არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოაქვს ნაყოფი ჭეშმარიტებას მათ გულებში, ვისაც ასწავლით?

გამოაქვს ნაყოფი ჭეშმარიტებას მათ გულებში, ვისაც ასწავლით?

გამოაქვს ნაყოფი ჭეშმარიტებას მათ გულებში, ვისაც ასწავლით?

ერთ დღეს ახალგაზრდა ერიკმა განაცხადა, რომ აღარ სურდა, იეჰოვას მოწმე ყოფილიყო. ამან დიდი ტკივილი მიაყენა მის მშობლებს. ისინი ვერ ამჩნევდნენ, თანდათანობით სულიერად როგორ სუსტდებოდა ერიკი. მოზარდობის ასაკში ის მონაწილეობდა ბიბლიის ოჯახურ შესწავლაში, ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს და კრების წევრებთან ერთად ქადაგებდა. ერთი შეხედვით, ერიკი ‘ჭეშმარიტებაში დადიოდა’. მაგრამ, როდესაც სახლიდან წავიდა, მშობლები მიხვდნენ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება არ იყო მასში ღრმად ფესვგადგმული. ამის გაანალიზებამ ორივეს თავზარი დასცა და გული მოუკლა.

მსგავსი გრძნობები სხვებსაც ეუფლებათ და ეს მაშინ ხდება, როდესაც ბიბლიის შემსწავლელი მოულოდნელად ამბობს უარს შესწავლის გაგრძელებაზე. ასეთ დროს ისინი ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს: „რატომ ვერაფერი შევნიშნე?“ შესაძლებელია, დაინტერესებულის სულიერად დაცემამდე დავინახოთ, გამოაქვს თუ არა ჭეშმარიტებას მის გულში ნაყოფი? როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტება ნაყოფს იღებს როგორც ჩვენს, ისე ბიბლიის შემსწავლელის გულში? ამ კითხვებზე პასუხებს იესო მთესველის შესახებ თავისი ცნობილი იგავის საშუალებით გვაძლევს.

ჭეშმარიტებამ გულამდე უნდა მიაღწიოს

„თესლი ღვთის სიტყვაა, — ამბობს იესო. — ხოლო კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, რომლებმაც კარგი და კეთილი გულით მოისმინეს სიტყვა, იცავენ მას და მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი“ (ლუკა 8:11, 15). აქედან გამომდინარე, სანამ ჭეშმარიტება დაინტერესებულებზე დადებითად იმოქმედებს, მან თავდაპირველად მათ სიმბოლურ გულში უნდა გაიდგას ფესვი. იესო გვარწმუნებს, რომ, როდესაც ღვთიურ ჭეშმარიტებას კარგი გულის ადამიანი იღებს, კარგ ნიადაგზე დავარდნილი თესლის მსგავსად, ის მაშინვე ღვივდება და ნაყოფს იძლევა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს რომ დავინახოთ?

ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ გულის მდგომარეობაზე და არა მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებზე. შეიძლება გარეგნულად ისე ჩანდეს, რომ ვინმე თაყვანისმცემლობის ყველა სფეროში შესანიშნავად მონაწილეობს, მაგრამ ეს ყოველთვის არ აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ხდება მის გულში (იერემია 17:9, 10; მათე 15:7—9). საჭიროა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ადამიანის გულში და დავინახოთ, რომ მისი სურვილები, მოტივები და პრიორიტეტები მკვეთრად არის შეცვლილი. ის, ღვთის ნების თანახმად, ახალ პიროვნებად უნდა იმოსებოდეს (ეფესოელები 4:20—24). მაგალითად, როგორც პავლემ თქვა, როდესაც თესალონიკელებმა მოისმინეს სასიხარულო ცნობა, სიხარულით მიიღეს ის, როგორც ღვთის სიტყვა. მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მიერ გამოვლენილმა მოთმინებამ, ერთგულებამ და სიყვარულმა დაარწმუნა პავლე, რომ ‘მათში კიდეც მოქმედებდა’ ჭეშმარიტება (1 თესალონიკელები 2:13, 14; 3:6).

რასაკვირველია, რაც უნდა ხდებოდეს შემსწავლელის გულში, ადრე თუ გვიან, ეს მის საქციელში გამოვლინდება, როგორც ამას ერიკის მაგალითი აჩვენებს (მარკოზი 7:21, 22; იაკობი 1:14, 15). სამწუხაროდ, როდესაც უარყოფითი პიროვნული თვისებები მკვეთრად ჩანს ვინმეს საქციელში, შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, მანამ ამოიცნო სერიოზული სისუსტეები, სანამ ისინი სულიერი დაცემის მიზეზი გახდება. საჭიროა ისეთი გზის მოძებნა, რომელიც დაგვეხმარება სიმბოლური გულის გამოკვლევაში. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

ვისწავლოთ იესოსგან

უდავოა, რომ იესოს შეეძლო ზუსტად გაეგო, რა ჰქონდა ადამიანს გულში (მათე 12:25). არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ამის გაკეთება. მიუხედავად ამისა, მან დაგვანახვა, რომ ჩვენც შევძლებთ ამოვიცნოთ, რა დგას ადამიანის სურვილების, მოტივებისა და პრიორიტეტების უკან. როგორც კვალიფიცირებული ექიმი იკვლევს სხვადასხვა დიაგნოსტიკური მეთოდის მეშვეობით პაციენტის გულს, ისე იესო ღვთის სიტყვის გამოყენებით ‘ხაპავდა’ და ააშკარავებდა „გულის აზრებსა და ზრახვებს“; და ამას მაშინაც აკეთებდა, როცა ისინი აშკარად შესამჩნევი არ იყო (იგავები 20:5; ებრაელები 4:12).

მაგალითად, ერთხელ იესო პეტრეს დაეხმარა, დაენახა საკუთარი სისუსტე, რამაც მოგვიანებით ის სულიერად დააბრკოლა. იესომ იცოდა, რომ პეტრეს უყვარდა იგი. მან მოციქულს „სამეფოს გასაღებებიც“ კი მიანდო (მათე 16:13—19). მაგრამ იესოსთვის ისიც იყო ცნობილი, რომ სატანას მოციქულები მიზანში ჰყავდა ამოღებული. რამდენიმე დღეში ისინი ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ, რომ კომპრომისზე წასულიყვნენ. როგორც ჩანს, იესომ დაინახა, რომ ზოგ მის მოწაფეს რწმენა ჰქონდა მოსუსტებული. ამიტომ იესოს არ უყოყმანია, პირდაპირ მიენიშნებინა მათთვის, რაზე ჰქონდათ სამუშაო. მოდი ახლა განვიხილოთ, როგორ დაიწყო იესომ ამ საკითხზე მათთან მსჯელობა.

მათეს 16:21–ში ნათქვამია: „იმ დროიდან იესო ქრისტემ დაიწყო მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა . . . ეტანჯა . . . უნდა მოეკლათ“. იესომ უთხრა მათ, თუ რა მოელოდა. ამის საჩვენებლად მან შესაძლებელია ისეთი ბიბლიური მუხლები გამოიყენა, როგორიცაა ფსალმუნების 21:15—19 ან ესაიას 53:10—12, სადაც ნათქვამია, რომ მესია უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. როგორც უნდა ყოფილიყო, იესომ უშუალოდ საღვთო წერილიდან მუხლებისა თუ ციტატების მოყვანით აღძრა პეტრე და სხვა მოწაფეები, რომ თავისი გულისნადები გამოევლინათ. რა რეაქცია ჰქონდათ მათ მომავალ დევნაზე?

გასაოცარია, რომ ისეთი გაბედული და გულმოდგინე ქრისტიანი, როგორიც პეტრე იყო, ემოციებს აჰყვა და ნაჩქარევად გამოიტანა არასწორი დასკვნა. ამით ცხადყო, რომ სერიოზული ნაკლი ჰქონდა აზროვნებაში. მან იესოს უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. აშკარაა, რომ პეტრე არასწორად აზროვნებდა, რადგან, როგორც იესომ მიუთითა, პეტრე „ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე“ ფიქრობდა; ეს კი სერიოზული სისუსტე იყო, რასაც შეეძლო სავალალო შედეგებამდე მიეყვანა ის. როგორ მოიქცა შემდგომ იესო? პეტრეს გაკიცხვის შემდეგ იესომ მას და დანარჩენ მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“. მან ფსალმუნების 48:9–სა და 61:13–ში ჩაწერილ აზრებზე გაამახვილა ყურადღება და სიყვარულით შეახსენა მოწაფეებს, რომ მათი მარადიული კეთილდღეობა დამოკიდებული იყო არა ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა, არამედ ღმერთზე (მათე 16:22—28).

მართალია, მოგვიანებით პეტრე შიშმა დროებით შეიპყრო და სამჯერ უარყო იესო, მაგრამ ზემოთ განხილულ და სხვა საკითხებზე მსჯელობამ, უეჭველია, ხელი შეუწყო სულიერად მის სწრაფ გამოჯანსაღებას (იოანე 21:15—19). სულ რაღაც 50 დღის გასვლის შემდეგ პეტრე გაბედულად წარსდგა იერუსალიმში ხალხის წინაშე და იესოს აღდგომის შესახებ დაამოწმა. მომდევნო კვირების, თვეებისა და წლების მანძილზე ის უშიშრად ხვდებოდა გამოცდებს — პეტრე რამდენჯერმე დააპატიმრეს და სცემეს — რაც ერთგულებისა და გაბედულების შესანიშნავი მაგალითია (საქმეები 2:14—36; 4:18—21; 5:29—32, 40—42; 12:3—5).

რის სწავლა შეგვიძლია აქედან? დაინახეთ, რა გააკეთა იესომ იმისათვის, რომ ამოეცნო და გამოეაშკარავებინა პეტრეს გულისნადები? თავდაპირველად მან შეარჩია სათანადო ბიბლიური მუხლები, რითაც პეტრეს ყურადღება კონკრეტულ სისუსტეზე გაუმახვილა. შემდეგ აღძრა, რომ გულისნადები გამოევლინა. საბოლოოდ კი, საღვთო წერილის საშუალებით დამატებითი რჩევა მისცა პეტრეს, რათა მას გამოესწორებინა აზროვნება და მოეთოკა საკუთარი გრძნობები. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იესოს მსგავსად სხვების სწავლება თქვენს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ, მოდი განვიხილოთ ორი შემთხვევა, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს მივბაძოთ იესოს წინასწარი მომზადებითა და იეჰოვაზე მინდობით.

გამოიკვლიეთ გულები

ერთხელ, როდესაც ერთმა ქრისტიანმა მამამ გაიგო, რომ მისმა ორმა ვაჟმა, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის მაგიდიდან დაუკითხავად აიღო კანფეტი, დასხა ისინი და მათთან ერთად დაიწყო მსჯელობა. ნაცვლად იმისა, რომ ეს უწყინარ, ბავშვურ ოინად ჩაეთვალა, ის ასეთ რამეს ჰყვება: „ვცდილობდი, გამომეკვლია ბავშვების გულები, რათა დამენახა, რამ უბიძგა მათ ასეთი არასწორი საქციელისკენ“.

მამამ სთხოვა ბავშვებს, გაეხსენებინათ, რა დაემართა ყაქანს, რომლის შესახებაც მოთხრობილია წიგნ „იესო ნავეს ძის“ მე-7 თავში. ბავშვებმა მაშინვე დაინახეს პრობლემის არსი და აღიარეს საკუთარი შეცდომა. მათ სინდისი ჰქენჯნიდათ. ამიტომ მამამ ეფესოელების 4:28-ში ჩაწერილი სიტყვები წააკითხა. ამ მუხლში ნათქვამია: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს . . . რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“. მამამ თავის ვაჟებს ზარალის ანაზღაურების მიზნით კანფეტი აყიდინა და მასწავლებელთან მიატანინა. ამით მან ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა პრაქტიკულად გამოიყენა.

„მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, შემჩნევისთანავე აღმოგვეფხვრა ნებისმიერი მიდრეკილება, რომელსაც არასწორი მოტივი უდევს საფუძვლად, — ამბობს ეს ქრისტიანი მამა, — და ამის ნაცვლად სუფთა მოტივით მოქმედება გვესწავლებინა შვილებისთვის“. ეს ქრისტიანი მშობლები, რასაკვირველია, ყოველთვის კარგ შედეგებს აღწევდნენ, როდესაც იესოს მსგავსად ასწავლიდნენ შვილებს. საბოლოოდ, მათი ორივე ვაჟი ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრები გახდნენ, სადაც ერთი მათგანი უკვე 25 წელია მსახურობს.

ახლა განვიხილოთ, თუ როგორ დაეხმარა ერთი ქრისტიანი თავის დაინტერესებულს. ჩვეულებრივ, ეს დაინტერესებული ქალი ესწრებოდა შეხვედრებს, მონაწილეობდა მსახურებაში და ყოველთვის ამბობდა, რომ მონათვლის დიდი სურვილი ჰქონდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავის იმედი უფრო ჰქონდა, ვიდრე იეჰოვა ღმერთის. „როგორც გაუთხოვარი, უფრო მეტად იყო თავის თავზე დაიმედებული, ვიდრე ეგონა“, — იხსენებს მოწმე. „ვწუხდი, რომ ნერვული მოშლილობა არ დამართოდა ან სულიერად არ დაცემულიყო“.

ამიტომ მოწმემ ინიციატივა გამოავლინა და მათეს 6:33-ში ჩაწერილ სიტყვებზე დაიწყო მასთან ერთად მსჯელობა; ის აღძრავდა მას, რომ საკუთარ პრიორიტეტებში ცვლილებები შეეტანა, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა და იეჰოვას მინდობოდა, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ მოაგვარებდა. მოწმემ პირდაპირ ჰკითხა დაინტერესებულს: „ზოგჯერ არ გიჭირს სხვებზე, მათ შორის იეჰოვაზე, მინდობა იმის გამო, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ?“ დაინტერესებულმა აღიარა, რომ თითქმის არ ლოცულობდა. ამის შემდეგ მაუწყებელმა გაამხნევა ის, მიჰყოლოდა ფსალმუნების 54:23-ში მოცემულ რჩევას და საკუთარი საზრუნავი იეჰოვასთვის მიენდო, რადგან, როგორც 1 პეტრეს 5:7 გვარწმუნებს, „ის ზრუნავს თქვენზე“. ეს სიტყვები შეეხო დაინტერესებულის გულს. მოწმე იხსენებს: „ის ატირდა, რაც იშვიათად ხდებოდა“.

კვლავაც გამოიღეთ ჭეშმარიტების ნაყოფი

დიდ სიხარულს გვანიჭებს იმის დანახვა, როდესაც დაინტერესებულები დადებითად ეხმაურებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა მცდელობამ კარგი ნაყოფი გამოიღოს, თავად უნდა მივცეთ მათ კარგი მაგალითი (იუდა 22, 23). თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება, ‘კვლავაც ვიღვაწოთ ჩვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით’ (ფილიპელები 2:12). ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით ანათებდეს ჩვენს გულებში ღვთის სიტყვის სინათლე — გამოვიკვლიოთ, რა დგას საკუთარი გრძნობების, შეხედულებების და სურვილების უკან, რომლებიც შესაძლოა ცვლილებას საჭიროებდეს (2 პეტრე 1:19).

მაგალითად, ხომ არ ამჩნევთ, რომ ბოლო დროს ქრისტიანული მსახურებისადმი ენთუზიაზმი გაგინელდათ? თუ ასეა, რით არის ეს განპირობებული? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საკუთარ თავზე მეტისმეტად ხართ დაიმედებულნი. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ნამდვილად ასეა თუ არა ეს? წაიკითხეთ ანგიას 1:2—11 და სერიოზულად დაფიქრდით, თუ როგორ მსჯელობს იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებთან. შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ზედმეტად ხომ არა ვარ დაინტერესებული საკუთარი თავის ფინანსური უზრუნველყოფითა და მატერიალური კეთილდღეობით? ნამდვილად ვენდობი იეჰოვას, რომ ის დამეხმარება ოჯახზე ზრუნვაში, თუ სულიერს ცხოვრებაში პირველ ადგილს დავუთმობ? თუ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მე უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე?“ თუ თქვენს აზროვნებაში ან გრძნობებში ცვლილებებია მოსახდენი, ნუ დააყოვნებთ ამის გაკეთებას. ისეთი ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, რომელიც მოცემულია მათეს 6:25—33-ში, ლუკას 12:13—21-სა და 1 ტიმოთეს 6:6—12-ში, მატერიალურ საჭიროებებსა თუ საკუთრებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, რის შედეგადაც არასდროს მოგვაკლდება იეჰოვას კურთხევები (მალაქია 3:10).

გულახდილი თვითშემოწმება შეიძლება გამომაფხიზლებელი იყოს. კონკრეტული სისუსტის მას შემდეგ აღიარება, რაც სხვები მიგვანიშნებენ მასზე, შესაძლოა ემოციურად მტკივნეული იყოს. მაგრამ, როდესაც სიყვარულით იღებთ ინიციატივას თქვენი შვილის, დაინტერესებულის ან თუნდაც საკუთარი თავის დასახმარებლად — რამდენად პირადული ან მტკივნეული საკითხიც უნდა იყოს — თქვენ პირველ ნაბიჯს დგამთ მათი ან საკუთარი სიცოცხლის სახსნელად (გალატელები 6:1).

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ერთი შეხედვით, თქვენს მცდელობას კარგი ნაყოფი არ გამოაქვს? მალევე ნუ გაიტეხთ გულს! არასრულყოფილი გულის გამოსწორება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული, ხანგრძლივი პროცესი იყოს და ზოგჯერ შესაძლოა იმედგაცრუებაც კი გამოიწვიოს. მაგრამ, ამავე დროს, ის შეიძლება უდიდესი სარგებლობის მომტანი გახდეს.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ერიკი საბოლოოდ გონს მოეგო და კვლავ განაგრძო ‘ჭეშმარიტებაში სიარული’ (2 იოანე 4). „ეს მაშინ მოხდა, როდესაც მივხვდი, რა დავკარგე იეჰოვასთვის ზურგის შექცევით,“ — ამბობს ის. მშობლების დახმარებით ერიკი დღეს ერთგულად ემსახურება იეჰოვას. თუმცა ერთ დროს ღიზიანდებოდა, როდესაც მშობლები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ საკუთარი გულის გამოკვლევაში, ამჟამად ძალიან აფასებს იმას, რაც მათ გააკეთეს. „ჩემი მშობლები შესანიშნავი ადამიანები არიან, — ამბობს ის. — მათ არასდროს უნელდებათ ჩემდამი სიყვარული“.

როდესაც ღვთის სიტყვა მათ გულებს ანათებს, ვისაც ბიბლიას ვასწავლით, ამით სიკეთე ვავლენთ (ფსალმუნები 140:5). განაგრძეთ თქვენი ბავშვებისა და დაინტერესებულების გულების გამოკვლევა, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ნამდვილად იმოსებიან ახალი ქრისტიანული პიროვნებით. ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემით’ კვლავაც შეეცადეთ, რომ ჭეშმარიტებამ ნაყოფი გამოიღოს როგორც სხვების, ასევე თქვენს საკუთარ გულში (2 ტიმოთე 2:15).

[სურათი 29 გვერდზე]

იესოს სიტყვებმა პეტრეს სისუსტე გამოააშკარავა.

[სურათი 31 გვერდზე]

გულები ბიბლიის საშუალებით გამოიკვლიეთ.