ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა შორეულ ადგილებში მსახურების შესაძლებლობა მოგვცა
ბიოგრაფია
ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა შორეულ ადგილებში მსახურების შესაძლებლობა მოგვცა
მოგვითხრო რიკარდო მალიქსიმ
ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო სამუშაო დავკარგე. ამიტომაც მე და ჩემი ოჯახი იეჰოვას ვთხოვდით, რომ მას წარემართა ჩვენი ცხოვრება. ლოცვებში მსახურების გაფართოების ძლიერ სურვილს გამოვხატავდით. მალე მომთაბარე ცხოვრებას შევუდექით, რის გამოც შორეულ ტერიტორიებზე — ორი კონტინენტის რვა ქვეყანაში — მსახურების შესაძლებლობა მოგვეცა.
დავიბადე 1933 წელს ფილიპინებში, ოჯახში, რომელიც მიეკუთვნებოდა ინდეპენდენტურ ეკლესიას; ოჯახის თოთხმეტივე წევრი ამ ეკლესიის მრევლი იყო. დაახლოებით 12 წლის ასაკში ღმერთს ლოცვაში ვთხოვე, ჭეშმარიტი რწმენის პოვნაში დამხმარებოდა. ერთმა ჩემმა მასწავლებელმა რელიგიურ კლასში ჩამწერა და ერთგული კათოლიკე გავხდი. არასოდეს ვაცდენდი შაბათობით აღსარებას და ყოველკვირეულ მესას. მაგრამ თანდათანობით სკეპტიციზმი და უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. კითხვები მაწუხებდა ჯოჯოხეთთან, სამებასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, რაზეც ეკლესიამ არადამაკმაყოფილებელი პასუხები გამცა.
ვღებულობ დამაკმაყოფილებელ პასუხებს
კოლეჯში სწავლისას დავუახლოვდი ერთ ჯგუფს, რის შედეგადაც დავიწყე მოწევა და ჩავები ჩხუბში, აზარტულ თამაშებსა და სხვა უზნეო საქმეებში. ერთ საღამოს თანაკლასელის დედას შევხვდი. ის იეჰოვას მოწმე იყო. მას იგივე კითხვები დავუსვი, რაც რელიგიის მასწავლებლებს.
მან ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან უპასუხა და დავრწმუნდი, რომ რასაც ამბობდა, ჭეშმარიტება იყო.ვიყიდე ბიბლია და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე ყველა მათ შეხვედრას ვესწრებოდი. გავითვალისწინე ბიბლიური რჩევა, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ და უზნეო მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე (1 კორინთელები 15:33). მალე წარმატებას მივაღწიე ბიბლიის შესწავლაში; საბოლოოდ იეჰოვას მივუძღვენი თავი და 1951 წელს მოვინათლე. შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში სრული დროით (პიონერი) ვმსახურობდი. 1953 წლის დეკემბერში აურეა მენდოზა კრუზზე დავქორწინდი, რომელიც ჩემი პარტნიორი და მსახურებაში ერთგული თანამშრომელი გახდა.
პასუხი ჩვენს ლოცვებზე
ჩვენ პიონერად მსახურების ძლიერი სურვილი გვქონდა. თუმცა სურვილი მაშინვე არ შეგვისრულდა. მიუხედავად ამისა, არ შეგვიწყვეტია იეჰოვასადმი ლოცვა, რომ ჩვენთვის მსახურების გაფართოების შესაძლებლობა მოეცა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრება გვქონდა, მაინც სულიერ მიზნებზე ვფიქრობდით; 25 წლის ასაკში კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად დამნიშნეს.
