არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“

დგას ძველი წელთაღრიცხვით 1117 წელი. დაახლოებით 300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ნავეს ძემ აღთქმული მიწის დაპყრობა დაასრულა. ისრაელის უხუცესები იეჰოვას წინასწარმეტყველს უჩვეულო თხოვნით მიმართავენ. წინასწარმეტყველი ლოცვაში იხსენიებს ამ საკითხს და იეჰოვაც აკმაყოფილებს მათ თხოვნას. ამ დროს მთავრდება მსაჯულთა პერიოდი და იწყება მეფეთა მმართველობა. ბიბლიის წიგნი „პირველი მეფეთა“ აღწერს ამაღელვებელ მოვლენებს, რომლებიც ისრაელის ისტორიაში ამ გარდამტეხი პერიოდისთვის ხდება.

სამუელის, ნათანისა და გადის მიერ დაწერილი წიგნი „პირველი მეფეთა“ მოიცავს 102 წლიან პერიოდს ძვ. წ. 1180—1078 წლამდე (1 ნეშტთა 29:29). ამ წიგნში ისრაელის ოთხ წინამძღოლზეა საუბარი. მათ შორის ორი მსაჯულია, ორი კი — მეფე. ორი მათგანი იეჰოვას მორჩილია, ორი კი — არა. ჩვენ, აგრეთვე, ვეცნობით ორ სამაგალითო ქალს და ერთ მამაც და, ამავე დროს, რბილ მებრძოლს. ასეთი მაგალითები შესანიშნავ დახმარებას გვიწევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი აზროვნება და მოქმედებაა მისაბაძი და როგორს უნდა ვერიდოთ. ამგვარად, „პირველი მეფეთას“ წიგნში მოთხრობილ ამბებს შეუძლია ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაზე იმოქმედოს (ებრაელები 4:12).

მსაჯულ ელის სამუელი ცვლის

(1 მეფეთა 1:1—7:17)

იწყება კრეფის დღესასწაული და ხანა, რომელიც რამაში ცხოვრობს, ძალიან გახარებულია *. იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და მას ვაჟი ეყოლა. ხანამ თავისი ვაჟი სამუელი „უფლის სახლში“ მიიყვანა, რათა დადებული აღთქმა შეესრულებინა. ყრმა სამუელი „ელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად“ (1 მეფეთა 1:24; 2:11). იეჰოვა ჯერ კიდევ ყრმა სამუელს ელის სახლეულის წინააღმდეგ განაჩენს უცხადებს. სამუელი როცა იზრდება, მთელი ისრაელი აღიარებს მას იეჰოვას წინასწარმეტყველად.

გარკვეული დროის შემდეგ ფილისტიმელებმა ბრძოლა გაუმართეს ისრაელს. მათ მიაქვთ ღვთის კიდობანი; აგრეთვე კლავენ ელის ორივე ვაჟს. ამ ამბების მოსმენისას კვდება მოხუცებული ელი, რომელიც „ორმოც წელიწადს მსაჯულობდა ისრაელში“ (1 მეფეთა 4:18). კიდობნის იქ ყოფნას ფილისტიმელებისთვის ზიანი მოაქვს, ამიტომ ისინი კიდობანს ისრაელებს უბრუნებენ. ახლა სამუელი მსაჯულობს ისრაელში და იქ მშვიდობა ისადგურებს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:10 — რატომ ლოცულობდა ხანა იმის შესახებ, რომ იეჰოვას ‘მისი მეფისთვის ძალა მიეცა’, მაშინ როცა ისრაელებს მეფე არ ჰყავდათ? მოსეს რჯულში ნაწინასწარმეტყველები იყო იმის შესახებ, რომ ისრაელებს მეფე ეყოლებოდათ (მეორე რჯული 17:14—18). სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა იწინასწარმეტყველა: „არ მოსცილდება კვერთხი (მეფური ძალაუფლების სიმბოლო) იუდას“ (დაბადება 49:10). გარდა ამისა, სარას — ისრაელთა წინაპრის — შესახებ იეჰოვამ თქვა: „ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან“ (დაბადება 17:16). ასე რომ, ხანა მომავალ მეფეზე ლოცულობდა.

3:3 — ნამდვილად ეძინა სამუელს წმიდათა წმიდაში? არა. სამუელი კეჰათიანი ლევიანი იყო, რომელთა საგვარეულოც მღვდლებად არ მსახურობდა (1 ნეშტთა 6:18—23). მას არ ჰქონდა უფლება, ‘საწმიდრის სახილველად მისულიყო’ (რიცხვნი 4:17—20). სამუელს მხოლოდ სავანის ეზოს გამოყენება შეეძლო. ამიტომაც მას, ალბათ, იქ ეძინა. როგორც ჩანს, ელიც სადღაც სავანის ეზოში იძინებდა. ამიტომ სიტყვები „სადაც ღვთის კიდობანი იდგა“, სავანის ტერიტორიას ეხება.

