არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკვდრეთით აღდგომა დიდებული მომავალი

მკვდრეთით აღდგომა დიდებული მომავალი

მკვდრეთით აღდგომა დიდებული მომავალი

რწმენა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული. ყურანი, მუსლიმანთა წმინდა წიგნი, მთელ თავს უთმობს მკვდრეთით აღდგომას. ყურანის 75-ე თავში ნათქვამია: „არ დავიფიცო დღე აღდგომისა . . . ადამიანს ნეტა თუ ჰგონია, მისი ძვლები არ შევკრიბოთ? . . ჰკითხულობს [ადამიანი]: როდის-ღა იქმნეს აღდგომის დღეო? . . ნუთუ არაა ღმერთი იგი საკმაოდ შემძლებელ, მკვდრები გააცოცხლოს?“ (თავი 75:1—6, 40).

ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს: „ზოროასტრიზმის მრწამსის თანახმად, ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება, მოხდება მკვდრეთით აღდგომა, იქნება განკითხვის დღე, წუთისოფელი განიწმინდება და მასში სამართლიანობა გაბატონდება“.

„იუდაური ენციკლოპედია“ მკვდრეთით აღდგენას ასე განმარტავს: „რწმენა იმის შესახებ, რომ მკვდრები ფიზიკური სხეულით აღდგებიან და კვლავ იცხოვრებენ დედამიწაზე“. იმავე ნაშრომში აგრეთვე აღნიშნულია, რომ იუდაიზმის მიერ სულის უკვდავების შესახებ მრწამსის გადაღება დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. მასში პირდაპირ არის ნათქვამი: „არსებითად მკვდრეთით აღდგომისა და სულის უკვდავების შესახებ იდეები ურთიერთგამომრიცხავია“.

ინდუიზმი ასწავლის, რომ ადამიანი გადის ხელახლა დაბადების ციკლებს ანუ გარდაისახება. ეს რომ მართალი იყოს, ადამიანს უნდა ჰქონდეს უკვდავი სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს. ინდუსების წმინდა წიგნში „ბჰაგავად-გიტა“ ნათქვამია: „მოსპობას არ ექვემდებარება ის, რაც მთელი სხეულის ყოველ ნაწილს ავსებს. ვერავინ შეძლებს უკვდავი სულის განადგურებას“.

ბუდიზმი ინდუიზმისგან იმით განსხვავდება, რომ ის უარყოფს სულის უკვდავებას. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოსავლეთში მცხოვრებ მრავალ ბუდისტს სწამს უკვდავი სულის გადასახლების *.

ურთიერთსაპირისპირო აზრები მკვდრეთით აღდგომის სწავლებაზე

ქრისტიანულ სამყაროში დაკრძალვის ცერემონიებზე ხშირად ლაპარაკობენ როგორც იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს ცხოვრებას, ისე მკვდრეთით აღდგომაზე. მაგალითად, ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, ჩვეულებრივ, ასეთ ცერემონიებზე ამბობს: „გულმოწყალე ყოვლისშემძლე ღმერთმა ინება, რომ თავისთან წაეყვანა ჩვენი ძვირფასი ძმის სული; ამიტომ მის ნეშტს ვაბარებთ მიწას. მიწა კვლავ უბრუნდება მიწას და მტვერი მტვერს იმ მტკიცე იმედით, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით მკვდრეთით აღდგება ის, რათა საუკუნოდ იცოცხლოს“ (The Book of Common Prayer).

ამ სიტყვებმა შეიძლება ადამიანი დააბნიოს და აფიქრებინოს: „რას ასწავლის ბიბლია, მკვდრეთით აღდგომას თუ სულის უკვდავებას?“ ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თქვა ფრანგმა პროტესტანტმა პროფესორმა ოსკარ კულმენმა. ის თავის წიგნში „სულის უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა?“ წერს: „რადიკალური სხვაობა არსებობს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანულ მრწამსსა და სულის უკვდავების შესახებ ბერძნების რწმენას შორის . . . თუმცა მოგვიანებით ქრისტიანობამ ერთმანეთთან დააკავშირა ეს ორი მრწამსი და დღეს ჩვეულებრივი ქრისტიანი ორივე მათგანს აღიარებს, ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ დავმალო, თუ რას მივიჩნევთ მე და სხვა სწავლულთა უმრავლესობა ჭეშმარიტებად . . . მკვდრეთით აღდგომის შესახებ მრწამსი მთელი „ახალი აღთქმის“ არსია . . . პიროვნება, რომელიც მკვდარია, ღვთის შემოქმედებითი ძალის წყალობით კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდება“.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, საერთო ჯამში, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ადამიანები დაბნეულობაში არიან. ამ საკითხში კარგად რომ გავერკვეთ, საჭიროა ჩავიხედოთ ბიბლიაში, რომელშიც ჩაწერილია ადამიანთა შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, მიერ გამხელილი ჭეშმარიტება. ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის რამდენიმე შემთხვევაა მოხსენიებული. განვიხილოთ ოთხი მათგანი და ვნახოთ, თუ რას გვეუბნება ისინი მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

„ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“

ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მორწმუნე ქალებს „მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“ (ებრაელები 11:35). ამ ქალთაგან ერთ–ერთი ცარფათში (სარეფთა), ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სიდონის მახლობლად მდებარე ქალაქში, ცხოვრობდა. ის იყო ქვრივი, რომელმაც ღვთის წინასწარმეტყველ ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა და დიდი შიმშილობის დროსაც კი მისთვის საჭმელი არ დაიშურა. სამწუხაროდ, მისი ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. ელიამ ბავშვი მაშინვე ზემოთა ოთახში აიყვანა და იეჰოვას სთხოვდა, გაეცოცხლებინა ბიჭი. მოხდა სასწაული და ბავშვი გაცოცხლდა. ელიამ ბიჭი დედას მიუყვანა და უთხრა: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი“. როგორი იყო დედის რეაქცია? ბედნიერმა ქალმა თქვა: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა“ (3 მეფეთა 17:22—24).

სარეფთადან სამხრეთით 100 კილომეტრში ცხოვრობდა ერთი გულუხვი ცოლ–ქმარი, რომლებიც ელიას საქმის გამგრძელებელზე, ელისეზე, ზრუნავდნენ. ცოლი ცნობილი ქალი იყო მშობლიურ ქალაქ შუნემში. მან და მისმა ქმარმა ელისეს თავიანთი სახლის ზემოთა ოთახი დაუთმეს. ამ უშვილო წყვილის მწუხარება სიხარულად იქცა, როდესაც შვილი შეეძინათ. როცა ბიჭი წამოიზარდა, მომკელებთან ერთად ხშირად დადიოდა მამასთან ყანაში. ერთხელაც მოხდა უბედურება. ბიჭმა დაიყვირა, რომ თავი სტკიოდა. მსახურმა ის სასწრაფოდ დედას მიუყვანა სახლში; დედამ მუხლებზე დაისვა შვილი, მაგრამ ბავშვი ცოტა ხანში მოკვდა. გამწარებულმა დედამ გადაწყვიტა, დახმარება ელისესთვის ეთხოვა. ის მსახურთან ერთად გაემართა ჩრდილო–დასავლეთისკენ, ქარმელის მთისკენ, სადაც ელისე იყო.

წინასწარმეტყველმა ჯერ გეხაზი გაუშვა და მან ნახა, რომ ბიჭი მართლაც მკვდარი იყო. გეხაზის თან ელისე და ქალი მიჰყვნენ, მაგრამ რა მოხდა მათი შუნემში ჩასვლის შემდეგ? 4 მეფეთა 4:32—37 გვამცნობს: «შევიდა სახლში ელისე და აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. და შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. და ზემოდან დააწვა ბავშვს. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. ერთი გაიარ–გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი. და დაუძახა გეხაზის და უთხრა: „დაუძახე იმ შუნემელს“. და დაუძახა. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი“. და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა. და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა».

სარეფთელი ქვრივის მსგავსად, ამ შუნემელმა ქალმაც იცოდა, რომ ეს ღვთის ძალით მოხდა. ორივე დედა ძალიან გაახარა ღვთის მიერ თავიანთი საყვარელი შვილების გაცოცხლებამ.

მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები იესოს მსახურებისას

დაახლოებით 900 წლის შემდეგ შუნემის ჩრდილოეთით, ქალაქიდან არც ისე შორ მანძილზე, ნაინის შესასვლელთანაც მოხდა მკვდრეთით აღდგომა. კაპერნაუმიდან წამოსული იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ნაინის კარიბჭესთან შეხვდნენ დამკრძალავ პროცესიას. იესომ დაინახა ქვრივი, რომლის ერთადერთი ვაჟი იყო გარდაცვლილი. მან ქალს უთხრა, რომ შეეწყვიტა მოთქმა. ექიმი ლუკა მოგვითხრობს, თუ რა მოხდა შემდეგ: «მივიდა [იესო] და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. იესომ ის დედამისს ჩააბარა» (ლუკა 7:14, 15). ამ სასწაულის თვითმხილველებმა ღმერთი განადიდეს. მკვდრეთით აღდგომის შესახებ ახალმა ამბავმა სამხრეთ იუდეამდე და მის ირგვლივ მყოფ რეგიონებამდე მიაღწია. საინტერესოა, რომ, როდესაც იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა ამის შესახებ გაიგეს, იოანესაც ამცნეს ეს ახალი ამბავი. მან კი ისინი იესოს მოსაძებნად გაგზავნა, რათა ეკითხათ, ის იყო თუ არა მესია, რომელსაც ელოდნენ. იესომ იოანეს მოწაფეებს უთხრა: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (ლუკა 7:22).

მკვდრეთით აღდგენის სასწაულებიდან ყველაზე მეტად იესოს მიერ თავისი ახლო მეგობრის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგენაა ცნობილი. ამ შემთხვევაში იესო ლაზარეს სახლში მისი სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიდა. ბეთანიაში იესოს ჩასვლის პერიოდისთვის ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესომ სამარხზე აფარებული ლოდის გადაგორება რომ ითხოვა, მართამ თქვა: „უფალო, უკვე აყროლდებოდა“ (იოანე 11:39). მაგრამ ლაზარეს სხეულის გახრწნამ მის მკვდრეთით აღდგენას ხელი ვერ შეუშალა. იესოს ბრძანებაზე „კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული“. იესოს მტრების შემდგომი მოქმედებები ადასტურებს, რომ სამარხიდან გამოსული ცოცხალი კაცი ნამდვილად ლაზარე იყო (იოანე 11:43, 44; 12:1, 9—11).

რა დასკვნამდე მივდივართ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ამ ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ? თითოეული მკვდრეთით აღდგენილი ადამიანი იგივე პიროვნება იყო. ყველა იცნო უახლოესმა ნათესავებმაც კი. მკვდრეთით აღდგენილთაგან არავის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სანამ მკვდრები იყვნენ. არავის უთქვამს, რომ სხვა სამყაროში იმოგზაურა. როგორც ჩანს, თითოეულს აღდგენის შემდეგ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა. მათ თითქოს ცოტა ხნით დაიძინეს და შემდეგ გამოიღვიძეს, სწორედ ისე, როგორც ამის შესახებ იესომ აღნიშნა (იოანე 11:11). მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი კვლავ გარდაიცვალნენ.

საყვარელი ადამიანების დაბრუნება დიდებული მომავალი

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ოუენის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ბიჭის მამა მეზობლის სახლში მივიდა. მაგიდაზე მან დაინახა მოსაწვევი საჯარო მოხსენებაზე, რომელსაც იეჰოვას მოწმეები უწევდნენ ორგანიზებას. ის მიიზიდა მოხსენების სათაურმა: „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ ეს სწორედ ის კითხვა იყო, რომელიც მას თავში უტრიალებდა. ოუენის მამა მივიდა ამ მოხსენების მოსასმენად და ბიბლიიდან ნამდვილი ნუგეში ჰპოვა. მან გაიგო, რომ მკვდრები არ იტანჯებიან; აგრეთვე ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლში კი არ იწვიან ან ზეცაში ანგელოზებად კი არ არიან წაყვანილნი, არამედ მკვდრები, ოუენის ჩათვლით, სამარეში არიან მანამ, სანამ მკვდრეთით აღდგენის შედეგად კვლავ გაცოცხლდებიან (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4).

უბედურება დაატყდა თავს თქვენს ოჯახს? ოუენის მამის მსგავსად, გაინტერესებთ სად იმყოფებიან თქვენთვის საყვარელი გარდაცვლილები და გსურთ იცოდეთ, გაქვთ თუ არა მათი კვლავ ნახვის შესაძლებლობა? თუ დიახ, გირჩევთ ნახოთ, კიდევ რას გვასწავლის ბიბლია მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. შეიძლება გაინტერესებთ: „როდის მოხდება მკვდრეთით აღდგომა? და ვინ იქნება აღდგენილი?“ გთხოვთ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები, სადაც განხილულია ეს და სხვა საკითხები.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, გვერდები 150—154 (ინგლ.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 5 გვერდზე]

იეჰოვამ ელისე გამოიყენა, რათა შუნემელი ქალისთვის ვაჟი გაეცოცხლებინა.

[სურათი 5 გვერდზე]

ელია შეევედრა იეჰოვას, რომ სიცოცხლე დაებრუნებინა ბიჭისთვის.

[სურათი 6 გვერდზე]

იესომ მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის ვაჟი.

[სურათი 7 გვერდზე]

მკვდრეთით აღდგომის შედეგად ნათესავები კვლავ გაიხარებენ მათთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით.