არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია გლოვასთან დაკავშირებით?

რას ამბობს ბიბლია გლოვასთან დაკავშირებით?

რას ამბობს ბიბლია გლოვასთან დაკავშირებით?

აღმოსავლეთში ტრადიციისამებრ მგლოვიარეებს ყველას დასანახავად უნდა გამოეხატათ მწუხარება. ასეთი შემთხვევები ბიბლიაშიც გვხვდება. ბიბლიის წიგნში „იერემიას გოდება“ ღვთის წინასწარმეტყველი იერუსალიმს დასტირის.

გლოვის დროს ხმამაღლა მოთქვამდნენ, ტიროდნენ, თავებს იმახინჯებდნენ, მარხულობდნენ ან ყოველდღიურ საქმეებს არ აკეთებდნენ. ტირილს თან ახლდა მოთქმა და კივილი (2 მეფეთა 1:11, 12; ესთერი 4:1); მკერდზე მჯიღს ირტყამდნენ (ესაია 32:11, 12, სსგ; ნაუმი 2:8; ლუკა 8:52); ხშირად ტანსაცმელს იხევდნენ (მსაჯულები 11:35; 4 მეფეთა 22:11, 19); თავზე მტვერს ან ნაცარს იყრიდნენ და ჯვალოთი იმოსებოდნენ (2 მეფეთა 13:19; 4 მეფეთა 6:30; იობი 2:11, 12); ფეხსაცმელს იხდიდნენ და თავს ან სახეს იბურავდნენ (2 მეფეთა 15:30; 19:4). ზოგს შესაძლოა თმა გადაეპარსა ან წვერი მოეპარსა (იობი 1:20; ეზრა 9:3; იერემია 41:5). ისინი კი, რომლებიც წარმართულ ტრადიციებს მისდევდნენ, სხეულს იკაწრავდნენ (იერემია 16:6; 47:5). მგლოვიარე ადამიანი მარხულობდა, თავზე ზეთს არ იცხებდა და არც ტანსაცმელს ირეცხავდა (2 მეფეთა 14:2; 19:24; დანიელი 10:2, 3); ზოგჯერ მიწაზე ან ნაცარში ჯდებოდა (2 მეფეთა 13:31; იობი 2:8; ესაია 3:26).

სევდიანი მელოდიებით ზოგჯერ სამგლოვიარო სიმღერებს თხზავდნენ (2 მეფეთა 1:17—27; 3:33, 34; მეორე ნეშტთა 35:25). ებრაელებს ჰქონდათ განსაკუთრებული ტიპის სამგლოვიარო სიმღერა. ერთ-ერთი ასეთი სიმღერა ჩაწერილია ფსალმუნების მე-7 თავში; აბაკუმის მე-3 თავშიც მსგავსი სიმღერაა მოცემული. ეს იყო სამგლოვიარო სიმღერა და, როგორც ჩანს, მასში გამოხატული იყო ძლიერი ემოციები, რიტმიც სწრაფად იცვლებოდა. ამ სიმღერებში შეინიშნება შიში, ემოციების მოზღვავება და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით განცდილი სიხარული.

ზოგჯერ დაკრძალვაზე მიდიოდნენ დაქირავებული დამტირებლები და დამკვრელები, რომლებიც სამგლოვიარო მელოდიებს ასრულებდნენ (იერემია 9:17, 18; მათე 9:23). სწორედ ასეთ დამტირებელებს ჰბაძავდნენ პატარა ბავშვები, რომლებიც იესოს მიწიერი მსახურების დროს მოედნებზე უკრავდნენ (მათე 11:16, 17). სამგლოვიარო სიმღერის დროს დუდუკს ან სალამურს იყენებდნენ (იერემია 48:36; მათე 9:23).

ტრადიციის თანახმად, დაკრძალვის შემდეგ ქალები საფლავზე მიდიოდნენ, სადაც მოთქვამდნენ და ტიროდნენ (იოანე 11:31). როგორც ჩანს, ზოგჯერ გლოვის პერიოდში სამგლოვიარო სუფრასაც შლიდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებულ ვახშამს მართავდნენ (ოსია 9:4; იერემია 16:5, 7).

როდის იკრძალებოდა გლოვა?

ერთხელ ღვთის ხალხს გაფრთხილება მიეცა, არ ეგლოვათ მამაკაცები, რომლებსაც ბოროტმოქმედების ჩადენაში მიუძღოდათ ბრალი (ლევიანები 10:1, 2, 6). წინასწარმეტყველ ეზეკიელს ღმერთმა უბრძანა, რომ არ ეგლოვა გარდაცვლილი ცოლი, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა ბაბილონში მასთან ერთად მყოფი ისრაელებისთვის. ისინი იმდენად თავზარდაცემულები იქნებოდნენ იერუსალიმში არსებული მდგომარეობით, რომ არ იგლოვებდნენ ამ ქალაქს, რომელსაც ღმერთმა ორგულობის გამო განაჩენი გამოუტანა (ეზეკიელი 24:15—24). იერემიამაც თითქმის მსგავსი ბრძანება მიიღო (იერემია 16:5—13).

