მარი ერთ დროს უდაბნოს დედოფალი
მარი ერთ დროს უდაბნოს დედოფალი
„ერთი ძალიან სასიხარულო შემთხვევის აღნიშვნის შემდეგ გაბრუებულმა საწოლ ოთახს მივაშურე“, — იხსენებს ფრანგი არქეოლოგი ანდრე პარო. 1934 წლის იანვარში ევფრატზე მდებარე პატარა ქალაქ აბუ–კამელის მახლობლად, თელ–ჰარირში (სირია), პარომ და მისმა ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ქანდაკება, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „ლამი–მარი, მარის მეფე, ენლილის მღვდელმთავარი“. ამ აღმოჩენამ ექსპედიციის წევრები ძალიან გაახარა.
როგორც იქნა, იპოვეს ქალაქი მარი! რატომ უნდა იყვნენ ბიბლიის მკვლევარები მარის აღმოჩენით დაინტერესებულნი?
რატომ არის ჩვენთვის საინტერესო?
მარის არსებობის შესახებ ადრეც იყო ცნობილი ძველი ტექსტებიდან, მაგრამ მისი ზუსტი მდებარეობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არავინ არაფერი იცოდა. შუმერი მწიგნობრების გადმოცემების თანახმად, მარი სატახტო ქალაქი იყო და ერთ დროს მთელ შუამდინარეთს უწევდა მმართველობას. ევფრატის სანაპიროზე გაშენებული ეს ქალაქი სპარსეთის ყურისა და ასურეთის, შუამდინარეთის, ანატოლიისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. შუამდინარეთში იშვიათი საქონელი, მაგალითად ხე–ტყე, მეტალები და ქვები, მარის გავლით მიჰქონდათ. სავაჭრო ქარავნებისგან აღებულმა ბაჟმა მარი იმდენად გაამდიდრა, რომ ქალაქი მთელ რეგიონზე გაბატონდა. მაგრამ სარგონ აქადელის მიერ სირიის დაპყრობამ მის ჰეგემონობას წერტილი დაუსვა.
სარგონის მიერ დაპყრობიდან დაახლოებით 300 წლის განმავლობაში მარის სხვადასხვა სამხედრო პირი მართავდა. მათი ხელმძღვანელობით ქალაქმა გარკვეულწილად დაიბრუნა ადრინდელი კეთილდღეობა. მაგრამ ბოლო მმართველის, ზიმრილიმის, დროს მარიმ ძალაუფლების დაკარგვა იწყო. ზიმრილიმი დამპყრობლური ომებით, შეთანხმებებითა და ოჯახური კავშირების დამყარებით ცდილობდა იმპერიის გაძლიერებას. მაგრამ ძვ. წ. 1760 წელს ბაბილონის მეფე ჰამურაბმა ქალაქი აიღო და გაანადგურა, რითაც პაროს სიტყვების თანახმად, დასრულდა ცივილიზაციის ისტორია, „რომელიც ერთ დროს ძველ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე იყო“.
ჰამურაბის ჯარებმა მარის განადგურებისას, თავიანთდა უნებურად დიდი სამსახური გაუწიეს თანამედროვე არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს. თავდასხმისას გარკვეული შენობების კედლები, რომლებიც თიხის გამოუმწვარი აგურებით იყო აგებული, მათ ზოგან 5 მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს, რითაც ისინი ჟამთა სვლით მიყენებული ზიანისგან დაიცვეს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტაძრებისა და სასახლეების ნანგრევები; იქ იპოვეს მრავალი ხელოვნების ნიმუში და შუმერული ტექსტების შემცველი ათასობით თიხის ფირფიტა, რამაც ნათელი მოჰფინა ძველი ცივილიზაციის ისტორიას.
რატომ გვაინტერესებს მარის ნანგრევები? განვიხილოთ პატრიარქ აბრაამის დრო. აბრაამი დაიბადა ძვ. წ. 2018 წელს, წარღვნიდან 352 წლის შემდეგ. ის ნოეს მეათე თაობა იყო. ღვთის მითითებისამებრ, აბრაამმა დატოვა მშობლიური ური და ხარანში გადავიდა. ძვ. წ. 1943 წელს 75 წლის აბრაამი ხარანიდან ქანაანში წავიდა. „აბრაამის ურიდან იერუსალიმში [რომელიც ქანაანში მდებარეობდა] წასვლა ისტორიულად მარის არსებობის დროს მოხდა“, — ამბობს იტალიელი არქეოლოგი პაოლო მატია. ამიტომ მარისთან დაკავშირებული აღმოჩენები დაგვეხმარება, წარმოვიდგინოთ ის მსოფლიო, რომელშიც ღვთის ერთგული მსახური აბრაამი ცხოვრობდა * (დაბადება 11:10—12:4).
რას გვამცნობს ნანგრევები?
