რატომ არის საზიანო სიტყვიერ „ომში“ ჩაბმა?
რატომ არის საზიანო სიტყვიერ „ომში“ ჩაბმა?
„რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას?“ (იაკობი 4:1).
მოწაფე იაკობი ამ კითხვით არ მიმართავდა რომის ლეგიონის ჯარებს, რომლებიც დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ; არც ახ. წ. პირველ საუკუნეში ამბოხებულ სიკარიელთა („ხმალამოწვდილთა“) ჯგუფის მებრძოლებს სწერდა. იაკობი ორ ადამიანს შორის გამართულ დავაზე წერდა. რატომ? იმიტომ რომ სიტყვიერი ომებიც გამანადგურებელია. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი.
პატრიარქი იაკობის ძეებს ისე სძულდათ თავიანთი ძმა იოსები, რომ ის მონად გაყიდეს (დაბადება 37:4—28). მოგვიანებით ისრაელის მეფე საული დავითის მოკვლას ცდილობდა. რატომ? მას შურდა დავითის (1 მეფეთა 18:7—11; 23:14, 15). პირველ საუკუნეში ორმა ქრისტიანმა ქალმა, ევოდიამ და სინტიქემ, ერთმანეთში დავით მთელი კრების სიმშვიდე დაარღვიეს (ფილიპელები 4:2).
ახლო წარსულში მამაკაცები უთანხმოებას დუელში ხმლებით ან პისტოლეტებით აგვარებდნენ. ხშირად დუელში მონაწილეთაგან ერთ-ერთი კვდებოდა ან სამუდამოდ სახიჩრდებოდა. დღეს მოშუღლეები იარაღად ჩვეულებრივ მწარე, სარკასტულ სიტყვებს იყენებენ. მართალია სისხლი არ იღვრება, მაგრამ სიტყვიერი თავდასხმები ადამიანს ემოციურ ჭრილობას აყენებს და რეპუტაციას ულახავს. ასეთ „ომებში“ ხშირად უდანაშაულოები ზარალდებიან.
აი, რა მოხდა რამდენიმე წლის წინ. ანგლიკანური ეკლესიის ერთმა მღვდელმა მეორე მღვდელი ეკლესიის ფინანსების არასწორად მოხმარებაში დაადანაშაულა. მათი დავა საყოველთაოდ ცნობილი გახდა და ეკლესიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი შეიქმნა. ზოგიერთი არ ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას, თუ მას მოწინააღმდეგე ბანაკის მღვდელი ატარებდა. მათი დაპირისპირება იმდენად გამძაფრდა, რომ ეკლესიაში მსახურების დროს ერთმანეთს თავს არიდებდნენ. განხეთქილება უფრო გამწვავდა, როდესაც ბრალის დამდები მღვდელი თავად დაადანაშაულეს სექსუალურ უზნეობაში.
კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ამ ორი მღვდლისთვის მიმართვაში მათ დაპირისპირებას „განგრენა“ უწოდა; აგრეთვე აღნიშნა, რომ ასეთი საქციელით ისინი „საყოველთაოდ შეურაცხყოფდნენ
უფლის სახელს“. 1997 წელს ერთმა მღვდელმა პენსიაში გასვლაზე თანხმობა განაცხადა. მეორე კი იმ პერიოდამდე დარჩა, ვიდრე ასაკის გამო იძულებული არ გახდა, მიეტოვებინა მსახურება. მაგრამ ის ბოლო დასაშვებ მომენტამდე დარჩა ეკლესიაში, რათა 2001 წლის 7 აგვისტოს 70 წლის შესრულების აღსანიშნავად დაბადების დღე გადაეხადა. „ანგლიკანური ეკლესიის გაზეთმა“ მოიხსენია, რომ ის პენსიაზე გავიდა „წმინდა“ ვიკტრიციუსის დღესასწაულის აღნიშვნის დღეს. ვინ იყო „წმინდა“ ვიკტრიციუსი? IV საუკუნის ეპისკოპოსი, რომელიც, როგორც ამბობენ, ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გაროზგეს. გაზეთი ხაზს უსვამდა ამ ორ პიროვნებას შორის არსებულ მკვეთრ სხვაობას და აღნიშნავდა: «[პენსიაში გამსვლელი მღვდელი კი] სულაც არ აპირებდა ეკლესიის შიგნით „ომში“ მონაწილეობაზე უარის თქმას».ამ დაპირისპირებულ მღვდლებს შეეძლოთ საკუთარი თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების არიდება, თუ გამოიყენებდნენ რომაელების 12:17, 18-ში მოცემულ რჩევას: „ნურავის გადაუხდით ბოროტებას ბოროტებით. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენის მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“.
რის თქმა შეიძლება თქვენ შესახებ? ებმებით სიტყვიერ „ომში“, როცა ვინმე გაწყენინებთ? თუ ერიდებით უხეში სიტყვების გამოყენებას და მზად ხართ, მშვიდობა შეინარჩუნოთ? ან, როცა ვინმეს აწყენინებთ, არიდებთ თავს მას იმ იმედით, რომ გავა დრო და მომხდარი დაავიწყდება? თუ მაშინვე მოიბოდიშებთ? თავად ითხოვთ მიტევებას, თუ თქვენ მიუტევებთ ვინმეს, მშვიდობის შენარჩუნების მცდელობა თქვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება, წარმატებით გავართვათ თავი ისეთ კონფლიქტებსაც კი, რომლებიც დიდი ხანია გრძელდება.