარებამდე იცოცხლებს. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის აპირებს, სამ უახლოეს მოწაფეს აჩვენოს მომავალი დიდება, რომელიც სამეფოს მმართველად ყოფნისას ექნება. ამ ხილვას ეწოდება გარდასახვა.

11. აღწერეთ გარდასახვის ხილვა.

11 ექვსი დღის შემდეგ იესოს პეტრე, იაკობი და იოანე აჰყავს მაღალ მთაზე — შესაძლოა, ხერმონის მთის თხემზე. აქ იესო „მათ წინაშე გარდაიქმნა. სახე მზესავით აუელვარდა და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა“. მოციქულებმა ასევე დაინახეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ. ეს შიშისა და მოკრძალების მომგვრელი მოვლენა შესაძლოა ღამით ხდება, რაც მას განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის. ხილვა იმდენად რეალურია, რომ პეტრე იესოს სამი კარვის დადგმას სთავაზობს — ერთს იესოსთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის. პეტრეს სათქმელი ჯერ არ დაუსრულებია, როცა ნათელი ღრუბელი ჩრდილავს მათ და ღრუბლიდან ხმა ისმის: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათე 17:1—6).

12, 13. რა გავლენა მოახდინა გარდასახვამ იესოს მოწაფეებზე და რატომ?

12 მართალია, პეტრემ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იესო არის „ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე“ (მათე 16:16). მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა ექნებოდა უშუალოდ ღვთის დამოწმების მოსმენას, რაც ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს მისი ცხებული ძის ვინაობასა და როლთან დაკავშირებით! პეტრესთვის, იაკობისა და იოანესთვის გარდასახვის ხილვა მართლაც რომ რწმენის განმამტკიცებელია! ახლა ისინი — ასეთი რწმენით განმტკიცებულნი — უკეთესად არიან მომზადებულნი მომავალ ქრისტიანულ კრებაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად და იმ მოვლენებთან შესახვედრად, რომლებიც მათ წინ ელით.

13 გარდასახვის ხილვა წარუშლელ კვალს ტოვებს მოწაფეების მეხსიერებაში. 30 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ პეტრე წერს: «[იესომ] მამა ღმერთისგან პატივი და დიდება მიიღო, როცა აღმატებული დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. დიახ, ეს სიტყვები ციდან მაშინ მოვისმინეთ, როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით» (2 პეტრე 1:17, 18). ეს მოვლენა არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს იოანეზე. როგორც ჩანს, მას სწორედ გარდასახვა აქვს მხედველობაში, როდესაც ამ შემთხვევიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ ასეთ სიტყვებს წერს: „ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება“ (იოანე 1:14). მიუხედავად ამისა, გარდასახვა არ ყოფილა ბოლო ხილვა, რომლითაც იესომ თავისი მიმდევრები განამტკიცა.

უფრო მეტი სინათლე ღვთის ერთგულ მსახურთათვის

14, 15. რა გაგებით ‘დარჩა’ იოანე მოციქული იესოს მოსვლამდე?

14 აღდგომის შემდეგ იესო თავის მოწაფეებს გალილეის ზღვასთან ეცხადება. აქ იგი პეტრეს ეუბნება: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს [იოანე], შენ რა?“ (იოანე 21:1, 20—22, 24). ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ იოანე მოციქული სხვა მოციქულებზე მეტ ხანს იცოცხლებს? როგორც ჩანს, დიახ, რადგან ამის შემდეგ ის თითქმის 70 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება იეჰოვას. თუმცა იესოს სიტყვები უფრო მნიშვნელოვან რამეზე ამახვილებს ყურადღებას.

15 ფრაზა „ჩემს მოსვლამდე“ შეგვახსენებს იესოს შემდეგ სიტყვებს: „კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათე 16:28). იესოს მოსვლამდე იოანე იმ გაგებით დარჩება, რომ მოგვიანებით ნახავს წინასწარმეტყველურ ხილვას, რომელშიც ასახული იქნება იესოს მოსვლა სამეფო ძალაუფლებით. თავისი სიცოცხლის დასასრულს, კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას იოანე იღებს გამოცხადებას და ნახულობს იმ მოვლენების გასაოცარ წინასწარმეტყველურ ნიშნებს, რომლებიც „უფლის დღის“ განმავლობაში უნდა მოხდეს. იოანეზე იმდენად მოქმედებს ეს შთამბეჭდავი ხილვები, რომ იესოს სიტყვებს — „დიახ, მალე მოვალ“ — აღფრთოვანებით პასუხობს: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 1:1, 10; 22:20).

16. რატომაა მნიშვნელოვანი, განვაგრძოთ საკუთარი რწმენის განმტკიცება?

16 პირველ საუკუნეში მცხოვრები გულწრფელი ადამიანები იესოს მესიად იღებენ და მისდამი რწმენას ავლენენ. ამ ახალი მოწაფეების გარშემო ურწმუნოებაა გამეფებული; გარდა ამისა, მათ წინ ელით გამოცდები და მნიშვნელოვანი სამუშაო. ამის გამო მათ რწმენის განმტკიცება ესაჭიროებათ. იესო, თავის მხრივ, საკმარის მტკიცებებს აძლევს ერთგულ მიმდევრებს, რათა განუმტკიცოს მათ რწმენა, რომ ის ნამდვილად მესიაა; გარდა ამისა, მათ უფრო მეტი სინათლის მომფენი წინასწარმეტყველური ხილვებით ამხნევებს. დღეს ჩვენ „უფლის დღის“ მიწურულს ვცხოვრობთ. მალე ქრისტე სატანის მთელ ბოროტ სისტემას გაანადგურებს და ღვთის ხალხს გადაარჩენს. საკუთარი სულიერი კეთილდღეობისთვის ჩვენც უნდა განვიმტკიცოთ რწმენა. ამისათვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს.

სიბნელისა და განადგურებისგან დაცულნი

17, 18. რა მკვეთრი განსხვავება არსებობდა პირველ საუკუნეში იესოს მიმდევრებსა და ღვთის განზრახვის მოწინააღმდეგეებს შორის და როგორ განვითარდა მოვლენები ამ ორი ჯგუფისთვის?

17 იესოს სიკვდილის შემდეგ მოწაფეები გაბედულად ასრულებენ მის მითითებას — ისინი იესოს შესახებ ამოწმებენ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). დევნების მიუხედავად, იეჰოვა აკურთხებს ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას სულიერი განათლებით და მრავალი ახალი მოწაფით (საქმეები 2:47; 4:1—31; 8:1—8).

18 მეორე მხრივ, მათი მომავალი, ვინც ეწინააღმდეგება სასიხარულო ცნობას, უფრო და უფრო შავბნელი ხდება. იგავების 4:19-ში ნათქვამია: „უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ“. „წყვდიადი“ ძლიერდება ახ. წ. 66 წელს, როდესაც რომაელთა სამხედრო ძალები იერუსალიმს ალყაში აქცევენ. ალყის დროებით მოხსნის შემდეგ, რისი მიზეზის ახსნაც რთულია, ახ. წ. 70 წელს რომაელები კვლავ ბრუნდებიან — ამჯერად უკვე ქალაქის გასანადგურებლად. იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, ამ მოვლენას მილიონზე მეტი იუდეველი ემსხვერპლა. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები გადარჩნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი დაემორჩილნენ იესოს მითითებას და პირველი ალყის მოხსნის შემდეგ ქალაქიდან გაიქცნენ (ლუკა 21:20—22).

19, 20. ა) რატომ არა აქვთ ღვთის მსახურებს შიშის მიზეზი, მაშინ როცა თანამედროვე სისტემის განადგურება ახლოვდება? ბ) რა მნიშვნელოვან საკითხს მოჰფინა იეჰოვამ ნათელი თავისი ხალხისთვის 1914 წლამდე ჯერ კიდევ ათწლეულებით ადრე?

19 დღეს ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ. მოახლოებული დიდი გასაჭირი სატანის მთელი ბოროტი სისტემის აღსასრულის მომასწავებელი იქნება. მაგრამ ღვთის ხალხს არა აქვს შიშის მიზეზი, ვინაიდან იესო დაგვპირდა: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:20). იესომ თავის მოწაფეებს ხილვის საშუალებით წინასწარ ანახა ზეციური დიდება, რომელიც მას მესიანურ მეფედ ყოფნისას ექნებოდა; იესომ ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ მათთვის რწმენა განემტკიცებინა და მომავალი მოვლენებისთვის მოემზადებინა. რისი თქმა შეიძლება დღევანდელ ვითარებაზე? 1914 წელს ეს ხილვა სინამდვილედ იქცა. დღეს მესიანური მეფე უკვე რეალური მმართველია, რაც ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია! იეჰოვას მსახურები თანდათანობით უფრო ღრმად ჩასწვდნენ ამ რეალობას, ასევე იმას, თუ როგორ უკავშირდება ეს ფაქტი მომავლის შესანიშნავ იმედს. სიბნელით მოცულ დღევანდელ ქვეყნიერებაში „მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე“ (იგავები 4:18).

20 ჯერ კიდევ 1914 წლამდე ცხებულ ქრისტიანთა პატარა ჯგუფისთვის ნათელი გახდა უფლის მოსვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად, მათ გაიგეს, რომ იესოს მოსვლა უხილავი იქნებოდა. ეს ჩანდა ორი ანგელოზის სიტყვებიდან, რომლებიც ახ. წ. 33 წელს მოწაფეებს ეჩვენნენ იესოს ზეცად ამაღლებისას. როდესაც იესო ღრუბელმა დაფარა მოწაფეების თვალთაგან, ანგელოზებმა თქვეს: „ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“ (საქმეები 1:9—11).

21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

21 იესოს წასვლა, ანუ ზეცაში ამაღლება, მხოლოდ მისმა ერთგულმა მიმდევრებმა დაინახეს. როგორც გარდასახვის შემთხვევაში იყო, არც ეს მოვლენა მომხდარა სახალხოდ, ყველას დასანახავად. ქვეყნიერებამ, მთლიანობაში, ვერც კი გაიგო, რა მოხდა. მსგავსი ვითარება იქნებოდა, როდესაც იესო სამეფო ძალაუფლებით დაბრუნდებოდა (იოანე 14:19). მხოლოდ მისი ერთგული ცხებული მოწაფეები მიხვდებოდნენ, რომ ის, როგორც მეფე, მოსული იქნებოდა. მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ რა დიდი გავლენა მოახდინა ამან მათზე, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო იმ მილიონების შეკრებას, რომლებიც ქრისტეს მიწიერი ქვეშევრდომები გახდებოდნენ (გამოცხადება 7:9, 14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 როგორც ჩანს, იესოს მონათვლის დროს ღვთის ხმა მხოლოდ იოანემ გაიგონა. ამიტომ იუდეველებს იესომ მიმართა: „არც მისი [ღვთის] ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ“ (იოანე 5:37).

გახსოვთ?

• როდესაც იესო შაბათის დარღვევასა და მკრეხელობაში დაადანაშაულეს, რა მტკიცებები მოიყვანა მან იმის დასადასტურებლად, რომ მესია იყო?

• რა მხრივ იყო სასარგებლო გარდასახვა იესოს მოწაფეებისთვის?

• რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ იოანე მის მოსვლამდე უნდა დარჩენილიყო?

• რომელი ხილვა იქცა სინამდვილედ 1914 წელს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

იესოს მოჰყავდა იმის დამადასტურებელი მტკიცებები, რომ მესია იყო.

[სურათი 12 გვერდზე]

გარდასახვამ მოწაფეებს რწმენა განუმტკიცა.

[სურათი 13 გვერდზე]

იოანე ქრისტეს „მოსვლამდე“ უნდა ‘დარჩენილიყო’.