არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ აღდგება?

ვინ აღდგება?

ვინ აღდგება?

„ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

1. რა მნიშვნელოვანი სიტყვები მოისმინა მოსემ ცეცხლმოდებული ბუჩქიდან და ვინ გაიმეორა ისინი მოგვიანებით?

სამი ათას ხუთას წელზე მეტი ხნის წინათ ძალიან უჩვეულო რამ მოხდა. როდესაც მოსე პატრიარქ ითროს ცხვარს მწყემსავდა, ხორების მთასთან, ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში, იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა. მან დაინახა: „მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის“. შემდეგ ბუჩქიდან მოსეს ხმა შემოესმა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა“ (გამოსვლა 3:1—6). ახ. წ. I საუკუნეში ეს სიტყვები ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, გაიმეორა.

2, 3. ა) როგორი მომავალი ელით აბრაამს, ისაკსა და იაკობს? ბ) რა კითხვები წამოიჭრება?

2 როდესაც იესო ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, განაცხადა: «მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის შესახებ დაწერა — მან იეჰოვას „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ უწოდა. ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან» (ლუკა 20:27, 37, 38). ამით იესომ დაადასტურა, რომ დიდი ხნის მკვდარი აბრაამი, ისაკი და იაკობი ღვთის მეხსიერებაში ცოცხლები იყვნენ. იობის მსგავსად, ისინი „მაშვრალობის დღეების“ დასრულებას ანუ აღდგომას ელოდნენ (იობი 14:14, სსგ). ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგებიან.

3 რა შეიძლება ითქვას კაცობრიობის არსებობის მანძილზე დაღუპულ მილიარდობით ადამიანზე, ისინიც აღდგებიან? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები. ამაში ღვთის სიტყვა დაგვეხმარება.

სად იმყოფებიან მკვდრები?

4. ა) სად იმყოფებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ? ბ) რა არის შეოლი?

4 ბიბლია ამბობს, რომ „მკვდრებმა არაფერი არ იციან“. სიკვდილის შემდეგ ადამიანი არც ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯება და არც განსაწმენდელში. ის უბრალოდ მტვერს უბრუნდება. ამიტომ ღვთის სიტყვა ადამიანებს ურჩევს: „ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე, რადგან არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში, სადაც შენ მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10; დაბადება 3:19). შავეთი ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან „შეოლი“, რომლის წარმოშობაც უცნობია. ბევრი რელიგია ასწავლის, რომ მკვდრები სადღაც განაგრძობენ სიცოცხლეს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ბიბლია კი ამბობს, რომ შეოლში მკვდრები არიან და ისინი ვერაფერს გრძნობენ. შეოლი საერთო საკაცობრიო სამარეა.

5, 6. სად წავიდა იაკობი სიკვდილის შემდეგ და ვის შეუერთდა?

5 ბიბლიაში სიტყვა „შეოლი“ პირველად დაბადების 37:35-ში გვხვდება. როდესაც პატრიარქმა იაკობმა თავისი საყვარელი ვაჟის, იოსების, დაღუპვის ამბავი შეიტყო, არ სურდა ნუგეშისცემა და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში [შეოლში]!“. რადგან იაკობს თავისი ძე მკვდარი ეგონა, შეოლში მოხვედრა ანუ სიკვდილი ინატრა. მოგვიანებით, შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ იაკობის ცხრა ვაჟს სურდა, უმცროსი ძმა, ბენიამინი, ეგვიპტეში წაეყვანა. იაკობი არ თანხმდებოდა: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში [შეოლში]“ (დაბადება 42:36, 38). ბიბლიის ამ ორივე მონაკვეთში საუბარია სიკვდილზე და არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე.

6 ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვგებულობთ, რომ ეგვიპტეში იოსები საკვების განაწილებას ზედამხედველობდა. მრავალი წლის შემდეგ იაკობმა შეძლო ეგვიპტეში ჩასვლა და იოსების ნახვა. იაკობი სიკვდილამდე ეგვიპტეში დარჩა საცხოვრებლად. ის 147 წლის ასაკში, ღრმად მოხუცებული, გარდაიცვალა. მისმა ვაჟებმა იაკობი, მისივე სურვილისამებრ, ქანაანის მიწაზე, მაქფელას მღვიმეში დამარხეს (დაბადება 47:28; 49:29—31; 50:12, 13). ასეთი სახით, იაკობი თავის მამას ისაკს და პაპას აბრაამს შეუერთდა.

