არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ აღარ ვცოცხლობთ საკუთარი თავისთვის

ჩვენ აღარ ვცოცხლობთ საკუთარი თავისთვის

ჩვენ აღარ ვცოცხლობთ საკუთარი თავისთვის

„ის [ქრისტე] ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის . . . აღარ იცოცხლონ“ (2 კორინთელები 5:15).

1, 2. რომელმა ბიბლიურმა მცნებამ აღძრა იესოს პირველი მიმდევრები, რომ დაეძლიათ ეგოისტური მიდრეკილებები?

იესოს დედამიწაზე მსახურების უკანასკნელი ღამე იყო. რამდენიმე საათში ის სიცოცხლეს გაიღებდა მათთვის, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა. იმ ღამით იესომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ უთხრა ერთგულ მოციქულებს. მან აგრეთვე მცნება დაუდო მათ: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“. სიყვარული იესოს მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (იოანე 13:34, 35).

2 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული უნდა გამოავლინონ და თანამორწმუნეების კეთილდღეობა საკუთარზე წინ დააყენონ. მათ მეგობრებისთვის უყოყმანოდ უნდა გასწირონ თავი (იოანე 15:13). როგორ გამოეხმაურნენ პირველი ქრისტიანები ახალ მცნებას? პირველი საუკუნის მწერალი, ტერტულიანე, თავის ცნობილ ნაშრომში „აპოლოგია“ ციტირებს, თუ რას ამბობდნენ სხვები ქრისტიანების შესახებ: „შეხედეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი; ისინი მზად არიან, სიცოცხლეც კი გაიღონ ერთმანეთისთვის“.

3, 4. ა) რატომ უნდა ვებრძოლოთ ეგოიზმს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ჩვენც უნდა ‘ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი და ამით შევასრულოთ ქრისტეს კანონი’ (გალატელები 6:2). თუმცა ყველაზე მეტად ეგოიზმი გვიშლის ხელს ქრისტეს კანონისადმი მორჩილებაში — ‘გვიყვარდეს იეჰოვა ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით’ და გვიყვარდეს „მოძმე საკუთარი თავივით“ (მათე 22:37—39). არასრულყოფილების გამო ეგოიზმისკენ ვართ მიდრეკილნი. თუ ამას დავუმატებთ ყოველდღიურ სტრესს, სკოლასა თუ სამსახურში გამეფებულ მეტოქეობის სულს და არსებობისთვის ბრძოლას, უფრო მეტად ვხდებით ეგოისტები. რაც დრო გადის, ეგოიზმი უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები“ (2 ტიმოთე 3:1, 2).

4 დედამიწაზე მსახურების დასასრულს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ეგოიზმის დაძლევაში სამი ნაბიჯი დაეხმარებოდათ. რა ნაბიჯებია ეს და ჩვენ როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ იესოს მითითებიდან?

ეგოიზმის დასაძლევი ეფექტური საშუალებები

5. რა გაუმხილა იესომ მოწაფეებს გალილეის ჩრდილოეთ მხარეში ქადაგებისას და რატომ იყო ეს მათთვის თავზარდამცემი?

5 იესო გალილეის ჩრდილოეთ მხარეში, ფილიპეს კესარიაში, ქადაგებდა. ეს უსაფრთხო, თვალწარმტაცი მხარე დასასვენებლად და დროის გასატარებლად შესანიშნავი ადგილი იყო. მაგრამ იესომ დასვენებას სხვებზე ზრუნვა არჩია. იმ მხარეში ყოფნისას იესომ თავის მოწაფეებს გაუმხილა, რომ „უნდა წასულიყო იერუსალიმში და ბევრი ეტანჯა უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო“ (მათე 16:21). რა თავზარდამცემი იქნებოდა იესოს მოწაფეებისთვის ამის გაგება, რადგან ისინი ელოდნენ, რომ მათი წინამძღოლი იმ დღეებში გამეფდებოდა დედამიწაზე! (ლუკა 19:11; საქმეები 1:6).

6. რატომ გაკიცხა იესომ პეტრე?

6 პეტრემ მაშინვე «გვერდზე გაიყვანა ის და გაკიცხვა დაუწყო: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“». რა უპასუხა იესომ? ის «მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის. შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“». როგორ განსხვავდებოდა მათი აზრები ერთმანეთისგან! იესომ ხალისით მიიღო ღვთის დავალება, თავგანწირული სულისკვეთება გამოევლინა და რამდენიმე თვეში წამების ძელზე მომკვდარიყო. პეტრე ურჩევდა, იოლი გზა აერჩია. „შეიწყალე თავი“, — უთხრა მან. უეჭველია, პეტრეს კეთილი განზრახვა ჰქონდა. მაგრამ იესომ გაკიცხა პეტრე, რადგან იმ მომენტში მან დაუშვა, რომ სატანის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. პეტრე „ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე“ ფიქრობდა (მათე 16:22, 23).

7. მათეს 16:24-ის თანახმად, რისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს?

7 ის, რაც პეტრემ იესოს უთხრა, შესაძლოა ჩვენც გვითხრან. ქვეყნიერება ხშირად მოგვიწოდებს, „კეთილი ვუყოთ საკუთარ თავს“ ანუ „იოლი გზით ვიაროთ“. მაგრამ იესო გვირჩევს, სხვაგვარად ვიაზროვნოთ. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). ბიბლიის ახალ განმარტებით ლექსიკონში ნათქვამია: „იესოს ეს მოწვევა არ ეხებოდა მათ, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მისი მოწაფეები. ის მათ იწვევდა, რომლებიც უკვე გამოეხმაურნენ“. როგორც ზემოთ მოყვანილ მუხლშია ნაჩვენები, იესომ ყურადღება გაამახვილა სამ ნაბიჯზე, რომლებიც მისმა მიმდევრებმა უნდა გადადგან. მოდი განვიხილოთ ეს ნაბიჯები.

8. ახსენით, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა.

8 პირველი ნაბიჯი — უნდა უარვყოთ საკუთარი თავი. ბერძნული სიტყვა, რომელიც „საკუთარი თავის უარყოფად“ ითარგმნება, ნიშნავს ეგოისტური სურვილების უარყოფას ან პირად სიამოვნებასა და კომფორტზე უარის თქმას. საკუთარი თავის უარყოფა არ ნიშნავს, რომ დროდადრო უარი ვთქვათ პირად სიამოვნებაზე; ის არც ასკეტურ ცხოვრებას ან დამღუპველი გზით სიარულს მოიაზრებს. საკუთარ თავს იმ გაგებით „აღარ ვეკუთვნით“, რომ ნებაყოფლობით ვუძღვნით იეჰოვას სიცოცხლეს და ყველაფერს, რაც გაგვაჩნია (1 კორინთელები 6:19, 20). ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, ჩვენი ცხოვრება ღვთის ნებას უნდა შევუსაბამოთ. საკუთარი თავის უარყოფა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, შევასრულოთ ღვთის ნება მაშინაც კი, როდესაც არ გვსურს ამის გაკეთება. როდესაც ღმერთს ვუძღვნით თავს და ვინათლებით, მას განსაკუთრებულ ერთგულებას აღვუთქვამთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ.

9. ა) რასთან ასოცირდებოდა წამების ბოძი იესოს მიწიერი მსახურების დროს? ბ) რა გაგებით ვატარებთ წამების ბოძს?

