ხომ არ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს?
ხომ არ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს?
ვინ არ შეხვედრია ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩვენზე უკეთესი გარეგნობა აქვს, მეტი პოპულარობით სარგებლობს, უფრო გამჭრიახია ან უკეთ სწავლობს? შესაძლოა სხვებს უკეთესი ჯანმრთელობა ან სიამოვნების მომგვრელი სამუშაო აქვთ, უფრო წარმატებულები არიან ან ჩვენზე მეტი მეგობრები ჰყავთ. ისინი შეიძლება ჩვენზე მეტ ქონებას ფლობენ, აქვთ ბევრი ფული, ჰყავთ ახალი მანქანა ან, შესაძლოა, უფრო ბედნიერები ჩანან. ხომ არ ადარებთ ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს სხვებს? შესაძლებელია ამის თავიდან არიდება? რატომ უნდა მოერიდონ ქრისტიანები ამას? როგორ შეგვიძლია საკუთარი თავით კმაყოფილები ვიყოთ?
რატომ და როდის შეიძლება საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ?
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ადარებენ ადამიანები საკუთარ თავს სხვებს, ის არის, რომ შეინარჩუნონ ან აიმაღლონ პირადი ღირსების გრძნობა. ადამიანებს ხშირად კმაყოფილებას ანიჭებთ, რომ ისეთივე წარმატებულები არიან, როგორც მათი თაობის წარმომადგენლები. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შედარების მეშვეობით ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ თავს, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რისი — არა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სხვების მიღწევებს. თუ ისინი ბევრი რამით გვგვანან და გარკვეულ მიზნებს აღწევენ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ჩვენც შევძლებთ მსგავსი მიზნების განხორციელებას.
ხშირად ერთი და იმავე ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის მქონე და ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ადარებენ ერთმანეთს თავს. ალბათ, ნაკლებად მოვისურვებთ საკუთარი თავი იმას შევადაროთ, ვისგანაც ძალიან განვსხვავდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალო გოგონა ნაკლებად შეეცდება, საკუთარი თავი ცნობილ მოდელიერს შეადაროს, ვიდრე თანასკოლელს, და არც მოდელიერი შეადარებს საკუთარ თავს მოზარდ გოგონას.
რა მხრივ შეიძლება ადამიანებმა საკუთარი თავი სხვებს შეადარონ? ნებისმიერი რამ, რაც საზოგადოებაში ფასობს — გონიერება, სილამაზე, სიმდიდრე, ტანსაცმელი — შეიძლება სხვასთან შედარების მიზეზი გახდეს. თუმცა ჩვენ მიდრეკილნი ვართ, იმაში შევადაროთ სხვებს საკუთარი თავი, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს. თუ ჩვენს რომელიმე ნაცნობს მარკების დიდი კოლექცია აქვს, ცხადია არ შეგვშურდება, რადგან თავად არა ვართ ამით გატაცებულნი.
სხვებთან შედარება გრძნობების მთელ სპექტრს წარმოშობს: კმაყოფილების გრძნობიდან
— დეპრესიამდე, აღტაცებიდან და სხვასთან შედარების სურვილიდან — სასოწარკვეთილებამდე და მტრობამდეც კი. ასეთი უარყოფითი ემოციები საზიანოა და ქრისტიანისთვის შეუფერებელი.მეტოქეობის სული
ბევრი, ვინც ცდილობს „შეჯიბრში“ გაიმარჯვოს, მეტოქეობის სულს ავლენს. მათ სურთ, სხვებზე უკეთესები იყვნენ და ვერ კმაყოფილდებიან მანამ, სანამ ამაში არ დარწმუნდებიან. ასეთებთან ურთიერთობა სასიამოვნო არ არის. მათთან ურთიერთობისას დაძაბულები ვართ. ასეთ ადამიანებს არა მარტო თავმდაბლობა აკლიათ, არამედ ისინი უარყოფენ კიდეც ბიბლიურ რჩევას, უყვარდეთ მოყვასი; მათმა თვალსაზრისმა ადვილად შეიძლება სხვებს ღირსების გრძნობა შეულახოს (მათე 18:1—5; იოანე 13:34, 35).
თუ ადამიანს აგრძნობინებ, რომ ის „წარუმატებელია“, დიდ ტკივილს მიაყენებ. ერთი მწერალი შენიშნავს: „წარუმატებლობის გამო ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობთ ტკივილს, როდესაც ჩვენს მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სასურველ მიზანს აღწევენ“. მეტოქეობის სული წარმოშობს შურს, გულისწყრომასა და უკმაყოფილებას მის მიმართ, ვინც ფლობს ქონებას, სარგებლობს კეთილდღეობით, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობით, კარგი რეპუტაციით ან რაიმე უპირატესობით. ეს ყველაფერი უფრო ამწვავებს შეჯიბრის სულს და ბოროტებამდე მიჰყავს ადამიანი. ბიბლია მსჯავრს სდებს შეჯიბრის სულს (გალატელები 5:26).
შურიანი ადამიანი პირადი ღირსების გრძნობის ასამაღლებლად სხვების მიღწევებს აუფასურებს. ასეთი საქციელი შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ, თუ არ აღიარებთ და არ გააკონტროლებთ, შეიძლება ბოროტება ჩაიდინოთ. განვიხილოთ ორი ბიბლიური მაგალითი, თუ რა მოჰყვა შურის გამოვლენას.
ფილისტიმელთა ქვეყანაში ცხოვრებისას ისააკი ღმერთმა აკურთხა. „ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურადათ მისი ფილისტიმელებს“. გულმოსულმა ფილისტიმელებმა ისაკის მამის, აბრაამის, მიერ ამოთხრილი ჭები ამოქოლეს. მეფემ ისააკს იმ ქვეყნიდან წასვლა სთხოვა (დაბადება 26:1—3, 12—16). ფილისტიმელებს იმდენად შურდათ ისააკის, რომ ღვარძლს ანთხევდნენ და მზად იყვნენ მის გასანადგურებლად. ისინი ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ ისაკი მატერიალურ დოვლათს ფლობდა.
საუკუნეების გასვლის შემდეგ დავითმა ბრძოლის ველზე სახელი მოიხვეჭა. ისრაელი ქალები განადიდებდნენ მის საგმირო საქმეებს და მღეროდნენ: „შემუსრა საულმა ათასები, დავითმა — ათი ათასები!“. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად საულსაც მიაგებდნენ პატივს, მან დავითთან შედარების გამო დამცირებულად იგრძნო თავი და გულში შური აღეძრა. იმ დღიდან მოყოლებული საული მტრულად განეწყო დავითის მიმართ. მან რამდენჯერმე სცადა დავითის მოკვლა. რამხელა ბოროტება შეიძლება ჩაადენინოს შურმა ადამიანს! (1 მეფეთა 18:6—11).
თუ საკუთარ თავს სხვებს შევადარებთ, მათმა წარმატებამ და მიღწევებმა შეიძლება ჩვენშიც წარმოშვას შური ან მეტოქეობის სული. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო! ასეთი ფიქრები უარყოფით ემოციებს იწვევს, რაც ღვთის აზროვნებისთვის შეუთავსებელია. სანამ დავინახავთ, როგორ შეიძლება ასეთი თვალსაზრისის უკუგდება, განვიხილოთ, კიდევ რამ შეიძლება აღძრას ჩვენში სხვებთან შედარების სურვილი.
საკუთარი თავის შეფასება და კმაყოფილება
„ვარ გონიერი, მომხიბვლელი, კარგი სპეციალისტი, ვიმყოფები კარგ ფორმაში, ვარ ავტორიტეტული, ვსარგებლობ პატივისცემით? თუ ასეა, რამდენად?“. ალბათ, იშვიათად ვუსვამთ საკუთარ თავს მსგავს კითხვებს. თუმცა, როგორც ერთი მწერალი ამბობს, „ასეთი კითხვები ხშირად წამოგვიტივტივდება თავში და მათზე უსიტყვოდ ვცემთ პასუხს, რომელიც მეტ–ნაკლებად გვაკმაყოფილებს“. მან, ვინც არ არის დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში, შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე ყოველგვარი მეტოქეობისა და შურის გარეშე იფიქროს. ამ დროს ის უბრალოდ თავის შესაძლებლობებს აფასებს. ამაში
ცუდი არაფერია. და მაინც, ამის გაკეთება მაშინ იქნება სწორი, თუ საკუთარ თავს სხვებს არ შევადარებთ.ყველას განსხვავებული უნარი გვაქვს, რაც სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენზე უკეთ გაართმევენ თავს ამა თუ იმ საქმეს. აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ მათ მიმართ შურის გრძნობა გაგვიჩნდეს, ჩვენ მიერ შესრულებული საქმე ღვთის სამართლიანი ნორმებით უნდა შევაფასოთ; და ეს ნორმები ზუსტად გვიკარნახებს, რა არის სწორი და რა — არასწორი. იეჰოვა თითოეული ჩვენგანით არის დაინტერესებული. ის სხვებთან არ გვადარებს. მოციქული პავლე გვირჩევს: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).
შურის დაძლევა
ვინაიდან ყველა არასრულყოფილები ვართ, დიდი ძალისხმევა და ხანგრძლივი დრო გვჭირდება შურის დასაძლევად. ბიბლია გვეუბნება: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. ეს იოლი არ არის. პავლეს ესმოდა, რომ ცოდვისკენ იყო მიდრეკილი და მასთან საბრძოლველად ‘საკუთარი სხეული უნდა დაემონებინა’ (რომაელები 12:10; 1 კორინთელები 9:27). ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ამოვიგდოთ ფიქრები, რომლებიც მეტოქეობას წარმოშობს, და დადებითზე ვიფიქროთ. საჭიროა ლოცვა; იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ ‘იმაზე მეტად არ ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ’ (რომაელები 12:3).
ბიბლიის შესწავლა და წაკითხულზე დაფიქრებაც დამხმარეა. იფიქრეთ ღვთის აღთქმულ მომავალ სამოთხეზე, სადაც ყველა გაიხარებს მშვიდობით, კარგი ჯანმრთელობით, საკვების სიუხვით; ყველას ექნება კეთილმოწყობილი სახლი და სიამოვნების მომგვრელი სამუშაო (ფსალმუნები 45:9, 10; 71:7, 8, 16; ესაია 65:21—23). გაუჩნდება მაშინ ვინმეს სხვასთან შეჯიბრების სურვილი? ცხადია, არა. იქ ამის მიზეზი აღარ იარსებებს. მართალია ბიბლია დეტალურად არ აღგვიწერს, როგორი ცხოვრება იქნება სამოთხეში, მაგრამ გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ყველა შეძლებს იმ სფეროში დახელოვნდეს, რაც ძალიან აინტერესებდა. ვიღაცა შეიძლება უკეთ გაერკვეს ასტრონომიაში, სხვა კი ლამაზი ქსოვილების დამზადებაში გაიწაფოს. რატომ უნდა შეგვშურდეს სხვების? თანამორწმუნეების მიღწევები გულისწყრომის ნაცვლად მეტის გაკეთებისკენ აღგვძრავს. ასეთი უარყოფითი გრძნობები წარსულს ჩაჰბარდება.
თუ ასეთი ცხოვრებისკენ ვისწრაფვით, განა ახლავე არ უნდა განვივითაროთ სწორი თვალსაზრისი? დღეს უკვე ვხარობთ სულიერი სამოთხით, რაც მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემისგან გვათავისუფლებს. რადგან ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მეტოქეობის სული აღარ იარსებებს, ნამდვილად გვაქვს საფუძველი, დღესვე გავთავისუფლდეთ მისგან.
აქედან გამომდინარე, არასწორია საკუთარი თავის სხვებთან შედარება? თუ ზოგჯერ ეს მისაღებია?
როდის არის სხვებთან შედარება მისაღები?
ხშირად სხვებთან შედარებას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს ადამიანი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ყურადღება მიაქციეთ, რას გვირჩევს პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით: „მიბაძეთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:12). ისეთივე თვისებების განვითარებისკენ სწრაფვა, როგორიც ძველ დროში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურებს ჰქონდათ, სასარგებლოა. ცხადია, ამ დროს საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ. მაგრამ ეს გვეხმარება, მივბაძოთ მათ და დავინახოთ, რა მხრივ ვსაჭიროებთ გამოსწორებას.
