არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაკუთრებული სახით გამარჯვებული

განსაკუთრებული სახით გამარჯვებული

განსაკუთრებული სახით გამარჯვებული

რწმენის გამოცდის წინაშე ხომ არ დგახართ, მაგალითად, სამუშაოზე, სკოლაში, ოჯახში თუ სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვების გამო? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. მრავალ იეჰოვას მოწმეს მოუწია მსგავს განსაცდელებთან გამკლავება, მაგრამ მათ გაიმარჯვეს. განვიხილოთ ერნა ლიუდოლფის შემთხვევა.

ერნა 1908 წელს გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკში დაიბადა. თავისი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ის ემსახურებოდა იეჰოვას. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერის რეჟიმი დამყარდა, იეჰოვას მოწმეებისთვის ცხოვრება გართულდა. თანამშრომლები დაუფარავად აკრიტიკებდნენ ერნას იმისათვის, რომ ჰიტლერისთვის მისალმების ნიშნად ხელს მაღლა არ წევდა, რის გამოც საბოლოოდ ის ნაცისტებმა დააპატიმრეს. მან რვა წელი გაატარა ჰამბურგფულსბიუტელის, მორინგენის, ლიხტენბურგისა და რავენსბრიუკის ციხეებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ერნას ყოფნისას მოხდა რაღაც, რამაც მას გამარჯვება მოუტანა.

გამორჩეული შინამოსამსახურე

პროფესორი ფრიდრიხ ჰოლცი და მისი მეუღლე ალისა ბერლინში ცხოვრობდნენ. ისინი ნაცისტური პარტიის წევრები და მისი იდეოლოგიის მხარდამჭერები არ იყვნენ. მაგრამ ერთი მათი ნათესავი ესესელი ოფიცერი იყო და რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკს უწევდა მეთვალყურეობას. ამიტომ, როდესაც პროფესორი და მისი მეუღლე შინამოსამსახურეს ეძებდნენ, ამ ოფიცერმა ნება დართო, რომ მოსამსახურედ რომელიმე პატიმარი ქალი აერჩიათ. ასე რომ, 1943 წლის მარტში შინამოსამსახურის ასარჩევად ალისა რავენსბრიუკს ეწვია. როგორ ფიქრობთ, ვინ აირჩია მან? ერნა ლიუდოლფი. ერნა საცხოვრებლად ჰოლცების ოჯახში გადავიდა, სადაც მას კარგად ექცეოდნენ. ომის დამთავრების შემდეგ ის იმავე ოჯახთან ერთად მდინარე ზაალეზე მდებარე ქალაქ ჰალეში გადასახლდა. იქ ის კვლავ შეხვდა წინააღმდეგობას, ამჯერად აღმოსავლეთ გერმანიის სოციალისტური მთავრობის მხრიდან. 1957 წელს ჰოლცების ოჯახს დეპორტირება გაუკეთეს და დასავლეთ გერმანიაში გადაგზავნეს; ერნაც მათთან ერთად წავიდა. ბოლოს და ბოლოს, ერნამ თავისუფლად შეძლო თავისი მრწამსის თანახმად მოქმედება.

როგორ გაიმარჯვა ერნამ განსაკუთრებული სახით? მისი შესანიშნავი საქციელისა და ბიბლიური ცნობის დახელოვნებულად ქადაგების შედეგად, ალისა ჰოლცი და მისი ხუთივე შვილი იეჰოვას მონათლული მოწმეები გახდნენ. გარდა ამისა, ალისას 11 შვილიშვილიც იეჰოვას მოწმეა. მათგან ორი დღეს ზელტერსში (გერმანია) იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს. „ჩვენი ოჯახი დღეს ჭეშმარიტებაში, უმთავრესად, ერნას კარგი მაგალითის გამოა“, — ამბობს სიუზანი, ალისას ერთ–ერთი შვილი. ერნას მოთმინება უხვად დაჯილდოვდა. რა შეიძლება ითქვას თქვენს მდგომარეობაზე? რთულ სიტაუაციაში თქვენ მიერ გამოვლენილი მოთმინებაც შეიძლება მსგავსადვე დაჯილდოვდეს. დიახ, კარგი მაგალითი და დახელოვნებულად ქადაგება შეიძლება განსაკუთრებული სახით გამარჯვებაში დაგეხმაროთ *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 სანამ ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ერნა ლიუდოლფი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე ერთგული იყო.

[სურათი 31 გვერდზე]

ერნა ლიუდოლფი (ზის) ჰოლცის ოჯახის წევრებთან ერთად.