7:7—9, 17 — რატომ აღავლინა მსხვერპლი სამუელმა მიცფაში და აღმართა სამსხვერპლო რამაში, მაშინ როცა, ჩვეულებრივ, მსხვერპლი რეგულარულად მხოლოდ იმ ადგილას უნდა აღევლინათ, რომელსაც იეჰოვა აირჩევდა? (მეორე რჯული 12:4—7, 13, 14; იესო ნავეს ძე 22:19). მას შემდეგ, რაც ღვთის კიდობანი შილოდან წაიღეს, აღარაფერი მიანიშნებდა იეჰოვას იქ ყოფნაზე. ამიტომ სამუელმა, როგორც ღვთის წარმომადგენელმა, მსხვერპლი მიცფაში აღავლინა და აგრეთვე სამსხვერპლო რამაში აღმართა. როგორც ჩანს, იეჰოვამ მოიწონა მისი საქციელი.

რას ვსწავლობთ:

1:11, 12, 21—23; 2:19. ხანას ლოცვისადმი დამოკიდებულება, თავმდაბლობა, იეჰოვას სიკეთისადმი მადლიერების გამოვლენა და დედობრივი სიყვარული, რასაც ის ყოველთვის ავლენდა, სამაგალითოა ყველა ღვთისმოშიში ქალისთვის.

1:8. სხვების გამხნევების მართლაც რა კარგი მაგალითი მოგვცა ელკანამ! (იობი 16:5). მან დამწუხრებულ ხანას კითხვა ისე დაუსვა, რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო: „გული რატომ გაქვს დამწუხრებული“? ამან აღძრა ხანა, რომ ესაუბრა თავის გრძნობებზე. შემდეგ ელკანამ ხანა თავის სიყვარულში დაარწმუნა. მან უთხრა: „განა ათ შვილს არ გირჩევნივარ“?

2:26; 3:5—8, 15, 19. ღვთის მიერ მოცემული დავალების გულმოდგინედ შესრულება, სულიერი დასწავლებით სარგებლობა და თავაზიანობისა თუ პატივისცემის გამოვლენა ‘სიკეთეს შეგვმატებს’ ღვთისა და ადამიანის თვალში.

4:3, 4, 10. ისეთი წმინდა ნივთიც კი, როგორიც აღთქმის კიდობანი იყო, არ ასრულებდა ისრაელების დასაცავად ავგაროზის როლს. ჩვენ უნდა ‘დავიცვათ თავი კერპებისგან’ (1 იოანე 5:21).

ისრაელის პირველი მეფე — წარმატებული თუ წარუმატებელი?

(1 მეფეთა 8:1—15:35)

სამუელი მთელი ცხოვრება იეჰოვას ერთგულია, მისი შვილები კი ღვთის გზებით არ დადიან. როცა ისრაელის უხუცესები მეფეს ითხოვენ, იეჰოვა უსრულებს მათ ამ თხოვნას. სამუელი იეჰოვას მითითებისამებრ იქცევა და მშვენიერ ბენიამინელ საულს მეფედ ცხებს. საული სამეფო ტახტს ყამონელთა დამარცხებით იმტკიცებს.

საულის გულადი ვაჟი, იონათანი, ანადგურებს ფილისტიმელთა საყარაულოს. ფილისტიმელები კი უზარმაზარი ჯარით გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ. საულს შიში იპყრობს, ურჩობას ავლენს და თვითნებურად აღავლენს სრულადდასაწველ მსხვერპლს. იოანათანს თან მხოლოდ თავისი საჭურველთმტვირთველი მიჰყავს და გაბედულად უტევს ფილისტიმელთა კიდევ ერთ საყარაულოს. საულის მიერ ნაჩქარევად დადებული ფიცის გამო ხალხის გამარჯვება ისეთი ბრწყინვალე აღარ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ის „ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს“ (1 მეფეთა 14:47). თუმცა ყამალეკის დამარცხების შემდეგ, ის არ ემორჩილება იეჰოვას და ხარბდება იმაზე, რაც ‘დარისხებული იყო’ (ლევიანები 27:28, 29, სსგ). ამის გამო იეჰოვა უარყოფს საულს, როგორც მეფეს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

9:9 — რას ნიშნავს გამოთქმა „ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა“? ეს სიტყვები შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ წინასწარმეტყველები უფრო ცნობილნი იყვნენ სამუელის დღეებში, ამიტომ ისრაელში მეფეების მმართველობის დროს სიტყვა „მისანი“ შეიცვალა სიტყვით „წინასწარმეტყველი“. სამუელი წინასწარმეტყველთა შორის პირველად ითვლება (საქმეები 3:24).

