წინააღმდეგობისთვის მედგრად დახვედრა
წინააღმდეგობისთვის მედგრად დახვედრა
გამძვინვარებულმა ადამიანებმა გაიუსი და არისტარქე, პავლე მოციქულის ორი თანამშრომელი, აიძულეს, ეფესოს თეატრში შესულიყვნენ. იქ კი გააფთრებული ბრბო ორი საათის განმავლობაში გაჰყვიროდა: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“ (საქმეები 19:28, 29, 34). დაუხვდნენ მედგრად პავლეს თანამშრომლები ამ წინააღმდეგობას? რამ გამოიწვია ეს აურზაური?
ეფესოში პავლე დაახლოებით სამი წლის განმავლობაში წარმატებით ქადაგებდა. შედეგად მრავალმა ეფესოელმა კერპებისადმი თაყვანისცემა შეწყვიტა (საქმეები 19:26; 20:31). ეფესოელებისთვის ტიპიური კერპი იყო ვერცხლისგან გაკეთებული არტემიდეს — ნაყოფიერების ქალღმერთის — პატარა ტაძრები (არტემიდეს დიდებული ტაძარი მთელ ქალაქს გადმოჰყურებდა). ამ პატარა ვერცხლის ტაძრებს თილისმად იყენებდნენ ან სახლში იდგამდნენ. ცხადია, რომ ქრისტიანები არ ყიდულობდნენ ამ კერპებს (1 იოანე 5:21).
ერთი ვერცხლისმჭედელი, დემეტრიოსი, დარწმუნებული იყო, რომ პავლეს მსახურება საფრთხეს უქმნიდა მათ სარფიან საქმიანობას. ნაწილობრივი სიმართლითა და მდგომარეობის გაზვიადებით მან თავისი თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ხალხი მთელ მცირე აზიაში შეწყვეტდა არტემიდესადმი თაყვანისცემას. გამძვინვარებული ვერცხლისმჭედელები მთელი ხმით გაჰყვიროდნენ არტემიდეს განმადიდებელ სიტყვებს, რის გამოც ნამდვილი არეულობა შეიქმნა და მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა (საქმეები 19:24—29).
თეატრში, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევდა, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პავლემ ამ უმართავი ბრბოს წინაშე გამოსვლა მოისურვა, მაგრამ მისადმი კეთილად განწყობილმა მოხელეებმა დაარწმუნეს, რომ ამგვარად მოქმედება არ ღირდა. ბოლოს ქალაქის მწერალმა ბრბოს დაწყნარება შეძლო და გაიუსმა და არისტარქოსმა თეატრიდან უვნებლად გასვლა შეძლეს (საქმეები 19:35—41).
დღესაც ღვთის ხალხი მსახურებისას შეიძლება წინააღმდეგობას წააწყდეს და მათ გამო, შესაძლოა, აურზაურიც კი ატეხონ. ისინი ხშირად სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ქალაქებში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა, უზნეობა და დამნაშავეობაა გაბატონებული. მიუხედავად ამისა, ღვთის მსახურები გაბედულად ბაძავენ მოციქულ პავლეს, რომელსაც ეფესოში ქადაგებისას ‘თავი არ დაუზოგავს და ასწავლიდა სახალხოდ თუ კარდაკარ’ (საქმეები 20:20). ისინი ხარობენ, როდესაც ხედავენ, რომ ‘იზრდება და ძლიერდება იეჰოვას სიტყვა’ (საქმეები 19:20).
[სურათი 30 გვერდზე]
ეფესოს თეატრის ნანგრევები.