წინაპრებს შეუერთდნენ

7, 8. ა) სად წავიდა აბრაამი სიკვდილის შემდეგ? ახსენით. ბ) საიდან ვიცით, რომ სიკვდილის შემდეგ სხვებიც შეოლში წავიდნენ?

7 როდესაც იეჰოვამ აბრაამთან შეთანხმება დადო და აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობა ურიცხვი გახდებოდა, ისიც უთხრა, თავად მას რა ელოდა. „შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები“ (დაბადება 15:15). ეს ასეც მოხდა. დაბადების 25:8-ში (სსგ) ვკითხულობთ: „მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს“. ვინ იყო მისი ხალხი? დაბადების 11:10—26-ში მოხსენიებულია ნოეს ვაჟის, სემიდან, დაწყებული აბრაამის წინაპრები. ასე რომ, სიკვდილისას აბრაამი შეერთო ანუ შეუერთდა თავის წინაპრებს, რომლებიც შეოლში იყვნენ.

8 გამოთქმა „შეერთო თავის ხალხს“ ებრაულ წერილებში ხშირად გვხვდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ აბრაამის ვაჟი ისმაელი და მოსეს ძმა აარონი სიკვდილის შემდეგ შეოლში წავიდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (დაბადება 25:17; რიცხვნი 20:23—29). მოსეც შეოლში წავიდა, თუმცა არავინ იცოდა, სად იყო მისი საფლავი (რიცხვნი 27:13; მეორე რჯული 34:5, 6). მსგავსადვე, იესო ნავეს ძე, რომელიც მოსეს შემდეგ ისრაელის წინამძღოლი გახდა, და მთელი მისი თაობა სიკვდილის შემდეგ შეოლში წავიდნენ (მსაჯულთა 2:8—10).

9. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ ებრაული სიტყვა „შეოლი“ და ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ ერთსა და იმავე ადგილს ნიშნავს? ბ) რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებიც შეოლში ანუ ჰადესში იმყოფებიან?

9 ამ ამბიდან საუკუნეების შემდეგ დავითი ისრაელის 12 ტომის მეფე გახდა. მოკვდა დავითი და ‘განისვენა თავის მამებთან’ (3 მეფეთა 2:10). დავითიც შეოლში წავიდა. საინტერესოა, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პავლემ დავითის სიკვდილი ახსენა და ფსალმუნების 15:10-დან მოიყვანა ციტატა: „შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს [შეოლს]“. მას შემდეგ, რაც პეტრემ აღნიშნა, რომ დავითი ჯერაც სამარხში იყო, ეს წინასწარმეტყველება იესოს დაუკავშირა. პეტრემ განმარტა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც ჰადესში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი ხორცი გაიხრწნებოდა. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ყველა ვართ“ (საქმეები 2:29—32). პეტრემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ჰადესი“, რომელსაც ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ებრაულ სიტყვა „შეოლს“. ამგვარად, ჰადესსა და შეოლში მყოფნი ერთნაირ მდგომარეობაში არიან. მათ სიკვდილის ძილით სძინავთ, მაგრამ აღდგებიან.

უმართლოებიც შეოლში არიან?

10, 11. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმართლოები სიკვდილისას შეოლში ანუ ჰადესში მიდიან?

10 მას შემდეგ, რაც მოსემ ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ზოგი მათგანი აუჯანყდა მას უდაბნოში. მოსემ მთელ ერს უთხრა, რომ ვინც ამბოხების წამომწყებთა — კორახის, დათანისა და აბირამის — მხარეს იყო, ცალკე დამდგარიყო. მათ საშინელი სიკვდილი ელოდათ. მოსემ განაცხადა: „თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში [შეოლში], მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი“ (რიცხვნი 16:29, 30). ასე რომ, იმისგან დამოუკიდებლად, მიწამ შთანთქა მეამბოხეები თუ ცეცხლმა, კორახი და მისი თანამოაზრე 50 ლევიანი შეოლში ანუ ჰადესში მოხვდნენ (რიცხვნი 26:10).

11 შიმყი, რომელიც მეფე დავითს წყევლიდა, სოლომონმა დასაჯა. დავითმა სოლომონს უთხრა: „ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში [შეოლში]“. სოლომონმა ბენაიას უბრძანა, რომ შიმყისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანა (3 მეფეთა 2:8, 9, 44—46). კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც ბენაიამ სიცოცხლეს გამოასალმა, ისრაელის ლაშქრის ყოფილი სარდალი, იოაბი, იყო. მისი ჭაღარა ‘მშვიდობით არ ჩასულა შეოლში’ (3 მეფეთა 2:5, 6, 28—34). ეს ორი შემთხვევა ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტებას: „დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს [შეოლს], ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი“ (ფსალმუნები 9:18).

12. ვინ იყო ახითოფელი და სად წავიდა სიკვდილის შემდეგ?

12 ახითოფელი დავითის პირადი მრჩეველი იყო. დავითი მის რჩევებს ისე ღებულობდა, თითქოს იეჰოვა აძლევდა (2 მეფეთა 16:23). სამწუხაროდ, ეს სანდო მსახური მოღალატე გახდა და დავითის ძეს, აბესალომს, შეუერთდა ამბოხებაში. როგორც ჩანს, დავითი ამ ღალატს გულისხმობდა, როცა ამბობდა: „ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის — იმას ავიტანდი —; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე — მას დავემალებოდი“. შემდეგ დავითი აგრძელებს: „დაატყდეთ მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში [შეოლში], რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში“ (ფსალმუნები 54:13—16). ახითოფელი და მისი თანამზრახველები შეოლში წავიდნენ.

ვინ იმყოფება გეენაში?

13. რატომ ეწოდა იუდას „დაღუპვის ძე“?

13 ახლა დავითის შემთხვევა შევადაროთ დიდი დავითის — იესოს — შემთხვევას. თორმეტი მოციქულიდან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა, ისევე უღალატა იესოს, როგორც ახითოფელმა დავითს. მაგრამ იუდას ვერაგული საქციელი გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე ახითოფელის. იუდამ ღვთის მხოლოდშობილი ძე გასცა. მიწიერი სიცოცხლის დასასრულს ღვთის ძემ ლოცვაში თავისი მიმდევრები მოიხსენია: „როცა მათთან ვიყავი, ვზრუნავდი მათზე შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის გარდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი“ (იოანე 17:12). აქ იესო იუდას „დაღუპვის ძეს“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს, რომ მისთვის აღდგომის იმედი არ არსებობს. ის აღარ ცოცხლობს ღვთის მეხსიერებაში. ის შეოლში არ წასულა. იუდა გეენაში წავიდა. რა არის გეენა?

14. რას ნიშნავს გეენა?

14 იესომ ამხილა თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები, რადგან მათ თავიანთი მოწაფეები „გეენის კერძად“ აქციეს (მათე 23:15). იმდროინდელი ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი ჰიმონის ველი, ნაგავსაყრელი, სადაც სიკვდილმისჯილ დამნაშავეთა გვამებს ყრიდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ისინი ნორმალური დამარხვის ღირსნი არ იყვნენ. მანამდე, მთაზე ქადაგებისას იესომ თავად მოიხსენია გეენა (მათე 5:29, 30). გეენის სიმბოლური მნიშვნელობა კარგად ესმოდათ მის მსმენელებს. გეენა სამუდამო განადგურებას ნიშნავს აღდგომის იმედის გარეშე. იუდა ისკარიოტელის გარდა კიდევ ვინმე წავიდა სიკვდილის შემდეგ გეენაში?

15, 16. ვინ წავიდა სიკვდილის შემდეგ გეენაში და რატომ?

15 პირველი ადამიანები, ადამი და ევა, სრულყოფილები იყვნენ. მათ განზრახ შესცოდეს. ისინი არჩევნის წინაშე იდგნენ: მარადიული სიცოცხლე ან სიკვდილი. ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და სატანის მხარე დაიკავეს. ადამი და ევა ვერ მიიღებენ სარგებლობას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან. ისინი გეენაში წავიდნენ.

16 ადამის პირველმა შვილმა, კაენმა, თავისი ძმა, აბელი, მოკლა, რის შემდეგაც განდევნილივით ცხოვრობდა. მოციქულმა იოანემ თქვა, რომ კაენი „ბოროტისგან იყო“ (1 იოანე 3:12). გონივრულია დავასკვნათ, რომ მშობლების მსგავსად, კაენიც გეენაში მოხვდა (მათე 23:33, 35). ამის საპირისპიროდ, აბელის მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. „რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო — ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენზე“. შემდეგ პავლე ამატებს: „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს რწმენის მეშვეობით“ (ებრაელები 11:4). დიახ, აბელი შეოლშია და აღდგება.

პირველი“ და „უკეთესი“ აღდგომა

17. ა) ვინ ხვდება შეოლში უკანასკნელ დღეებში? ბ) რა იმედი არსებობს შეოლში მყოფთათვის და რა იმედი — გეენაში მყოფთათვის?

17 ბევრს დააინტერესებს, რა ელით მათ, რომლებიც უკანასკნელ დღეებში იხოცებიან (დანიელი 8:19). გამოცხადების მე-6 თავი აღწერს ოთხ მხედარს. საინტერესოა, რომ მეოთხე მხედარს სიკვდილი ჰქვია და მას ჰადესი მოჰყვება. ამგვარად, ბევრი, რომლებიც ამ მხედრების მოქმედების შედეგად იხოცებიან, ჰადესში ხვდებიან. ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგებიან (გამოცხადების 6:8). მაშ, რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებიც შეოლში ანუ ჰადესში არიან და რა იმედი — გეენაში მყოფთათვის? მოკლედ რომ ვთქვათ, შეოლში (ჰადესში) მყოფთათვის — აღდგომა, ხოლო გეენაში მყოფთათვის — მარადიული განადგურება ანუ არარსებობა.

18. რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებსაც „პირველი აღდგომა“ შეეხებათ?

18 მოციქულმა იოანემ დაწერა: „ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“. ისინი, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმეფებენ, პირველნი იქნებიან აღმდგართა შორის. მაგრამ რა იმედი არსებობს დანარჩენი ადამიანებისთვის? (გამოცხადება 20:6).

19. ვინ ისარგებლებს „უკეთესი აღდგომით“?

19 ღვთის მსახურების, ელიასა და ელისეს, დღეებიდან მოყოლებული სასწაულებრივი აღდგომის მეშვეობით ადამიანებს სიცოცხლე უბრუნდებოდათ. „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ, — გვიყვება პავლე. — ზოგს აწამებდნენ, რადგან უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“. დიახ, ეს ერთგული, უმწიკვლო ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ ისეთ აღდგომას, რომელიც მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანდა და არა დროებითს. ეს, მართლაც, „უკეთესი აღდგომა“ იქნება! (ებრაელთა 11:35).

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 თუ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე დავიხოცებით და ღვთისადმი ერთგულებას ბოლომდე შევინარჩუნებთ, „უკეთესი აღდგომის“ მტკიცე იმედი გვექნება. ეს აღდგომა უკეთესი იმ გაგებით არის, რომ მის შედეგად მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ. იესომ აღგვითქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ რა მიზნით აღდგებიან მკვდრები. მასში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ გვეხმარება აღდგომის იმედი უმწიკვლობის შენარჩუნებასა და თავგანწირვის სულისკვეთების განვითარებაში.

გახსოვთ?

• რატომ ეწოდება იეჰოვას „ცოცხლების ღმერთი“?

• რა მდგომარეობაში არიან შეოლში მყოფნი?

• არსებობს რაიმე იმედი გეენაში მყოფთათვის?

• ვინ ისარგებლებს „უკეთესი აღდგომით“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

აბრაამის მსგავსად, ისინი, რომლებიც შეოლში არიან, აღდგებიან.

[სურათები 16 გვერდზე]

რატომ წავიდნენ ადამი და ევა, კაენი და იუდა ისკარიოტელი გეენაში?