არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’

‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’

‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’

„ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მათე 11:12).

1, 2. ა) რა იშვიათ სულისკვეთებაზე მიუთითებდა იესო სამეფოს შესახებ თავის ერთ იგავში? ბ) რა თქვა იესომ ძალიან ძვირფასი მარგალიტის შესახებ ამ იგავში?

აფასებთ რამეს ისე ძალიან, რომ მის დასაუფლებლად მზად ხართ, ყველაფერი გაიღოთ, რაც კი გაბადიათ? ხალხი მთელ ცხოვრებას უძღვნის ზოგიერთი მიზნის განხორციელებას, მაგალითად ფულის, სახელის, ძალაუფლების მოხვეჭას ან საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის მიღწევას, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვინმე პოულობს იმდენად სასურველ რამეს, რომ მზად არის, მის შესაძენად ყველაფერი გაიღოს. სამეფოს შესახებ თავისი მრავალი დამაფიქრებელი იგავიდან ერთ-ერთში იესო ქრისტე ამ იშვიათ, მაგრამ სასურველ სულისკვეთებაზე მიუთითებდა.

2 ეს არის, ძალიან ძვირფასი მარგალიტის შესახებ იგავი, ანუ თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს განმარტოებით უთხრა. აი, რა თქვა იესომ: „ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:36, 45, 46). რის სწავლება უნდოდა იესოს თავისი მსმენელებისთვის ამ თვალსაჩინო მაგალითით? და როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ იესოს სიტყვები?

მარგალიტები ძალიან ფასობდა

3. რატომ ფასობდა ასე ძალიან ძველ დროში კარგი მარგალიტები?

3 ძველი დროიდან მარგალიტებს ძალიან აფასებდნენ და მათ დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ. ერთ წყაროში აღნიშნულია, რომ რომაელი სწავლულის პლინიუს უფროსის სიტყვების თანახმად, მარგალიტები „ძვირფასეულობათაგან ყველაზე მეტად ფასობდა“. ოქროს, ვერცხლისა თუ სხვა მრავალი ძვირფასი ქვისგან განსხვავებით, მარგალიტებს ცოცხალი არსებები ქმნიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარკვეული ტიპის მოლუსკები გამღიზიანებლებს — მაგალითად ქვის ნამცეცებს — გარშემო ფენებად ახვევენ სეკრეტს, რომელიც სადაფის სახელით არის ცნობილი, და ამგვარად წარმოქმნიან მარგალიტებს. ძველ დროში საუკეთესო მარგალიტი, ძირითადად, ისრაელისგან დაშორებულ ტერიტორიებზე — წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში — მოიპოვებოდა. როგორც ჩანს, ამიტომ ლაპარაკობდა იესო დიდვაჭარზე, „რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს“. ნამდვილად, ძვირფასი მარგალიტის პოვნას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.

4. უმთავრესად რას ვსწავლობთ დიდვაჭრის შესახებ იესოს იგავიდან?

4 კარგი მარგალიტი ძველი დროიდანვე ძვირად ფასობდა, მაგრამ, ცხადია, იესოს იგავში უმთავრესი მარგალიტის ღირებულება არ იყო. ამ იგავში იესოს ღვთის სამეფო, უბრალოდ, ძვირფას მარგალიტთან არ შეუდარებია; მან ყურადღება გაამახვილა ‘დიდვაჭარზე, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებდა’, და მის შემდგომ მოქმედებაზე. მარგალიტებით ჩვეულებრივი მოვაჭრისგან განსხვავებით, დიდვაჭარი დახელოვნებული იყო ვაჭრობაში; მას მახვილი თვალი ჰქონდა, რაც ეხმარებოდა, შეეფასებინა მარგალიტის ესთეტიკური ღირებულება თუ სხვა ნიუანსები, რითაც კონკრეტული მარგალიტი სხვებისგან გამოირჩეოდა. მას ეცოდინებოდა ნამდვილი მარგალიტის ამოცნობა და ვერ შეატყუებდნენ უფრო დაბალი ხარისხის ან ყალბ საქონელს.

5, 6. ა) რა არის განსაკუთრებით აღსანიშნავი ვაჭრის შესახებ იესოს იგავში? ბ) რას გვიმხელს მინდორში დამალული განძის შესახებს იგავი დიდვაჭარზე?

5 ამ ვაჭართან დაკავშირებით კიდევ რაღაც არის აღსანიშნავი. ჩვეულებრივი ვაჭარი უპირველესად გამოიანგარიშებდა, თუ რა ღირდა მარგალიტი ბაზარში, რათა წინასწარ განესაზღვრა, რამდენი უნდა გადაეხადა, რომ მოგება ენახა. ის იმასაც გაარკვევდა, იყო თუ არა სადმე ახლომახლო მარგალიტების ბაზარი, რათა შეძლებოდა სწრაფად გაეყიდა საქონელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დაინტერესებული იქნებოდა იმით, რაც შეიძლება სწრაფად ენახა მოგება და არა იმით, რომ ეს მარგალიტი ჰქონოდა. მაგრამ იესოს იგავში მოხსენიებული ვაჭარი განსხვავებული იყო. მას ფული და მოგება არ აინტერესებდა. პირიქით, ის მზად იყო, გაეღო, „რაც კი რამ ებადა ყველაფერი“ — შესაძლებელია ამაში შედიოდა მთელი ქონება — რათა შეეძინა ის, რასაც ასე ეძებდა.

6 იესოს იგავში მოხსენიებული კაცი, მრავალი ვაჭრის თვალში შესაძლოა უგუნური გამოჩენილიყო. გამჭრიახი ბიზნესმენი ასეთ სარისკო საქმეს არ წამოიწყებდა. მაგრამ იესოს იგავში მოხსენიებულ ვაჭარს განსხვავებული ფასეულობები ჰქონდა. ის საზღაურად იღებდა არა მატერიალურ მოგებას, არამედ სიხარულსა და კმაყოფილებას, რაც რაღაც განსაკუთრებული ფასეულობის ფლობით იყო გამოწვეული. ეს აზრი ნათლად ჩანს იესოს მიერ მოყვანილ ანალოგიურ თვალსაჩინო მაგალითში. მან თქვა: „ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“ (მათე 13:44). დიახ, სიხარული რომელიც განძის აღმოჩენასა და მის დაუფლებას მოაქვს, საკმარისი იყო იმისათვის, რომ იმ კაცს გაეღო ყველაფერი, რაც კი რამ ებადა. არიან დღესაც ასეთი ადამიანები? არის რაიმე ძვირფასი, რაც ასეთი მსხვერპლის გაღებად ღირს?

მათ ესმოდათ, რამდენად ძვირფასია სამეფო

7. როგორ ცხადყო იესომ, რომ ძალიან კარგად ესმოდა, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო?

7 იესო ამ იგავში „ზეციერი სამეფოს“ შესახებ ლაპარაკობდა. მას თავად ნამდვილად კარგად ესმოდა, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო. სახარებები საფუძვლიანად ადასტურებს ამ ფაქტს. ახ. წ. 29 წელს, ნათლობის შემდეგ, იესომ «ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან ზეციერი სამეფო მოახლოვდა“». სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან მრავალს ასწავლა სამეფოს შესახებ. იესომ შემოიარა მთელი ქვეყანა, „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (მათე 4:17; ლუკა 8:1).

8. იესოს რომელმა საქმეებმა ცხადყო, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

8 დედამიწაზე მრავალი სასწაულის მოხდენით — ავადმყოფების განკურნებით, მშივრების დაპურებით, ბუნების ძალთა დამორჩილებითა და მკვდრების აღდგენითაც კი — იესომ აგრეთვე ცხადყო, თუ რას გააკეთებს ღმერთის სამეფო (მათე 14:14—21; მარკოზი 4:37—39; ლუკა 7:11—17). ბოლოს მან ღმერთისა და სამეფოს მიმართ ერთგულება იმით დაამტკიცა, რომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად — წამების ბოძზე მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდა. როგორც დიდვაჭარი იყო მზად, ყველაფერი გაეღო „ძვირფასი მარგალიტისთვის“, ისე იესო ცხოვრობდა და მოკვდა სამეფოსთვის (იოანე 18:37).

9. რა იშვიათი სულისკვეთება შეინიშნებოდა იესოს პირველ მოწაფეებში?

