არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რუთი“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რუთი“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რუთი“

ეს არის ამაღელვებელი, ცხოვრებისეული ამბავი ორი ქალის მიერ ერთმანეთისადმი გამოვლენილი ერთგულების შესახებ. ის მოგვითხრობს იეჰოვა ღმერთის დაფასებასა და მისი ღონისძიებებისადმი ნდობის გამოვლენაზე. იგი ყურადღებას ამახვილებს მესიის შთამომავლობითი ხაზისადმი იეჰოვას უდიდეს ინტერესზე. ეს არის გულის ამაჩუყებელი ამბავი ერთი ოჯახის ბედნიერი და უბედური დღეების შესახებ. ყოველივე ამას, სხვა რამესთან ერთად, მოგვითხრობს ბიბლიის წიგნი „რუთი“.

წიგნი „რუთი“ მოიცავს დაახლოებით 11-წლიან პერიოდს და მასში განვითარებული მოვლენები ისრაელში „მსაჯულთა მსაჯულობის დღეებში“ ხდება (რუთი 1:1). როგორც ჩანს, წიგნში აღწერილი ამბები მაშინ მოხდა, როდესაც მსაჯულების დანიშვნა ახალი შემოღებული იყო; ის იწყება იმ დროიდან, როცა ისრაელში ცხოვრობდა რახაბის ძე, მიწათმფლობელი ბოყაზი, ამ ცხოვრებისეული ამბის ერთ-ერთი მოქმედი პირი (იესო ნავეს ძე 2:1, 2; რუთი 2:1; მათე 1:5). სავარაუდოა, რომ იგი დაწერილია ძვ. წ. 1090 წელს წინასწარმეტყველ სამუელის მიერ. ბიბლიაში ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც არაისრაელი ქალის სახელს ატარებს. მასში მოცემული ცნობა ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).

„სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე“

(რუთი 1:1—2:23)

ნაყომი და რუთი ბეთლემში ჩასვლისთანავე ხალხის ყურადღების ცენტრში ექცევიან. ქალაქის ქალები ამ ორიდან უფროსის შესახებ ამბობენ: „ნუთუ ესაა ნაყომი?“ ამაზე ნაყომის რეაქცია კი ასეთია: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, დამიძახეთ მარა, რადგან მეტისმეტად გამამწარა მე ყოვლადძლიერმა. მე სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა“ (რუთი 1:19—21).

ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო, ნაყომის ოჯახი იძულებულია, ბეთლემიდან მოაბის ქვეყანაში გადავიდეს. ის „სავსეა“ იმ გაგებით, რომ მას ქმარი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მისი ქმარი, ელიმელექი, კვდება. მოგვიანებით, ნაყომის ორი ვაჟი მოაბელ ქალებზე, ყორფასა და რუთზე, ქორწინდება. დაახლოებით ათი წლის შემდეგ, მისი ორივე ვაჟი უშვილძიროდ კვდება. ნაყომი იღებს გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს იუდაში და ქვრივ რძლებთან ერთად სამშობლოში მიდის. გზაში ის ეუბნება რძლებს, რომ გაბრუნდნენ მოაბში და თავიანთი ერის კაცებს გაჰყვნენ ცოლად. ყორფა უხალისოდ თანხმდება. რუთი კი, ეკრობა ნაყომის და ეუბნება: „სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე, და სადაც შენ დაიღამებ, მეც იქ უნდა დავიღამო. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16).

ნაყომი და რუთი ბეთლემში ქერის მკის დროს ბრუნდებიან. რუთი სარგებლობს ქვრივებთან დაკავშირებული ღვთის კანონით და იწყებს თავთავების აკრეფას ყანაში, რომელიც ელიმელექის ნათესავს, ებრაელ ბოყაზს ეკუთვნის. რუთი ბოყაზის თვალში მადლს პოულობს და განაგრძობს მის ყანაში თავთავების კრეფას, „ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა“ (რუთი 2:23).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

1:8. რატომ უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: „დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში!“, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, თავიანთი მამების სახლში დაბრუნებულიყვნენ? ცნობილი არ არის, იყო თუ არა ყორფას მამა ცოცხალი, მაგრამ რუთის მამა ცოცხალი იყო (რუთი 2:11). ნაყომიმ, შესაძლოა, სპეციალურად ახსენა დედის სახლი, რადგან ამ სიტყვის გაგონება, მათ დედის სიყვარულსა და სითბოს გაახსენებდა. ეს დაეხმარებოდა მათ იმ სევდასთან გამკლავებაში, რომელსაც საყვარელ დედამთილთან განშორება გამოიწვევდა. ასევე, მის სიტყვებში შეიძლება ისიც არის ჩადებული, რომ ნაყომისგან განსხვავებით, რუთისა და ყორფას დედებს ქმარ-შვილი ჰყავდათ და ნორმალური ოჯახური ცხოვრება ჰქონდათ.

