აღმოფხვრის ოდესმე ადამიანი სიღარიბეს?
აღმოფხვრის ოდესმე ადამიანი სიღარიბეს?
მილიონობით ადამიანს არასოდეს გამოუცდია სიღარიბე, არასოდეს დაუძინია მშიერს ან სიცივისგან გათოშილს. მიუხედავად ამისა, ბევრ მათგანს ებრალება სიღარიბეში მყოფი ადამიანები და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.
და მაინც, სამოქალაქო ომების, წყალდიდობების, გვალვისა და სხვა პრობლემების გამო, სიღარიბე კვლავაც მწარე რეალობაა. ეს ყველაფერი თავზარს სცემს აფრიკელ გლეხებს, რომლებსაც არსებობისთვის უწევთ ბრძოლა. ზოგს აიძულებენ, სახლი დატოვოს და დიდ ქალაქში გადავიდეს ან სხვა ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით იცხოვროს. სხვები კი სოფლებს იმიტომ ტოვებენ, რომ ქალაქში უკეთეს ცხოვრებას ჰპირდებიან.
ხშირად სიღარიბის წარმოშობის კერა ხალხმრავალი ქალაქები ხდება. ქალაქში მოსავლის მოსაყვანად მიწები ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის. იქ სამუშაოს შოვნა რთულია. იმედგაცრუებული ადამიანები დამნაშავეობას მიმართავენ. ქალაქის მკვიდრნი დახმარებას ითხოვენ, მაგრამ მთავრობას არ ძალუძს აღმოფხვრას სიღარიბე, რომელიც არნახულ მასშტაბებს აღწევს. ლონდონში გამომავალ გაზეთ „ინდეპენდენტში“, გაეროს 2003 წლის ნოემბრის ანგარიშზე დაყრდნობით, ნათქვამია: „მშიერთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. ვარაუდობენ, რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 842 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობას განიცდის. ეს რიცხვი ყოველწლიურად 5 მილიონით იზრდება“.
სამხრეთ აფრიკაში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალი დროდადრო წერილებს იღებს სიღატაკეში მყოფი ადამიანებისგან. მაგალითად, ბლუმფონტეინში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა ფილიალს ასეთი წერილი მისწერა: „უმუშევრობის გამო იძულებული გავხდი, ქალაქში ქურდობა დამეწყო. ამას მაშინ ვაკეთებ, როცა შესაძლებლობა მეძლევა. სხვაგვარად შიმშილისგან დავიხოცებით, რომ აღარაფერი ვთქვა, აუტანელ სიცივეზე. არსად არ არის სამუშაო. ბევრი სამუშაოსა და საჭმლის ძებნაში შუაღამემდე ქუჩებში დაეხეტება. ისეთებსაც ვიცნობ, რომლებიც საჭმლისთვის სანაგვე ყუთებში იქექებიან. ზოგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ბევრი ჩემსავით დეპრესიაში და უიმედო მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, ჩვენთვის მომავალი არ არსებობს. ნუთუ ამას ვერ ხედავს ღმერთი, რომელმაც ადამიანი კვებისა და ჩაცმის მოთხოვნილებით შექმნა?“
ამ მამაკაცის კითხვებზე არსებობს მანუგეშებელი პასუხები. როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, ამ პასუხების პოვნა ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია შესაძლებელი.