„ერთგულნი განსაცდელის დროს“
„ერთგულნი განსაცდელის დროს“
ძლიერი საბჭოთა მთავრობა 1951 წლის აპრილში თავს დაესხა საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ უდანაშაულო ქრისტიანებს — იეჰოვას მოწმეებს. ათასობით ოჯახი, რომელთა შორის პატარა ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და მოხუცები იყვნენ, სატვირთო ვაგონებში შეყარეს და აუტანელი 20-დღიანი მგზავრობის შემდეგ ციმბირში ჩაიყვანეს. მათ სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, სადაც საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება.
ამ ისტორიული მოვლენის 50 წლისთავი 2001 წლის აპრილში მოსკოვში აღინიშნა. ამ დროს გამოიცა ვიდეოფილმი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ავიწროებდნენ იეჰოვას მოწმეებს ათწლეულების განმავლობაში ყოფილ საბჭოთა კავშირში. დოკუმენტურ ფილმში ისტორიკოსები და თვითმხილველები ყვებიან, თუ როგორ გადარჩნენ იეჰოვას მოწმეები და უმოწყალო დევნის მიუხედავად, როგორ გამრავლდნენ.
დოკუმენტური ფილმი „ერთგულნი განსაცდელის დროს — იეჰოვას მოწმეები საბჭოთა კავშირში“ მილიონობით ადამიანმა ნახა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში; ამ ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ხალხთა მასების, ისე ისტორიკოსების მხრიდან. ორი რუსი პროფესორი, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სადაც იეჰოვას მოწმეთა ოჯახები გადაასახლეს, თავის აზრს გვიზიარებს:
„ძალიან მომეწონა ეს ფილმი. თქვენი რელიგიის წარმომადგენლებისადმი ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი, ამ ფილმმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ უკეთ განმაწყო თქვენდამი. ის მაღალ პროფესიულ დონეზეა გადაღებული! განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უდგებით. მართალია მე მართლმადიდებელი ვარ და რელიგიის შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ იეჰოვას მოწმეებით აღფრთოვანებული ვარ. მსურს, ეს ვიდეოჩანაწერი ჩვენთან დარჩეს კათედრაზე. მე და ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ფილმი ჩვენს სტუდენტებს ვაჩვენოთ და სწავლების პროგრამაშიც შევიტანოთ“ — პროფესორი სერგეი რუბცოვი, პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (ირკუტსკი).
„მივესალმები ამ ფილმის გამოსვლას. ასეთი ფილმების გადაღებისას ძნელია, ლოგიკურად განავითარო მოვლენები. მაგრამ თქვენ შეძელით ამის გაკეთება. გთხოვთ, გამომიგზავნოთ სხვა ვიდეოფილმები“ — პროფესორი სერგეი კუზნეცოვი, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი.
ციმბირში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც დიდად აფასებენ ამ ფილმს. ისინი თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:
«რუსეთში ბევრს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ. მაგრამ ფილმის ყურების შემდეგ მათ დაინახეს, რომ ჩვენი ორგანიზაცია სექტას არ წარმოადგენს, როგორც ადრე ფიქრობდნენ. სხვები, რომლებიც ახლახან გახდნენ იეჰოვას მოწმეები, ამბობენ: „ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ვცხოვრობდით და
ვმსახურობდით იმ ქრისტიანი და–ძმების გვერდით, რომლებსაც ასეთი საშინელი განსაცდელების გადატანა მოუწიათ!“ ფილმის ყურების შემდეგ ერთმა მოწმემ სურვილი გამოთქვა, პიონერად (სრული დროით მსახური) ემსახურა» — ანა ვოვჩუკი, ციმბირში გადასახლებული.«როდესაც ფილმში საიდუმლო პოლიციამ ერთი მოწმის კარზე დააკაკუნა, შიშმა შემიპყრო. გამახსენდა, როცა ჩვენთან პოლიციამ დააკაკუნა, დედამ თქვა: „ალბათ, სადღაც ცეცხლი გაჩნდა“. ფილმმა ასევე დამანახა, რომ ბევრმა მოწმემ ჩემზე მეტი განსაცდელი გადაიტანა. აქ მოცემული ინფორმაცია ძალასა და ენთუზიაზმს გვმატებს მსახურების გასაგრძელებლად» — სტეფან ვოვჩუკი, ციმბირში გადასახლებული.
„ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან, რომლებიც გადასახლებაში მოჰყვნენ. ვფიქრობდი, რომ ბევრი რამ ვიცოდი იმ დროის შესახებ; მაგრამ ფილმის ყურების შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მცოდნია. როცა ინტერვიუებს ვუსმენდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა. ახლა ის, რაც მოწმეებმა გადაიტანეს, ჩემთვის უბრალოდ მონათხრობი კი არ არის, არამედ სინამდვილე. ამ ფილმმა უფრო მეტად დამაახლოვა ღმერთთან და მომავალი სირთულეების ასატანად მომამზადა“ — ვლადიმირ კოვაში (ირკუტსკი).
„ჩემზე ამ ფილმმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე დაწერილის წაკითხვამ. როდესაც ძმების ინტერვიუები მოვისმინე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მათ გვერდით ვიყავი განსაცდელების დროს. ერთი ძმის მაგალითმა აღმძრა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ შვილების გულებამდე მიაღწიოს. ის ციხეში ღია ბარათებს აკეთებდა, რომლებზეც ახალი ერის პეიზაჟებს ხატავდა და თავის პატარა გოგონებს უგზავნიდა. დიდ მადლობას გიხდით! ამ ფილმმა რუსეთში იეჰოვას მოწმეებს უფრო მეტად დაანახვა, რომ ისინი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო ორგანიზაციას მიეკუთვნებიან“ — ტატიანა კალინა (ირკუტსკი).
«გამოთქმა „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო“ ზუსტად ამ ფილმთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. ფილმში რეალური კადრები ცოცხლად არის ასახული. ნახვის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი მასზე. ეს დამეხმარა, უფრო მეტად ჩავწვდომოდი გადასახლებულ მოწმეთა ცხოვრებას. ახლა, როდესაც ჩემს და მათ მდგომარეობას ერთმანეთთან ვადარებ, სულ სხვა თვალით ვუყურებ დღევანდელ პრობლემებს» — ლიდია ბედა (ირკუტსკი).
ვიდეოფილმი „ერთგულნი განსაცდელის დროს“ 19 ენაზე გამოვიდა და მთელ მსოფლიოში დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს დოკუმენტური ფილმი ტელევიზიით გადაიცა სანქტ–პეტერბურგში, ომსკსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე, უკრაინის ქალაქებში — ვანაცაში, ქერჩში, მელიტოპოლსა და ლვოვში. მან დიდი აღიარება მოიპოვა მსოფლიო საერთაშორისო კინოს ფესტივალზე.
ფილმი შთამბეჭდავია, რადგან მასში ასახულია, თუ როგორ გამოავლინა ათასობით უბრალო ადამიანმა წლების განმავლობაში არსებული დევნის მიუხედავად მტკიცე რწმენა და გასაოცარი სიმტკიცე. იეჰოვას მოწმეებმა საბჭოთა კავშირში ნამდვილად შეინარჩუნეს ერთგულება განსაცდელების დროს. თუ გაქვთ ამ დოკუმენტური ფილმის ნახვის სურვილი, იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან *. დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას რომელიმე მოწმეს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 14 ვიდეოფილმი გამოცემულია შემდეგ ენებზე: ბერძნული, ბულგარული, გერმანული, ესპანური, იაპონური, ინგლისური, ინდონეზიური, იტალიური, კორეული, ნორვეგიული, პოლონური, რუსული, სლოვაკური, უნგრული, ფინური, ფრანგული, ჩეხური და ჩინური (კანტონური და მანდარინული დიალექტები).
[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]
Stalin: U.S. Army photo
[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]
Stalin: U.S. Army photo