1:13, 21. იყო იეჰოვა ნაყომის უბედურებისა და სიმწრის მიზეზი? არა, და არც ნაყომი ადანაშაულებდა იეჰოვას. მაგრამ ყოველივე იმის გამო, რაც მას შეემთხვა, ის ფიქრობდა, რომ იეჰოვა მის წინააღმდეგ იყო. ის გამწარებული და გულგატეხილი იყო. გარდა ამისა, იმ დროს ‘მუცლის ნაყოფს’ ღვთის კურთხევად მიიჩნევდნენ, უნაყოფობას კი წყევლად. შვილიშვილების არყოლისა და შვილების სიკვდილის გამო, შესაძლოა, ნაყომი ამას იეჰოვასგან დამცირებად მიიჩნევდა.

2:12. რა „სრული საზღაური“ მიიღო რუთმა იეჰოვასგან? რუთს შეეძინა ვაჟი და წილად ხვდა პატივი, გამხდარიყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საგვარეულო ხაზის ერთ-ერთი წევრი, ხაზისა, რომელშიც იესო დაიბადა (რუთი 4:13—17; მათე 1:5, 16).

რას ვსწავლობთ:

1:8; 2:20. უბედურების მიუხედავად, ნაყომის არ დაუკარგავს იეჰოვას წყალობის, ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის, იმედი. ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით.

1:9. სახლი მხოლოდ ის ადგილი არ უნდა იყოს, სადაც ვჭამთ და ვიძინებთ. იქ უნდა შეგვეძლოს დასვენება; აგრეთვე სიმშვიდის და გამხნევების პოვნა.

1:14—16. ყორფა „თავის ხალხს და თავის ღმერთებს დაუბრუნდა“, მაგრამ რუთმა ეს არ გააკეთა. მან მიატოვა სამშობლო, უარი თქვა იმ ნუგეშსა თუ უსაფრთხოებაზე, რომელიც იქ ექნებოდა და იეჰოვას ერთგული დარჩა. ღვთისადმი სიყვარულისა და ერთგულების, ასევე თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა დაგვიცავს იმისაგან, რომ არ გვაცდუნოს ეგოისტურმა სურვილებმა და ‘უკან არ დავიხიოთ დასაღუპავად’ (ებრაელები 10:39).

2:2. რუთს უნდოდა, გამოეყენებინა შესაძლებლობა და მიეღო დახმარება თავთავების აკრეფასთან დაკავშირებით, რაც უცხოელებისა და გაჭირვებულებისთვის იყო გათვალისწინებული. ის თავმდაბალი იყო. გაჭირვებაში მყოფმა ქრისტიანებმა სიამაყე არ უნდა გამოავლინონ და უარი არ უნდა თქვან თანამორწმუნეების მხრიდან სიყვარულით შეთავაზებულ დახმარებასა თუ მთავრობისგან კუთვნილი დახმარების მიღებაზე.

2:7. თუმცა რუთს, რჯულის მიხედვით, თავთავების აკრეფის უფლება ჰქონდა, მან მაინც ითხოვა ნებართვა (ლევიანები 19:9, 10). ასე მოქმედება მის თვინიერებაზე მიანიშნებდა. ჩვენ ბრძნულად ვმოქმედებთ, თუ ვეძიებთ თვინიერებას, რადგან «თავმდაბალნი [„თვინიერნი“, აქ] დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით» (სოფონია 2:3; ფსალმუნები 36:11).

2:11. რუთი ნაყომისთვის მხოლოდ ნათესავი არ ყოფილა. ის მისი ნამდვილი მეგობარი იყო (იგავები 17:17). მათ მტკიცე მეგობრობა ჰქონდათ, რადგან ეს მეგობრობა ისეთ თვისებებზე იყო დაფუძნებული, როგორიცაა: სიყვარული, ერთგულება, თანაგრძნობა, სიკეთე და ერთმანეთისთვის მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — იეჰოვასადმი მსახურებისა და მის თაყვანისმცემლებს შორის ყოფნის სურვილი. ჩვენც გვაქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ნამდვილი მეგობრობა ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან.

2:15—17. მაშინაც კი, როდესაც ბოყაზმა რუთს მძიმე სამუშაო შეუმსუბუქა, „საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში“. ის გამრჯე ქალი იყო. ქრისტიანს მუყაითი მშრომელის სახელი უნდა ჰქონდეს.