მარიში, ისევე როგორც მთელ შუამდინარეთში, რელიგია ყვაოდა. ადამიანის მოვალეობად ითვლებოდა, ემსახურა ღმერთებისთვის. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ღმერთების ნება ყოველთვის უნდა გაეთვალისწინებინათ. არქეოლოგებმა ექვსი ტაძრის ნანგრევები იპოვეს. მათ შორის არის ლომების ტაძარი (ზოგი მას დაგანის, ბიბლიური დაგონის, ტაძრად მიიჩნევს), იშთარის, ნაყოფიერების ქალღმერთის, და მზის ღმერთის, შამაშის, ტაძრები. ამ ტაძრებში იყო ღვთაებათა ქანდაკებები, რომლებსაც მსხვერპლს სწირავდნენ და რომელთა მიმართაც ლოცვებს აღავლენდნენ. მორწმუნეები ლოცვის ამსახველ თავიანთ მომღიმარ ფიგურებს ტაძრის სკამებზე დგამდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ტაძარში მათი გამოსახულების ყოფნით მათი თაყვანისმცემლობის პერიოდი ხანგრძლივდებოდა. პარომ აღნიშნა: „ეს ქანდაკებები, ისევე როგორც დღეს კათოლიციზმში სანთლები (თუმცა ქანდაკებების გამოყენებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ), ფაქტობრივად, მორწმუნეების შემცვლელად გამოიყენებოდა“.
თელ–ჰარირის არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი უზარმაზარი სასახლის ნანგრევები იყო. ეს სასახლე მარის ბოლო
მეფის, ზიმრილიმის, სასახლის სახელით არის ცნობილი. ფრანგმა არქეოლოგმა ლუი იუგ ვენსანმა მას „არქაული აღმოსავლეთის არქიტექტურის მშვენება“ უწოდა. სასახლეს 2,5 ჰექტარზე მეტი ფართობი ეჭირა და დაახლოებით 300 ოთახი და შიდა ეზოები ჰქონდა. ძველ დროშიც კი ამ სასახლეს მსოფლიოს ერთ–ერთ საოცრებად მიიჩნევდნენ. ჯორჯ როუ თავის წიგნში, „ძველი ერაყი“, აღნიშნავს: «ეს [სასახლე] იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ სირიის ზღვისპირა ქალაქ უგარითის მეფემ თავისი ვაჟი 600 კილომეტრის სიშორეზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაგზავნა, რომ ‘ზიმრილიმის სახლს სწვეოდა’».ვრცელ შიდა ეზოში მოსახვედრად იქ მისული სტუმარი ჯერ გალავანშემორტყმული სასახლის ერთადერთ შესასვლელში უნდა შესულიყო. ამ შესასვლელის თითოეულ მხარეს გალავანში კოშკები იყო დატანებული. ზიმრილიმი, მარის ბოლო მეფე, რომელიც ამაღლებულ ადგილზე წამომართულ ტახტზე იჯდა, აგვარებდა სამხედრო, კომერციულ თუ დიპლომატიურ საქმეებს; აცხადებდა თავის გადაწყვეტილებებს და იღებდა სტუმრებსა თუ ელჩებს. სასახლეში ყოველთვის იყო ოთახები სტუმრებისთვის, რომლებსაც მეფე საუცხოო სუფრებს უწყობდა, ღვინით უმასპინძლდებოდა და ართობდა. სუფრაზე ნახავდით შემწვარ თუ მოხარშულ საქონლის ხორცს, ცხვრის ხორცს, ქურციკს, თევზსა თუ შინაურ ფრინველს; იქვე იდგა ნივრითა თუ სანელებლებით შეზავებული სოუსი; მაგიდას ამშვენებდა აგრეთვე სხვადასხვა ბოსტნეული და ყველი. დესერტად ჰქონდათ ახალი ხილი, ჩირი ან დაშაქრული ხილი; აგრეთვე საოცრად რთული ფორმის ნამცხვრები. წყურვილის მოსაკლავად სტუმრებს ლუდსა და ღვინოს სთავაზობდნენ.
სასახლე არც სანიტარულ პირობებს იყო მოკლებული. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის აბაზანები;
ნახეს აგრეთვე ტუალეტები (დასაჯდომის გარეშე). ოთახებში იატაკსა და კედლების ქვედა ნაწილებს ბიტუმის ფენით ფარავდნენ. ნახმარი წყალი ბიტუმით შელესილი თიხის წყალსადენების საშუალებით აგურით ამოშენებულ კანალიზაციის მილებში ხვდებოდა (ასეთი სისტემა დღესაც, იმ დროიდან დაახლოებით 3 500 წლის შემდეგაც კი გამოიყენება). თუ სამეფო ჰარამხანიდან რომელიმე ქალი სერიოზულად დაავადდებოდა, მისადმი დამოკიდებულება მკაცრად განსაზღვრული კანონების თანახმად უნდა წარმართულიყო. ასეთ ავადმყოფს ყველასგან განცალკევებით ამყოფებდნენ და მას ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა. „არავინ უნდა დალიოს მისი ჭიქიდან, ჭამოს მისი სუფრიდან და დაჯდეს მის სკამზე“, — ასეთი იყო ერთ–ერთი მითითება.რას ვიგებთ არქივიდან?
