იმედი უიმედობით მოცულ გარემოში კონგრესი ლტოლვილთა ბანაკში
იმედი უიმედობით მოცულ გარემოში კონგრესი ლტოლვილთა ბანაკში
კაკუმას ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს კენიის ჩრდილოეთ ნაწილში, სუდანის საზღვართან ახლოს. იქ 86 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ უწყლო ტერიტორიაზე დღისით ტემპერატურა 50°C-ს აღწევს. ლტოლვილთა ბანაკში საკმაოდ არის გავრცელებული ძალადობა. ბევრი ბანაკში უიმედობითაა მოცული; ზოგს კი ნამდვილად აქვს იმედი.
ლტოლვილთა შორის არიან იეჰოვას მოწმეებიც, რომლებიც გულმოდგინედ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ისინი ლოდვარის კრების წევრები არიან, რომლებიც ბანაკის სამხრეთით, დაახლოებით 120 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქედან სხვა კრებამდე კი მანქანით რვა საათის სავალი მანძილია.
ლტოლვილებს არ შეუძლიათ ბანაკის გარეთ თავისუფლად გასვლა. ამიტომ ბევრი ვერ ესწრება კონგრესებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ატარებენ. ამ მიზეზის გამო გადაწყდა, რომ სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ბანაკში ჩატარებულიყო.
მგზავრობა ჩრდილოეთისკენ
ბანაკის სამხრეთით 480 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ელდორეტიდან დახმარების გასაწევად 15 მოწმე ჩრდილოეთისკენ გაემართა. მათთან ერთად იყო ბიბლიის შემსწავლელი, რომლის მიკროავტობუსითაც გაიარეს ეს რთული გზა. მათ მთელი გულით სურდათ და-ძმების გამხნევება და განმტკიცება.
კენიის დასავლეთით მდებარე მთაგორიანი ადგილიდან მგზავრობა მათ დილით ადრე დაიწყეს. უსწორმასწორო გზები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ტყეებზე, შემდეგ კი უდაბნოს ბუჩქნარზე გადიოდა. ხრიოკ მიწაზე უამრავი თხა და აქლემი იყო. ადგილობრივ ხალხს ტრადიციული ტანსაცმელი ეცვა, ბევრს თან ჰქონდა ხელკეტები და მშვილდ-ისრები. 11-საათიანი მგზავრობის შემდეგ მოწმეებმა ლოდვარამდე მიაღწიეს, სადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ საკმაოდ ცხელი და მშრალი კლიმატია. ლოდვარში მცხოვრებმა მოწმეებმა სტუმრები გულთბილად მიიღეს. სტუმრებმა გადაწყვიტეს, ცოტა დაესვენათ, რათა მზად ყოფილიყვნენ აქტიური საქმიანობისთვის, რომელიც წინ ელოდათ.
მეორე დილით სტუმრები საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად წავიდნენ. უპირველესად, ასეთი ადგილი იყო კენიის უდიდესი ტბა, ტურკანა. მის გარშემო უდაბნოს ბუჩქნარი მრავალ კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ ტბაში ყველაზე ბევრი ნიანგი ბინადრობს მსოფლიოში. ტბის სანაპიროსთან მცხოვრები ხალხი მარილიანი წყლებით
სარგებლობს. სტუმრები საღამოს ადგილობრივ კრებაში თეოკრატიული სამსახურის სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრას დაესწრნენ. მათ აქვთ ლამაზი სამეფო დარბაზი, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა 2003 წელს ააშენეს შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებისთვის გათვალისწინებული სამშენებლო პროგრამით.სპეციალური ერთდღიანი კონგრესი
კვირას სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ჩატარდა. ლოდვარის კრების წევრებს, ამასთანავე ჩამოსულ ძმებს, ნება დართეს, რომ ბანაკში დილის 8 საათზე შესულიყვნენ. მოწმეები სიხარულით ელოდნენ დილით ადრე კონგრესის დაწყებას. უსწორმასწორო გზა ხრიოკი ადგილების გავლით სუდანის საზღვრისკენ მიემართებოდა. გზას ზემოდან ციცაბო კლდეები გადმოჰყურებდა. კაკუმას ბანაკიც გამოჩნდა. იმის გამო, რომ წვიმდა, ბანაკში გზა ატალახებული იყო, ადგილ-ადგილ კი წყლის გუბეები იდგა. სახლების უმეტესობა თუნუქით ან ბრეზენტით იყო გადახურული. ეთიოპელი, სომალელი, სუდანელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები — ყველანი თავიანთთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. ჩასულებს დიდი სიხარულით შეხვდნენ ლტოლვილები.
კონგრესი სასწავლო ცენტრში ჩატარდა. სურათები, რომლებიც კედელზე იყო გაკრული, ლტოლვილთა საშინელ ცხოვრებას აღწერდა, მაგრამ იქ იმედის მომცემი ატმოსფერო იყო გამეფებული. თითოეული მოხსენება ინგლისურ და სუაჰილის ენებზე იყო წარმოდგენილი. ზოგი მომხსენებელი თავისუფლად საუბრობდა ორივე ენაზე, ისე რომ
თავიანთ თემებს თვითონვე თარგმნიდნენ. სუდანელი ლტოლვილი ძმა გამოვიდა შესავალი მოხსენებით, რომლის სათაური იყო „გამოვიკვლიოთ ჩვენი სიმბოლური გული“. სხვა მოხსენებები კი ჩამოსულ ძმებს ჰქონდათ.ნათლობა ყოველი კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნათლობასთან დაკავშირებული მოხსენების დასკვნითი ნაწილის წარმოთქმისას ყველა ნათლობის ერთადერთ კანდიდატს უყურებდა, როდესაც ის ფეხზე ადგა. 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს, გილბერტს მამასთან ერთად მოუწია ქვეყნიდან გაქცევა. თავიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბურუნდში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ მალე მათ დაინახეს, რომ ცხოვრება აქაც სახიფათო იყო. გილბერტმა ჯერ ზაირს, შემდეგ კი ტანზანიას შეაფარა თავი, სადაც დროდადრო ტყეში იმალებოდა. საბოლოოდ ის კენიაში გადავიდა. ხალხს თვალები ცრემლებით აევსო, როდესაც მომხსენებელმა გულთბილად მიმართა მას როგორც ძმას. 95 ადამიანის წინაშე მომხსენებლის მიერ დასმულ ორ კითხვას გილბერტმა სუაჰილის ენაზე დამაჯერებლად უპასუხა: „ნდიიო!“ (რაც ნიშნავს „დიახ!“). კონგრესამდე მან რამდენიმე სხვა ძმასთან ერთად ამოთხარა ორმო და მასში ჩააფინა ბრეზენტი, რომლითაც მანამდე თავისი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა გადაფარული. ნათლობის დღეს კი დილით, ნათლობის სურვილის გამოსახატავად მან თვითონ აავსო ორმო წყლით, რომელსაც ერთი ვედროთი ეზიდებოდა.
ნაშუადღევის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი ეხებოდა საინტერესო შემთხვევებს, რომლებიც ლტოლვილ მოწმეებს ჰქონდათ მსახურებაში. ერთი ძმა მოყვა შემთხვევას, თუ როგორ გაესაუბრა მამაკაცს, რომელიც ხის ქვეშ ისვენებდა:
— რას ფიქრობთ, ყოველთვის უსაფრთხოა ხის ქვეშ ჯდომა?
— დიახ, — უპასუხა მამაკაცმა. ბოლოს კი თქვა: „მაგრამ ღამით არა“.
ძმამ მას ბიბლიიდან წაუკითხა მიქას 4:3, 4: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“. „ასე რომ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ყოველთვის უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ“, — უთხრა ძმამ. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.
ერთ დას, რომელიც კაკუმაში ჩავიდა, ოჯახის სამი წევრი ჰყავდა ახალი დაღუპული. ბანაკში მცხოვრები და-ძმების შესახებ მან აღნიშნა: „მიუხედავად აქ არსებული სირთულეებისა, და-ძმები რწმენაში სიმტკიცეს ინარჩუნებენ. მართალია, მათ საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება, მაგრამ ისინი ბედნიერები არიან, რადგან იეჰოვას ემსახურებიან. ისინი ღმერთთან მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებენ. ამ ყოველივემ წამახალისა, რომ შევინარჩუნო სიმშვიდე და ვემსახურო იეჰოვას. ნამდვილად არ მაქვს ჩივილის მიზეზი!“
კონგრესი მალე მიუახლოვდა დასასრულს. მომხსენებელმა დასკვნით მოხსენებაში თქვა, რომ კონგრესს რვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ერთ-ერთმა ლტოლვილმა მოწმემ აღნიშნა, ეს კონგრესი იმის აშკარა მტკიცება იყო, რომ ამ დანაწევრებულ ქვეყნიერებაში იეჰოვას მოწმეებს შორის ერთიანობა და სიყვარულია გამეფებული. ისინი მართლაც ქრისტიანულ საძმოს წარმოადგენენ (იოანე 13:35).
[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]
სუდანის დაკარგული ბავშვები
სუდანში 1983 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის დროს ხუთმა მილიონმა ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა. დაახლოებით 26 000 ბავშვი ოჯახის გარეშე დარჩა. ათასობით მათგანმა ეთიოპიას, ლტოლვილთა ბანაკებს, შეაფარა თავი, სადაც დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იყვნენ. ამის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, სხვაგან გადასულიყვნენ და ერთი წლის განმავლობაში სუდანის გავლით ჩრდილოეთ კენიაში გადავიდნენ. ამ რთულ გზაზე მათგან ნახევარი იმსხვერპლა ჯარისკაცებისა და ყაჩაღების სისასტიკემ, დაავადებებმა და გარეულმა ცხოველებმა. მაშინ გადარჩენილი ბავშვები კაკუმას ბანაკის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. ორგანიზაციებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ დაზარალებულებს, მათ „სუდანის დაკარგული ბავშვები“ უწოდეს.
ახლა კაკუმას ლტოლვილთა ბანაკი სუდანიდან, სომალიდან, ეთიოპიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანთა თავშესაფარია. აქ მოსულ ლტოლვილებს სახლის ასაშენებლად აძლევენ საჭირო სამშენებლო მასალებსა და ბრეზენტს სახურავისთვის. თვეში ორჯერ თითოეული მათგანი იღებს 6 კილოგრამ ფქვილს, 1 კილოგრამ ლობიოს და მცირე რაოდენობით ზეთსა და მარილს. ბევრი მათგანი ყიდის ზოგ პროდუქტს სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ზოგიერთი დაკარგული ბავშვი დაუბრუნდა ოჯახებს, ზოგიც სხვა ქვეყანაში დასახლდა. „ლტოლვილთა გადაადგილების სამსახურმა“ აღნიშნა, რომ „ათასობით ლტოლვილი დღემდე მტვრიან, მწერებით სავსე კაკუმას ბანაკში ცხოვრობს, სადაც მძიმე შრომა უწევთ, რათა თავი გაიტანონ და განათლება მიიღონ“.
[საავტორო უფლება]
Courtesy Refugees International
[რუკა 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კენია
კაკუმას ბანაკი
ტბა ტურკანა
ლოდვარი
ელდორეტი
ნაირობი
[სურათი 23 გვერდზე]
ბანაკში არსებული პირობები ძნელი ასატანია.
[სურათი 23 გვერდზე]
კაკუმას ბანაკში ლტოლვილებს წყალს ნორმის მიხედვით აძლევენ.
[სურათი 23 გვერდზე]
კენიელი მოწმეები რთულ გზას გადიან ჩრდილოეთისაკენ, რათა ძმები გაამხნევონ.
[სურათი 24 გვერდზე]
მისიონერი თარგმნის მოხსენებას, რომელსაც ადგილობრივი სპეციალური პიონერი წარმოთქვამს.
[სურათი 24 გვერდზე]
ნათლობისთვის განკუთვნილი ადგილი.
[საავტორო უფლებეი დაცულია 23 გვერდზე]
Rationing water and Kakuma Refugee Camp: Courtesy Refugees International