2:19—22. ნაყომის და რუთს სიამოვნებდათ საღამოობით საუბარი. უფროსი ინტერესს ავლენდა იმის მიმართ, თუ რა საქმიანობას ეწეოდა უმცროსი დღის განმავლობაში. მათ ორივეს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთისთვის საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაზიარება. განა ასევე არ უნდა იყოს ქრისტიანულ ოჯახშიც?

2:22, 23. იაკობის ქალიშვილის დინასგან განსხვავებით, რუთი ცდილობდა, იეჰოვას თაყვანისმცემლებთან ჰქონოდა ურთიერთობა. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! (დაბადება 34:1, 2; 1 კორინთელები 15:33).

ნაყომი „სავსე“ ხდება

(რუთი 3:1—4:22)

ნაყომი მოხუცებულია და ბავშვის გაჩენა აღარ შეუძლია. ამიტომ, ის არიგებს რუთს, რომ ლევირატის წესით დაქორწინდეს, რომლის თანახმადაც, ქვრივი ცოლად უნდა გაჰყვეს მაზლს. ნაყომის რჩევის თანახმად, რუთი სთხოვს ბოყაზს, რომ გახდეს მისი გამომხსნელი. ბოყაზი მზად არის, თხოვნა შეუსრულოს. მაგრამ რუთს ბოყაზზე უფრო ახლო ნათესავიც ჰყავს და წესით, უპირველესად, ის უნდა გახდეს მისი გამომხსნელი.

ბოყაზი დროს არ კარგავს და დაუყოვნებლივ იწყებს საქმის მოგვარებას. მომდევნო დილასვე კრებს ბეთლემის ათ უხუცესს და მათი თანდასწრებით ეკითხება ნათესავს, სურს თუ არა, გახდეს გამომხსნელი. მამაკაცი უარს აცხადებს. ამიტომ ბოყაზი მოქმედებს როგორც გამომხსნელი და ქორწინდება რუთზე. მათ უჩნდებათ ვაჟი, ყობედი, რომელიც მეფე დავითის პაპა ხდება. ბეთლემის დედაკაცები ნაყომის ეუბნებიან: „კურთხეულია უფალი . . . ის იყოს განმაახლებელი შენი სიცოცხლისა და მარჩენალი შენი სიბერისა, რადგან იგი გააჩინა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის“ (რუთი 4:14, 15). ქალი რომელიც „ცარიელი“ დაბრუნდა ბეთლემში, კვლავ „სავსე“ გახდა (რუთი 1:21).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3:11. რამ შეუქმნა რუთს „ღირსეული ქალის“ რეპუტაცია? ამის მიზეზი ‘გარეგნობა და თმის ნაწნავები’ არ იყო. არც რუთის „ოქროს სამკაულებმა თუ ჩაცმულობამ“ მოხიბლა სხვები, არამედ მისმა ‘შინაგანმა ადამიანმა’ — ერთგულებამ და სიყვარულმა, თავმდაბლობამ და თვინიერებამ, შრომისადმი სიყვარულმა და თავგანწირვის სულისკვეთებამ. ყველა ღვთისმოშიში ქალი, რომელსაც სურს ისეთივე რეპუტაციით სარგებლობდეს, როგორიც რუთს ჰქონდა, უნდა ეცადოს ამ თვისებების გამომუშავებას (1 პეტრე 3:3, 4; იგავები 31:28—31).

3:14. რატომ ადგნენ რუთი და ბოყაზი გარიჟრაჟამდე? ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ მათ ღამე უზნეობა ჩაიდინეს და ამის დამალვა უნდოდათ. რუთის ასეთი საქციელი, როგორც ჩანს, შეესაბამებოდა მაშინდელ წესებს. იმ დროს ქალს, რომელსაც ლევირატის წესით დაქორწინება სურდა, შეეძლო ასე ემოქმედა. რუთი ნაყომის დარიგების შესაბამისად მოქმედებდა. გარდა ამისა, ბოყაზის პასუხი ნათლად გვიჩვენებს, რომ რუთის საქციელში არასწორი არაფერი ყოფილა (რუთი 3:2—13). რუთი და ბოყაზი დილით, როგორც ჩანს, იმიტომ ადგნენ, რომ არავის ჰქონოდა ჭორაობის მიზეზი.

3:15. რა მნიშვნელობა ჰქონდა ბოყაზის მიერ რუთისთვის ექვსი საწყაო ქერის მიცემას? ასე მოქმედება, შესაძლოა, იმას მიანიშნებდა, რომ, როგორც ექვსი სამუშაო დღის მერე დასვენების დღე მოდიოდა, ისე რუთის „დასვენების დღე“ ახლოვდებოდა. ბოყაზი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ რუთს მყუდრო ადგილი ეპოვა თავისი ქმრის სახლში (რუთი 1:9; 3:1, სსგ). ან, შესაძლოა, რუთს ექვს საწყაო ქერზე მეტის ტარება არ შეეძლო.

3:16. ებრაული დედნის თანახმად, რატომ ჰკითხა ნაყომიმ რუთს: „ვინა ხარ, შვილო?“ ვეღარ იცნო თავისი რძალი? ალბათ ვერა, რადგან, როდესაც რუთი დაბრუნდა, შესაძლოა, ჯერ კიდევ სიბნელე იყო. ასევე ეს შეკითხვა შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ნაყომის ძალიან აინტერესებდა, შეიცვალა თუ არა რაიმე მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ანუ იპოვა თუ არა გამომხსნელი.

4:6. რა მხრივ შეიძლებოდა გამომხსნელს „დაექცია“ თავისი სამკვიდრებელი, თუ გამოიხსნიდა ნათესავს? თუ ვინმე გაღარიბდებოდა, მის გამომხსნელს უნდა გამოესყიდა მისი მიწა და გადაეხადა ამ მიწის საფასური, რაც იმით განისაზღვრებოდა, თუ რამდენი წელი იყო დარჩენილი ორმოცდამეათე წლის დღესასწაულამდე (ლევიანები 25:25—27). ამგვარად გამომხსნელის პირადი ქონება, რომელიც თავისი მემკვიდრისთვის უნდა დაეტოვებინა, შემცირდებოდა. გარდა ამისა, თუ რუთს ვაჟი გაუჩნდებოდა, გამოსყიდული მიწა მისი გახდებოდა და არა გამომხსნელის რომელიმე ახლო ნათესავისა.

რას ვსწავლობთ:

3:12; 4:1—6. ბოყაზმა ზედმიწევნით შეასრულა იეჰოვას კანონები. ვასრულებთ ჩვენც კეთილსინდისიერად თეოკრატიულ მითითებებს? (1 კორინთელები 14:40).

3:18. ნაყომი ენდობოდა ბოყაზს. განა ჩვენც ასევე არ უნდა ვენდობოდეთ ერთგულ თანამორწმუნეებს? რუთი მზად იყო, ლევირატის წესით დაქორწინებულიყო კაცზე, რომელსაც არც კი იცნობდა და რომლის სახელიც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული (რუთი 4:1). რატომ გამოავლინა რუთმა ასეთი მზადყოფნა? რუთი დარწმუნებული იყო, რომ ღვთის კანონების დაცვა სასარგებლოა. ვართ ჩვენც ასევე დარწმუნებულნი? მაგალითად, თუ დაქორწინებას ვაპირებთ, ვიღებთ მხედველობაში რჩევას, დავქორწინდეთ, „ოღონდ უფალში“? (1 კორინთელები 7:39).

4:13—16. რუთი მოაბელი და წარსულში ღვთაება ქამოშის თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მას მართლაც შესანიშნავი პატივი ხვდა წილად! აქედან ჩანს პრინციპი, რომ „ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“ (რომაელები 9:16).

ღმერთმა „თავის დროზე აგამაღლოთ“

წიგნი „რუთი“ ცხადყოფს, რომ იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე ავლენს სიკეთეს და თავის ერთგულ მსახურთა სასიკეთოდ მოქმედებს (2 ნეშტთა 16:9). როდესაც ვფიქრობთ რუთის კურთხევებზე, ვხედავთ, თუ რამდენად დასაფასებელია ყოველგვარი ეჭვის გარეშე იეჰოვაზე მინდობა და იმისადმი აბსოლუტური რწმენის გამოვლენა, რომ „ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

რუთი, ნაყომი და ბოყაზი ბოლომდე იყვნენ იეჰოვაზე მინდობილნი და შედეგად კურთხევები მიიღეს. დიახ, „ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა, მისი განზრახვით მოწოდებულთა კეთილდღეობას“ (რომაელები 8:28). მოდი მივყვეთ პეტრე მოციქულის რჩევას: „დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7).

[სურათი 26 გვერდზე]

იცით, რატომ არ მიატოვა რუთმა ნაყომი?

[სურათი 27 გვერდზე]

რამ შეუქმნა რუთს „ღირსეული ქალის“ რეპუტაცია?

[სურათი 28 გვერდზე]

რა „სრული საზღაური“ მიიღო რუთმა იეჰოვასგან?