როდესაც უფრო მეტი ბიბლიური ცოდნა მივიღე და უკეთესად გავიგე იეჰოვას პრინციპები, მივხვდი, რომ ჩემი სამუშაო ეწინააღმდეგებოდა ჩემს ქრისტიანულ პოზიციას ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით (ესაია 2:2—4). გადავწყვიტე, სამსახურიდან წამოვსულიყავი, რის გამოც ჩვენი რწმენა გამოცდის წინაშე დადგა. როგორ უნდა მეზრუნა ოჯახის საჭიროებებზე? კვლავაც იეჰოვას მივმართეთ ლოცვით (ფსალმუნები 64:3). მას ვესაუბრებოდით იმის შესახებ, რაც გვაწუხებდა და რისი შიშიც გვქონდა. მაგრამ იმაზეც ვლოცულობდით, რომ ძლიერ გვსურდა, გვემსახურა იქ, სადაც ამის საჭიროება იყო (ფილიპელები 4:6, 7). ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ მრავალფეროვანი მსახურების შესაძლებლობა მოგვეცემოდა!
მომთაბარე ცხოვრების დაწყება
1965 წლის აპრილში სამუშაოდ მიმიწვიეს ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო სამსახურში მაშველი ჯგუფის ზედამხედველად. ვიენტიანში 24 იეჰოვას მოწმე იყო; ჩვენ შევუერთდით ადგილობრივ ძმებსა და მისიონერებს ქადაგებაში. მოგვიანებით ტაილანდში გადამიყვანეს, ქალაქ უდონთანის აეროპორტში. იქ არც ერთი მოწმე არ იყო. სახლში თავად ვატარებდით ყოველკვირეულ შეხვედრებს; კარდაკარ ვქადაგებდით, განმეორებით მონახულებებს ვაკეთებდით, რის შედეგადაც ბიბლიის შესწავლები დავიწყეთ.
გვახსოვდა მოწაფეებისადმი მიცემული იესოს მითითება, რომ მათ ‘ბევრი ნაყოფი უნდა გამოეღოთ’ (იოანე 15:8). გადაწყვეტილი გვქონდა, მივყოლოდით მათ მაგალითს და გაგვეგრძელებინა სასიხარულო ცნობის ქადაგება. შედეგმაც არ დააყოვნა. ტაიდან ერთმა გოგონამ ჭეშმარიტება მიიღო და ჩვენი სულიერი და გახდა; ორმა ჩრდილოეთ ამერიკელმაც ირწმუნა ჭეშმარიტება და დროთა განმავლობაში უხუცესებად დაიწყეს მსახურება. ჩვენ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვქადაგებდით ჩრდილოეთ ტაილანდში. როგორი ბედნიერები ვართ, რომ უდონთანში უკვე არსებობს კრება! ჩვენ მიერ დათესილ ჭეშმარიტების მარცვლებს კვლავაც გამოაქვს ნაყოფი.
სამწუხაროდ, ეს ადგილიც უნდა დაგვეტოვებინა, და ვლოცულობდით, რომ „სამკლის ბატონი“ დაგვხმარებოდა, კვლავაც გაგვეგრძელებინა მსახურება (მათე 9:38). ჩვენ გადავედით ირანის დედაქალაქ თეირანში. ამ დროს ირანში ჯერ კიდევ არსებობდა შაჰის მმართველობა.
ქადაგება რთულ ტერიტორიებზე
როდესაც თეირანში ჩავედით, მაშინვე ადგილობრივი ძმები მოვძებნეთ; ეს იყო 13 სხვადასხვა ეროვნებისგან შემდგარი მოწმეების პატარა ჯგუფი. ირანში რომ ქადაგება შეგვძლებოდა, მსახურების მეთოდები უნდა შეგვეცვალა. თუმცა აშკარა წინააღმდეგობას არ ვაწყდებოდით, მაგრამ მაინც სიფრთხილე უნდა გამოგვევლინა.
დაინტერესებულების სამუშაო განრიგის გამო ბიბლიის შესწავლების ჩატარება გვიწევდა გვიან
საღამოდან დილამდე. მიუხედავად ამისა, ბედნიერები ვიყავით, როცა ვხედავდით თავდაუზოგავი შრომის ნაყოფს! რამდენიმე ფილიპინელმა და კორეელმა ოჯახმა ჭეშმარიტება მიიღო და იეჰოვას მიუძღვნა თავი.ახალი სამსახურებრივი დანიშნულების გამო 1977 წლის დეკემბერში ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გავემგზავრეთ. ირანის მსგავსად არც აქ იყო ადვილი ქადაგება. თუმცა ყოველთვის გვახსოვდა, რომ აქტიურად უნდა გვექადაგა. იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობით შესაძლებლობა მოგვეცა, აღმოგვეჩინა ბევრი ოჯახი, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ. ზოგი მათგანი მოწყურებული იყო ბიბლიურ ჭეშმარიტებას (ესაია 55:1). ამიტომ ბევრი შესწავლა დავიწყეთ.
ყოველთვის გვახსოვდა, რომ ღმერთს სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:4). საბედნიეროდ, წინააღმდეგობებს არ ვაწყდებოდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადამიანები წინასწარშექმნილ ცუდ აზრს დაძლევდნენ, თუ მათ მეგობრულად მივუდგებოდით. მოციქულ პავლეს მსგავსად ვცდილობდით ‘ყველასათვის ყველაფერი გავმხდარიყავით’ (1 კორინთელები 9:22). როდესაც მისვლის მიზეზს გვეკითხებოდნენ, თავაზიანად ვპასუხობდით, და დავინახეთ, რომ უმრავლესობა მეგობრულად განეწყო ჩვენდამი.
დაკაში გავიცანით ერთი და, რომელიც კრებებზე სიარულისკენ და ქადაგებისკენ წავახალისეთ. ჩემი მეუღლე ერთ ოჯახს ასწავლიდა ბიბლიას და შემდეგ ისინი კრებაზე დაპატიჟა. იეჰოვას გულმოწყალებით ჭეშმარიტება მთელმა ოჯახმა მიიღო. მოგვიანებით მათი ორი ქალიშვილი ორგანიზაციას ბიბლიური ლიტერატურის ბენგალურ ენაზე თარგმანში ეხმარებოდა; აგრეთვე ბევრი მათმა ნათესავმა დაიწყო შესწავლა. დაკაში კიდევ ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება, რომელთაგან უმეტესობა ახლა პიონერად და უხუცესად მსახურობს.
ვინაიდან დაკა ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, ჩვენს ნათესავებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ სამქადაგებლო მსახურებაში. მათგან რამდენიმე ბანგლადეშში შემოგვიერთდა. რამდენად კმაყოფილები და მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ შესაძლებლობა მოგვცა ამ ქვეყანაში გვექადაგა სასიხარულო ცნობა! თავდაპირველად თუ ბანგლადეშში მხოლოდ ერთი მოწმე იყო, ახლა იქ ორი კრებაა.
1982 წლის ივლისში ბანგლადეშის დატოვება მოგვიწია; ძმებს ცრემლებით ვემშვიდობებოდით. არც ისე დიდი ხნის შემდეგ სამუშაოდ გადამიყვანეს უგანდაში, ქალაქ ენტებეს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ოთხი წელი და შვიდი თვე დავრჩით. როგორ უნდა განგვედიდებინა იეჰოვას სახელი ამ ტერიტორიაზე?
აღმოსავლეთ აფრიკაში მსახურება
ენტებეს საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისთანავე მე და ჩემს მეუღლეს მძღოლი დაგვხვდა, რომ დანიშნულ ადგილას წავეყვანეთ. როგორც კი აეროპორტს გავცდით, მძღოლთან სამეფოს შესახებ ქადაგება დავიწყე. მან მკითხა: „იეჰოვას მოწმე ხართ?“. პასუხის შემდეგ მითხრა, რომ იცნობდა ერთ-ერთ ჩვენს ძმას, რომელიც აეროპორტში სადისპეტჩერო პუნქტში მუშაობდა. მე მაშინვე ვთხოვე, რომ მასთან წავეყვანე. ჩვენ შევხვდით ძმას; მას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, და მოვილაპარაკეთ კრებებისა და სამქადაგებლო მსახურების შესახებ.
იმ დროს უგანდაში მხოლოდ 228 მაუწყებელი იყო. ენტებეში ორ ძმასთან ერთად დავიწყეთ ჭეშმარიტების თესვა. ვინაიდან ხალხს კითხვა უყვარდა, ბევრ ლიტერატურას
ვავრცელებდით, მათ შორის ასობით ჟურნალს. დედაქალაქ კამპალადან ძმები დავპატიჟეთ, რომ შაბათ-კვირაობით ენტებეს ტერიტორიაზე ქადაგებაში დაგვხმარებოდნენ. ჩემს პირველ საჯარო მოხსენებას ჩემი ჩათვლით ხუთი ადამიანი ესწრებოდა.შემდეგი სამი წლის განმავლობაში უდიდესი სიხარული განვიცადეთ, რადგან ვხედავდით, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტებას ვასწავლიდით, სწრაფად იზრდებოდნენ სულიერად (3 იოანე 4). ერთ სარაიონო კონგრესზე ექვსი კაცი მოინათლა. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ ჩვენმა მაგალითმა ისინი სრული დროით მსახურებისკენ აღძრა; რადგან ხედავდნენ, რომ პიონერებად ვმსახურობდით, მიუხედავად იმისა, რომ სრული განაკვეთით ვმუშაობდით.
მივხვდით, რომ თავად სამუშაო ადგილიც შეიძლებოდა ქადაგებისთვის ნაყოფიერი ტერიტორია ყოფილიყო. ერთხელ აეროპორტში სახანძრო დაცვის თანამშრომელს მივუახლოვდი და დედამიწაზე სამოთხის შესახებ იმედი გავუზიარე. მას თავისი ბიბლიიდან ვაჩვენე, რომ მორჩილი კაცობრიობა მშვიდობიანად და გაერთიანებულად იცხოვრებს, აღარავინ დაიტანჯება სიღარიბისგან, უსახლკარობისგან, აღარ იარსებებს ომი, ავადმყოფობა და სიკვდილი (ფსალმუნები 45:10; ესაია 33:24; 65:21, 22; გამოცხადება 21:3, 4). თავისივე ბიბლიიდან მუხლების ამოკითხვამ მას ჭეშმარიტებისადმი ინტერესი აღუძრა. მაშინვე დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ის კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. მალე მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. მოგვიანებით კი სრული დროით მსახურებაში შემოგვიერთდა.
ჩვენს იქ ყოფნაში უგანდაში ორჯერ მოხდა სამოქალაქო არეულობა, მაგრამ ამას ჩვენი სულიერი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. მათი ოჯახები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, ექვსი თვით გადაყვანილ იქნენ კენიის დედაქალაქ ნაირობში. ისინი, ვინც უგანდაში დავრჩით, კვლავაც ვატარებდით კრებებს და ვქადაგებდით, თუმცა კეთილგონიერებასა და სიფრთხილეს ვიჩენდით.
1988 წლის აპრილში სამსახურებრივი დანიშნულება დასრულდა და კვლავაც სხვაგან მოგვიწია გადასვლა. კმაყოფილებმა დავტოვეთ ენტებეს კრება, რადგან ის სულიერ ზრდას განიცდიდა. 1997 წლის ივლისში შესაძლებლობა მოგვეცა, კვლავ ვწვეოდით ენტებეს. ზოგი, რომლებსაც ბიბლია შევასწავლეთ, უხუცესად მსახურობდა. როგორი გულის ამაჩუყებელი იყო იმის დანახვა, რომ კრებას ახლა 106 ადამიანი ესწრებოდა!
დაუმუშავებელ ტერიტორიაზე გადასვლა
მოგვეცემოდა კვლავ მსახურების გაფართოების შესაძლებლობა? დიახ. ახალი სამსახურებრივი დანიშნულება სომალიის დედაქალაქ მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტში მივიღე. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და დაუმუშავებელ ტერიტორიაზე გვემსახურა.
უმეტესწილად ქადაგება გვიწევდა საელჩოს თანამშრომლებთან, ფილიპინელ მუშებთან და სხვა უცხოელებთან. მათ ხშირად ბაზრებში ვხვდებოდით. აგრეთვე სახლში ვაკითხავდით და მეგობრულად ვსაუბრობდით. იმის წყალობით, რომ გამჭრიახობას ვავლენდით და იეჰოვაზე სრულად ვიყავით მინდობილები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებდით, რამაც ნაყოფი გამოიღო. ორი წლის შემდეგ მოგადიშუ დავტოვეთ მანამ, სანამ იქ ომი დაიწყებოდა.
საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციამ სამუშაოდ იანგონში (მიანმა) გამგზავნა. კვლავაც შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, დავხმარებოდით გულწრფელ ადამიანებს, რომ ღვთის განზრახვების შესახებ გაეგოთ. მიანმის შემდეგ დაგვნიშნეს ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში. აქ კარდაკარ ქადაგება ძალიან ადვილი იყო, ვინაიდან მცხოვრებლები ძირითადად ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ.
იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაოდ ვიყავით გაგზავნილები, მსახურებაში უმნიშვნელო პრობლემებს ვაწყდებოდით; თუმცა, ხშირ შემთხვევებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეზღუდული იყო. ვინაიდან სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი, ხალხი ეჭვქვეშ არ აყენებდა ჩვენს საქმიანობას.
სამი ათწლეულის განმავლობაში მე და ჩემს ცოლს სამსახურის გამო მომთაბარე ცხოვრება მოგვიწია; თუმცა სამუშაოს ძირითადი მიზნის განხორციელების ერთადერთ საშუალებად მივიჩნევდით — ჩვენი უპირველესი მიზანი ყოველთვის ღვთის სამეფოს ინტერესებისთვის ხელის შეწყობა იყო. ვმადლობთ იეჰოვას, რომ შესაძლებლობა მოგვცა, საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ჩვენი ცვალებადი მდგომარეობა და კმაყოფილება მიგვეღო სხვადასხვა ქვეყნებში სასიხარულო ცნობის ქადაგებით.
კვლავ ძველ ადგილას ვბრუნდებით
გადავწყვიტე 58 წლის ასაკში პენსიაში გავსულიყავი და ფილიპინებში დავბრუნებულიყავი. როდესაც უკან დავბრუნდით, იეჰოვას ლოცვებში ვთხოვდით, მას წარემართა ჩვენი ნაბიჯები. მსახურება დავიწყეთ კავიტეს პროვინციაში, ქალაქ ტრეს-მარტირასში. თავდაპირველად კრებაში 19 მაუწყებელი იყო. ყოველდღიურად ორგანიზებულად ტარდებოდა სამქადაგებლო საქმიანობა, რის შედეგადაც ბევრი ბიბლიის შესწავლები იწყებოდა. კრება იზრდებოდა. ერთდროულად ჩემს ცოლს 19 შესწავლა ჰქონდა, მე კი —14.
მალე სამეფო დარბაზში უკვე აღარ ეტეოდნენ მაუწყებლები. ჩვენ ვლოცულობდით ახალი სამეფო დარბაზის შესახებ. ერთმა სულიერმა ძმამ და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს, ორგანიზაციისთვის მიწის დიდი ნაკვეთი ეჩუქებინათ; ფილიალმა კი იქ სამეფო დარბაზის ასაშენებლად სესხი გაიღო. ახალმა სამეფო დარბაზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამქადაგებლო მსახურებაში, რის შედეგადაც ყოველკვირა იზრდებოდა დამსწრეთა რიცხვი. ამჟამად, ჩვენ სხვა კრებას ვეხმარებით, რომელიც ერთი საათის სავალზე მდებარეობს და, ის 17 მაუწყებლისგან შედგება.
მე და ჩემი ცოლი მთელი გულით ვაფასებთ იმას, რაც ბევრ ქვეყანაში მსახურების შედეგად განვიცადეთ. როდესაც უკან ვიყურებით და მომთაბარე ცხოვრებას ვიხსენებთ, კმაყოფილება გვეუფლება, რომ საუკეთესოდ გამოვიყენეთ შესაძლებლობა — დავხმარებოდით სხვებს იეჰოვას გაცნობაში!
[რუკა 24, 25 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ტანზანია
უგანდა
სომალი
ირანი
ბანგლადეში
მიანმა
ლაოსი
ტაილანდი
ფილიპინები
[სურათი 23 გვერდზე]
ჩემს ცოლთან, აურეასთან, ერთად.