არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ

დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ

დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ

„შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

1, 2. ა) რისი დანახვა გვამხნევებს ქრისტიანულ კრებაში? ბ) რა არის საჭირო ბედნიერი ქორწინებისთვის?

განა სასიხარულო არ არის, როდესაც კრებაში ამდენ დაქორწინებულ წყვილს ვხედავთ, რომლებიც 10, 20, 30 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში ერთგულებას ინარჩუნებენ? ისინი ჭირშიც და ლხინშიც ერთად არიან (დაბადება 2:24).

2 უმრავლესობა აღიარებს, რომ ქორწინებას თან ახლავს სირთულეები. ერთმა დამკვირვებელმა დაწერა: „ქორწინებაში სირთულეებს ბედნიერი წყვილიც ხვდება. მათ ცხოვრებაში დგება როგორც სასიხარულო, ისე არასასიამოვნო წუთები . . . მაგრამ ბედნიერი წყვილები დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთის ერთგულები რჩებიან“. ბედნიერი წყვილი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს გარდაუვალ ქარტეხილებს, რაც გამოწვეულია ყოველდღიური საზრუნავით. მშობლებს განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის დროს ექმნებათ სირთულეები. ასეთ წყვილებს გამოცდილება ასწავლის, რომ ნამდვილი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:8).

3. რა კითხვებს წამოჭრის ქორწინების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები?

3 ამის საპირისპიროდ, მილიონობით ქორწინება ტრაგიკული შედეგებით მთავრდება. ერთ ცნობაში ნათქვამია: „დღეს შეერთებულ შტატებში დაქორწინებულთა 50 პროცენტს განქორწინება ემუქრება. მოსალოდნელია, რომ მათგან ნახევარი დაქორწინებიდან 7–8 წელში გაეყრება ერთმანეთს . . . განქორწინებულებიდან 75 პროცენტი ხელმეორედ დაქორწინდება, რომელთაგანაც 60 პროცენტი კვლავ გაეყრება ერთმანეთს“. ბოლო დროს განქორწინების რიცხვი იმ ქვეყნებშიც კი საგრძნობლად გაიზარდა, სადაც ადრე განქორწინების დაბალი მაჩვენებელი იყო. მაგალითად, იაპონიაში განქორწინების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. რა განაპირობებს ამას? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანებიც კი ეყრებიან ერთმანეთს? როგორ არის შესაძლებელი ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ სატანა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ კავშირს?

როგორ დავიცვათ თავი მახეში გაბმისგან?

4. რამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქორწინებას?

4 ღვთის სიტყვა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რამ შეიძლება გამოუთხაროს ძირი ქორწინებას. მაგალითად განვიხილოთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ ბოლო დღეებთან დაკავშირებით: „ეს კი იცოდე, რომ ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა, რომლებიც გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

5. რატომ უქმნიან საფრთხეს ქორწინებას „საკუთარი თავის მოყვარულები“ და რა ბიბლიური რჩევა გვეძლევა ამასთან დაკავშირებით?

5 როდესაც პავლეს სიტყვებს ვუკვირდებით, ვხედავთ, რომ ბევრი რამ განაპირობებს დაქორწინებულთა ურთიერთობის შერყევას. „საკუთარი თავის მოყვარულები“ ეგოისტები არიან და სხვებზე ნაკლებად ზრუნავენ. მეუღლეები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ. ისინი არასოდეს მიდიან დათმობაზე. ნუთუ შეიძლება ასეთი დამოკიდებულების შემდეგ წყვილი ბედნიერი იყოს? რასაკვირველია, არა. პავლე მოციქული გონივრულ რჩევას აძლევს ქრისტიანებს, მათ შორის დაქორწინებულ წყვილებს: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად ინტერესებზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების ინტერესებზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).

6. როგორ შეიძლება ფულის სიყვარულმა ცოლ–ქმარს შორის განხეთქილება ჩამოაგდოს?

6 ფულის სიყვარულმა ცოლ–ქმარს შორის შეიძლება განხეთქილება ჩამოაგდოს. პავლე გვაფრთხილებს: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). სამწუხაროდ, ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ბევრი წყვილის ცხოვრება ადასტურებს. სიმდიდრის ძიებაში ბევრი უგულებელყოფს მეუღლის მოთხოვნილებებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს — ემოციურ მხარდაჭერასა და თბილ ურთიერთობებს.

7. რა არის ზოგჯერ ცოლ–ქმარს შორის ღალატის მიზეზი?

7 პავლემ ისიც თქვა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები „ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“ იქნებოდნენ, რომლებთანაც ‘შეუძლებელი იქნებოდა მორიგება’. ქორწილის დღეს წყვილი ერთმანეთს ჰპირდება, რომ მათი კავშირი მუდმივი იქნება, ისინი არასოდეს უღალატებენ ერთმანეთს (მალაქია 2:14—16). მიუხედავად ამისა, ზოგი სხვებთან იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას. ოცდაათ წელს გადაცილებული ერთი ქალი, რომელიც ქმარმა მიატოვა, ამბობს, რომ გაყრამდე მისი მეუღლე დიდ ყურადღებასა და სითბოს ავლენდა სხვა ქალის მიმართ. ის ვერ ათვითცნობიერებდა, რომ დაქორწინებული მამაკაცისთვის მიუღებელი იყო ასეთი საქციელი. ამ ქალისთვის ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ქმარში ასეთ ცვლილებებს ხედავდა. ის ტაქტიანად აფრთხილებდა ქმარს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ქმარმა ყურად არ იღო მეუღლის რჩევა და იმრუშა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი სიყვარულით აფრთხილებდა, ქმარს არ სურდა მისი რჩევის გათვალისწინება. მან ამგვარად წინდაუხედაობა გამოავლინა და ხაფანგში გაება (იგავები 6:27—29).

8. რამ შეიძლება ადამიანი მრუშობამდე მიიყვანოს?

8 ბიბლია მრუშობასთან დაკავშირებით გასაგებ გაფრთხილებას გვაძლევს. „ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის“ (იგავები 6:32). ჩვეულებრივ, მრუშობას ადამიანი სპონტანურად, მოულოდნელად არ სჩადის. როგორც ბიბლიის ერთ–ერთი დამწერი, იაკობი, აღნიშნავს, მრუშობას მხოლოდ მას შემდეგ სჩადის ადამიანი, როდესაც დიდხანს ფიქრობს ამაზე (იაკობი 1:14, 15). აღთქმის დამრღვევი მეუღლე მეორე ნახევრის მიმართ, რომელსაც სიკვდილამდე ერთგულება შეჰპირდა, თანდათანობით ორგული ხდება. იესომ თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“. მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათე 5:27, 28).

9. რა გონივრული რჩევაა მოცემული იგავების 5:18—20–ში?

9 წიგნ „იგავებში“ ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრული და საიმედო რჩევაა მოცემული: „კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ–ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ! რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და უცხოელის მკერდზე მოხვევა?“ (იგავები 5:18—20).

ნუ იჩქარებთ დაქორწინებას

10. რატომ არის გონივრული დროის გამოყოფა მომავალი მეუღლის გასაცნობად?

10 პრობლემები შეიძლება მაშინაც წამოიჭრას, როდესაც წყვილი ნაჩქარევად ქორწინდება. შესაძლოა ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან ან საკმარისი დრო არ გამოყვეს ერთმანეთის გასაცნობად; მათ არ იციან ერთმანეთის მიზნებისა და წარმომავლობის შესახებ, წარმოდგენა არა აქვთ, რა უყვართ და რა — არა. ამიტომ გონივრულია, მოთმინება გამოვავლინოთ და მომავალი მეუღლის უკეთ გასაცნობად დრო გამოვყოთ. გავიხსენოთ იაკობის ვაჟი, ისააკი. მას შვიდი წელი მოუწია მომავალ სიმამრთან მუშაობა, სანამ რახელის ცოლად შერთვის უფლებას მიიღებდა. ის მზად იყო ამისთვის, რადგან მისი გრძნობები ნამდვილ სიყვარულზე იყო აგებული და არა ხორციელ ლტოლვაზე (დაბადება 29:20—30).

11. ა) როგორ განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს ქორწინება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ენის გონივრულად გამოყენება?

11 ქორწინება უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობას. ქორწინება აერთიანებს ორ სხვადასხვა ოჯახურ გარემოში აღზრდილ პიროვნებას, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ემოციური მდგომარეობითა და განათლების დონით. ზოგჯერ განსხვავებული კულტურისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ქორწინდებიან. გარდა ამისა, ცოლ–ქმარს სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს, რასაც ვერ გაექცევიან. ისინი შეიძლება ყოველთვის უკმაყოფილოები და კრიტიკულები იყვნენ, ან პირიქით, მუდამ სითბოს ავლენდნენ და დადებითად მოქმედებდნენ ერთმანეთზე. დიახ, ჩვენი სიტყვებით შეიძლება მეუღლეს ან გული გავუხაროთ ან ვატკინოთ. გაუკონტროლებელმა ენამ შეიძლება ბზარი გაუჩინოს ქორწინებას (იგავები 12:18; 15:1, 2; 16:24; 21:9; 31:26).

12, 13. რატომ უნდა ვუყურებდეთ ქორწინებას რეალურად?

12 მაშასადამე, გონივრულია დრო გამოვყოთ მომავალი მეუღლის კარგად გასაცნობად. ერთმა დიდი ხნის დაქორწინებულმა დამ თქვა: «როდესაც დაქორწინებას აპირებ, მომავალ მეუღლეში შენთვის სასურველი, სულ მცირე, ათი თვისება მაინც ეძებე. თუ ამ თვისებებიდან მხოლოდ შვიდს დაინახავ, ჰკითხე საკუთარ თავს: „მზად ვარ, თვალი დავხუჭო იმაზე, რომ ეს სამი თვისება მასში ვერ აღმოვაჩინე? შევძლებ ამ ნაკლოვანებების ყოველდღიურად ატანას?“. თუ ეჭვი გეპარებათ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით». ცხოვრებას რეალურად უნდა უყუროთ. თუ დაქორწინება გსურთ, იცოდეთ, რომ სრულყოფილ ადამიანს ვერასოდეს იპოვით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვერც თქვენი მომავალი მეუღლე იპოვის თქვენი სახით სრულყოფილ პიროვნებას (ლუკა 6:41).

13 ქორწინება მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. პავლემ ხაზი გაუსვა ამას: „მე კი მინდა, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს. ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ცოლს — და გაყოფილია. ასევე უქმრო ქალსა და ქალწულს უფლისა აფიქრებთ, რომ წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც. გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს“ (1 კორინთელები 7:32—34).

რატომ ინგრევა ზოგი ოჯახი?

14, 15. რამ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები?

14 ახლახან ერთმა ქრისტიანმა ქალმა საშინელი დარტყმა მიიღო, როდესაც დაქორწინებიდან 12 წლის შემდეგ ქმარმა მიატოვა და სხვასთან წავიდა. მანამ ეს მოხდებოდა, შეამჩნია მან მეუღლეში ცვლილებები? ქალი გვიყვება: „ის იქამდეც კი მივიდა, რომ აღარ ლოცულობდა. მას შეეძლო ყოველგვარი გაუმართლებელი მიზეზით გაეცდინა ქრისტიანული შეხვედრები და არ წასულიყო საქადაგებლად. ის მიმტკიცებდა, რომ იმდენად დაღლილი და დაკავებული იყო, რომ ჩემთვის დრო აღარ ჰქონდა. ჩვენ არ ვსაუბრობდით და არც სულიერ საკითხებზე ვმსჯელობდით. რა სამწუხაროა, რომ მეუღლე ასე შეიცვალა! ის უკვე აღარ იყო ის პიროვნება, ვისაც ცოლად გავყევი“.

15 სხვებმაც დაინახეს მსგავსი ცვლილებები მეუღლეში — მათ შეწყვიტეს ბიბლიის პირადი შესწავლა, ლოცვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრი, ვისაც თანდათანობით უნელდება მეუღლის მიმართ სიყვარული, საკუთარ თავს ნებას რთავს, იეჰოვასთან ურთიერთობა გაიფუჭოს. შედეგად, ისინი სულიერ ხედვას კარგავენ. იეჰოვა მეტად აღარ არის მათთვის ცოცხალი ღმერთი. მათ აღარ სჯერათ, რომ დამყარდება სამართლიანი ახალი ქვეყნიერება. ზოგჯერ სულიერი სისუსტე ჯერ კიდევ მანამ შეიმჩნევა, სანამ ორგული მეუღლე სხვასთან დაიწყებს რომანტიკულ ურთიერთობას (ებრაელები 10:38, 39;11:6; 2 პეტრე 3:13, 14).

16. რა აძლიერებს ოჯახურ კვანძებს?

16 ამის საპირისპიროდ, წყვილებს, რომლებიც სულიერს პირველ ადგილზე აყენებენ, ბედნიერი ოჯახები აქვთ. ისინი ერთად ლოცულობენ და ერთად სწავლობენ ბიბლიას. ერთი დაქორწინებული ქრისტიანი მამაკაცი ამბობს: „ჩვენ ერთად ვკითხულობთ ბიბლიას, ერთად დავდივართ მსახურებაში და გვსიამოვნებს ერთად საქმის კეთება“. გაკვეთილი დღესავით ნათელია: იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენაჩუნება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ოჯახური კვანძების გაძლიერებას.

მოვლენების რეალურად შეფასება და გულღია საუბარი

17. ა) კიდევ რა არის საჭირო ბედნიერი ქორწინებისთვის? ბ) როგორ აღწერს პავლე ქრისტიანულ სიყვარულს?