9 იესომ არა მარტო თავის ცხოვრებაში დააყენა ღვთის სამეფო პირველ ადგილზე, არამედ შეკრიბა თავის მიმდევართა პატარა ჯგუფიც, რომლებსაც ასევე კარგად ესმოდათ, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო. მათ შორის იყო ანდრია, რომელიც თავიდან იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იოანეს ქადაგებამ, რომ იესო „ღვთის კრავი“ იყო, მაშინვე მიიზიდა იესოსკენ ანდრია და იოანეს კიდევ ერთი მოწაფე — ყველაზე მეტად დასაშვებია, რომ ეს იყო ზებედეს ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც აგრეთვე იოანე ერქვა — და ისინი მისი მორწმუნეები გახდნენ. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ანდრია დაუყოვნებლივ წავიდა თავის ძმასთან, სიმონთან, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. ამის შემდეგ, მალევე, სიმონმა (რომელიც ცნობილი გახდა კეფად და პეტრედ), ასევე ფილიპემ და მისმა მეგობარმა ნათანაელმა, მაშინვე ცნეს იესო მესიად. ნათანაელმა იესოს უთხრა: „შენ ღვთის ძე ხარ, შენ ისრაელის მეფე ხარ“ (იოანე 1:35—49).

მოქმედებისკენ აღძრულნი

10. როგორ გამოეხმაურნენ მოწაფეები იესოს მოხმობას პირველი შეხვედრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ?

10 ანდრიას, პეტრეს, იოანესა და სხვა დანარჩენების აღფრთოვანება, რომელიც მესიის პოვნამ გამოიწვია, შეიძლება შევადაროთ დიდვაჭრის აღფრთოვანებას, რომელიც მან ძვირფასი მარგალიტის პოვნისას განიცადა. რა უნდა გაეკეთებინათ ახლა მათ? სახარებები ბევრს არაფერს გვეუბნება იმის თაობაზე, თუ რა გააკეთეს მათ იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ მაშინვე. ალბათ, უმეტესობა მათგანი ადრინდელ ცხოვრებას დაუბრუნდა. მაგრამ, დაახლოებით ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ, იესო კიდევ ერთხელ მივიდა ანდრიასთან, პეტრესთან, იოანესა და მის ძმასთან, იაკობთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით — გალილეის ზღვაში თევზჭერით — იყვნენ დაკავებულნი *. დაინახა თუ არა ისინი, იესომ უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. როგორი იყო მათი რეაქცია? პეტრესა და ანდრიას შესახებ მათეს სახარება ამბობს: „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“. იაკობისა და იოანეს შესახებაც ვკითხულობთ: „მათ მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ“. ლუკას ჩანაწერი დასძენს, რომ მათ „ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“ (მათე 4:18—22; ლუკა 5:1—11).

11. რამ აღძრა მოწაფეები, მაშინვე გამოხმაურებოდნენ იესოს მიწვევას?

11 იყო მოწაფეების სწრაფი გამოხმაურება ნაჩქარევი გადაწყვეტილება? არა! მიუხედავად იმისა, რომ იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ ისინი თევზაობას დაუბრუნდნენ, ეჭვგარეშეა, ნანახმა და მოსმენილმა მათ გულსა და გონებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. გასული, დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ბევრი ეფიქრათ ამაზე. ახლა დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო. იქნებოდნენ ისინი იმ დიდვაჭრის მსგავსნი, რომლის გულიც ისე აღძრა უძვირფასესი მარგალიტის აღმოჩენამ, რომ, როგორც იესომ თქვა, ის მაშინვე წავიდა, რათა გაეკეთებინა ყველაფერი იმ მარგალიტის საყიდლად? რა თქმა უნდა. ნანახი და მოსმენილი მათ გულებს შეეხო. ისინი მიხვდნენ, რომ დადგა მოქმედების დრო. ამგვარად, როგორც ჩანაწერები გვაუწყებს, მათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიატოვეს ყველაფერი და იესოს მიმდევრები გახდნენ.

12, 13. ა) როგორ გამოეხმაურა მრავალი მსმენელი იესოს სიტყვებს? ბ) რა თქვა იესომ თავისი ერთგული მოწაფეების შესახებ და რას გულისხმობს მისი სიტყვები?

