არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ თქვენი მომავალი?

შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ თქვენი მომავალი?

შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ თქვენი მომავალი?

წინასწარ არის განსაზღვრული ჩვენი საბოლოო მომავალი? ახდენს თუ არა გავლენას ჩვენს მომავალზე გადაწყვეტილებები, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ვიღებთ?

ვთქვათ, ადამიანი თავად არის თავისი ბედის გამგებელი. ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ ვინმესთვის წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული, რას გააკეთებდა ან რა თანამდებობას დაიკავებდა? როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით, თუ ადამიანთა ბედი მათივე ხელშია? ბიბლია დამაჯერებლად პასუხობს ამ კითხვებზე.

შეთავსებადია ბედისწერა და ნების თავისუფლება?

დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგვქმნა იეჰოვა ღმერთმა. ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბადება 1:27). ვინაიდან ღვთის მსგავსად ვართ შექმნილები, გვაქვს უნარი, რომ გამოვავლინოთ ისეთივე თვისებები, როგორიც მას აქვს: სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. ღმერთმა აგრეთვე დაგვაჯილდოვა ნების ანუ არჩევნის თავისუფლებით. ეს უნარი მის მიწიერ ქმნილებებს შორის გამორჩეულს გვხდის. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, მივყვეთ თუ არა მორალთან დაკავშირებით ღვთის ხელმძღვანელობას. სწორედ ამიტომ შეეძლო წინასწარმეტყველ მოსეს ეთქვა: „მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას (მეორე რჯული 30:19, 20).

აღსანიშნავია, რომ არჩევნის თავისუფლება აბსოლუტურ თავისუფლებას არ ნიშნავს. ის არ გვათავისუფლებს იმ ფიზიკური და მორალური კანონებისგან, რომლებიც ღმერთმა დაადგინა სამყაროში წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ეს კანონები დადგენილია ჩვენს საკეთილდღეოდ და ნებისმიერი მათგანის დარღვევას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ არაფრად ჩავაგდებთ მიზიდულობის კანონს და მაღალი შენობის სახურავიდან გადმოვხტებით! (გალატელები 6:7).

არჩევნის თავისუფლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებლობებსაც გვაკისრებს იმ ქმნილებებისგან განსხვავებით, რომელთაც არა აქვთ ასეთი თავისუფლება. ჰუმანისტი ფილოსოფოსი კორლის ლამონტი სვამს კითხვას: „შეიძლება კი ადამიანებს წავუყენოთ ზნეობრივი მოთხოვნები და დავსაჯოთ ისინი ცოდვებისთვის, თუ გვწამს, . . . რომ მათი გადაწყვეტილებები და მოქმედებები წინასწარ არის განსაზღვრული?“ რა თქმა უნდა, არა. ცხოველები, რომლებიც ინსტინქტურად მოქმედებენ, პასუხს არ აგებენ თავიანთ მოქმედებებზე; არც კომპიუტერს უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმ ფუნქციების გამო, რომლებსაც ის დაპროგრამების შედეგად ასრულებს. ასე რომ, არჩევნის თავისუფლება სერიოზული პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს და გვავალდებულებს, რომ პასუხი ვაგოთ ჩვენს მოქმედებებზე.

რა სისასტიკე და უსამართლობა იქნებოდა იეჰოვა ღმერთის მხრიდან, დაბადებამდე განესაზღვრა ჩვენი მომავალი და შემდეგ პასუხი მოეთხოვა ჩვენგან! მაგრამ ის ასე არ იქცევა, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ და „სამართლიანია ყოველი მისი გზა“ (1 იოანე 4:8; მეორე რჯული 32:4). ბედისწერის მომხრეების მტკიცების საპირისპიროდ, ღმერთი არჩევნის თავისუფლებას გვაძლევს და თავიდანვე არ „განსაზღვრავს, თუ ვინ გადარჩება და ვის დაატყდება მისი მსჯავრი“. არჩევნის თავისუფლება გამორიცხავს ბედისწერას.

ბიბლია ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი ცვლის ჩვენს მომავალს. მაგალითად, ღმერთი მოუწოდებს ცოდვილებს: „მოიქეცით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი ნამოქმედარიდან . . . და არ გიბოროტებთ“ (იერემია 25:5, 6). ამ მოწოდებას აზრი არ ექნებოდა, თუ ღმერთი წინასწარ დაადგენდა თითოეული ადამიანის ბედს. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ამიტომ, მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, რომ მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ (საქმეები 3:19). თუკი იეჰოვამ წინასწარ იცის, რომ ადამიანებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ თავიანთი მომავლის შესაცვლელად, რატომღა მოუწოდებს მათ, რომ მოინანიონ და მობრუნდნენ?