17 ბედნიერი ქორწინებისთვის აგრეთვე ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა და გულღია საუბარია საჭირო. როდესაც ცოლ–ქმარს ერთმანეთი უყვართ, ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ ერთმანეთის შეცდომებზე. წყვილი ქორწინებისგან შეიძლება არარეალურს ელოდებოდეს, ისე როგორც ეს ფილმებსა თუ რომანებში ხდება. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წყვილი რეალური სურათის წინაშე დგება. ამ დროს მეუღლის უმნიშვნელო შეცდომებმა და გამაღიზიანებელმა ჩვევებმა შეიძლება დიდი პრობლემები წარმოშვას. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანებმა სულის ნაყოფი — სიყვარული — უნდა გამოავლინონ (გალატელები 5:22, 23). სიყვარული — ქრისტიანული და არა რომანტიკული — მართლაც რომ ძლიერი გრძნობაა. პავლე ამგვარად აღწერს ასეთ სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილი . . . თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—7). აქედან ჩანს, რომ ნამდვილი სიყვარული ითმენს ადამიანურ სისუსტეებს. ის რეალურად უყურებს ყველაფერს და არ მოელის სრულყოფილებას (იგავები 10:12).

18. როგორ ამტკიცებს გულღია საუბარი ოჯახურ კვანძებს?

18 გულღია საუბრებიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი წლის დაქორწინებულია ცოლ–ქმარი, ისინი უნდა საუბრობდნენ და უსმენდნენ ერთმანეთს. ერთი დაქორწინებული მამაკაცი ამბობს: „ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ საკუთარ გრძნობებს და ამას სიყვარულით ვაკეთებთ“. გამოცდილება ცოლ–ქმარს ასწავლის, უთქმელად გაუგონ ერთმანეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წლების გასვლასთან ერთად ბედნიერი წყვილები უსიტყვოდ კითხულობენ ერთმანეთის ფიქრებსა და გრძნობებს. ზოგი ამბობს, რომ ქმარი არ უსმენს მას. ზოგი ქმარი კი ჩივის, რომ მის ცოლს ყველაზე არახელსაყრელ დროს უნდა მასთან საუბარი. გულღია საუბრის დროს ცოლ-ქმარმა უნდა თანაუგრძნონ და გაუგონ ერთმანეთს. ასეთი საუბრები სასარგებლოა როგორც ქმრისთვის, ისე ცოლისთვის (იაკობი 1:19).

19. ა) რატომ არის რთული ბოდიშის მოხდა? ბ) რამ უნდა აღგვძრას ბოდიშის მოსახდელად?

19 ზოგჯერ საჭიროა ბოდიშის მოხდა. ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის. შეცდომების აღიარებას თავმდაბლობა სჭირდება. მაგრამ ბოდიშის მოხდა ნამდვილად აძლიერებს ურთიერთობას. გულწრფელი მობოდიშება თავიდან აგარიდებთ მოსალოდნელ უთანხმოებებს, დაგეხმარებათ, ერთმანეთს მთელი გულით აპატიოთ და პრობლემებიდან გამოსავალი იპოვოთ. პავლემ აღნიშნა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს მთელი გულით. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14).

20. როგორ უნდა მოეპყროს ქრისტიანი ქმარი თავის მეუღლეს როგორც მარტო ყოფნისას, ისე სხვების თანდასწრებით?

20 ქორწინებისთვის აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა. ქრისტიანი ცოლ–ქმარი ერთმანეთს უნდა ენდობოდეს. მათ არ უნდა შელახონ ერთმანეთის ღირსება. ქრისტიანი წყვილები სიყვარულით აქებენ და მკაცრად არ აკრიტიკებენ ერთმანეთს (იგავები 31:28ბ). არც დაუფიქრებელი ხუმრობით ამცირებენ მეორე ნახევარს (კოლოსელები 4:6). თუ ყოველთვის გამოავლენთ სიყვარულს, უფრო მეტად ამოუდგებით მხარში ერთმანეთს. ალერსითა და სითბოთი უთხარით მეუღლეს: „მე ისევ მიყვარხარ. მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ“. ამ სტატიაში განხილული ფაქტორები ხელს უწყობს ცოლ–ქმარს შორის ურთიერთგაგებას და ბედნიერ ქორწინებას. არსებობს ამის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება დამატებითი ბიბლიური პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწინება ბედნიერი *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქორწინებას?

• რატომ არის ნაჩქარევად დაქორწინება არაგონივრული?

• როგორ მოქმედებს სულიერობა ქორწინებაზე?

• რა ფაქტორები უწყობს ხელს ოჯახური კვანძების განმტკიცებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12 გვერდზე]

ქორწინება უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობას.

[სურათები 14 გვერდზე]

იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებას.