არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლოსაა დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებს

ახლოსაა დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებს

ახლოსაა დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებს

სამოთხის პეიზაჟები, მაგალითად ისეთი, როგორიც ამ ჟურნალის გარეკანზეა ასახული, განსაკუთრებით ღარიბებს იზიდავს. ადამიანთა პირველი წყვილისთვის — ადამისა და ევასთვის — სამოთხე რეალური იყო. ისინი ედემის ბაღში ცხოვრობდნენ (დაბადება 2:7—23). მართალია, ის სამოთხე დღეს აღარ არსებობს, მაგრამ რწმენა მომავალი სამოთხის შესახებ სულაც არ არის ოცნება. ასეთი სამოთხე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იქნება, სადაც სიღარიბე აღარ იარსებებს. სამოთხისადმი რწმენა ბიბლიაში მოცემულ ღვთის აღთქმებზეა დაფუძნებული.

გავიხსენოთ, რას დაჰპირდა სიკვდილის წინ იესო ქრისტე ერთ მამაკაცს. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა, რომელიც იესოსთან ერთად მოკვდა, ირწმუნა, რომ ღმერთს ძალუძს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა. მან იესოს უთხრა: „იესო, გამიხსენე, როცა მიხვალ შენს სამეფოში“. როგორც ამ სიტყვებიდან ვხედავთ, ბოროტმოქმედმა ირწმუნა, რომ იესო გამეფდებოდა და იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43).

ბიბლია იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სამოთხეში იცხოვრებენ, ამბობს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21). დიახ, „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).

თუ ასეა, რატომ არსებობს დღეს სიღარიბე? რით ეხმარება ღმერთი მათ, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ? აღმოიფხვრება ოდესმე სიღარიბე?

რატომ დაუშვა ღმერთმა სიღარიბე?

ბოროტი ანგელოზის, სატანა ეშმაკის, წაქეზებით ადამმა და ევამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს და სამოთხე დაკარგეს. სატანამ გველის მეშვეობით შეაცდინა ევა და დაარღვევინა ღვთის კანონი, რომლის თანახმადაც არ უნდა ეჭამათ აკრძალული ხის ნაყოფი. სატანამ მოტყუებით დაარწმუნა ევა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობა მას უკეთეს ცხოვრებას მოუტანდა. როდესაც ევამ აკრძალული ხილი ადამს შესთავაზა, მას უარი არ უთქვამს ნაყოფის გასინჯვაზე. მან ამით ღმერთს ზურგი აქცია და ცოლის მხარე დაიკავა (დაბადება 3:1—6; 1 ტიმოთე 2:14).

დაუმორჩილებელი წყვილი სამართლიანად იქნა ედემის ბაღიდან გაძევებული. იმ პერიოდიდან მათ არსებობისთვის უწევდათ ბრძოლა. იეჰოვა დღემდე უშვებს, რომ სატანამ მართოს ცოდვილი კაცობრიობა, რითაც აჩვენებს, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება ღვთისადმი დაუმორჩილებლობას. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დედამიწის სამოთხედ გადაქცევა (იერემია 10:23). პირიქით, ღვთისგან განდგომას უმძიმესი პრობლემები მოჰყვა, მათ შორის სიღარიბე (ეკლესიასტე 8:9).

თუმცა პრობლემებით სავსე მსოფლიოში ღარიბები არ არიან მიტოვებულნი; ღვთის ინსპირირებულ სიტყვაში მათთვის გონივრული რჩევებია ჩაწერილი.

„ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს“

ხალხთან საუბრისას, რომელთა შორის ბევრი ღარიბი იყო, იესომ თქვა: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ? . . . ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რა ჩავიცვათ? რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:26—33).

აუცილებელი არ არის, რომ ღარიბმა მაინცდამაინც ქურდობას მიჰყოს ხელი (იგავები 6:30, 31). ის უზრუნველყოფილი იქნება, თუ ღმერთს დააყენებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე. განვიხილოთ ლესოთოში (სამხრეთ აფრიკა) მცხოვრები მამაკაცის, ტუკისოს, შემთხვევა. 1998 წელს მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების ჩასახშობად ლესოთოში სხვა ქვეყნის ჯარი შევიდა. ომის პერიოდში ხალხმა სამუშაო დაკარგა. ქვეყანაში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. ზოგმა მაღაზიების ძარცვა დაიწყო.

ტუკისო ყველაზე ღარიბ უბანში ცხოვრობდა. შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ, ბევრი მისი მეზობელი მაღაზიებს ძარცვავდა. ერთხელ შინ დაბრუნებულმა ტუკისომ დაინახა, რომ ქალს, ვისთანაც ცხოვრობდა, სახლში მოპარული პროდუქტები ჰქონდა მიტანილი. „ეს ყველაფერი გარეთ გაიტანე“, — უთხრა მას ტუკისომ და აუხსნა, რომ ქურდობა ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა. მასასო დაემორჩილა. მეზობლებმა მათ დაცინვა დაუწყეს და მოპარული პროდუქტები თვითონ წაიღეს.

ტუკისო ასე იმიტომ მოიქცა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ღვთის კანონისადმი მორჩილების გამო შიმშილისგან ხომ არ მოკვდა ტუკისო? არა, რადგან მოგვიანებით მას კრების უხუცესებმა მიაკითხეს და საკვები მიუტანეს. მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა ლესოთოელ ქრისტიან და-ძმებს 2 ტონაზე მეტი დახმარება გაუგზავნეს. მასასოზე დიდად იმოქმედა ტუკისოს მიერ ღვთისადმი გამოვლენილმა ერთგულებამ და კრების წევრების მიერ სიყვარულით გაღებულმა დახმარებამ. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით, ტუკისო და მასასო კანონიერად დაქორწინდნენ და მოინათლნენ. ისინი დღესაც იეჰოვას ერთგული მსახურები არიან.

იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ღარიბებზე (იხილეთ ჩარჩო, სათაურით „როგორ უყურებს ღმერთი ღარიბებს?“). ის სიყვარულით ზრუნავს, რომ ადამიანებმა, ტუკისოსა და მასასოს მსგავსად, უფრო მეტი გაიგონ მის შესახებ. ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რჩევებს გვთავაზობს.

სასარგებლო დახმარება

იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ცდილობენ, ღარიბების მიმართ ღვთის თვალსაზრისი აირეკლონ (გალატელები 2:10). როდესაც რომელიმე ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ქრისტიანები ზარალდებიან, მოწმეები დაუყოვნებლივ იღებენ ზომებს მათ დასახმარებლად. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იეჰოვას მოწმეები ყველა ადამიანის, მათ შორის ღარიბების, სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ (მათე 9:36—38). უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ათასობით კარგად მომზადებულმა ღვთის მსახურმა გამოთქვა სურვილი, მისიონერად ემსახურა საზღვარგარეთ. მაგალითად, ფინელმა მისიონერმა წყვილმა სამხრეთ სოტო ენა შეისწავლა და ზემოთ მოხსენიებულ ტუკისოსა და მასასოს იესოს მოწაფედ გახდომაში დაეხმარა (მათე 28:19, 20). მისიონერული მსახურება ხშირად მსხვერპლს მოითხოვს, მაგალითად კომფორტული ცხოვრების დატოვებას და საცხოვრებლად ღარიბ ქვეყანაში გადასვლას.

ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის თავის გადასარჩენად ქურდობა მიუღებელია. მათ სჯერათ, რომ იეჰოვა ღმერთს შეუძლია მათი დახმარება (ებრაელები 13:5, 6). ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა თავის ხალხს ეხმარება, არის ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარი მსოფლიო საძმო, რომლის წევრებიც ერთმანეთზე ზრუნავენ.

იეჰოვა ღარიბებს იმითაც ეხმარება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მათ პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28). ბევრმა უმუშევარმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ბიბლია ღარიბებს ფულის დაზოგვაშიც ეხმარება. როგორ? ბიბლიის შესწავლის შედეგად ისინი ტოვებენ მავნე ჩვევებს, მაგალითად, ბოროტად აღარ იყენებენ ალკოჰოლურ სასმელებს (ეფესოელები 5:18).

ქვეყნიერება სიღარიბის გარეშე — როდის?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენ სატანის მმართველობის „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). მალე იეჰოვა ღმერთი იესო ქრისტეს კაცობრიობის განსასჯელად გამოგზავნის. რა მოხდება მაშინ? იესო თვალსაჩინო მაგალითით გვპასუხობს: „როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“ (მათე 25:31—33).