წმინდა წერილებში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ღმერთმა მიიწვია, რომ იესო ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეცაში (მათე 22:14; ლუკა 12:32). მაგრამ, ბიბლია აფრთხილებს მათ, რომ დაკარგავენ ამ შესაძლებლობას, თუ ბოლომდე ერთგულები არ დარჩებიან (გამოცხადება 2:10). მაშ, რატომღა მიიწვევდა ღმერთი მათ საერთოდ, თუ უკვე გადაწყვეტილი ექნებოდა, რომ ამ ადამიანებს არ აირჩევდა? დაფიქრდით აგრეთვე პავლე მოციქულის სიტყვებზე. ის თანამორწმუნეებს სწერს: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (ებრაელები 10:26). ეს გაფრთხილება უსარგებლო იქნებოდა, თუ ღმერთს წინასწარ ექნებოდა განსაზღვრული მათი მომავალი. მაგრამ, ღმერთმა ხომ განსაზღვრა, რომ ზოგი ადამიანი ზეცაში იმეფებდა იესო ქრისტესთან ერთად?

წინასწარ განსაზღვრულია — ცალკეული პიროვნებები თუ ადამიანთა ჯგუფი?

მოციქული პავლე წერდა: „[ღმერთმა] გვაკურთხა ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში ქრისტესთან ერთობაში, როგორც მასთან ერთობაში აგვირჩია ქვეყნიერების შექმნამდე . . . წინასწარ განგვაწესა იმისთვის, რომ ვეშვილეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნება-სურვილისამებრ“ (ეფესოელები 1:3—5). რა განსაზღვრა წინასწარ ღმერთმა და რას ნიშნავს, არჩეულნი იყვნენ „ქვეყნიერების შექმნამდე“?

ამ ნაწყვეტში აღნიშნულია, რომ ღმერთმა ამოირჩია პირველი კაცის, ადამის, ზოგი შთამომავალი, რათა იესოსთან ერთად იმეფონ ზეცაში (რომაელები 8:14—17, 28—30; გამოცხადება 5:9, 10). მაგრამ იმის დაშვება, რომ ამ მიზნისთვის კონკრეტული პიროვნებები იეჰოვამ ათასობით წლის წინ განსაზღვრა, მანამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისინი დაიბადებოდნენ, ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ადამიანებს აქვთ არჩევნის თავისუფლება. ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა არა ის, თუ კონკრეტულად ვინ იმეფებდა იესოსთან ერთად, არამედ ის, რომ იქნებოდა იესოს თანამმართველ ადამიანთა ჯგუფი.

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა მმართველობის განსაკუთრებული ორგანოს დაარსება. ის წინასწარ საზღვრავს, თუ რა ფუნქციებს შეასრულებს ეს ორგანო, რა უფლებამოსილება ექნება მას და რამდენი თანამშრომელი ეყოლება. გავიდა დრო და მმართველობის ეს ორგანო იწყებს ფუნქციონირებას; მისი წევრები შემდეგ განცხადებას აკეთებენ: „მთავრობამ მრავალი წლის წინ განსაზღვრა, თუ რა იქნებოდა ჩვენი სამუშაო. ახლა შევუდგებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას“. უნდა დაასკვნათ აქედან, რომ მთავრობას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, თუ კონკრეტულად ვინ იმუშავებდა მმართველობის ამ ორგანოში? რა თქმა უნდა, არა. მსგავსად ამისა, იეჰოვამ წინასწარ განსაზღვრა, რომ დააფუძნებდა სპეციალურ ორგანოს, რომელიც აღმოფხვრიდა ადამის ცოდვის შედეგებს. მან წინასწარ განსაზღვრა, რომ ამ ორგანოში იმუშავებდა ადამიანთა ჯგუფი, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნებოდნენ ისინი. მათი არჩევა სამომავლოდ გადაიდო; ამ ადამიანთა მიერ ცხოვრებაში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავდა, საბოლოოდ მოიწონებდნენ თუ არა მათ.

რომელი ქვეყნიერება ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როდესაც თქვა: „[ღმერთმა] მასთან ერთობაში აგვირჩია ქვეყნიერების შექმნამდე“? სიტყვაში „ქვეყნიერება“ პავლე არ გულისხმობს იმ ქვეყნიერებას, რომელსაც ღმერთმა მაშინ ჩაუყარა საფუძველი, როცა ადამი და ევა შექმნა. ის ქვეყნიერება „ძალზე კარგი“ იყო — მასში არც ცოდვა იყო და არც უზნეობა (დაბადება 1:31). მას ცოდვებისაგან „გათავისუფლება“ არ სჭირდებოდა (ეფესოელები 1:7).

