არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სასტიკად ექცეოდა დავითი, ღვთისთვის სასურველი კაცი, ტყვეებს, როგორც ამას 2 მეფეთა 12:31-სა და 1 ნეშტთა 20:3-ში ვკითხულობთ?

არა. დავითი იძულებით ამუშავებდა ამონელ (ყამონელ) ტყვეებს. ბიბლიის ზოგი თარგმანიდან გამომდინარე, ამ მუხლებში აღწერილ დავითის მოქმედებას არასწორად იგებენ.

ბიბლიის ზოგ თარგმანში — რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ეპყრობოდა დავითი ამონელებს — მეფე ბარბაროს, ულმობელ პიროვნებად არის წარმოდგენილი. მაგალითად, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემაში“ 2 მეფეთას 12:31 ასე ითარგმნება: „გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, და სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონის ძეთა ყველა ქალაქს“. ამ გამოცემაში მსგავსად არის ნათარგმნი 1 ნეშტთა 20:3.

თუმცა ბიბლეისტი სამუელ როულეს დრაივერი აღნიშნავს, რომ სისასტიკე „სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც დავითის პიროვნების შესახებ არის ცნობილი“. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში შემდეგი კომენტარია მოცემული: „დავითი დაპყრობილ ტერიტორიაზე ტყვეებს თავის სასარგებლოდ ამუშავებდა. გამარჯვებული მეფეებისთვის ეს ჩვეული რამ იყო“ (The Anchor Bible). მსგავს აზრს გამოთქვამს ადამ კლარკიც: „ამ მუხლებში ის აზრია გატარებული, რომ დავითმა ხალხი მონებად აქცია და მათ მხერხავებად, რკინის ფარცხების მკეთებლებად, მადნის მომპოვებლებად . . . შეშის მჩეხავებად და აგურის მკეთებლებად ამუშავებდა. ამ მუხლებში არც ადამიანთა დახერხვა და დაჩეხვაა ნაგულისხმები, და სინამდვილეში, არც დავითი ეპყრობოდა ამგვარად ამონელებს“.

ბიბლიის ბევრი თანამედროვე თარგმანი, რომლებიც უფრო გასაგებად გადმოსცემენ ამ მუხლების მნიშვნელობას, ცხადყოფს, რომ დავითს ბრალი არ მიუძღვის ადამიანებისადმი ასეთ არაჰუმანურ მოპყრობაში *. 2003 წელს გამოცემული „ახალი ინგლისური თარგმანი“ ასე თარგმნის ამ მუხლებს: „მან გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და აიძულა ისინი, მძიმედ ეშრომათ ხერხებით, რკინის ფარცხებითა და ცულებით, და მათ აგურებს აკეთებინებდა სააგურე ქურაში. ასე ექცეოდა ამონელთა ყველა ქალაქს“ (2 მეფეთა 12:31); „მან წაიყვანა ქალაქის მცხოვრებლები და აიძულა, ემუშავათ ხერხებით, რკინის ფარცხებითა და ცულებით. დავითი მსგავსად მოექცა ამონელთა ყველა ქალაქს“ (1 ნეშტთა 20:3). ბიბლეისტიკის ბოლოდროინდელ მიღწევებთან თანხმობაშია „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“: „მან გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და დააყენა ისინი ქვების მხერხავებად, და ამუშავებდა მათ რკინის ბასრი იარაღებითა და რკინის ცულებით; და აიძულებდა მათ, ეკეთებინათ აგურები“ (2 მეფეთა 12:31); „მან გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და მათ ქვებს ახერხინებდა, და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით ამუშავებდა; ასე ექცეოდა დავითი ამონელთა ყველა ქალაქის ძეებს“ (1 ნეშტთა 20:3).

როგორც ვხედავთ, დავითი დამარცხებულ ამონელებს სასტიკად არ ეპყრობოდა და მათ ასეთი შემაძრწუნებელი სახით არ ხოცავდა. ის არ იყენებდა საომარი მოქმედებებისთვის დამახასიათებელ იმდროინდელ სადისტურ მეთოდებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ებრაულ ტექსტში ერთი ასოს შეცვლით აზრი საგრძნობლად იცვლება — „ისინი ხერხთან დააყენას“ ნაცვლად გამოდის „მან დახერხა ისინი ნაწილებად“. გარდა ამისა, სიტყვათა შეთანხმება „სააგურე ქურა“ შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „აგურის ფორმას“. აგურის ფორმა კი იმდენად ვიწროა, რომ შეუძლებელია მასში ადამიანის გატარება, როგორც ამას ზოგი თარგმანი გადმოსცემს.