არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„პიმი“ ბიბლიის ისტორიულობას ადასტურებს

„პიმი“ ბიბლიის ისტორიულობას ადასტურებს

„პიმი“ ბიბლიის ისტორიულობას ადასტურებს

მეფე საულის დღეებში ისრაელებს მეტალის იარაღები ფილისტიმელ მჭედლებთან მიჰქონდათ გასალესად. „მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი სახნისისათვის ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 მეფეთა 13:21, „მცხეთური ხელნაწერები“).

ებრაული ტექსტის დედნიდან ამ მუხლში „სამ სასწორად“ ითარგმნა სიტყვა „პიმი“ და ის ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. რა არის „პიმი“? ამ კითხვაზე პასუხი საიდუმლოებით იყო მოცული ახ. წ. 1907 წლამდე, იმ დრომდე, სანამ ძველ ქალაქ გეზერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩენდნენ პირველ „პიმს“ — საწონ ქვას. ბიბლიის ადრინდელ მთარგმნელებს უჭირდათ სიტყვა „პიმის“ თარგმნა. მაგალითად, 1884 წელს გამოცემულ „ძველი აღთქმის ორტომეულში“ 1 მეფეთას 13:21–ში ნათქვამია: „მომსთულელნი ყოველნი ჭურჭელსა მოისწრებდენ მკისასა; ხოლო ცულნი, და ცელნი, წარმართებელ მათდა არა იქმნებოდა“.

დღეს მეცნიერებმა იციან, რომ „პიმი“ მასის ერთეულია და დაახლოებით 7,82 გრამს უდრის; იგი ებრაული მასის ძირითადი ერთეულის — შეკელის — დაახლოებით ორი მესამედის ტოლია. ფილისტიმელები ისრაელებისგან იარაღების გალესვისთვის ერთ „პიმ“ ვერცხლის ნატეხს ითხოვდნენ. მასის ერთეულად შეკელის გამოყენება მაშინ შეწყდა, როდესაც იუდას სამეფო და მისი დედაქალაქი, იერუსალიმი, ძვ. წ. 607 წელს დაეცა. როგორ ადასტურებს მასის საზომ ერთეულად „პიმის“ გამოყენება ებრაული ტექსტების ისტორიულობას?

ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ებრაული წერილების ტექსტები, და მათ შორის წიგნი „პირველი მეფეთა“, ელინისტურ–რომაული პერიოდით და ძვ. წ. II—I საუკუნითაც კი თარიღდება; ამიტომ, მათი სიტყვების თანახმად, „ისინი [ებრაული წერილები] . . . ‘არაისტორიულია’ და ძალიან ცოტა ან თითქმის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ‘ბიბლიური’ ან ‘ძველი ისრაელის’ შესახებ ცნობების აღსადგენად, რომლებიც, ორივე, მხოლოდ თანამედროვე იუდაური და ქრისტიანული ლიტერატურული ნაწარმოებებია“.

ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი უილიმ დევერი კი 1 მეფეთა 13:21–ში მოხსენიებული მასის საზომის, „პიმის“, შესახებ ამბობს: «[ის] შეუძლებელია ელინისტურ–რომაულ პერიოდში ანუ ისეთ დროს მცხოვრები მწერლების მიერ იყოს მოგონილი, როდესაც მასის ეს ერთეული უკვე გამოყენებიდან გასული და მივიწყებული იყო. ფაქტობრივად, ბიბლიური ტექსტის ამ პატარა მონაკვეთს . . . ვერ გაიგებდნენ ახ. წ. მე–20 საუკუნის დასაწყისამდე — იმ დრომდე, სანამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩენდნენ ნივთს, რომელზეც ებრაულად ეწერა „პიმი“». პროფესორი განაგრძობს: «თუ ბიბლიური ისტორიები მხოლოდ ელინისტურ–რომაული პერიოდის „ლიტერატურული ნაწარმოებებია“, როგორ გაჩნდა ებრაულ ბიბლიაში ეს კონკრეტული ადგილი? ვინმემ შეიძლება თქვას, „პიმის“ შესახებ ისტორია მხოლოდ „პატარა დეტალია“. ეს მართალია, მაგრამ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ „ისტორია დეტალებისგან შედგება“».

[სურათი 29 გვერდზე]

„პიმი“ დაახლოებით შეკელის ორი მესამედი იყო.