არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბერლებურგის ბიბლია

ბერლებურგის ბიბლია

ბერლებურგის ბიბლია

გერმანიის ლუთერანულ ეკლესიაში XVII—XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა რელიგიური მოძრაობა პეიტიზმი. ამ რელიგიის ზოგიერთი მიმდევარი თავისი რწმენის გამო დაცინვის ობიექტი ან დევნილიც კი იყო. პეიტიზმის მიმდევართაგან რამდენიმე სწავლულმა ბერლებურგს შეაფარა თავი. ეს ქალაქი მაინის ფრანკფურტის ჩრდილოეთით მდებარეობს და მისგან 150 კმ-ით არის დაშორებული. სწავლულები შეიფარა ადგილობრივმა დიდგვაროვანმა, ბერლებურგის ჰერცოგმა კაზიმირ ფონ ვიტგენშტაინმა, რომელიც რელიგიას დიდ პატივს სცემდა. ბერლებურგში ამ მქადაგებლებისა და სწავლულების მეშვეობით გაკეთდა ბიბლიის ახალი თარგმანი, რომელიც დღეისათვის ბერლებურგის ბიბლიად არის ცნობილი. როგორ გაკეთდა ეს თარგმანი?

მათ შორის, ვინც ამ ქალაქს თავი შეაფარა, ერთ-ერთი იოჰან ჰაუგი იყო. თავის მშობლიურ ქალაქში, სტრასბურგში, ადგილობრივი თეოლოგების მხრიდან შეუწყნარებლობის გამო ის იძულებული გახდა ქალაქიდან წასულიყო. ჰაუგი დიდად განათლებული ადამიანი და ნიჭიერი ენათმეცნიერი იყო. ბერლებურგში მყოფ თავის თანამშრომელ სწავლულებს მან უთხრა, რომ მთელი გულით სურდა, „გაეკეთებინათ ბიბლიის ისეთი თარგმანი, რომელიც ყოველგვარი გადახვევის გარეშე იქნებოდა, შეესწორებინათ ლუთერისეული თარგმანი და ღვთის სიტყვიდან აბსოლუტური სიზუსტით გადმოეტანათ ის აზრი და სულისკვეთება, რომელიც მასში იყო ჩადებული“ (Die Geschichte der Berlenburger Bibel [„ბერლებურგის ბიბლიის ისტორია“]). მათი მიზანი იყო, გამოეცათ ბიბლია, რომელსაც თანდართული ექნებოდა განმარტებები და კომენტარები და, რომელიც გასაგები იქნებოდა ჩვეულებრივი ხალხისთვის. ჰაუგმა დაიხმარა ევროპის სხვა ქვეყნების სწავლულები, და პროექტზე მუშაობას დაახლოებით 20 წელი მოანდომა. ბერლებურგის ბიბლიის გამოცემა 1726 წელს დაიწყო. მასში ჩართული იყო ვრცელი განმარტებები, რის გამოც საჭირო გახდა რვა ტომის გამოცემა.

ბერლებურგის ბიბლიაში ზოგიერთ მართლაც საინტერესო ადგილს ვხვდებით. მაგალითად, გამოსვლის 6:2, 3-ში ვკითხულობთ: «ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა მას: „მე ვარ უფალი! მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელით — იეჰოვა — არ გავეცანი მათ“». თანდართულ განმარტებაში წერია: „სახელი იეჰოვა . . . განსაკუთრებული სახელი/ან/გაცხადებული სახელი“. ღვთის პირადი სახელი იეჰოვა, აგრეთვე გვხვდება გამოსვლის 3:15-სა და 34:6-ის კომენტარებში.

ამგვარად, ბერლებურგის ბიბლიის სახით კიდევ ერთი წიგნი შეემატა იმ გერმანულ ბიბლიებს, რომლებშიც სახელი იეჰოვა გამოიყენება როგორც მთავარ ტექსტში, ისე სქოლიოებში ან კომენტარებში. შედარებით თანამედროვე თარგმანებიდან, რომლებიც სათანადო პატივს მიაგებს ღვთის პირად სახელს, ერთ–ერთი არის „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).