14:2432, 44, 45 — დაკარგა თუ არა იონათანმა ღვთის კეთილგანწყობა იმით, რომ დაარღვია საულის ფიცი და თაფლი შეჭამა? ამის გამო იონათანს ღვთის კეთილგანწყობა არ დაუკარგავს. მან მამის ფიცის შესახებ არაფერი იცოდა. გარდა ამისა, ფიცი ან მოჩვენებითი გულმოდგინების, ან სამეფო ძალაუფლებაზე არასწორი შეხედულების გამო იყო დადებული, რამაც ხალხს პრობლემები შეუქმნა. როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი ფიცი ღვთის მოსაწონი ყოფილიყო? მართალია, იონათანი მზად იყო, რომ ფიცის დარღვევის გამო სასჯელი მიეღო, მაგრამ ის გადაარჩინეს.

15:6 — რატომ გამოავლინა კენიელების მიმართ საულმა სიკეთე? კენიელები მოსეს სიმამრის ძენი იყვნენ. ისინი ეხმარებოდნენ ისრაელებს, როცა მათ სინაის მთა დატოვეს (რიცხვნი 10:29—32). კენიელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იუდას ძეებს შორის ცხოვრობდნენ ქანაანის მიწაზე (მსაჯულთა 1:16). მიუხედავად იმისა, რომ კენიელები მოგვიანებით ყამალეკსა და სხვა ხალხებს შორის დასახლდნენ, მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ისრაელებთან. ასე რომ, საულს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ კენიელები არ გაენადგურებინა.

რას ვსწავლობთ:

9:21; 10:22, 27. საულის მეფედ არჩევის დროს, მას მოკრძალება და თავმდაბლობა დაეხმარა, რომ ნაჩქარევად არ მოქცეულიყო, როცა ‘უღირსმა ხალხმა’ მეფედ არ აღიარა. მართლაც, რა დამცველია ასეთი აზროვნება უგუნური საქციელის თავიდან ასაცილებლად!

12:20, 21. არასოდეს მისცეთ საშუალება ფუჭ საქმეებს, როგორიცაა ადამიანებზე დაიმედება, ერების საბრძოლო ძალებზე დანდობა და კერპთაყვანისმცემლობა, რომ იეჰოვას მსახურებას ჩამოგაშოროთ.

12:24. იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშის შენარჩუნებისა და მთელი გულით მსახურებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია იმის დანახვას, თუ „რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული“ ღმერთს თავისი ხალხისთვის როგორც ძველ დროში, ასევე ჩვენს დღეებში.

13:1014; 15:2225, 30. ერიდეთ კადნიერების გამოვლენას — დაუმორჩილებლობასა თუ ამპარტავნობას (იგავები 11:2).

მწყემსი ბიჭის მეფედ არჩევა

(1 მეფეთა 16:1—31:13)

მომავალ მეფედ სამუელი ცხებს დავითს იუდას ტომიდან. ცოტა ხნის შემდეგ, ის მხოლოდ ერთი შურდულის ქვით კლავს ფილისტიმელ გოლიათს. დავითი და იონათანი კარგი მეგობრები ხდებიან. საული დავითს ლაშქრის მეთაურად ადგენს. მრავალ ბრძოლებში გამარჯვებულ დავითს ისრაელი ქალები სიმღერით ეგებებიან: „შემუსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა — ათი ათასები!“ (1 მეფეთა 18:7). შურით აღვსილ საულს დავითის მოკვლა სურს. მას შემდეგ, რაც საული სამჯერ შეეცადა დავითის მოკვლას, დავითი გარბის.

