არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს გავლენა კაცობრიობაზე

იესოს გავლენა კაცობრიობაზე

იესოს გავლენა კაცობრიობაზე

„სახარებების თანახმად, ის, რის შესახებაც იესომ ცალკეულ ადამიანებთან თუ ადამიანთა ჯგუფებთან ისაუბრა, სულ რაღაც ორ საათში შეეძლო წარმოეთქვა, — დაწერა ბიბლიის მთარგმნელმა ედგარ გუდსპიდმა. — მაგრამ სახარებებში მოკლედ აღწერილმა ამ სწავლებებმა ღრმა კვალი დატოვა ადამიანებზე, დააფიქრა და მოქმედებისკენ აღძრა ისინი. უდავოა, რომ კაცობრიობაზე ასეთი დიდი გავლენა არასოდეს არავის მოუხდენია“.

როდესაც იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წელს მიწიერი მსახურება დაასრულა, მას მამაკაცებისა და ქალებისგან შემდგარი, სულ მცირე, 120 მიმდევარი ჰყავდა (საქმეები 1:15). დღეს ორ მილიარდზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ ქრისტიანია. ასობით მილიონი კი იესოს აღიარებს წინასწარმეტყველად. მართლაც, იესოს სწავლებები უდიდეს გავლენას ახდენს კაცობრიობაზე.

ქრისტიანების გარდა, სხვა რელიგიის წინამძღოლებიც აღიარებენ, რომ იესომ მთელ კაცობრიობაზე მოახდინა გავლენა. მაგალითად, ებრაელმა რაბინმა, ჰიმან ენელოუმ, დაწერა: „იესო ყველაზე პოპულარული, განსწავლული და გავლენიანი პიროვნებაა რელიგიის ისტორიაში“. ენელოუმ აგრეთვე განაცხადა: „ვერავინ შეძლებს ზუსტად შეაფასოს ის უდიდესი გავლენა, რაც იესომ კაცობრიობაზე მოახდინა. იესომ უამრავი კეთილი საქმე გააკეთა, ადამიანებს იმედი და ნუგეში ჩაუნერგა, სიყვარული და სიხარული გაუღვივა. კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. ადამიანების მიერ ოდესმე გაკეთებული უდიდესი საქველმოქმედო საქმეებიც კი ვერ შეედრება იესოს კეთილ საქმეებს, რამაც მთელი კაცობრიობის ყურადღება დაიმსახურა. იესო ისტორიაში ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო პიროვნებად ითვლება“. ინდუსების ლიდერმა, მოჰანდას განდიმ, კი თქვა: „არავის გაუკეთებია ადამიანებისთვის იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც — იესოს. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობას ნაკლი არა აქვს“. მაგრამ მან დასძინა: „პრობლემა თქვენშია, ქრისტიანებო; თქვენ არც კი ცდილობთ ქრისტიანული სწავლებების თანახმად ცხოვრებას“.

ისტორიიდან ჩანს, რომ ქრისტიანული სამყარო არ მიჰყვება იესოს სწავლებებს. ისტორიკოსი სესილ ჯონ კადუ შენიშნავს, რომ „ახ. წ. 140 წლისთვის ზოგმა წინამძღოლმა შენიშნა, რომქრისტიანული ეკლესიების შიგნით ზედმიწევნით აღარ იცავდნენ ზნეობრივ ნორმებს“. კადუ აგრეთვე აღნიშნავს: „ზნეობრივი ნორმების თანდათანობით დარღვევამ ის განაპირობა, რომ ეკლესიისთვის მისაღები გახდა ქვეყნიური გზებით სიარული“.

ეკლესიებში ზნეობრივი ნორმების დაცემამ ფართო ხასიათი განსაკუთრებით IV საუკუნეში მიიღო, როდესაც რომის იმპერატორი, კონსტანტინე, ქრისტიანობას ეზიარა. „ისტორიკოსებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ეს ფაქტი და ზოგი მათგანი სინანულსაც გამოთქვამდა იმის გამო, რომ ეკლესია დიდ კომპრომისზე წავიდა, რადგან კონსტანტინესთან დადო კავშირი“, — დაწერა კადუმ. მას შემდეგ საუკუნეებია, რაც ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ბევრ სამარცხვინო საქმეს სჩადიან, რითაც ქრისტეს სახელს შეურაცხყოფენ.

აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: რას ასწავლიდა იესო სინამდვილეში? როგორ უნდა იმოქმედოს მისმა სწავლებებმა ჩვენზე?

[სურათი 3 გვერდზე]

„არავის გაუკეთებია ადამიანებისთვის იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც — იესოს“. მოჰანდას განდი

[სურათი 3 გვერდზე]

„კაცობრიობაზე ასეთი დიდი გავლენა არასოდეს არავის მოუხდენია“. ედგარ გუდსპიდი

[საავტორო უფლება]

Culver Pictures