მოსეს კანონთა კრებულის თანახმად, იკრძალებოდა გარკვეული სამგლოვიარო რიტუალების შესრულება; მაგალითად, სხეულის დაკაწვრა ან შუბლს ზემოთ თმის გადაპარსვა (ლევიანები 19:28; მეორე რჯული 14:1, სსგ). აგრეთვე მკვდართათვის მეათედის გაღება (მეორე რჯული 26:12—14). მღვდლებს სხვების დასანახავად მხოლოდ ხორციელი ნათესავების დატირება შეეძლოთ, მაგრამ მღვდელმთავარს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა (ლევიანები 21:1—6, 10—12).

გლოვაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი

იესოს მიწიერი მსახურების დროსაც ხალხი ხშირად გლოვობდა და მწუხარებას მოთქმითა და ტირილით გამოხატავდა (მარკოზი 5:38, 39). ბიბლიაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც იესომაც „ამოიოხრა“ და აცრემლდა (იოანე 11:33—35, 38; ლუკა 19:41; მარკოზი 14:33, 34; ებრაელები 5:7). თუმცა საღვთო წერილში არსად არ არის ნახსენები, რომ იესოს გლოვის სხვა ფორმისთვის მიემართოს (შეადარეთ ლუკა 23:27, 28). მისი მოწაფეებიც მსგავსადვე გამოხატავდნენ მწუხარებას (მათე 9:15; იოანე 16:20—22; საქმეები 8:2; 9:39; 20:37, 38; ფილიპელები 2:27). პავლეს ‘დიდი მწუხარება და გაუყუჩებული ტკივილი ჰქონდა გულში’ ურწმუნო ნათესავების გამო (რომაელები 9:2, 3). ის შიშობდა, რომ გლოვა მოუწევდა კორინთელი მორწმუნეების გამო, რომლებმაც შესცოდეს და არ მოინანიეს (2 კორინთელები 12:21). პავლემ „ტირილით“ მოიხსენია ისინი, რომლებიც კრებას განუდგნენ და ისე დადიოდნენ, „როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები“ (ფილიპელები 3:17—19). ის გულწრფელად ზრუნავდა და წუხდა ქრისტიანულ კრებაზე (2 კორინთელები 2:1—4). ეს კი მას საშუალებას აძლევდა, ესწავლებინა სხვებისთვის თანაგრძნობის გამოვლენა — ‘მოტირლებთან ეტირათ’ (რომაელები 12:15).

თუმცა, მწუხარება და გლოვა ძალებს აცლის ადამიანს (ფსალმუნები 6:7, 8; ლუკა 22:45; საქმეები 21:13; 2 კორინთელები 2:6, 7). ამიტომ ქრისტიანები გლოვის დროს ყოველთვის თავშეკავებას ავლენენ, გაწონასწორებულები არიან, რადგან მომავლის იმედი მათ ძალებს და სიხარულს აძლევთ (მათე 5:4; 1 კორინთელები 7:29, 30; 2 კორინთელები 6:10; შეადარეთ ნეემია 8:9—12) *. როდესაც მეფე დავითს ბათშებაყთან ჩადენილი მრუშობის შედეგად ვაჟი შეეძინა და ის მძიმედ დასნეულდა, მეფე მარხულობდა, მიწაზე იჯდა და ჭეშმარიტ ღმერთს შვილის გადარჩენას სთხოვდა. მაგრამ, როცა გაიგო, რომ ბავშვი მოკვდა, ადგა, დაიბანა, ზეთი იცხო, ტანსაცმელი გამოიცვალა, ილოცა და საჭმელი მოითხოვა. ხალხს გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი. დავითმა მათ აუხსნა, თუ რატომ მოიქცა ასე: „ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას?“ (2 მეფეთა 12:16, 19—23). როგორც ვხედავთ, დავითმა გლოვის დროს არ დაკარგა წონასწორობა და საღად აზროვნების უნარი. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მისი ვაჟი, აბესალომი, დაიღუპა, დავითი დიდ მწუხარებას მიეცა. ამ მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო, მას იოაბის დახმარება დასჭირდა, რომელმაც პირდაპირ უთხრა მეფეს, რომ არ შეშვენოდა ასეთი საქციელი (2 მეფეთა 18:33; 19:1—8).

მართალია, „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს“, მაგრამ ქრისტიანების ტანჯვა არაფერია იმ დიდებულ იმედთან შედარებით, რომელიც წინ ელოდებათ (რომაელები 8:18—22; 1 პეტრე 1:3—7). აღდგომის იმედი ეხმარება ქრისტიანებს, ‘არ წუხდნენ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ’ (1 თესალონიკელები 4:13, 14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 დაკრძალვის სხვადასხვა არაბიბლიური წეს–ჩვეულებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1998 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 20—24; აგრეთვე 1997 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდები 3—6.