იმ წლებში, როცა საულს გაურბოდა, დავითი ორჯერ ინდობს მას. დავითი ასევე ხვდება ლამაზ აბიგაილს და ცოლად მოყავს ის. ფილისტიმელები გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ, ამიტომ საული წყვეტს, რომ დაეკითხოს იეჰოვას. მაგრამ იეჰოვამ მიატოვა ის. სამუელი მოკვდა და სასოწარკვეთილი საული მესულთანე დედაკაცთან მიდის სამკითხაოდ, რომელიც ეუბნება, რომ ფილისტიმელთა ბრძოლაში მოკვდება. ამ ბრძოლის დროს საული მძიმედ იჭრება, მისი ძეები კი კვდებიან. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები საულის სიკვდილით მთავრდება. დავითი კი ისევ იმალება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

16:14 — რა ბოროტი სული აწვალებდა საულს? ბოროტი სული, რომელიც სიმშვიდეს აკარგვინებდა საულს, იყო ცუდისკენ მიდრეკილი გული და გონება, ანუ არასწორად მოქმედების შინაგანი წადილი. როდესაც იეჰოვამ საულს წმინდა სული განაშორა, საულმა დაკარგა მისი მფარველობა და მასში არსებული ბოროტი სულის ზეგავლენაში მოექცა. რამდენადაც ღმერთმა დაუშვა, რომ ბოროტ სულს წმინდა სული შეეცვალა, მას შეიძლება ეწოდოს ‘ბოროტი სული უფლისაგან’.

17:55 1 მეფეთას 16:1723–ში მოცემული სიტყვების თანახმად, რატომ იკითხა საულმა, თუ ვისი შვილი იყო დავითი? საულს მხოლოდ დავითის მამის სახელის გაგება არ სურდა. მას, ალბათ, აინტერესებდა, როგორი ადამიანი იყო მამამისი, რომლის შვილმაც გოლიათის მოკვლით ასეთი გმირობა ჩაიდინა.

რას ვსწავლობთ:

16:6, 7. იმის მაგივრად, რომ მოვიხიბლოთ სხვების გარეგნობით ან ნაჩქარევი დასკვნა გამოვიტანოთ მათ შესახებ, უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ.

17:4750. ჩვენ შეგვიძლია გაბედულად შევხვდეთ გოლიათის მსგავსი მტრებისგან წინააღმდეგობასა და დევნას, რადგან ვიცით, რომ „უფლის ნებაზეა ომი“.

18:1, 3; 20:41, 42. ნამდვილი მეგობრების პოვნა მათ შორის შეგვიძლია, ვისაც იეჰოვა უყვარს.

21:12, 13. იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ცხოვრების რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად გონებრივ შესაძლებლობებსა და უნარს გამოვიყენებთ. მან მოგვცა თავისი ინსპირირებული სიტყვა, რომელიც გვმატებს გონიერებას, ცოდნასა და განსჯის უნარს (იგავები 1:4). ჩვენ ასევე დანიშ­ნული ქრისტიანი უხუცესებისგან ვიღებთ დახმარებას.

24:6; 26:11. იეჰოვას ცხებულისადმი ჭეშმარიტი პატივისცემის გამოვლენის რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს დავითი!

25:2333. აბიგაილის გონიერება სამაგალითოა.

28:819. იმ მიზნით, რომ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და ზიანი მიაყენონ მათ, ბოროტ სულებს შეუძლიათ გარდაცვლილ პიროვნებებად წარმოგვიდგინონ თავი. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი ფორმის სპირიტიზმს (მეორე რჯული 18:10—12).

30:23, 24. რიცხვნის 31:27–ში მოცემული სიტყვებიდან გამომდინარე, იეჰოვა აფასებს მათ, რომლებსაც დამხმარეების როლი აკისრიათ კრებაში. ამიტომ რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ‘სულითა და გულით ვაკეთოთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის’ (კოლოსელები 3:23).

რა არის ‘საკლავზე უკეთესი’?

რა მნიშვნელოვან აზრს ესმება ხაზი ელის, სამუელის, საულისა და დავითის მაგალითებიდან? „მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება — ცხვრის ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე“ (1 მეფეთა 15:22, 23).

მართლაც, რა დიდი პატივია, რომ მსოფლიო მასშტაბით სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში ვიღებთ მონაწილეობას! როდესაც იეჰოვას ‘ჩვენს ბაგეებს ვწირავთ მსხვერპლად’ (სსგ), ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ მივყვეთ მის ხელმძღვანელობას, რომელსაც ის თავისი სიტყვისა და მიწიერი ორგანიზაციის საშუალებით გვიწევს (ოსია 14:3; ებრაელები 13:15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 „პირველ მეფეთას“ წიგნში მოხსენიებულ სხვადასხვა ადგილთა მდებარეობის ნახვა შეგიძლიათ ბროშურაში „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“, გვერდები 18—19. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 23 გვერდზე]

ისრაელის პირველი მეფე, რომელიც თავმდაბალი და მოკრძალებული მმართველი იყო, ამაყი და კადნიერი მონარქი გახდა.

[სურათი 24 გვერდზე]

რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, როცა გოლიათის მსგავსი მტრებისგან წინააღმდეგობას ვხვდებით?