კუნძულ საბაზე სტუმრობა
კუნძულ საბაზე სტუმრობა
ნიდერლანდში შემავალი კუნძული საბა ერთ დროს საიმედო თავშესაფარი იყო მეკობრეებისთვის, რომლებიც ნადავლის ხელში ჩასაგდებად კარიბის ზღვაში დაცურავდნენ. დღეს ამ პატარა კუნძულზე, რომელიც პუერტო-რიკოს აღმოსავლეთით 240 კილომეტრში მდებარეობს, 1 600 ადამიანი ცხოვრობს; მათგან მხოლოდ ხუთია იეჰოვას მოწმე. ეს შეუპოვარი მსახურები განძზე გაცილებით უფრო ძვირფას რამეს ეძებენ. ისინი გულმოდგინედ ცდილობენ ისეთი ადამიანების მოძებნას, რომლებიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არიან განწყობილნი’ (საქმეები 13:48).
1952 წლის 22 ივნისს 18-მეტრიანი ხომალდი „სიბია“, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მართავდნენ, საბას ნაპირებს მიადგა; სწორედ ამ დროს იქადაგეს პირველად კუნძულზე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14). გემიდან გადმოსვლის შემდეგ მისიონერები გესტ მაკი და სტენლი კარტერი საბას მთავარი სოფლისკენ, ბოთომისკენ, ამავალ დაკლაკნილ ბილიკს დაადგნენ, რომელიც 500 კიბისგან შედგებოდა *. საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ამ ვიწრო ბილიკით იყო შესაძლებელი კუნძულის მოსახლეობამდე მიღწევა.
კუნძულ საბაზე მოწმეთა საქმიანობის შესახებ პირველი ოფიციალური ცნობა 1966 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ გამოქვეყნდა. ამ ცნობის თანახმად, კუნძულზე მხოლოდ ერთი აქტიური მოწმე მსახურობდა. მოგვიანებით კანადიდან ერთი ოჯახი ჩამოვიდა, რომელიც რამდენიმე წელი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ახლახან კი შეერთებული
შტატებიდან ხანდაზმული წყვილი, რასელი და ქეითი, ჩავიდა კუნძულ საბაზე საქადაგებლად. გავეცნოთ მათ ისტორიას.კუნძულ საბაზე ჩასვლა
მე და ჩემი ცოლი თვითმფრინავით ჩავედით სტუმრად რონალდთან, რომელიც კუნძულზე 90-იან წლებში ძირითადად მარტო მსახურობდა. მასპინძელი აეროპორტში გველოდებოდა. როცა ბოსტნეულით სავსე პატარა კალათა ვაჩუქეთ, მას ძალიან გაუხარდა, რადგან კუნძულზე არ იყო სოფლის მეურნეობა განვითარებული. ჩვენ პატარა სატვირთო მანქანით დავადექით ჩამქრალი ვულკანის მწვერვალისკენ მიმავალ დაკლაკნილ გზას.
სოფელ ჰელ-გეითში გავჩერდით, რათა რონალდს შეემოწმებინა, თუ იყო ისევ საინფორმაციო დაფაზე გამოკრული კვირისთვის საჯარო მოხსენების შესახებ მოსაწვევი. გაგვიხარდა, რომ ის კვლავ იქ აღმოჩნდა. ამის შემდეგ დავადექით კუნძულის ყველაზე დიდი სოფლისკენ, ვინდვორდსაიდისკენ, მიმავალ გზას. როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, ეს ლამაზი სოფელი ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც გამუდმებით უბერავს ქარი. როდესაც რონალდის სახლს მივუახლოვდით, შესასვლელში დავინახეთ თვალშისაცემი აბრა, რომელიც მიანიშნებდა, რომ იქ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი იყო.
სადილის დროს რონალდს კითხვა დავუსვი, თუ როგორ შეძლო კუნძულ საბაზე მაუწყებლად მსახურება. სწორედ ამ კითხვამ განაპირობა ჩვენი იქ ჩასვლა.
„როდესაც 1993 წელს პუერტო-რიკოზე იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მშენებლობა დასრულდა, — ჰყვება რონალდი, — მე და ჩემს ცოლს უცხო ტერიტორიაზე გვსურდა მსახურება. უფრო ადრე ჩვენ კუნძულ საბას სხვა პიონერ წყვილთან ერთად ვეწვიეთ და შევიტყვეთ, რომ იქ 1 400 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მათგან არც ერთი იყო იეჰოვას მოწმე. ამიტომ პუერტო-რიკოს ფილიალის კომიტეტს შევატყობინეთ, რომ იქ მსახურება გვსურდა.
ყველაფერი ისე წარიმართა, რომ საბოლოოდ იქ მსახურების ნებართვა მივიღეთ. სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე სერიოზულად დაავადდა, რის გამოც კალიფორნიაში დავბრუნდით. ის გარდაიცვალა, მე კი კვლავ კუნძულ საბაზე გავემგზავრე. როგორც ხედავთ, მიყვარს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა“.
კუნძულზე კარდაკარ ქადაგება
რონალდის სახლი, რომელიც უკვე ასი წელია, რაც აშენებულია, ორ მიზანს ემსახურება; ის სამეფო დარბაზადაც გამოიყენება და საცხოვრებლადაც *. დილით ვსაუზმობთ და მსახურებაში წასასვლელად ვემზადებით. მიმოფანტული ღრუბლებიდან წვიმა მოდის და ღია ცის ქვეშ მდებარე სამზარეულოს ასველებს. მიუხედავად ამისა, დილიდანვე გავდივართ კარდაკარ საქადაგებლად. თითოეულ მობინადრეს რონალდი სახელებით მიმართავს. მათ ყურადღებას იქ მომხდარ ადგილობრივ მოვლენებზე ვამახვილებთ. უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი რონალდის საქმიანობის შესახებ; ბევრი ხალისით იღებს ბიბლიურ ლიტერატურას.
თუ იქ მცხოვრებლებს პირადად არ იცნობთ, რთულია სასიხარულო ცნობით დაინტერესებულების შესახებ ჩანაწერების გაკეთება. რატომ? როგორც რონალდი გვიხსნის, კანონის თანახმად, ყველა სახლი ერთნაირი ფერით იღებება. მართლაც, როცა ირგვლივ ვიყურები, ვხედავ, რომ საბაში ყველა სახლი თეთრად არის შეღებილი და ყველას წითელი სახურავი აქვს.
ბიბლიური საუბრების შემდეგ მობინადრეებს კვირას საჯარო მოხსენების მოსასმენად ვეპატიჟებით სამეფო დარბაზში. როდესაც რონალდი კუნძულზე იმყოფება, ყოველ კვირას ის გამოდის საჯარო მოხსენებით. ამჟამად კუნძულ საბაზე ბიბლიის 17 შესწავლა ტარდება. 2004 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ოცი ადამიანი დაესწრო. ერთი შეხედვით, დაინტერესებულთა რიცხვი მცირეა, სინამდვილეში კი, ის კუნძულ საბას მოსახლეობის ერთ პროცენტს შეადგენს!
იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობამ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიაღწიოს. ღვთის ეს ერთგული მსახურები ყველგან, საბას მსგავს პატარა კუნძულსა თუ დიდ კონტინენტზე, გულითადად ასრულებენ თავიანთ დავალებას — ‘მოწაფეებად ამზადებენ ხალხს ყველა ერიდან’ (მათე 28:19).
სამწუხაროდ, კუნძულ საბაზე ორდღიანი ვიზიტი მთავრდება. თვითმფრინავში ავდივართ და ხელის ქნევით ვემშვიდობებით ჩვენს მასპინძელს. ყოველთვის გვემახსოვრება კუნძულ საბაზე ჩვენი სტუმრობა და ბოთომისკენ მიმავალი გზა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 როგორც ჩანს, მეკობრეები ფიქრობდნენ, რომ სოფელი ვულკანური კრატერის ფსკერზე მდებარეობდა, და ამიტომ დაარქვეს მას ბოთომი.
^ აბზ. 12 2003 წლის 28 სექტემბერს მოხალისეები ფლორიდიდან (აშშ) ჩავიდნენ კუნძულ საბაზე და გაარემონტეს შენობა, რომელიც ამჟამად სამეფო დარბაზად გამოიყენება.
[რუკები 10 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პუერტო რიკო
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Background: www.sabatourism.com