ამ მაგალითში მოხსენიებული ცხვრები ისინი არიან, რომლებიც ემორჩილებიან მეფე იესო ქრისტეს. იესო მათ ცხვარს ადარებს, რადგან ისინი მიჰყვებიან მას, როგორც მწყემსს (იოანე 10:16). ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები იცხოვრებენ იესოს სრულყოფილი მმართველობის დროს. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს სიღარიბე, იქ ყველა ბედნიერი იქნება. თხისმაგვარი ადამიანები კი, რომლებიც უარყოფენ იესოს მმართველობას, სამუდამოდ განადგურდებიან (მათე 25:46).

ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტებას. სიღარიბე წარსულს ჩაჰბარდება. დედამიწაზე მცხოვრებნი სიყვარულსა და მზრუნველობას გამოავლენენ ერთმანეთის მიმართ. იეჰოვას მოწმეების მოსიყვარულე მსოფლიო საძმოზე დაკვირვებით დარწმუნდებით, რომ ასეთი ქვეყნიერების დამყარება შესაძლებელია. იესომ ამ მოსიყვარულე ქრისტიანებზე თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“ (იოანე 13:35).

[ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]

როგორ უყურებს ღმერთი ღარიბებს?

ბიბლიაში შემოქმედზე ნათქვამია, რომ ის „აძლევს პურს დამშეულებს“ (ფსალმუნები 145:7). გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში 100-ზე მეტ მუხლშია ხაზგასმული, რომ ღმერთი ზრუნავს ღარიბებზე.

მაგალითად, რჯულის მიცემისას იეჰოვამ თავის ერს, ისრაელს, უბრძანა, მოსავლის აღებისას სრულად არ მოემკათ მინდვრის ნაპირები; არ მოემცვრიათ ანუ ხელმეორედ არ დაეკრიფათ ზეთისხილი და ყურძენი. ამ კანონებიდან ჩანს, რომ ღმერთი სიყვარულით ზრუნავდა ხიზნებზე, ობლებზე, ქვრივებსა და საწყლებზე (ლევიანები 19:9, 10; მეორე რჯული 24:19—21).

უფრო მეტიც, ღმერთმა ისრაელს უბრძანა: „არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი. თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს, და აინთება ჩემი რისხვა და მოგკლავთ თქვენ მახვილით, და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები“ (გამოსვლა 22:22—24). სამწუხაროდ, ბევრი მდიდარი უგულებელყოფდა ღვთის ამ კანონს. ამ და სხვა ბოროტების გამო იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველების მეშვეობით ისრაელები არაერთხელ გააფრთხილა (ესაია 10:1, 2; იერემია 5:28; ამოსი 4:1—3). ბოლოს ღმერთმა დაუშვა, რომ ისრაელი ჯერ ასურელებს დაეპყროთ, შემდეგ კი — ბაბილონელებს. შედეგად ბევრი ებრაელი დაიღუპა, გადარჩენილები კი დამპყრობლებმა ტყვედ წაიყვანეს.

იესო ქრისტეს, ღვთის საყვარელ ძესაც, ისევე ებრალებოდა ღარიბები, როგორც მამამისს. როდესაც ხალხს დედამიწაზე თავისი მოსვლის მიზანს უხსნიდა, იესომ თქვა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“ (ლუკა 4:18). ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესო მხოლოდ ღარიბთა დასახმარებლად მოვიდა. ის მდიდრებსაც სიყვარულით ეხმარებოდა. თუმცა მათთან საუბრისას ხშირად გამოხატავდა, რომ წუხდა ღარიბებზე. მაგალითად, ერთ მდიდარ მმართველს მან ასეთი რჩევა მისცა: „რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“ (ლუკა 14:1, 12—14; 18:18, 22; 19:1—10).

იეჰოვა ღმერთი და მისი ძე სიყვარულით ზრუნავენ ღარიბებზე (მარკოზი 12:41—44; იაკობი 2:1—6). იეჰოვას მზრუნველობა ღარიბებზე იქიდანაც ჩანს, რომ მას თავის მეხსიერებაში მილიონობით გარდაცვლილი ღარიბი ჰყავს. ისინი აღდგებიან ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარავინ იქნება ღარიბი (საქმეები 24:15).

[სურათები]

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო საძმოზე დაკვირვებით დარწმუნდებით, რომ ახალი ქვეყნიერების დამყარება შესაძლებელია.

[სურათი 5 გვერდზე]

ტუკისო და მასასო მისიონერ ძმასთან ერთად, რომელიც ტუკისოს ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა.

[სურათი 5 გვერდზე]

მასასო თავის სახლთან დგას მისიონერ დასთან ერთად, რომელმაც მას ბიბლია შეასწავლა.