დავფიქრდეთ იონათანის მაგალითზე. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მას ჰქონდა შურის მიზეზი. ის ისრაელის მეფის, საულის, ვაჟი იყო და შეეძლო მეფე გამხდარიყო. მაგრამ იეჰოვამ მეფედ მასზე 30 წლით ახალგაზრდა დავითი აირჩია. ნაცვლად იმისა, რომ შურის გრძნობა გასჩენოდა, იონათანი სრულიად სხვაგვარად მოიქცა და დავითს, იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს, უანგარო მეგობრობა და მხარდაჭერა შესთავაზა. იონათანი მართლაც რომ სულიერი პიროვნება იყო (1 მეფეთა 19:1—4). მამისგან განსხვავებით, რომელიც დავითს თავის მეტოქედ თვლიდა, იონათანი ხედავდა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი ერია და მის ნებას ემორჩილებოდა. ის არ ადარებდა საკუთარ თავს დავითს და არ ამბობდა: „რატომ მაინცდამაინც ის და არა მე?“.
თანაქრისტიანებთან ყოფნისას არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ ვინმე რამეში გვაჯობებს ან ჩვენს ადგილს დაიკავებს. მეტოქეობა ქრისტიანებისთვის მიუღებელია. მოწიფულ ქრისტიანებს მეტოქეობის გარეშე შეუძლიათ თანამშრომლობა, სიყვარული და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. „სიყვარული შურის დაუძინებელი მტერია, — თქვა სოციოლოგმა ფრანჩესკო ალბერონმა. — როდესაც ვინმე გვიყვარს, მისთვის ყოველივე კარგი გვსურს და გვიხარია, როდესაც ის ბედნიერი და წარმატებულია“. ასე რომ, როდესაც ქრისტიანულ კრებაში ვინმე გარკვეულ პასუხისმგებლობას ღებულობს, სიყვარულის გამოვლენა იქნება, თუ სიხარულით შევხვდებით ამას. ასე მოიქცა იონათანი. მის მსგავსად, იეჰოვა ჩვენც გვაკურთხებს, თუ მხარს დავუჭერთ ყველა ერთგულ მსახურს, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში პასუხისმგებლობები აკისრიათ.
თანაქრისტიანების შესანიშნავ მაგალითებს აღფრთოვანებაში მოვყავართ. თუ მათ საკუთარ თავს მისაღები სახით ვადარებთ, ეს სტიმულს მოგვცემს, მივბაძოთ რწმენაში (ებრაელები 13:7). მაგრამ, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მიმბაძველობა შეიძლება შეჯიბრში გადაიზარდოს. მიმბაძველობამ შეიძლება ჩვენში შურის გრძნობა წარმოშვას, თუ ვფიქრობთ, რომ ის, ვისითაც მოხიბლულები ვართ, ჩვენზე უკეთესია, და მის დამცირებას და კრიტიკას შევეცდებით.
არც ერთი არასრულყოფილი ადამიანი არ არის იდეალური. ბიბლია ამბობს: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“; „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (ეფესოელები 5:1, 2; 1 პეტრე 2:21). უნდა ვეცადოთ, იეჰოვასა და იესოს მივბაძოთ სიყვარულის, სითბოს, თანაგრძნობისა და თავმდაბლობის გამოვლენაში. დრო უნდა გამოვნახოთ იმისათვის, რომ მათი თვისებები, მიზნები და მოქმედებები ჩვენსას შევადაროთ. ეს გაამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას, სწორი მიმართულებით წაგვიყვანს, სტაბილურობითა და უსაფრთხოებით უზრუნველგვყოფს და დაგვეხმარება მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბებაში (ეფესოელები 4:13). თუ ყველანაირად ვეცდებით, მივყვეთ მათ სრულყოფილ მაგალითს, ნაკლებად შევადარებთ საკუთარ თავს სხვებს.
[სურათი 28, 29 გვერდებზე]
მეფე საულს დავითის მიმართ შური აღეძრა.
[სურათი 31 გვერდზე]
იონათანი არ თვლიდა ყმაწვილ დავითს თავის მეტოქედ.