პარომ და მისმა ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 20 000 თიხის ფირფიტა, რომლებზეც აქადურ ენაზე დაწერილი ლურსმული ტექსტები იყო მოცემული. ამ თიხის ფირფიტებზე მოცემული იყო წერილები და მმართველობასა თუ ვაჭრობასთან დაკავშირებული ტექსტები. ამ არქივიდან მხოლოდ მესამედია გამოქვეყნებული. მიუხედავად ამისა, ამ მესამედმა 28 ტომი შეადგინა. რა ღირებულება აქვს მათ? ჟან კლოდ მარგერონი, მარის არქეოლოგიური ჯგუფის დირექტორი, აღნიშნავს: „მარის არქივის აღმოჩენამდე თითქმის არაფერი ვიცოდით ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის დასაწყისის შუამდინარეთისა და სირიის ისტორიის, მოღვაწეობისა და ყოველდღიური ყოფის შესახებ. მათი წყალობით შესაძლებელი გახდა ისტორიაში მთელი თავების შეტანა“. პაროს სიტყვების თანახმად, არქივი „ცხადყოფს საოცარ მსგავსებას იმ ხალხებს შორის, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს ეს თიხის ტექსტები და რომელთაც პატრიარქების პერიოდში მოიხსენიებს ძველი აღთქმა“.
მარიში ნაპოვნი თიხის ფირფიტები გარკვეულ ბიბლიურ მონაკვეთებსაც ჰფენს ნათელს. მაგალითად, თიხის ფირფიტები გვამცნობს, რომ მტრის ჰარამხანის (ცოლებისა და ხარჭების) დაუფლება „იმ დროს მონარქისთვის ჩვეული ქმედება“ იყო. მოღალატე ახითოფელის მიერ მეფე დავითის ვაჟის, აბესალომისთვის, მიცემული რჩევა, ურთიერთობა ჰქონოდა მამის ხარჭებთან, ახალი რამ არ ყოფილა (2 მეფეთა 16:21, 22).
1933 წლის შემდეგ თელ–ჰარირში 41 არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა. მაგრამ ჯერ მარის 110 ჰექტარი ტერიტორიიდან მხოლოდ 8 ჰექტარია გამოკვლეული. როგორც ჩანს, მარის, ერთ დროს უდაბნოს დედოფლის, ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მრავალი საოცარი აღმოჩენა შეიძლება გაკეთდეს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 სრულიად დასაშვებია ისიც, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდეველები იერუსალიმის დანგრევის შემდეგ ბაბილონის ტყვეობაში მარის ნანგრევების გავლით წაეყვანათ.
[რუკა 10 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სპარსეთის ყურე
ური
შუამდინარეთი
ევფრატი
მარი
ასურეთი
ხარანი
ანატოლია
ქანაანი
იერუსალიმი
ხმელთაშუა ზღვა (დიდი ზღვა)
[სურათი 11 გვერდზე]
ამ დოკუმენტში მარის მეფე იაჰუდუნ–ლიმი იკვეხნის თავისი საამშენებლო საქმიანობით.
[სურათი 11 გვერდზე]
ლამი-მარის ამ ქანდაკების აღმოჩენით მიხვდნენ, რომ აქ იყო ნამდვილად მარი.
[სურათი 12 გვერდზე]
ებიჰ-ილი, მარის წარჩინებული პირი, ლოცვისას.
[სურათი 12 გვერდზე]
სასახლეში ამაღლებული ადგილი, სადაც შეიძლება ღვთაების ქანდაკება იდგა.
[სურათი 12 გვერდზე]
მარის ნანგრევები, რომლებზეც აღბეჭდილია გამოუმწვარი თიხის აგურისგან აშენებული ნაგებობა.
[სურათი 12 გვერდზე]
სასახლის სააბაზანო.
[სურათი 13 გვერდზე]
ნარამ სინის, მარის დამპყრობის, გამარჯვების ქვა.
[სურათი 13 გვერდზე]
სასახლის ნანგრევებში ლურსმული ტექსტების შემცველი დაახლოებით 20 000 თიხის ფირფიტა იქნა აღმოჩენილი.
[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]
© Mission archéologique française de Tell Hariri - Mari (Syrie).
[საავტორო უფლებები დაცულია 11 გვერდზე]
Document: Musée du Louvre, Paris; statue: © Mission archéologique française de Tell Hariri - Mari (Syrie).
[საავტორო უფლებები დაცულია 12 გვერდზე]
Statue: Musée du Louvre, Paris; podium and bathroom: © Mission archéologique française de Tell Hariri - Mari (Syrie).
[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]
Victory stele: Musée du Louvre, Paris; palace ruins: © Mission archéologique française de Tell Hariri - Mari (Syrie)