12 ეს ერთგული მსახურები მართლაც რომ ძალიან განსხვავდებოდნენ სახარებებში მოგვიანებით მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანისგან! მრავალი, მას შემდეგ, რაც იესომ განკურნა ან დააპურა, ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდა (ლუკა 17:17, 18; იოანე 6:26). ზოგიერთმა გაშვებაც კი სთხოვა, როცა იესომ მიიწვია, რომ მისი მიმდევრები გამხდარიყვნენ (ლუკა 9:59—62). მათგან განსხვავებით, იესომ მოგვიანებით ერთგულთა შესახებ თქვა: „იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მათე 11:12).

13 რას ნიშნავს გამოთქმა „მთელი ძალით სწრაფვა“? ბერძნულ ზმნასთან დაკავშირებით, საიდანაც ეს გამოთქმაა აღებული, „ძველი და ახალი აღთქმის ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ ამბობს: „ეს ზმნა მიუთითებს მთელი ძალით მცდელობაზე“. ამავე გამოთქმის შესახებ, ბიბლეისტი ჰაინრიხ მაიერი ამბობს: „ამგვარად აღწერილია მომავალი მესიანური სამეფოსადმი ძლიერი ლტოლვა და მთელი ძალით სწრაფვა; აგრეთვე მისთვის დაუცხრომელი ბრძოლა . . . ამდენად ინტენსიური და ძლიერია სამეფოსადმი ინტერესი (ის უკვე აღარ არის მდორე და მოლოდინით გაჟღენთილი)“. დიდვაჭრის მსგავსად, ეს რამდენიმე პიროვნება სწრაფადვე მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილად ძვირფასი, და მაშინვე ყველაფერი დათმეს სამეფოსთვის, რაც კი რამ ებადათ (მათე 19:27, 28; ფილიპელები 3:8).

სხვებმაც დაიწყეს ძიება

14. როგორ მოამზადა იესომ მოციქულები სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისთვის და როგორი იყო შედეგი?

14 იესო მსახურებისას ასწავლიდა და ეხმარებოდა სხვებს, ეძიათ სამეფო. მან თავდაპირველად თავის მოწაფეებიდან ამოირჩია თორმეტი, რომლებიც მოციქულებად დანიშნა ანუ გარკვეული დავალების შესასრულებლად გაგზავნა. იესომ მათ დეტალურად აუხსნა, თუ როგორ ემსახურათ და იმ სირთულეების შესახებაც გააფრთხილა, რომლებსაც შეხვდებოდნენ (მათე 10:1—42; ლუკა 6:12—16). დაახლოებით მომავალი ორი წლის განმავლობაში ისინი იესოს დაჰყვებოდნენ მსახურებაში, და ამ ხნის მანძილზე მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ისმენდნენ მის სიტყვებს და ხედავნენ მის ძლევამოსილ საქმეებსა და პირად მაგალითს (მათე 13:16, 17). ეჭვგარეშეა, ყოველივე ამან იმდენად იმოქმედა მათზე, რომ დიდვაჭრის მსგავსად, ენთუზიაზმითა და მთელი გულით იღწვოდნენ სამეფოსთვის.

15. რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს ისეთი, რაც მათ სიხარულის მიზეზს აძლევდა?

15 იესომ თორმეტი მოციქულის შეკრების შემდეგ, „სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ–ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას“. მან აგრეთვე ისინი გააფრთხილა განსაცდელებისა და სირთულეების შესახებ და ასწავლა, რომ ხალხისთვის ეთქვათ: „ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ–თქო“ (ლუკა 10:1—12). როდესაც სამოცდაათი დაბრუნდა, სიხარულით აღვსილებმა იესოს უთხრეს: „უფალო, შენს სახელს რომ ვახსენებთ, დემონებიც კი გვემორჩილებიან“. მაგრამ, შესაძლოა, მათდა გასაკვირად, იესომ მიუგო, რომ კიდევ უფრო დიდი სიხარული ელოდათ იმ ენთუზიაზმისთვის, რომელიც სამეფოს გულისთვის გამოავლინეს. იესომ უთხრა მათ: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:17, 20).

16, 17. ა) რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს მათთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს? ბ) რა სიხარულსა და გულდაჯერებულობას მოუტანდა იესოს სიტყვები მოციქულებს?

16 ბოლოს, როდესაც ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, უკანასკნელ საღამოს იესო თავის მოციქულებთან ერთად იყო, მან დააფუძნა საღამო, რომელიც ცნობილია როგორც უფლის გახსენების საღამო, და მათ დაავალა, რომ ეს მოვლენა აღენიშნათ. საღამოს მსვლელობისას იესომ დარჩენილ თერთმეტს მიმართა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკა 22:19, 20, 28—30).

17 როგორი სიხარულითა და კმაყოფილებით უნდა ავსებოდათ გულები მოციქულებს, როდესაც იესოს ეს სიტყვები მოისმინეს! ის სთავაზობდა მათ უდიდეს პატივსა და უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიც კი შეიძლებოდა, რომ ადამიანებს ჰქონოდათ (მათე 7:13, 14; 1 პეტრე 2:9). დიდვაჭრის მსგავსად, მათაც ბევრი რამ გაიღეს, რათა იესოს მიყოლოდნენ და ცხოვრება სამეფოს ინტერესების ძიებისთვის მიეძღვნათ. ახლა კი ისინი იესომ იმაში დაარწმუნა, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ამაო არ იყო.

18. მოციქულების გარდა, ვინ მიიღებდა კიდევ საბოლოოდ სარგებლობას სამეფოსგან?

18 სამეფოს მხოლოდ იმ მოციქულებისთვის არ მოუტანია სარგებლობა, რომლებიც უკანასკნელ საღამოს იესოსთან ერთად იყვნენ. იეჰოვას ნება იყო, რომ სამეფო შეთანხმება დადებულიყო მთლიანობაში 144 000-თან, რომლებიც დიდებულ ზეციერ სამეფოში იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ. გარდა ამისა, მოციქულმა იოანემ ხილვაში დაინახა «უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო . . . იდგნენ ტახტისა და კრავის წინ . . . [და] ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს — ტახტზე მჯდომს — და კრავს ვუმადლით“». ესენი სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები არიან * (გამოცხადება 7:9, 10; 14:1, 4).

19, 20. ა) რა შესაძლებლობა აქვს ყველა ერის ხალხს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 იესომ ზეცად ამაღლების წინ, თავის ერთგულ მიმდევრებს დაავალა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ამგვარად, იესოს მოწაფეები ყველა ერიდან მოსული ხალხი იქნებოდა. ესენიც — ზეციერი თუ მიწიერი იმედის მქონეები — ისევე დაუწყებდნენ სამეფოს მთელი გულით ძიებას, როგორც დიდვაჭარი ეძებდა კარგ მარგალიტებს.

20 იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მოწაფეებად მომზადების საქმიანობა ამ „სისტემის აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. ამგვარად, არიან დღეს ჯერ კიდევ დიდვაჭრის მსგავსი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გაიღონ სამეფოსთვის? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში?

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ზებედეს ვაჟი იოანე, შესაძლოა, გაჰყვა იესოს და იმ ზოგიერთი საქმის მოწმე გახდა, რაც მათთან პირველი შეხვედრის შემდეგ გააკეთა იესომ. ასე რომ, იოანეს საშუალება ჰქონდა, ეს ყველაფერი ნათლად აღეწერა თავის სახარებაში (იოანე 2—5 თავები). მიუხედავად ამისა, იოანე დაუბრუნდა თავისი ოჯახის საქმიანობას და იესოს მიერ მოხმობამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თევზჭერით იყო დაკავებული.

^ აბზ. 18 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი მე-10. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რა უმთავრესი გაკვეთილია მოცემული დიდვაჭრის შესახებ იგავში?

• როგორ ცხადყო იესომ, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის სამეფო?

• რამ აღძრა ანდრია, პეტრე, იოანე და სხვები, რომ მაშინვე გამოხმაურებოდნენ იესოს მოწოდებას?

• რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს ხალხს ყველა ერიდან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

‘მათ ყველაფერი მიატოვეს და იესოს გაჰყვნენ’.

[სურათი 12 გვერდზე]

ზეცაში ასვლამდე იესომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა.