არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?

სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?

სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?

უეცრად მამაკაცის ყურადღება მიიპყრო ჩამვლელ მანქანაზე მიკრულმა წარწერამ: „სასწაულები ხდება — ჰკითხეთ მათ შესახებ ანგელოზებს“. თუმცა მამაკაცი მორწმუნე იყო, ვერ გაიგო, რა იგულისხმებოდა ამაში. ნიშნავდა მანქანაზე გაკრული წარწერა იმას, რომ მძღოლს სასწაულების სწამდა? ან იქნებ ამით ირონიულად ამბობდა, რომ არც სასწაულების სჯეროდა და არც ანგელოზების?

თქვენთვის, ალბათ, საინტერესო იქნება გერმანელი მწერლის მანფრედ ბარტელის სიტყვები: „სასწაული — ეს არის სიტყვა, რომელიც მკითხველებს მაშინვე ორ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად ყოფს“. ისინი, ვისაც სწამს სასწაულების, დარწმუნებულნი არიან, რომ სასწაულები ხდება და, შესაძლოა, არცთუ იშვიათად *. მაგალითად, საბერძნეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მორწმუნეები ამტკიცებდნენ, სასწაულები დაახლოებით თვეში ერთხელ ხდებაო. ამას მოჰყვა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის გაფრთხილება: „მორწმუნეებს მიდრეკილება აქვთ, რომ ღმერთს, მარიამს და წმინდანებს ადამიანთა თავისებურებები მიაწერონ. მორწმუნეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“.

ზოგიერთ ქვეყანაში ნაკლებად სწამთ სასწაულები. 2002 წელს გერმანიაში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 71 პროცენტი სასწაულებს მონაგონად თვლის და არა — სინამდვილედ. სასწაულების მომხრე უმცირესობას შორის, რომელიც ერთ მესამედზე ნაკლებია, არის სამი ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალწული მარიამისგან ხილვა ჰქონდათ. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მათ, როგორც თვითონ ამბობენ, ანგელოზებისა და მტრედის თანხლებით მარიამი გამოეცხადათ, გერმანული გაზეთი „ვესტფალენპოსტი“ იუწყებოდა: „დღემდე დაახლოებით 50 000 პილიგრიმი, განკურნების მსურველი, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს იმ ხილვებს, რომლებსაც ეს ქალები ხედავენ“. დამატებით დაახლოებით 10 000 კაციანი ჯგუფი აპირებდა სოფელში ჩასვლას, რათა საკუთარი თვალით ენახათ მარიამის გამოცხადება. როგორც ამბობენ, ქალწული მარიამის შესახებ მსგავსი ხილვა ჰქონდათ 1858 წელს ლურდში (საფრანგეთი) და 1917 წელს ფატიმაში (პორტუგალია).

რას ფიქრობენ ამის შესახებ არაქრისტიანული რელიგიები?

სასწაულებისადმი რწმენა თითქმის ყველა რელიგიაში გვხვდება. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ ბუდიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის დამაარსებლებს სასწაულების შესახებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. მაგრამ როგორც ეს ენციკლოპედია ამბობს, „ამ რელიგიების შემდგომმა ისტორიამ უდავოდ ცხადყო, რომ სასწაულები და ამბები სასწაულების შესახებ ადამიანთა რელიგიური მრწამსის განუყოფელი ნაწილია“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ბუდა ხანდახან თვითონაც ახდენდა სასწაულებს“. მოგვიანებით, როდესაც „ბუდიზმმა ჩინეთშიც მოიკიდა ფეხი, მისიონერები ხშირად ახდენდნენ თავიანთი სასწაულებრივი ძალის დემონსტრირებას“.

რამდენიმე ასეთი სავარაუდო სასწაულის მოხსენიების შემდეგ ენციკლოპედია ასკვნის: „შესაძლებელია ადამიანმა ვერ დაიჯეროს ღვთისმოსავი ბიოგრაფების მიერ აღწერილი ყველა ეს სასწაულებრივი შემთხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბები კარგი განზრახვებით დაიწერა. მიზანი ის იყო, რომ განდიდებულიყო ბუდა, რომელსაც თავისი ერთგული მიმდევრების ასეთი სასწაულებრივი ძალით დაჯილდოება შეეძლო“. იგივე ავტორიტეტული წყარო ისლამის შესახებ ამბობს: „ისლამურ სამყაროში უმრავლესობა მუდამ მოელის სასწაულებს. ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი ხშირად საჯაროდ ახდენდა სასწაულებს . . . წმინდანებთან დაკავშირებით კი, მორწმუნეებს სჯერათ, რომ ისინი საფლავიდანაც ახდენენ სასწაულებს ერთგულთა სასარგებლოდ. ამიტომ მათ ხშირად სთხოვენ დახმარებას“.

რას ფიქრობს სასწაულებზე ქრისტიანული სამყარო?

ბევრს, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი აქვს. ზოგი ფაქტად მიიჩნევს იესო ქრისტეს მიერ ან ქრისტემდე მცხოვრები ღვთის მსახურების მიერ მოხდენილ სასწაულებს, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული. მაგრამ მრავალი იზიარებს პროტესტანტი რეფორმატორის, მარტინ ლუთერის, აზრს. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ მის შესახებ ნათქვამია: „ლუთერიც და კალვინიც წერდნენ, რომ სასწაულების დრო წავიდა და მათი მოხდენის მოლოდინი აღარ უნდა გვქონდეს“. კათოლიკური ეკლესია ისე აღიარებდა სასწაულებს, რომ „არც კი ცდილობდა მათ რამენაირად ახსნას“ — ნათქვამია ენციკლოპედიაში. მიუხედავად ამისა, „პროტესტანტი მოაზროვნეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქრისტიანობაში უმთავრესი მნიშვნელობა მორალს ენიჭება და რომ არც ღმერთი და არც სულიერი სამყაროდან რომელიმე ქმნილება მნიშვნელოვნად არ ერევა ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში“.

სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა წარმომადგენლების, მათ შორის ზოგიერთი სასულიერო პირის, განცხადებით, საეჭვოა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები სინამდვილეს შეესაბამებოდეს. მაგალითისთვის ავიღოთ ბიბლიაში, გამოსვლის 3:1—5-ში, მოთხრობილი ამბავი ცეცხლმოკიდებული ბუჩქის შესახებ. წიგნში „რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში?“ ახსნილია, რომ ზოგი გერმანელი თეოლოგი ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით არ იგებს და სასწაულად არ მიიჩნევს. ნაცვლად ამისა, ისინი თავისებურად ხსნიან მას, როგორც „მოსეს შინაგანი წინააღმდეგობის, სინდისთან ინტენსიური ბრძოლის სიმბოლოს“. წიგნში გრძელდება, რომ „ცეცხლის ალით შეიძლება გამოხატული იყოს ღვთის იქ ყოფნის შედეგად წარმოქმნილ კაშკაშა სინათლეზე უეცრად გაფურჩქნული ყვავილები“.

შეიძლება ასეთი ახსნა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიოთ. მაგრამ რა უნდა ირწმუნოთ? რეალურია იმის დაჯერება, რომ სასწაულები ოდესმე მომხდარა? და რა შეიძლება ითქვას თანამედროვე სასწაულებზე? ვინაიდან არ შეგვიძლია მათ შესახებ ანგელოზებს ვკითხოთ, მაშ, ვის უნდა მივმართოთ?

ბიბლიის თვალსაზრისი

ვერავინ უარყოფს, რომ ბიბლიის თანახმად, ძველ დროში ღმერთი დროდადრო იმას აკეთებდა, რისი გაკეთებაც ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. მაგალითად, ღვთის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, და ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და დიდი საოცრებით“ (იერემია 32:21). წარმოიდგინეთ, ღვთისგან მოვლენილმა ათმა სასჯელმა, მათ შორის პირმშოების სიკვდილმა, მოსეს დღეებში ყველაზე ძლიერ ერს ქედი მოახრევინა. ყველა სასჯელი ნამდვილად სასწაული იყო! (გამოსვლა, 7—14 თავები).