პავლე გულისხმობდა ქვეყნიერებას, რომელსაც ედემის ბაღში ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. ის ძალიან განსხვავდებოდა ქვეყნიერებისგან, რომელიც ღვთის განზრახვის შესაბამისად უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ეს იყო ქვეყნიერება, რომელმაც არსებობა ადამისა და ევას შვილების გაჩენისას დაიწყო და შედგებოდა ადამიანებისგან, რომლებიც ღმერთისგან გაუცხოებულნი და ცოდვისა და უზნეობის მონობაში იყვნენ, მაგრამ მათი გამოსყიდვა — განზრახ შემცოდველი ადამისა და ევასგან განსხვავებით — შესაძლებელი იყო (რომაელები 5:12; 8:18—21).

იეჰოვა ღმერთმა დაუყოვნებლივ გამოასწორა სიტუაცია, რომელიც ედემში მომხდარი დაუმორჩილებლობის გამო შეიქმნა. საჭიროების გაჩენისთანავე, მან წინასწარ განსაზღვრა, რომ დაადგენდა განსაკუთრებული მმართველობის ორგანოს — იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მესიანურ სამეფოს — რომელსაც ადამის ცოდვისაგან კაცობრიობის გამოსახსნელად გამოიყენებდა (მათე 6:10). ღმერთმა ეს გააკეთა „ქვეყნიერების შექმნამდე“, ანუ მანამდე, სანამ ღვთისადმი ურჩ ადამსა და ევას შვილები გაუჩნდებოდათ.

ადამიანებმა რომ საწადელს მიაღწიონ, ჩვეულებრივ, მათ მოქმედების გეგმა სჭირდებათ. ბედისწერის შესახებ სწავლება უკავშირდება იმ აზრს, რომ ღმერთსაც უნდა ჰქონდეს სამყაროსთან დაკავშირებით დაწვრილებითი გეგმები, სადაც ყველაფერი წინასწარ აქვს განსაზღვრული. „მრავალი ფილოსოფოსის აზრით, ღვთის დიდებულებასთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუ რომელიმე მოვლენა მას დეტალურად არ ექნებოდა განსაზღვრული“, — წერს როი უეზერფორდი. ნამდვილად სჭირდება ღმერთს ყოველი მოვლენის წინასწარ დეტალურად განსაზღვრა?

იეჰოვა უსაზღვრო ძალისა და უბადლო სიბრძნის მქონე ღმერთია, ამიტომ მას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი კრიტიკული ან გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მისი ქმნილებების მხრიდან ნების თავისუფლების გამოყენებას მოჰყვეს შედეგად (ესაია 40:25, 26; რომაელები 11:33). მას შეუძლია გააკეთოს ეს დაუყოვნებლივ და ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე. ცოდვილი ადამიანებისა და მათი შეზღუდული შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ყოვლადძლიერ ღმერთს არ სჭირდება დაწვრილებით შედგენილი შაბლონური გეგმა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის ბედს წინასწარ განსაზღვრავს (იგავები 19:21). მრავალ ბიბლიურ თარგმანში ეფესოელების 3:11-ში ნათქვამია, რომ ღმერთს აქვს „მარადიული განზრახვა“ და არა შედგენილი გეგმა.

როგორ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს მომავალზე?

ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით წინასწარ განსაზღვრული განზრახვა აქვს. გამოცხადების 21:3, 4-ში ნათქვამია: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთან არის. ის მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხები იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. დიახ, იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ჩვენი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (დაბადება 1:27, 28). მაგრამ ისმება კითხვა: იქნებით თქვენ იქ? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არჩევანს აკეთებთ ახლა. იეჰოვას წინასწარ არ განუსაზღვრავს თქვენი ბედი.

ღვთის ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლი საშუალებას აძლევს თითოეულს, ვინც მისდამი რწმენას ავლენს, რომ მარადიულად იცოცხლოს (იოანე 3:16, 17; საქმეები 10:34, 35). ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:36). თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სიცოცხლე, თუ მიიღებთ ცოდნას ღმერთის, მისი ძისა და ღვთის განზრახვების შესახებ ბიბლიიდან და ცხოვრებაში გამოიყენებთ ნასწავლს. ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტი სიბრძნის მიხედვით მოქმედებს, იღებს დაპირებას, რომ „მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება“ (იგავები 1:20, 33).

[სურათები 5 გვერდზე]

ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანებს თავიანთ მოქმედებებზე მორალური პასუხისმგებლობა აკისრიათ.

[საავტორო უფლება]

Eagle: Foto: Cortesía de GREFA