9 მეორე ნაბიჯი — უნდა ავიღოთ წამების ბოძი. პირველ საუკუნეში წამების ბოძი ასოცირებული იყო ტანჯვასთან, სირცხვილთან და სიკვდილთან. ჩვეულებრივ, წამების ბოძზე მხოლოდ დამნაშავეებს აკრავდნენ სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის მიზნით ან მასზე დამნაშავეთა გვამებს ჰკიდებდნენ. ამ სიტყვებით იესომ ხაზი გაუსვა, რომ, რადგან ქრისტიანები არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, ისინი მზად უნდა იყვნენ დევნის, სიძულვილის და თვით სიკვდილის ასატანადაც კი (იოანე 15:18—20). ქრისტიანული ნორმები ქვეყნიერებისგან გამოგვარჩევს, ამიტომ ქვეყნიერება შესაძლოა ‘გვგმობდეს’ (1 პეტრე 4:4). ეს შეიძლება მოხდეს სკოლაში, სამსახურში და ოჯახშიც კი (ლუკა 9:23). მიუხედავად ამისა, მზად ვართ ავიტანოთ სიძულვილი ქვეყნიერების მხრიდან, ვინაიდან საკუთარი თავისთვის აღარ ვცოცხლობთ. იესომ თქვა: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათე 5:11, 12). მართლაც, ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია.

10. რას ნიშნავს, მივყვეთ იესოს?

10 მესამე ნაბიჯი — იესომ თქვა, რომ უნდა გავყვეთ მას. უილიამ ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ბერძნული სიტყვა „გაყოლა“ ნიშნავს, იყო ვინმეს თანამგზავრი ანუ „იმავე გზით იარო“. 1 იოანეს 2:6-ში ნათქვამია: „ვინც ამბობს, რომ ერთობაში რჩება მასთან, ვალდებულია ისევე მოიქცეს, როგორც ის [ქრისტე] იქცეოდა“, ანუ ისე იაროს, როგორც ქრისტე დადიოდა. როგორ იქცეოდა იესო? მას იმდენად უყვარდა თავისი ზეციერი მამა და მოწაფეები, რომ ეგოიზმს მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. „არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“, — დაწერა პავლემ (რომაელები 15:3). მაშინაც კი, როდესაც დაღლილი იყო ან შიოდა, იესო სხვების მოთხოვნილებებს საკუთარზე წინ აყენებდა (მარკოზი 6:31—34). მან აგრეთვე მთელი ძალ-ღონე მოახმარა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეს. განა არ უნდა მივბაძოთ მას და გულმოდგინედ არ უნდა შევასრულოთ ჩვენი დავალება — ‘მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი ყველა ერიდან და ვასწავლოთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ დაგვიდო მცნებად’? (მათე 28:19, 20). იესომ ყველაფერში მაგალითი დაგვიტოვა და ჩვენც ‘ზუსტად უნდა მივყვეთ მის ნაკვალევს’ (1 პეტრე 2:21).

11. რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უარვყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ წამების ბოძი და გავყვეთ იესო ქრისტეს?

11 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უარვყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ წამების ბოძი და მივყვეთ იესოს. ასე მოქცევით წინ აღვუდგებით ეგოიზმს, რაც ხელს გვიშლის თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში. უფრო მეტიც, იესომ თქვა: „ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იპოვის მას. კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რა სარგებლობა ექნება, სულს თუ დაკარგავს? ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მათე 16:25, 26).

შეუძლებელია ორ ბატონს ვემსახუროთ

12, 13. ა) რა ჰკითხა ახალგაზრდა მმართველმა იესოს? ბ) რა ურჩია იესომ მას და რატომ?

12 რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ აუცილებელი იყო საკუთარი თავის უარყოფა, მას მიუახლოვდა მდიდარი, ახალგაზრდა მმართველი და ჰკითხა: „მოძღვარო, რომელი კარგი საქმეები უნდა გავაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“. იესომ მიუგო: „მცნებები დაიცავი“ და ჩამოუთვალა ზოგი მათგანი. ახალგაზრდა კაცმა უთხრა: „ამ ყველაფერს ვიცავ“. ჩანდა, რომ კაცი გულწრფელი იყო და ყველაფერს აკეთებდა რჯულის დასაცავად. ამიტომ მან იესოს ჰკითხა: „რაღა მაკლია?“. იესომ მას განსაკუთრებული წინადადება შესთავაზა: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს მიეცი და გექნება განძი ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი“ (მათე 19:16—21).

13 ახალგაზრდა კაცს მთელი გულით რომ ემსახურა იეჰოვასთვის, საჭირო იყო გათავისუფლებულიყო დიდი ტვირთისგან — მატერიალური სიმდიდრისგან. ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ის ‘ვერ შეძლებს ღვთის მონაც იყოს და სიმდიდრის მონაც’ (მათე 6:24). საჭიროა „სუფთა თვალი“, რომელიც სულიერ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული (მათე 6:22). საკუთარ ქონებაზე უარის თქმა და ღარიბებისთვის დარიგება, თავგანწირული სულისკვეთების მაჩვენებელია. თუ ახალგაზრდა მმართველი მატერიალურ ქონებას გაიღებდა, იესო მას სთავაზობდა ფასდაუდებელ ჯილდოს — ზეციურ განძს, რაც მისთვის მარადიულ სიცოცხლეს და ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობას ნიშნავდა. ახალგაზრდა მზად არ იყო საკუთარი თავის უარსაყოფად. ის „დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა“ (მათე 19:22). თუმცა იესოს სხვა მიმდევრები სრულიად სხვაგვარად გამოეხმაურნენ მის მოწვევას.

14. როგორ გამოეხმაურა ოთხი მეთევზე იესოს მოწვევას?

14 დაახლოებით ორი წლით ადრე იესომ მსგავსი წინადადება შესთავაზა ოთხ მეთევზეს — პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს. იმ დროს ორი მათგანი თევზაობდა, სხვები კი ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები. იესომ უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. ოთხივემ მაშინვე მიატოვა თავიანთი საქმე და იესოს გაჰყვნენ. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს მიჰყვებოდნენ (მათე 4:18—22).

15. რა მსხვერპლი გაიღო ერთმა მოწმემ, რათა იესოს გაჰყოლოდა?

15 დღეს ბევრი ქრისტიანი ოთხ მეთევზეს ჰბაძავს და არა მდიდარ მმართველს. ისინი უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიმდიდრესა და დიდებაზე, რათა იეჰოვას ემსახურონ. „22 წლის ასაკში სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, — ამბობს დებორა. — დაახლოებით ექვსი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე და მინდოდა, იეჰოვასთვის მიმეძღვნა თავი. მაგრამ მშობლები ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ. ისინი მილიარდერები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ მოწმე თუ გავხდებოდი, მათი რეპუტაცია შეილახებოდა. გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი მომცეს; ან მდიდრული ცხოვრება უნდა ამერჩია ან ჭეშმარიტება. თუ იეჰოვას მოწმეებთან ყველანაირ კონტაქტს არ გავწყვეტდი, მშობლები მემუქრებოდნენ, რომ მემკვიდრეობის გარეშე დამტოვებდნენ. იეჰოვა დამეხმარა, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო და ძალაც მომცა, ამ გადაწყვეტილების თანახმად მეცხოვრა. უკვე 42 წელია, რაც სრული დროით მსახური ვარ და ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. საკუთარი თავის უარყოფაზე და განცხრომით ცხოვრებაზე უარი რომ არ მეთქვა, მეც ისეთივე აზრს მოკლებული და უსიხარულო ცხოვრება მექნებოდა, როგორიც ჩემს ოჯახის წევრებს აქვთ. მეუღლესთან ერთად ასზე მეტ ადამიანს დავეხმარე ჭეშმარიტების გაგებაში. ჩემთვის სულიერი შვილები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სიმდიდრე“. მის აზრს იეჰოვას მილიონობით სხვა მოწმეც ეთანხმება. შენ როგორ ფიქრობ?

16. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ აღარ ვცოცხლობთ საკუთარი თავისთვის?

16 ათასობით იეჰოვას მოწმე აღარ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის. ისინი აღძრულები არიან, იმსახურონ პიონერებად ანუ სამეფოს სრული დროით მქადაგებლებად. სხვები, რომლებსაც მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, პიონერულ სულს ავლენენ და თავიანთი უნარის საუკეთესოდ გამოყენებით მხარს უჭერენ სამქადაგებლო საქმიანობას. მშობლებიც მსგავს სულს ავლენენ, როდესაც დროის უმეტეს ნაწილს შვილების სულიერ აღზრდას უთმობენ და პირად ინტერესებს მეორე ადგილზე აყენებენ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სხვადასხვა სახით ვაჩვენოთ, რომ სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ (მათე 6:33).

ვისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას?

17. რა აღგვძრავს მსხვერპლის გასაღებად?

17 თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა იოლი არ არის. მაგრამ დაფიქრდით, რა აღგვძრავს ამისკენ? პავლემ დაწერა: „იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, რომ აღარ ვიცოცხლოთ საკუთარი თავისთვის. მართლაც, როგორი აღმძვრელი ძალაა! რადგან ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, ვალდებულად არ უნდა ჩავთვალოთ თავი, მისთვის ვიცოცხლოთ? დიახ, ღვთისა და ქრისტეს მიერ გამოვლენილი ძლიერი სიყვარულისადმი მადლიერება აღგვძრავს, თავი მივუძღვნათ ღმერთს და იესოს მოწაფეები გავხდეთ (იოანე 3:16; 1 იოანე 4:10, 11).

18. რატომ ღირს საკუთარი თავის უარყოფა?

18 ნამდვილად ღირს საკუთარი თავის უარყოფა? მას შემდეგ, რაც მდიდარი მმართველი არ გამოეხმაურა ქრისტეს მოწვევას, პეტრემ იესოს ჰკითხა: „აი, ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“ (მათე 19:27). პეტრემ და სხვა მოციქულებმა ნამდვილად უარყვეს საკუთარი თავი. რა ჯილდო ელოდათ მათ? თავდაპირველად იესომ მათ უთხრა, რომ ზეცაში მასთან ერთად მეფობის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებოდათ (მათე 19:28). ამასთანავე, იესომ ის კურთხევები მოიხსენია, რომლებსაც ყველა მისი მიმდევარი მიიღებს. მან თქვა: „არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან მინდვრები და უკვე ახლა, დევნის დროსაც, ასმაგად არ მიიღოს . . . მომავალ სისტემაში კი — მარადიული სიცოცხლე“ (მარკოზი 10:29, 30). გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ ჩვენ გაცილებით მეტს ვიღებთ. განა სულიერი მამები, დედები, ძმები, დები და შვილები გაცილებით ძვირფასნი არ არიან ნებისმიერ რამეზე, რაზეც უარი ვთქვით სამეფოს ინტერესების გამო? ვის უფრო აზრით აღსავსე და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდა — პეტრეს თუ მდიდარ მმართველს?

19. ა) რაზეა დამოკიდებული ნამდვილი ბედნიერება? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 იესომ თავისი სიტყვებითა და საქმეებით ცხადყო, რომ ბედნიერება ეგოიზმს კი არა, გაცემას და სხვებისთვის მსახურებას მოაქვს (მათე 20:28; საქმეები 20:35). როდესაც საკუთარი თავისთვის აღარ ვცოცხლობთ და ქრისტეს მივყვებით, ცხოვრებას ახლავე მოაქვს უდიდესი კმაყოფილება; ამ გზაზე სიარული კი მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს. რასაკვირველია, როცა უარვყოფთ საკუთარ თავს, ჩვენი ბატონი იეჰოვა ხდება, ჩვენ კი მისი მონები ვხდებით. რატომ არის ასეთ მონობაში ცხოვრება კურთხევების მომტანი? რა გავლენას ახდენს ღვთის მონად ყოფნა ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ უნდა აღვუდგეთ წინ ეგოისტურ მიდრეკილებებს?

• რას ნიშნავს, უარვყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ წამების ბოძი და გავყვეთ იესოს?

• რა აღგვძრავს, აღარ ვიცოცხლოთ საკუთარი თავისთვის?

• რატომ ღირს საკუთარი თავის უარყოფა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

„შეიწყალე თავი, უფალო!“

[სურათი 13 გვერდზე]

რამ შეუშალა ხელი ახალგაზრდა მმართველს, იესოს გაჰყოლოდა?

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებს სიყვარული აღძრავს, სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლებად იმსახურონ.