საუკუნეების შემდეგ ოთხი სახარების დამწერებმა იესოს მიერ მოხდენილი 35 სასწაული აღწერეს. ფაქტობრივად, მათი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იესომ უფრო მეტი სასწაული მოახდინა, ვიდრე მათ ჩაწერეს. სინამდვილეა ისინი თუ მონაგონი? * (მათე 9:35; ლუკა 9:11).

თუ ბიბლია, როგორც თვითონ მასშია ნათქვამი, ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, მაშინ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, მასში ჩაწერილი სასწაულები გწამდეთ. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ძველ დროში ხდებოდა სასწაულებრივი განკურნება, მკვდრეთით აღდგენა და სხვა სასწაულები. მაგრამ ის ასევე არაორაზროვნად გვეუბნება, რომ ასეთი სასწაულები მეტად აღარ ხდება (იხილეთ ჩარჩო „რატომ აღარ ხდება მსგავსი სასწაულები?“, გვ. 4). ნიშნავს ეს იმას, რომ ისინიც კი, ვისაც ბიბლიაში მოთხრობილი სასწაულები სწამს, თანამედროვე სასწაულებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგ სტატიაშია მოცემული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში გამოყენებული სიტყვა „სასწაული“ ბიბლიურ ლექსიკონში განიმარტება როგორც „ფიზიკურ სამყაროში მომხდარი მოვლენა, რომელიც ყველა ცნობილ ადამიანურ თუ ბუნებრივ ძალას აღემატება და ამიტომ ზებუნებრივ ძალებს მიეწერება“.

^ აბზ. 14 იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ბიბლია ნდობას იმსახურებს, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

რატომ აღარ ხდება მსგავსი სასწაულები?

ბიბლიაში მოხსენიებულია სხვადასხვა სახის სასწაული (გამოსვლა 7:19—21; 3 მეფეთა 17:1—7; 18:22—38; 4 მეფეთა 5:1—14; მათე 8:24—27; ლუკა 17:11—19; იოანე 2:1—11; 9:1—7). ამ სასწაულებიდან ბევრი იმისთვის ხდებოდა, რომ ხალხს ცხადად დაენახა, იესო მესია იყო და ღმერთი მას უჭერდა მხარს. იესოს პირველ მიმდევრებს ღვთისგან სხვადასხვა სახის სასწაულებრივი ძღვენი ჰქონდათ მიცემული — მაგალითად, ენებზე ლაპარაკი და შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის უნარი (საქმეები 2:5—12; 1 კორინთელები 12:28—31). ქრისტიანულ კრებაში ყველა ასეთი სასწაულებრივი ძღვენი საჭირო იყო მანამ, სანამ ის მყარად დადგებოდა ფეხზე. რატომ?

პირველი მიზეზი ის იყო, რომ წმინდა წერილების ძალიან ცოტა ეგზემპლარი არსებობდა. ჩვეულებრივ, მხოლოდ მდიდრები ფლობდნენ სხვადასხვა გრაგნილს ან წიგნს. უცხოტომელებმა კი საერთოდ არაფერი იცოდნენ ბიბლიისა და მისი ავტორის — იეჰოვას შესახებ. ამიტომ ქრისტიანული სწავლებების ზეპირად გადაცემა ხდებოდა. სასწაულებრივი ძღვენი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი იყენებდა ქრისტიანულ კრებას.

მაგრამ, პავლემ ახსნა, რომ ერთხელაც ყოველგვარი სასწაულებრივი ძღვენი წარსულს ჩაჰბარდებოდა, რადგან მათი არსებობა მეტად აღარ იქნებოდა საჭირო. „წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება. ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ, როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8—10).

დღეს ხალხისთვის ხელმისაწვდომია ბიბლია ისევე, როგორც ბიბლიის სიმფონიები და ენციკლოპედიები. ექვს მილიონზე მეტი კარგად მომზადებული ქრისტიანი სხვებს ღვთის შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებული შემეცნების მიღებაში ეხმარება. ასე რომ, სასწაულები მეტად აღარ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ იესო ქრისტე მხსნელია, რომელსაც ღვთის მხარდაჭერა აქვს ან, რომ იეჰოვა მხარში უდგას თავის მსახურებს.