არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით განადიდებენ ღმერთს

ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით განადიდებენ ღმერთს

„ჩემი შეწევნა უფლისგანაა“

ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით განადიდებენ ღმერთს

„მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მქონდეს!“ ასეთი მომავალი სურს 15 წლის ბიჭს. როგორ შეუძლია ახალგაზრდას საუკეთესო ცხოვრება ჰქონდეს? ბიბლია ნათელ პასუხს იძლევა ამ კითხვაზე: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში“ (ეკლესიასტე 12:1).

იეჰოვასადმი მსახურება და მისი განდიდება მხოლოდ უფროსებს როდი ევალებათ. სამუელი, ელკანასა და ხანას ვაჟი, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც იეჰოვას ემსახურებოდა კარავში (1 მეფეთა 1:19, 20, 24; 2:11). პატარა ებრაელმა გოგონამ იეჰოვასადმი დიდი რწმენა გამოავლინა, როცა სირიის მხედართმთავარს, ნაყამანს, უთხრა, წინასწარმეტყველ ელისესთან წასულიყო, რათა კეთრისგან განკურნებულიყო (4 მეფეთა 5:2, 3). 148-ე ფსალმუნის მე-7, 12 მუხლები იეჰოვას განდიდებისკენ მოუწოდებს როგორც ჭაბუკებს, ასევე ქალწულებს *. იესო 12 წლის იყო, როდესაც ღვთის მსახურებისადმი ძლიერი ინტერესი გამოავლინა (ლუკა 2:41—49). ზოგი ბავშვი, რომლებიც წმინდა წერილებით იყვნენ განსწავლულები, ტაძარში იესოს დანახვისას გაიძახოდა: „გევედრებით, დავითის ძე იხსენიო“ (მათე 21:15, 16).

როგორ შეგვიძლია დღეს იეჰოვას განდიდება?

დღეს ბევრი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე ამაყობს თავისი რწმენით და გაბედულად ლაპარაკობს სხვებთან ამის შესახებ სკოლასა თუ სხვაგან. განვიხილოთ ორი მაგალითი.

დიდ ბრიტანეთში 18 წლის სტეფანი და მისი ჯგუფელები აბორტსა და სხვადასხვა ზნეობრივ საკითხებზე მსჯელობდნენ. მასწავლებელმა თქვა, რომ დღეს აბორტი ჩვეულებრივ რამედ ითვლება და არცერთმა ქალმა არ უნდა თქვას უარი მასზე. როდესაც ყველა სტუდენტმა გაიზიარა ეს თვალსაზრისი, სტეფანიმ თავი ვალდებულად ჩათვალა, ბიბლიაზე დაფუძნებული თავისი პოზიცია დაეცვა. მას ამის შესაძლებლობა მაშინ მიეცა, როცა მასწავლებელმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ღელავდა, სტეფანიმ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ მათთვის ბიბლიური თვალსაზრისი გაეზიარებინა. მან გამოსვლის 21-ე თავის 22-24 მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ არასწორი იყო ჩანასახის მოკვლა, რადგან ეს აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის ნებას.

მასწავლებელს, რომელიც სასულიერო პირი იყო, არასოდეს წაუკითხავს ეს მუხლები. სტეფანიმ გაბედულად დაამოწმა ჯგუფელებთან, რამაც განაპირობა სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე საუბარი. შედეგად ერთი გოგონა რეგულარულად იღებს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“ -ის ახალ ნომრებს; ორი ჯგუფელი კი იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს დაესწრო, რათა ენახათ, თუ როგორ მოინათლებოდა სტეფანი ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად.

ექვსი წლის გოგონას, ვარეტას, რომელიც სურინამში (სამხრეთ ამერიკა) ცხოვრობს, იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა მიეცა, როდესაც გაიგო, რომ მისი მასწავლებელი ნუგეშისცემას საჭიროებდა. მასწავლებელი სამი დღე არ გამოჩენილა. როდესაც სკოლაში დაბრუნდა, მოსწავლეებს ჰკითხა, თუ იცოდნენ, რატომ აცდენდა ის გაკვეთილებს. მათ უპასუხეს: „თქვენ ავად იყავით, ხომ ასეა?“ „არა“, — უპასუხა მასწავლებელმა. — და დამეღუპა, რის გამოც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ძალიან გთხოვთ, არ იხმაუროთ“.

როცა ვარიტა სახლში მივიდა, დაინახა, რომ დედას ჩასძინებოდა. მან ძველი ჟურნალების ფურცვლა დაიწყო და იპოვნა 2001 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სახელწოდებით „არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“. გახარებულმა გოგონამ დედა გააღვიძა: „დედიკო, დედიკო, ნახე. ჩემი მასწავლებლისთვის ჟურნალი ვიპოვნე, რომელშიც სიკვდილის შესახებ წერია!“ მათ მასწავლებელს გაუგზავნეს ჟურნალი, რომელსაც ვარეტას წერილიც დაურთეს. გოგონა წერდა: „ამ ჟურნალს თქვენ გჩუქნით. სამოთხეში კვლავ იხილავთ თქვენს დაიკოს, ვინაიდან იეჰოვა არ იტყუება. ღმერთი გვპირდება, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება და არა ცაში“. მასწავლებელმა ღრმა მადლიერება გამოხატა ბიბლიაზე დაფუძნებული იმ ნუგეშისთვის, რომელიც ამ სტატიების წაკითხვის შედეგად მიიღო.

მომავლისთვის საფუძვლის ჩაყრა

იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ ახალგაზრდებიც ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ღვთის სიტყვა ამბობს: „გაიხარე, ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში“(ეკლესიასტე 11:9, აქ). იეჰოვა მხოლოდ აწმყოს კი არ ხედავს, არამედ მომავალსაც, და შეუძლია განჭვრიტოს, სადამდე მიგვიყვანს როგორც კარგი, ისე ცუდი საქციელი. ამიტომ ის ურჩევს ახალგაზრდებს: «გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!“» (ეკლესიასტე 12:1).

დიახ, იეჰოვას ძლიერ სურს, რომ ახალგაზრდებმა სრულად გაიხარონ მისგან ნაჩუქარი სიცოცხლით. თუ მათ ეხსომებათ შემოქმედი და განადიდებენ მას, კურთხეული, აზრით აღსავსე ცხოვრება ექნებათ. მაშინაც კი, როდესაც სირთულეების პირისპირ აღმოჩნდებიან, მათ შეუძლიათ დამაჯერებლად თქვან: „ჩემი შეწევნა უფლისგანაა“ (ფსალმუნები 120:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარი“, მარტი/აპრილი.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ადიდეთ უფალი დედამიწიდან . . . ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო“ (ფსალმუნები 148:7, 12).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

იეჰოვა მხარს უჭერს ახალგაზრდებს

„რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო [იმედი, აქ] ყრმობიდანვე“ (ფსალმუნები 70:5).

[ღმერთი] არის „სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა“ (ფსალმუნები 102:5).